დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერიაში შემცირებები იწყება
2009/09/18 13:43:30

ქუთაისის მერიის 470 თანამშრომელს შემცირების მოლოდინი დაეწყო. აქ მომუშავე საჯარო მოსამსახურეებს შტატით გათვალისწინებული თანამდებობების მოსალოდნელი შემცირების თაობაზე გაფრთხილება ეგზავნებათ. ქრონიკული რეორგანიზაციის მორიგი სერია ერთ თვეში გადაივლის.

 

ვარდების რევოლუციის შემდეგ ქუთაისის მერიაში რამდენჯერმე გამოცხადდა ხმაურიანი რეორგანიზაცია, თუმცა, როგორც ახლა ირკვევა, მერიის თანამშრომლების მოვალეობები და სამუშაოთა აღწერები დღემდე გარკვეული არ ყოფილა. შესაბამისად, 470 ადამიანის მუშაობის შრომისნაყოფიერებას არავინ ითვლიდა, ისე იღებდნენ ისინი ხელფასებსაც და მათ შორის - პრემიებსაც.

100 000 ლარიც გაურკვეველი ფუნქციის ჩინოვნიკთა სამსახურში გამოცხადების გრაფიკის გასარკვევად დაიხარჯა. ელექტრონული დაშვების სისტემას ის მაინც უნდა გაერკვია, რა დროს ცხადდება თანამშრომელი სამსახურში და რამდენ საათს ატარებს იქ.

სამსახურში გატარებული დროის მანძილზე რას აკეთებს თანამშრომელი, ამას რეორგანიზაციის შინაგანაწესი და სამუშაოთა აღწერილობა დაარეგულირებს.

საკრებულომ უკვე გამოიტანა დადგენილება ქუთაისის მერიაში რეორგანიზაციის განხორციელების შესახებ. რეორგანიზაციის აუცილებლობა მერიაში ჩატარებულ ანალიზს მიეწერება, რის შემდეგაც გამოვლინდა მერიისა და ცალკეული სამსახურების სტრუქტურულ მოწყობასა და საქმიანობის წესთან დაკავშირებული პრობლემები. რეორგანიზაციის მერე კი გადაწყვეტილებების მიღება, დაგეგმვა, სამუშაოთა კოორდინირება, მათი განხორციელება და კონტროლი ეფექტური უნდა გახდეს - ასე გეგმავს რეორგანიზაციაზე მომუშავე გუნდი.

ქუთაისის მერიის 2009 წლის 8 მაისის ბრძანებით, ამ საკითხზე სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდა ასეთი შემადგენლობით: თენგიზ თოფურიძე (მერიის აპარატის უფროსი), თამაზ გიორგაძე, ხვიჩა დოღონაძე და ეთერ გვენეტაძე. მათ უნდა გადაწყვიტონ, რომელი სტრუქტურული ერთეული უნდა დარჩეს, ან გაუქმდეს. ეს ჯგუფი ჯერ რეორგანიზაციის გეგმის სამუშაო ვერსიას არ ახმაურებს, მაგრამ, როგორც ირკვევა, მეტწილად რეორგანიზაცია იურიდიულ და კონტროლის სამსახურებს უნდა შეეხოთ. კადრების შემცირება ყოველი რეორგანიზაციის თანამდევი რომაა, ეს ქუთაისის მერიაშიც იციან, თუმცა წინასწარ ამაზე საუბარს ერიდებიან, ცალკეული სტრუქტურული ერთეულის გაუქმების შემდეგ ხომ იქ დასაქმებულები უმუშევარი რჩებიან.

„რეორგანიზაცია აპრიორი კადრების შემცირებას არ ნიშნავს, ეს სტრუქტურულ ცვლილებებს გულისხმობს, მაგრამ თუკი არსებობს ორი სამსახური, ამ სამსახურის ორი უფროსი, ორი მოადგილე, ორი გან-ყოფილების უფროსი, ორი  ოპერატორი ან ორი მთავარი სპეციალისტი და ორის აუცილებლობა არ არის, მაშინ შესაძლოა მოხდეს შემცირება,“ - განმარტავს მერიის აპარატის უფროსი თენგიზ თოფურიძე. ის ამბობს, რომ სამუშაო ჯგუფმა ყველა სამსახურის დებულება შექმნა, იმუშავა საქმის წარმოების ერთიან წესზე, ასევე განსაზღვრა მერიის შინაგანაწესი და სამუშაოთა აღწერები ყველა თანამდებობრივ პოზიციაზე.

დაახლოებით 500-მდე თანამშრომლის სამსახურებრივი ინსტრუქცია იწერება, რაც, მიახლოებით, 150 გვერდიანი დოკუმენტია.

როგორ შეფასდება მომავალში მაინც თანამშრომლის მუშაობა, ამაზე აპარატის უფროსს ასეთი პასუხი აქვს: „ვერავის აუწონი მუშაობის ეფექტურობას, თუკი არ გაქვს მანამდე კარგად დადგენილი, რა ევალება ამ სამსახურს, ვინ უნდა გააკეთოს ეს სამუშაო და რა დროში - თანამდებობრივ ინსტრუქციებში ეს განსაზღვრული იქნება.“

რეორგანიზაციის მიმართ ამჯერადაც ტრადიციული სკეპტიციზმი ჩნდება. საკრებულოს „რესპუბლიკელი“ წევრი ვლადიმერ ნაკაშიძე გაკვირვებულია იმით, თუ რატომ ხდება საკრებულოს რიგგარეშე სხდომების მოწვევა თითქმის ყოველდღე. რეორგანიზაციის საკითხიც რომ რიგგარეშე სხდომაზე გაიტანეს, ამას საკრებულოს არაორგანიზებულ მუშაობად თვლის. ის რეორგანიზაციაშიც პოლიტიკურ მოსაზრებებს კითხულობს: „ვინც რეორგანიზაციას იწყებს, ამათი შექმნილია ეს სამსახურები: თუკი კონკრეტულ სამსახურებთან იყო საჭირო ხარვეზების გამოსწორება, ამ სამსახურთან გამოესწორებინათ საყოველთაო რეორგანიზაციის გარეშე, 10 000 ლარიც რატომ დახარჯეს ვიდეოკონტროლისთვის, გაუგებარია; წესით, თანამშრომლის მისვლა-მოსვლის გრაფიკი სამსახურის უფროსმა არ უნდა გააკონტროლოს? რეორგანიზაციის მოლოდინში კი ერთი თვის მანძილზე სამსახურის შესანარჩუნებლად პროტეჟეების ძებნა აქტიურად დაიწყო და მერიაში დასარჩენად ამჯერადაც პროფესიონალიზმი გადამწყვეტი სულაც არ იქნება.“

მასშტაბური რეორგანიზაციის დაწყება, უნებლიეთ, წინა არჩევნების დროინდელი რეორგანიზაციის ასოციაციასაც იწვევს, როცა, დავით კირკიტაძის დავალებით, ქუთაისის მერიაში კადრების შემცირება და შესაბამისი ხარჯის საარჩევნოდ მიმართვა მოხდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1599
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია