საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ლიტერატურული კონკურსი „საბა“-2016 დაიწყო
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2016/02/01 16:29:27

თიბისი  ბანკმა ლიტერატურული კონკურსი „საბას“ დაწყება გამოაცხადა. წლევანდელი, რიგით მე-14  „საბა“ ბევრი სიახლით იქნება გამორჩეული - ათის ნაცვლად, თორმეტი გამარჯვებული, ავტორიტეტული ლიტერატორებისგან შემდგარი მრჩეველთა საბჭო, ფართო საზოგადოების ჩართულობა კონკურსის მსვლელობისას - ეს ის ცვლილებებია, რაც 2016 წლის „საბას“ კიდევ უფრო საინტერესოს და პრესტიჟულს გახდის.


კონკურსზე წიგნების წარდგენა დღეიდან უკვე შეუძლიათ ავტორებსა  და გამომცემლებს. საკონკურსო განაცხადებისელექტრონულად შევსება შესაძლებელია ვებ გვერდზე saba.com.ge. განაცხადების მიღება 12 თებერვლამდეგაგრძელდება, რის შემდეგაც „საბას“ ჟიური წიგნების განხილვას შეუდგება და გასული წლის ლიტერატურულ მოსავალს შეაფასებს.

 

წელს, „საბას“ კონკურსზე, არაერთი სიახლეა:

 

► კონკურსს ჰყავს მრჩეველთა საბჭო. მასში, პრემიის დამფუძნებლის და აღმასრულებელი რგოლის წარმომადგენლის გარდა, შედიან „საბას“ პრემიის ლაურეატები ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის“ - ლიტერატორი, პროფესორი ზურაბ კიკნაძე; პოეტი, ლიტერატორი ვახტანგ ჯავახაძე და მთარგმნელი, პოეტი დავით წერედიანი. სწორედ მრჩეველთა საბჭო შეარჩევს „საბას“ წლევანდელ ჟიურის, რომლის ვინაობაც,  ტრადიციულად, დაჯილდოების ცერემონიაზე გაცხადდება.

 

►  წელს პირველად, „საბას“ ერთ-ერთ გამარჯვებულს მკითხველები გამოავლენენ.
ლიტერატურის მოყვარული საზოგადოება გამარჯვებულის არჩევაში ივლისიდან ჩაერთვება, როდესაც ჟიური ყველა ნომინაციაში კონკურსის ფინალისტებს დაასახელებს. მათგან ნომინაცია „საუკეთესო დებიუტი“ საჯაროდ შეირჩევა და მკითხველები თავისი რჩეული დებიუტანტებისთვის ხმის მიცემას 2 თვის განმავლობაში „საბას“ ვებ გვერდსა და ფბ გვერდზე შეძლებენ.

 

►  მკითხველების მიერ არჩეულ ლაურეატს, ჟიურის მიერ გამოვლენილ სხვა გამარჯვებულებთან ერთად, სექტემბერში დაჯილდოების ცერემონიაზე „საბას“ პრიზი და ფულადი პრემია გადაეცემა. მნიშვნელოვანია, რომ ჟიური ტრადიციულად დაასახელებს თავის რჩეულს დებიუტის ნომინაციაშიც. შედეგად, წელს „საბას“ ორი გამარჯვებული დებიუტანტი ეყოლება - ჟიურისა და მკითხველის რჩეული.

 

► კიდევ ერთი დამატებითი ლაურეატი და ახალი ნომინაცია „საუკეთესო ელექტრონული წიგნი“ - ასევე, წლევანდელი “საბას“ სიახლეა! საუკეთესო ელექტრონული წიგნისათვის სპეციალური პრემია „საბას“ ელექტრონული წიგნების სახლმა დააწესა. ამ ნომინაციის გამარჯვებული, სხვა ლაურეატების მსგავსად, „საბას“ პრიზითა და ფულადი პრემიით დაჯილდოვდება.

 

შესაბამისად, საუკეთესო წიგნები და ავტორები წელს შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდებიან :

  1. საუკეთესო რომანი
  2. საუკეთესო პოეტური კრებული
  3. საუკეთესო პროზაული კრებული
  4. საუკეთესო პიესა
  5. საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი
  6. საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა
  7. საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
  8. უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი
  9. ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი
  10. საუკეთესო ელექტრონული წიგნი
  11. ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი.

 

საკონკურსო წიგნების სია  „საბას“ ელექტრონული წიგნების სახლის ვებ გვერდზე  saba.com.ge-ზე გამოქვეყნდება, სადაც, კონკურსის მსვლელობის პარალელურად, საკონკურსო წიგნების ელექტრონული ვერსიები განთავსდება და საზოგადოებას საშუალება ექნება, შეიძინოს და გაეცნოს მათ.

 

ჟიური მუშაობას თებერვლიდან შეუდგება. ფინალისტების ვინაობა ივლისში გახდება ცნობილი, სექტემბერში კი 12 გამარჯვებული  თიბისი ბანკისგან „საბას“ პრიზსა და სოლიდურ ფულად პრემიებს მიიღებს. საპრემიო ფონდი, ორი დამატებითი ლაურეატის გამო, წელს 8 ათასი ლარით გაიზარდა და 52 ათას ლარს შეადგენს.

 

პრემია „საბა“ 2003 წელს თიბისი ბანკმა და პენ ცენტრმა  დააფუძნა. პრემიის მიზანია გასული ერთი წლის ლიტერატურული პროცესების შეფასება და საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენა.



„საბას“ მედიაპარტნიორია ტელეკომპანია „იმედი“, რომლის ეთერშიც „საბას“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონია სექტემბერში გადაიცემა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6003
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია