საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქრისტეშობა გერმანიაში (FOTO)
ავტორი: თამარ გოგიჩაიშვილი
2015/12/23 16:42:11

ქრისტეშობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და დიდი დღესასწაულია გერმანიაში. ტრადიციის მიხედვით მეთერთმეტე თვის, თერთმეტი რიცხვის, თერთმეტ საათსა და თერთმეტ წუთზე იწყება საშობაო ზეიმი (Adventszeit). „adventus“ ლათინური სიტყვაა და მოსვლას ნიშნავს, ე.ი. ქრისტეს მოსვლას. „ადვენტის“ პირველ დღეს უფროსები შვილებს სპეციალურ, „ადვენტის“ კალენდარს ჩუქნიან, ან თვითონ უკეთებენ. ეს არის 24 ფანჯრიანი მუყაოს ყუთი, თითოეულ ფანჯარას ნომერი აწერია ერთიდან ოცდაოთხამდე. შიგ კი ბავშვებს ტკბილეული, მაგალითად შოკოლადი ხვდებათ.

 

ტკბილეულის შემდეგ ბავშვები მორიგი საჩუქრის ასაღებად გარბიან. ნაძვის ხესთან შეფუთულ საჩუქარს პოულობენ, რომელიც ასევე 24-ია, ერთი საჩუქარი დღეში. არ არის აუცილებელი ძვირიანი იყოს, ერთი ცალი ჟელიბონიც საკმარისია ბავშვის გასახარებლად.

 

საზეიმო გარემო ყველგან შეიმჩნევა: ოფისებში, ბაღებში, სკოლებში, საჯარო თუ კერძო დაწესებულებებში და რა თქმა უნდა ქუჩებში. გერმანია შობას განსაკუთრებით ფერადად, მორთულად და განათებულად ხვდება. თითქმის ყველა სახლის ფასადი მორთულია, შესასვლელ კარს კი საზეიმო გვირგვინი ამშვენებს. ტრადიციულად გერმანელები 4 სანთელს ყიდულობენ, ყოველ კვირაში თითო სანთელი ინთება, ბოლო კვირას კი ყველა ერთდროულად.

 

საზეიმო განწყობაა ეკლესიებშიც, უზარმაზარ გოტიკურ საკათედრო ტაძრებს ყოველ შობას აქვთ საშობაო ესკიზების გამოფენა, სადაც მრავალ ნამუშევარს წააწყდებით: ხის, ლითონის, თექის, ბამბის, ქაღალდის საშობაო ეპიზოდებს. სწორედ ასეთს წავაწყდით გერმანიის ერთ-ერთ პატარა ქალაქ უნნაში. ნაშრომები ოჯახებს ეკუთვნის, რომლებიც იმავე ქალაქში ცხოვრობენ. რუსი ოჯახიც იღებდა მონაწილეობას და ჩვენდა გასაკვირად, ერთ-ერთი გვატემალადანაც იყო. ნახვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ეკლესიის კარი,მითუმეტეს ზეიმის დროს, ყველასთვის ღიაა. შობის დილას კი ეკლესიის წინამძღვრის ქადაგებამდე ბავშების საშობაო სპექტაკლს უყურებენ, მოკლე მუსიკალურ ნომრებსაც რთავენ.

 

საშობაო ბაზრობა ერთ-ერთი დამახასიათებელი და ყველაზე საყვარელი ადგილია როგორც ბავშვისთვის, ასევე უფროსებისთვის. რას არ წააწყდებით აქ: პურში გახვეულ, უგემრიელეს, ცეცხლზე შემწვარ ძეხვს, შემწვარ სოკოს, სხვადასხვა სოუსით, უტკბილეს ბლინებს შოკოლადით, თაფლაკვერებს, რომლებსაც უძველესი ტრადიცია აქვს. სასმელებიც ბლომადაა, განსაკუთრებით რაც ევროპელებს იზიდავთ ალკოჰოლია, რა უნდა დალიო ზამთრის სუსხიან ამინდში თუ არა ცხელი, სანელებლებით გაზავებული წითელი თუ თეთრი ღვინო („გლუვაინი“ ),შეგიძლიათ ამარეტოთიც დააგემოვნოთ. სასიამოვნო დასალევია კვერცხის პუნშიც, კაკაო. სწორედ ღვინის ჯიხურებთან იყრის თავს უამრავი უცხოელი, განსაკუთრებით ჰოლანდიელები ჭარბობენ.

 

შეგხვდებათ მრავალგვარი ხელნაკეთი ნივთი, ტანსაცმელი, სამკაული ფერად-ფერადი თვლებით. ყველაზე თვალის მომჭრელი ბავშვებისა და დედებისათვის ხის უნიკალური სათამაშოებია, საკმაოდ რთულად შესრულებული. საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ თვალისმომჭრელია, ასე რომ, ბაზრობიდან ხის სათამაშოს გარეშე არ გამოხვალთ, აუცილებლად შემოგეყიდებათ.

 

6 დეკემბერი, წმინდა ნიკოლოზის დღე ბავშვების უსაყვარლესი დღეა, ისინი წინა ღამით საგულდაგულოდ ასუფთავებენ თავიანთ ფეხსაცმელებს, რადგან ნიკოლაუსი მხოლოდ სუფთა ფეხსაცმელში დებს თავის საჩუქარს.

 

აუცილებელია, რა თქმა უნდა, ნაძვის მორთვა, უმრავლეს შემთხვევაში ის ბუნებრივია.იქნებ ქართულიც შეგხვდეთ (ისევე როგორც მე, ავტორს 2012 წელს, დიდი ასოებით ეწერა „გეოერგიენ“). ტრადიციის მიხედვით საახალწლო ნაძვის ხე ხის სათამაშოებით, სანთლებითა და მინის ბურთულებით უნდა მოირთოს.

 

შობის წინა ღამეს კი მთელი ოჯახი საშობაო ორცხობილებს აცხობს, რომელიც ნიგვზით მზადდება. ის აუცილებლად რძესთან ერთად თოვლის ბაბუას უნდა დაახვედრონ, საჩუქარი რომ მიიღონ.

 

საშობაო დღესასწაულის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა -Heilige Abend (წმინდა საღამო). ეკლესიიდან დაბრუნებულები ნაძვთან მიიჭრებიან და თავიანთ საჩუქრებს პოულობენ. აუცილებელია, ლამაზი შეფუთვის იქვე, ყველას თანდასწრებით გახსნა და საკუთარი შთაბეჭდილების სხვისთვის გაზიარება.

 

ამის შემდეგ ყველა უსხდება სუფრას, ყველაფერი სასარგებლო და ტრადიციულია: ბოსტნეულის წვნიანი, მოხარშული თევზი(ძირითადად კობრი) სპეციალური სოუსით, მოხარშული კარტოფილი კარაქით...

 

25 დეკემბერს კი მთავარ ოჯახში ხვდებიან, სადაც ბაბუა-ბებია ცხოვრობს. ნათესავები დღეს ერთად ატარებენ, საღამოს კი შემწვარ ბატს, ზოგან ღორის ხორცს მოშუშული კომბოსტოს გარნირით მიირთმევენ. ასევე ჭარხლით დამზადებულ კერძს. ბოლოს ჩაის და ტრადიციულ საშობაო ნამცხვარს (der Leberkuchen) აყოლებენ. დღე ისევ საჩუქრების გახსნითა და შთაბეჭდილებების გაზიარებით მთავრდება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 20213
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია