დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აგვისტოს შემდეგ, არჩევნებზე სავარაუდოდ წამსვლელი მოქალაქეების რაოდენობა 49%-დან 64%-მდე გაიზარდა
2015/12/21 11:51:26

NDI-ის კვლევა: მოსახლეობის უმრავლესობა განაგრძობს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერას; მოქალაქეების უდიდეს ნაწილს კვლავაც არ აქვს გადაწყვეტილი, თუ რომელ პარტიას უჭერს მხარს


 ეროვნულდემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და მისი პარტნიორი ორგანიზაცია CRRC– საქართველოს მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობის 69% მხარს უჭერს ქვეყნის მიზანს, გახდეს ნატოს წევრი. ნატოს მხარდამჭერები თავის არჩევანს უმეტესად უსაფრთხოების გარანტიებითა და ეკონომიკური სარგებლით ხსნიან. გამოკითხულთა უმეტესობა (56%) ამბობს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან უფრო ახლო ურთიერთობა სასარგებლო იქნება საქართველოსთვის, მაშინ როცა 19% არ ეთანხმება ამ მოსაზრებას.

 

ევროკავშირსა და ევრაზიის კავშირს შორის არჩევანის გაკეთებისას, მოსახლეობის 58% საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ანიჭებს უპირატესობას. აგვისტოსთან შედარებით, ევროკავშირის მხარდაჭერა გაზრდილია: მაშინ ეს მაჩვენებელი 47%- შეადგენდა.

 

მოქალაქეები მხარს უჭერენ ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ კურსს - ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანებას. ევროკავშირსა და ევრაზიის კავშირს შორის არჩევანის გაკეთებისას, მოსახლეობა უპირატესობას ევროკავშირს ანიჭებს და ეს მაჩვენებელი აგვისტოსთან შედარებით გაზრდილია,” - აცხადებს ლორა თორნტონი, NDI საქართველოს ოფისის დირექტორი, - “ასევე, მოსახლეობა აშშ-თან უფრო ახლო ურთიერთობას ქვეყნისთვის სასარგებლოდ მიიჩნევს. ყოველივე ეს ნათლად მიუთითებს ქვეყნის პრო- დასავლური კურსის მხარდაჭერას.”

 

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს მხარდამჭერებთან შედარებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატების მხარდამჭერები უფრო აქტიურად უჭერენ მხარს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასა და აშშ-თან უფრო მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბებას. მეორეს მხრივ, მოსახლეობის უმეტესობას არ აქვს პასუხი, თუ რომელი პარტია გაუძღვებოდა უკეთ საგარეო ურთიერთობების სხვადასხვა მიმართულებას. ისინი, ვისაც გააჩნია პოზიცია, ამბობენ, რომ ევროკავშირთან, ნატოსთან და აშშ-თან ურთიერთობას ყველაზე უკეთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატები, რუსეთთან ურთიერთობას კი პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო და გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა გაუმკლავდებიან.

 

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის 18%-ის თანახმად, ქართული ოცნება მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომი პარტიაა, 14%–თვის ასეთი ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა, 9%-თვის კი - ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატები. იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ამბობენ, რომ არცერთი პარტია არ დგას მათ შეხედულებებთან ახლოს, აგვისტოს გამოკითხვის შემდეგ, 42%-დან 30%- მდე შემცირდა.

 

აგვისტოს შემდეგ, არჩევნებზე სავარაუდოდ წამსვლელი მოქალაქეების რაოდენობა 49%-დან 64%-მდე გაიზარდა; თუმცა მათ უმეტესობას კვლავაც არ აქვს გაკეთებული არჩევანი.

 

კითხვაზეხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა ვის მისცემთ ხმას”, გამოკითხულთა 60%–მა განაცხადა, რომ მას არ აქვს გადაწყვეტილი თუ ვისზე გააკეთებს არჩევანს. გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული იმ ადამიანების 50%–საც, რომლებიც ამბობენ, რომ აუცილებლად წავიდოდნენ არჩევნებზე ხმის მისაცემად. მათ შორის ვინც ამბობს, რომ აუცილებლად წავიდოდა ხმის მისაცემად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, 18%-მა თქვა, რომ კოალიცია ქართულ ოცნებას, 12% – ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 7% კი ირაკლი ალასანია-თავისუფალ დემოკრატებს დაუჭერდა მხარს. მოქალაქეების თქმით, მათ პოლიტიკურ არჩევანზე ყველაზე მეტად შემდეგი ფაქტორები მოქმედებს: პარტიის წარსული საქმიანობა, პარტიის კონკრეტული წევრებისადმი ნდობა და პარტიის საარჩევნო პლატფორმა.

 

 წინა გამოკითხვების მსგავსად, ამ კვლევაშიც გამოიკვეთა, რომ მოსახლეობას ყველაზე მეტად ეკონომიკური საკითხები აწუხებს: 57%-მა - სამუშაო ადგილები, 29%-მა - სიღარიბე, 28%-მა კი პენსიები ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებად დაასახელა. კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხად მოსახლეობამ ტერიტორიული მთლიანობა დაასახელა (29%). ასევე, მოქალაქეების 44% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, მაშინ როცა 18%-ის აზრით საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება. მოსახლეობა აცხადებს, რომ ადამიანის უფლებები, სამართლიანი არჩევნები, კანონის უზენაესობა, სიტყვის თავისუფლება და მოქალაქეების ჩართულობა დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ქვეყანაში თითოეული ამ საკითხის მდგომარეობას არც თუ ისე დადებითად აფასებს. ამ საკითხისადმი დამოკიდებულება დიდწილადაა დამოკიდებული მოქალაქის პარტიულ სიმპატიაზე: პარტია ქართული ოცნების მხარდამჭერები გაცილებით უკეთ აფასებენ ზემოთჩამოთვლილი საკითხების მდგომარეობას, ვიდრე ოპოზიციური პარტიების, ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 16601
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია