დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სასკოლო ასაკის დაწევასთან დაკავშირებით პარლამენტი ხელახლა იმსჯელებს
2015/12/14 13:24:15

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა კობა სუბელიანმა სასკოლო ასაკის განსაზღვრასთან დაკავშირებით პარლამენტში ინიციატივა კიდევ ერთხელ დააყენა.

პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძემ 3 დეკემბერს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს მიმართა, რომ კობა სუბელიანის ინიციატივა, რომ 5-წლიან ბავშვებსაც მიეცეს სკოლაში შესვლის უფლება- პარლამენტში უახლოეს პლენარული სხდომის განხილვაზე დამდგარიყო.

სუბელიანის ინიციატივა კანონში შემდეგ ცვლილებას ითვალისწინებს. „ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკია 6 წელი. ამასთანავე, მშობლის სურვილის შემთხვევაში, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც 6 წელი უსრულდებათ მომდევნო სასწავლო წლის პირველ იანვრამდე.“

პარლამენტის დეპუტატის ეს ინიცატივა როგორც აღვნიშნეთ, ერთხელ უკცე ჩავარდა. რატომ გადაწყვიტა კობა სუბელიანმა მისი პარლამენტში შეტანა განმეორებით, ამის შესახებ დეპუტატი Aris.ge- განათლებას ესაუბრა.

 „განმეორებით იმიტომ შევიტანე ინიციატივა, რომ ის გარემოებები, რაზეც მე წინასწარ ვლაპარაკობდი, უკვე დადგა. ვამბობდი, რომ სასკოლო მოსამზადებელი პროგრამა ვერ მოესწრება; რომ ბავშვები არც საბავშვო ბაღებში ივლიან და არც სკოლაში, იმიტომ რომ იგივე პროგრამის გავლა და ჯგუფში ჩარჩენილის ფსიქოლოგით ცხოვრება ბავშისთვის ძნელია. წარმოიდგინეთ, სკოლაში უნდა წასულიყო ბავშვი და ერთი დღის გამო ჩატოვეს ბაღში. ქვედა ჯგუფის ბავშვებთან ერთად უნდა დაჯდეს. სტრესია მათთვის. ფაქტია, რომ ამ ბავშვების ნაწილი აღარც ბაღში დადის და აღარც სკოლაში. ვამბობდი ამას და გამართლდა. ასევე, კერძო სკოლებში მაინც შევლენ ხოლმე და შეიყვანეს, რადგან მათ გვიან დაიწყეს სწავლა.

განათლების მინისტრმა ეს გზაც ჩახერგა და გამოსცა ბრძანება და აკრძალა კერძო სკოლიდან საჯარო სკოლაში გადაყვანა, თუ ის ასაკს არ ემთხვევა. ზოგ საჯარო სკოლაში გვიან დაიწყეს სწავლა, რემონტები ჰქონდათ და ამიტომ დაუგვიანდათ. იქ  მაინც მიიღეს ბავშვები. ერთი სიტყვით, დიდი აჯაფსანდალი მოხდა, რასაც წინასწარ ვამბობდი!

იქნებ  ამ შემდგარმა ფაქტებმა აფიქრებინოს ჩემს კოლეგებს და დანარჩენ საზოგადოებას და მიხვდნენ, რომ 2 დღის გამო არ ღირს ბავშვის გარეთ დატოვება. ეს იყო ჩემი მოტივაცია, რის გამოც ხელახლა შევიტანე პარლამენტში კანონპროექტი“, – აღნიშნა კობა სუბელიანმა.

რა შანსები აქვს კანონპროექტს ახლა, მით უმეტეს, რომ ერთხელ უკვე მისთვის მხარდაჭერა არ გამოუცხადებიათ, დეპუტატი გვპასუხობს:

„განათლების სამინისტროც და პარლამენტიც იგნორირებას უკეთებს ამ ფაქტს, რომ ვერც რეგიონებში და ვერც თბილისში ვერ დაიწყეს სკოლის მოსამზადებელი პროგრამა. ფაქტობრივად, მოატყუეს მშობლები. რაც მთავარია, ეს ყველაფერი მოხდა იმისთვის, რომ თანხა დაეზოგათ კომპიუტერებისთვის და უფასო სახელმძრვანელოებისთვის. ეს ყველაზე ტრაგიკულია ამ ამბავში. ბავშვების ხარჯზე ფული დაზოგეს“, – განაცხადა დეპუტატმა.

წამყვან განათლების და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტს სუბელიანის ინიციატივაზე  „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ამჯერად უარყოფითი დასკვნა აქვს გაცემული.

განათლების და მეცნიერების კომიტეტი მიზანშეუწონლად მიიჩნევს 5 წლის ასაკის ბავშვების სკოლაში შესვლას და შესაბამისად, ამ ინიციატივის პლენარულ სხდომაზე გატანას.

„სახელმწიფომ უნდა იზრუნოს არა სწავლის ასაკის ხელოვნურად შემცირებაზე, არამედ მაღალკვალიფიკაციური პედაგოგიური კადრების მომზადებასა და სათანადო რესურსის მობილიზებაზე, რათა საჯარო სკოლებში, ან სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სათანადო პირობები იყოს მოსამზადებელი კლასების გახსნისთვის, სადაც 4-5 წლის ბავშვები გაივლიან სკოლამდელ საგანმანათლებლო პროგრამას“, – ნათქვამია კომიტეტის დასკვნაში.

შეგახსენებთ, რომ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მეექვსე მუხლის მე-6-ე პუნქტის მიხედვით,  ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკია 6 წელი.

 

 

წყარო: http://edu.aris.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7649
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია