დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ფასილიტატორების შედეგები – პედაგოგთა დამატებითი შრომა, რომელიც შესაძლოა, ხელფასზეც აისახოს
2015/12/10 17:12:22

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალ სქემაში ჩართულმა საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგებმა თვითშეფასების კითხვარის შევსება თითქმის დაასრულეს და ამ ეტაპზე ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმებზე მუშაობა მიმდინარეობს. სქემით განსაზღვრული თვითშეფასების კითხვარის შევსების დედლაინი, სკოლების ადმინისტრაციებმა  დირექტორის ბრძანების საფუძველზე თავად განსაზღვრეს. როგორცAris.ge-განათლებას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში განუცხადეს, სკოლების უმრავლესობამ დედლაინად წლის ბოლო შეარჩია. თვითშეფასების კითხვარების შევსების პროცესში მნიშვნელოვანი მისია ეკისრებათ სკოლების ფასილიტატორებს. სწორედ მათ ევალებათ დაეხმარონ კოლეგებს საკუთარი თავის გააზრებულად შეფასებასა და ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შემუშავებაში.

საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში კი ფასილიტატორის ფუნქცია შემდეგნაირად არის განსაზღვრული:,,ფასილიტატორი ეხმარება მასწავლებლებს ინდივიდუალურ საჭიროებათა დადგენაში, ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შედგენსა და განხორციელებაში, მიღწეული შედეგების შეფასებაში. ფასილიტატორი მონაწილეობას იღებს მასწავლებლის შეფასების ჯგუფის საქმიანობაში”.

რაც შეეხება არჩევის წესს:  სკოლის  ფასილიტატორებს  პედაგოგიური  საბჭოს  წევრები ირჩევენ მასწავლებელთა  პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კრიტერიუმების მიხედვით. საბოლოოდ კი მას სკოლის დირექტორი ბრძანების საფუძველზე ამტკიცებს.

პირველ ეტაპზე ფასილიტატორობისთვის სახელფასო ზრდა გათვალისწინებული არ არის. სამწლიანი დამატებითი მუშაობის სარგო კი 3 კრედიტია. თუმცა როგორც  ,,მასწავლებელთა სახლის” ექსპერტ-კონსულტანტები აცხადებენ, გარკვეული დროის შემდეგ, საჭიროებების გათვალისწინებით, ფასილიტატორებისთვის სახელფასო მატებაზე მსჯელობა ცენტრში უკვე დაწყებულია.

Aris.ge-განათლება დაინტერესდა რამდენად კარგად მუშაობს სკოლაში შექმნილი ახალი ინსტიტუტი და ართმევენ თუ არა თავს ფასილიტატორები დაკისრებულ მოვალეობას. ჩვენ რამდენიმე მათგანს ვესაუბრეთ:

მაია შაყულაშვილი 122-ე საჯარო სკოლის  ფასილიტატორი: ,,ჩვენ სკოლაში 3 ფასილიტატორი ვართ.  თითოეულის ჯგუფში 12 მასწავლებელი შედის. მე ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი გახლავართ. ფასილიტაციას ქართულისა და უცხო ენების პედაგოგებს ვუწევ. თვითშეფასების კითხვარები უკვე შევსებული გვაქვს, ახლა ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმებზე ვმუშაობთ. როგორ ვმუშაობ როგორც ფასილიტატორი?!- ჯგუფური შეხვედრა მქონდა იმ პედაგოგებთან ვინც ჩემ ჯგუფში შემოდის. თუმცა, თუ ვინმეს დასჭირდა და მქონდა ასეთი შემთხვევებიც, ინდივიდუალურადაც ვიმუშავე, გავაცანი მას ის ინფორმაცია, რაც ტრენინგზე მოგვაწოდეს ტრენერებმა ანუ ის, თუ როგორ და რით უნდა გვეხელმძღვანელა კითხვარის შევსების პროცესში. ამ ეტაპზე დავაკვირდებით რეფლექსიებს და შემდეგ ჩამოვწერთ ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმას, დროში გავწერთ აქტივობებს. ფასილიტატორის სამუშაო განრიგი საკმაოდ დატვირთული და შრომატევადია. ამ საქმიანობისთვის ხელფასი არ გვემატება. თუმცა ფასილიტატორად მუშაობის ერთი წელი ერთ კრედიტად გვეთვლება.

მანანა იმნაძე – 1 ექსპერიმენტული სკოლის ფასილიტატორი: ,,ხელოვნების პედაგოგი ვარ. ჯგუფს რომელსაც ფასილიტაციას ვუწევ 12 პედაგოგისაგან შედგება.  ზოგი ხელოვნების პედაგოგია, ზოგი მუსიკის და სპორტის. ზოგადად, სიახლის შიში გვაქვს ქართველ ხალხს. იყო პრეტენზიები, მითქმა-მოთქმა.. მუსირებდა აზრი, რომ რა საჭირო იყო ამ კითხვარის შევსება და სამოქმედო გეგმის შექმნა. თუმცა მუშაობის შემდეგ პედაგოგებს არ გაურთულდათ თვითშეფასების კითხვარზე მუშაობა.  გავაგებინეთ რომ ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ თავიანთი სუსტი ადგილები დაინახონ და გააუმჯობესონ, როგორც თავიანთი, ასევე მოსწავლეების შედეგები.

თავდაპირველად სკოლის ფასილიტატორები შევიკრიბეთ და ერთობლივად შევიმუშავეთ სქემა, თუ როგორ უნდა გვემუშავა ჩვენს კოლეგებთან.   რადგან ყველა მასწავლებელს ისედაც დატვირთული გრაფიკი აქვს და ცაიტნოტურ მდგომარეობაში ვმუშაობთ, ამოვუბეჭდეთ კითხვარები, რათა საშუალება ჰქონოდათ, სახლში გაცნობოდნენ და მერე შეევსოთ. შემდეგ გვქონდა მასწავლებლებთან ჯგუფური შეხვედრები, საჭიროების შემთხვევაში ჩავატარეთ ინდივიდუალური შეხვედრებიც. თამამად ვიტყვი, რომ არ გართულებიათ სამუშაო. ერთ კვირაში შევავსეთ. ჩვენ, ფასილიტატორებსაც გვიწევს იგივე თვითშეფასების კითხვარის შევსებაც და სამოქმედო გეგმის შედგენაც. საკმაოდ შრომატევადი საქმეა, თუმცა საინტერესო. ვფიქრობ,  მომავალ წელს ამ კითხვარის შევსების პროცესში პრობლემები საერთოდ აღარ იქნება. მხოლოდ პატარა დეტალების შეხსენება მოგვიწევს ფასილიტატორებს მასწავლებლებისათვის”.

ფასილიტატორების ტრენინგების პარალელურად ტრენინგების გავლა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ნებისმიერ პედაგოგსაც შეუძლია.  მოდულის მოცულობა 8 საკონტაქტო და 5 არასაკონტაქტო საათია. თუმცა ფასილიტატორების ტრენინგებისგან განსხვავებით მასწავლებლების ტრენინგები ფასიანია. თბილისში ტრენინგის ღირებულება 32 ლარია. ხოლო რეგიონში 40 ლარს შეადგენს. წლის ბოლომდე ,,მასწავლებეთა სახლში”  4 ათასი ფასილიტატორის გადამზადება იგეგმება.

არიან თუ არა თავად პედაგოგები კმაყოფილნი ფასილიტატორების მუშაობით, რამდენად საკმარისად მიაჩნიათ ის დრო, რასაც მათ ფასილიტაციის პროცესში უთმობდნენ, ამის შესახებ გამოკითხვის შედეგებს  Aris.ge-განათლება მომდევნო სტატიაში შემოგთავაზებთ.

 

წყარო: http://edu.aris.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3736
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია