საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
მაჟორიტარის არჩევისთვის 50%-იანი ბარიერის შემოღების თაობაზე ცვლილებები ინიცირებულია
2015/12/22 11:01:03

ქართულმა ოცნებამ 21 დეკემბერს დაარეგისტრირა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიღების შემთხვევაშიც, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარი დეპუტატები ხმათა 50%-ით იქნებიან არჩეული, 30%-იანი ბარიერის ნაცვლად. 

საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტის თანახმად, რომლის ინიციატორებიც ქართული ოცნების უმრავლესობაში შემავალი ფრაქციები არიან, არჩეულად ის მაჟორიტარი ჩაითვლება, რომელიც ერთმანდატიან ოლქში არჩევნებში მონაწილეთა ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს.

ამჟამად მოქმედი წესის თანახმად, გამარჯვებული ის მაჟორიტარი ხდება, რომელიც ხმათა მეტ რაოდენობას იღებს, თუმცა არანაკლებ შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩევნებში მონაწილეთა ხმების 30%-ს.

ამ ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით, სავარაუდოდ, ქართული ოცნების იმ კანონპროექტის პარალელურად განიხილავს, რომელიც ამომრჩეველთა თანაბრობის მისაღწევად მაჟორიტარული ოლქების საზღვრების შეცვლას უკავშირდება და რომლის მესამე და საბოლოო მოსმენით მიღებასაც პარლამენტი მიმდინარე კვირას დაგეგმილი სხდომის ფარგლებში გეგმავს.

ორივე ეს ცვლილება იმ დაპირების ნაწილია, რომელიც მმართველმა კოალიციამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის შეცვლის გარეშე კანონმდებლობაში ცვლილებების განხორციელების თაობაზე გასცა.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ 50%-იანი ბარიერის შემოღება უზრუნველყოფს არჩევნებში მონაწილეთა უმრავლესობის ნების გამოხატვას, თუმცა  იმავდროულად გაზრდის საბიუჯეტო ხარჯებს, ვინაიდან „ეს გამოიწვევს არჩევნების მე-2 ტურის გამართვის საჭიროებას უფრო მეტ საარჩევნო ოლქში, ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა“.

50%-იანი ბარიერი პირველად 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებისთვის მერებისა და გამგებლების პირდაპირი წესით ასარჩევად იქნა შემოღებული. მეორე ტურების გამართვა 12 ქალაქიდან 8 მერის ასარჩევად, ხოლო 59 მუნიციპალიტეტიდან 13 გამგებლის ასარჩევად გახდა საჭირო. მაშინ ყველა ოლქში ქართული ოცნების კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

 

წყარო: http://www.civil.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1996
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია