დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„მის ხმას ბედნიერება მოაქვს!“
ავტორი: თამარ გოგიჩაიშვილი
2015/12/23 16:51:18

 ვერაფრით გაგაკვირვებთ ჩემი წერილის გმირით, ისედაც ყველაფერი იცით მასზე, ბევრი თქმულა და დაწერილა. მაგრამ შეიძლება ჩემსავით არ განგიცდიათ ის ემოციები, რომელიც თითოეულმა მაყურებელმა თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ნინო მაჩაიძის გამოჩენისას.

 

ნინო მაჩაიძე - მსოფლიო საოპერო ხელოვნების ქართველი სენსაცია. არ დარჩენილა არც ერთი ცნობილი მსოფლიო მედიასაშუალება, რომელთაც არ ეუწყებინათ ქართველი მომღერლის აღმოჩენის შესახებ.

 

მსოფლიო სოპრანომ 16 დეკემბერს პირველი მასშტაბური კონცერტი გამართა. როგორც თვითონ აღნიშნა, დიდი ხნის ოცნება აისრულა ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელ და დირიჟორ ნიკოლოზ რაჭველთან ერთად. კონცერტი მათი პირველი ერთობლივი ნამუშევარი გახლდათ. ასრულდა მაყურებლის ოცნებაც - ეხილათ სილამაზე, არტისტიზმი და ხმა ერთდროულად. ნინო მაჩაიძის 10 წლიანი მოღვაწეობის შეჯამება გახლდათ. მან შეასრულა ის არიები და ნაწარმოებები, რომლებმაც სოპრანოს საყოველთაო, მსოფლიო აღიარება მოუპოვა: ჯაკომო პუჩინი „ბოჰემა“, ჯუზეპე ვერდი „რიგოლეტო“, შარლ გენო „რომეო და ჯულიეტა“...

 

ქართველ მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა ნაადრევად შეჰქმნოდა საშობაო განწყობა. საღამო სიმფონიურმა ორკესტრმა პეტრე ჩაიკოვსკის სუიტით ბალეტიდან „მაკნატუნა“ გახსნა. გაიჟღერა „იავნანამ“, რომელიც ჩაიკოვსკის გამოყენებული აქვს მის ნაწარმოებში. ოვაციები მომღერლის გამოჩენამდეც არ ცხრებოდა, ულამაზესი სოპრანოს მოსმენისას კი გაათმაგდა.

 

ვიდეოჩანაწერების დახმარებით, რომლებიც მომღერალს ფონად დიდ ეკრანზე გასდევდა ხან ესპანეთში, ხან საფრანგეთში, ხანაც იტალიაში გვამოგზაურებდა. საკონცერტო დარბაზი ორი საათით საოპერო სცენად გადაიქცა.

 

ცნობილი არიები დუეტად შესრულდა ჩვენთვის საკმაოდ ნაცნობ ბარიტონებთან, ევროპული თეატრების სოლისტებთან მიხეილ ქირიასა (მილანში მოღვაწეობს, არის მარია კალასის პრემიის მფლობელი) და გოჩა აბულაძესთან( გერმანიაში საუკეთესო მომღერლად აღიარებული), რომლებიც საგანგებოდ ამ დღისთვის ჩამოვიდნენ სამშობლოში. ასევე საქართველოში მოღვაწე, თბილისის ოპერის თეატრის სოლისტ ოთარ ჯორჯიკიასთან ერთად.

 

არაჩვეულებრივად კოსტიუმირებულ, მომხიბვლელ ნინო მაჩაიძეს ბავშვთა ვოკალური გუნდიც უმშვენებდა ფონს და საბალეტო ნომრითაც გაამრავალფეროვნეს საღამო.

 

მომღერალი, რომელიც ყველგან აღფრთოვანებასა და აღტაცებას იწვევს თავისი სტილითა თუ ძლიერი ხმით ახერხებდა ყოფილიყო შეყვარებული, აღელვებული, მრისხანე, გამოხატავდა მწუხარებას, ბედნიერებას, სიხარულს. იყო ფერადი და ლაღი.

 

მიუხედავად იმისა, რომ ნინო მაჩაიძისათვის მსოფლიო თეატრების კარი ღიაა (მილანი- ლა-სკალა, ნიუ-იორკი -მეტროპოლიტენ-ოპერა, ლონდონი - კოვენტ გარდენი, ბერლინი - დოიჩე ოპერა...), საქართველო განსაკუთრებულ გრძნობებს უღვივებს, კონცერტის მსვლეობისას მან აღიარა, რომ მსოფლიოში საუკეთესო მაყურებელი  ქართველი ერია.

 

სოპრანომ პირველი საერთაშორისო წარმატება 2005 წელს მოიპოვა, როდესაც მილანის ლა-სკალას აკადემიაში 400 კონკურსანტთა შორის გაიმარჯვა და სასწავლებლად ვოკალისტთა კურსზე ჩაირიცხა. ერთ თვეში ის უკვე დიდ სცენაზე აღმოჩნდა, მთავარ პარტიებს ასრულებდა. 2011 წელს საფრანგეთის თეატრების საუკეთესო სოლისტად აღიარეს, ხოლო 2013 წელს ესპანეთში, დაახლოებით 600 მომღერლიდან, საუკეთესო სოპრანოდ დასახელდა.

 

ის ესპანელმა ბლოგერებმა მსოფლიო საოპერო მომღერალთა შორის პირველ ადგილზე დააყენეს, როგორც ულამაზესი სოპრანო.

 

P.S.  სცენიდან გადმოსული დადებითი და ჯადოსნური მუხტი დღემდე მომყვება. მის ხმას მართლაც სულიერი სიმშიდე და ბედნიერება მოაქვს. ვისურვებდი, ქუთაისის ოპერის თეატრის კედლებიც აზანზარებულიყოს ნინოს, ანიტას, მიხეილის, ნინოს, გოჩას, გიორგის, ნათიას და სხვათა ბრწყინვალე ხმებით. თქვენ კი ნინო მაჩაიძის კონცერტის სრულ ვერსიას საზოგადოებრივ არხზე იხილავთ, საახალწლო გადაცემაში.

 

ცნობისათვის, 29 დეკემბერს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი კინომუსიკის გახმაურებულ საღამოს გამართავს, სადაც მსოფლიოში აღიარებული მეცო-სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი იმღერებს.

 

 

 

 

 

 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 20121
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია