დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
vino underground-ში საქველმოქმედო აუქციონზე 1 ბოთლი ქართული ღვინო 1200 ლარად გაიყიდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/12/28 10:35:53

საქართველოს ღვინის კლუბის და  ღვინის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  27 დეკემბერს, vino underground-ის არაფორმალურ გარემოში, ნატურალური ღვინის მწარმოებლებმა და ენთუზიასტებმა ჯონ ვურდემანის მხარდასაჭერად თავიანთ პირად კოლექციებში დაცული იშვიათი ქართული ბუნებრივი ღვინოების აუქციონი ჩაატარეს. 


აუქციონზე წარმოდგენილი იყო უნიკალური ღვინოები, საქართველოს მეღვინეობის თითქმის, ყველა რეგიონიდან - კახეთი, ქართლი, იმერეთი, გურია, სამეგრელო, მესხეთიც კი, რომლებიც დღესდღეობით საქართველოში აღარ არის ხელმისაწვდომი. ასეთები იყო, მაგალითად, ნიკოლაძეების მარნის ციცქა-ცოლიკოური 2010 და მისივე ცოლიკოური 2013, იაგოს ღვინო 2003, ნაოტარის ქისი 2012, ჩვენი ღვინოს წარაფის რქაწითელი 2006, იბერიელის ქარვისფერი ჩხავერი 2010, კახა ბერიშვილის საფერავი 2012 და სხვები. 


გაიყიდა, სულ, 56 ბოთლი ღვინო (ამათგან - 23 საცალოდ, ხოლო 33 - ლოტებად), რომელთა გაყიდვის შედეგად შემოსულმა თანხამ 18 020 ლარი შეადგინა.


ღვინოებიდან, რომლებიც აუქციონზე იყო წარმოდგენილი, ყველაზე ძვირად, 1200 ლარად ნიკი ანთაძის 2010 წლის რქაწითელი გაიყიდა, 1010 ლარად გაიყიდა იაგოს ღვინო ჩინური 2003 და იმავე ფასად - ჯაყელების ორგანული ვენახებისა და ღვინის ხაშმის საფერავი 2010. განსაკუთრებით ნიშანდობლივი იყო აუქციონზე ქალბატონების აქტივობა, რომლებმაც მანდილის (მარინა კურტანიძე, თეა მელანაშვილი) 2012 წლის მწვანე არავის დაუთმეს და საბოლოოდ, ეს ღვინო 850 ლარად გაიყიდა. 

 

აუქციონის ფარგლებში, ჯონ ვურდემანის სახელზე 1000 ლარი გადარიცხა საქართველოს ღვინის კლუბმა, 500 $ - კარდანახის საგვარეულო მარანმა. საერთო ანგარიშზე თანხა შეიტანეს შემომწირველებმა ინდივიდუალურადაც. განსაკუთრებულ აღნიშნვას იმსახურებს აუქციონზე TBC ბანკის წარმომადგენელთა აქტივობა. 


ეს პირველი პრეცედენტია, როდესაც ქართული ბოთლის ღვინოები საქართველოში ესოდენ ძვირად შეფასდა. აუქციონზე გაყიდული ღვინოების საცალო ღირებულება, 200-დან 1200 ლარამდე მერყეობდა, საერთო ჯამში კი - ბოთლი ღვინის საშუალო ფასი 321 ლარი იყო. 


შეგახსენებთ, რომ ჯონ ვურდემანის სახელზე გახსნილია ორი საბანკო ანგარიში. აღნიშნულ ანგარიშებზე გადარიცხვით შეგიძლიათ, წვლილი შეიტანოთ ჯონ ვურდემანისა და ქეთევან მინდორაშვილის სახლისა და მარნის აღდგენაში.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 20254
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია