საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
გამარჯვებული ფალავნის სიჩუმე
ავტორი: თამარ გოგიჩაიშვილი
2015/11/25 15:35:05

როგორ ეხმარება მოჭიდავეთა მომავალ თაობას ორი ოქროს მფლობელი ვეტერანი სპორტსმენი ესტატე გოგლიჩიძე

 

ათენში ახლახან გამართულ ვეტერანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა გუნდი ხალიჩაზე 10 ვეტერანი სპორტსმენით გავიდა და მედლებიც საკმაოდ მოიპოვა. მათგან ორი ოქროს მედალი ჩვენმა სახელოვანმა მოჭიდავემ, მრავალი ოლიმპიური, ევროპული და მსოფლიო ჩემპიონატების პრიზიორმა და  გამარჯვებულმა, ქუთაისის საპატიო მოქალაქემ ესტატე გოგლიჩიძემ წამოიღო.

 

რომ არა ბატონი ესტატეს დიდი გულშემატკივრის, ათენში მცხოვრები ქუთაისელი ქალბატონის გულო დევიძის მეტად თბილი წერილი ჩვენი რედაქციისადმი, ალბათ, არც გვეცოდინებოდა, რომ ათენის სპორტულ დარბაზში საქართველოს დროშა დარბაზის ჭერისკენ აიწია და ქართული ჰიმნიც ვეტერანი სპორტსმენის შესანიშნავი ასპარეზობის წყალობით ორჯერ გაისმა.

 

„ბატონი ესტატე მთელი არსებით იბრძოდა ამერიკელ და ირანელ ფალავნებთან. მონდომების კულმინაცია გამოიყენა. მან ასახელა ჯერ ოჯახი, მერე ჭიდაობის ფედერაცია და, საერთოდ, სრულიად საქართველო. სიხარული ორჯერ განვიცადეთ! ერთ მსოფლიო ჩემპიონატში ორი ოქროს მედალი სხვადასხვა პიროვნებისთვის, შეიძლება, ცოტაა, მაგრამ ერთი ფალავნისთვის - ძალიან ბევრი,“ - გვწერს ქალბატონი გულო.

 

ბერძნული ხალიჩა ჯერ თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს დაეთმო. ესტატე გოგლიჩიძემ 70 წლამდე მსოფლიო კონკურენციაში მიიღო მონაწილეობა (130 კგ წონით კატეგორია), შემდეგ კი_ ბერძნულ-რომაულში. ფინალურ ბრძოლაში ქართველი ფალავანი ასევე სახელმოხვეჭილ ქართველ სპორტსმენს ავთანდილ თოდრიას უნდა შეხვედროდა, თუმცა მან ტრამვის გამო ბრძოლა ვერ შეძლო და ვერცხლის მედალს დასჯერდა. ბოლო შეხვედრაზე ირანელ მოჭიდავესთან ხელის ძლიერი ტრამვით მოუწია ორთაბრძოლა ესტატე გოგლიჩიძესაც.

 

ქალბატონი გულო გვწერს, რომ ათენში იყო დიდი ემოციები, შეხვედრები, მოლოცვები და სუფრები. იყო ბედნიერი გაცილებაც. თუმცა არ ყოფილა სათანადო დაფასება საქართველოს მოჭიდავეთა ფედერაციისა და თავად სახელმწიფოსგან.

 

აი, რას ვკითხულობთ ამ მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით გაზეთ „ლელოში“:

 

„მოჭიდავეები თავისი ხარჯებით წავიდნენ იქ. არც მსაჯი ჰყოლიათ. ერთი სიტყვით, უპატრონოდ წავიდნენ და მაინც გვასახელეს. ფედერაციიდან ერთი კაპიკი დახმარება არ ყოფილა. ეგ კი არა, სხვებიც უნდა წასულიყვნენ, მაგრამ ვერ მოახერხეს. ამ პირობებში წარმატებით გამოსვლა -  აი, ესაა ქართული ფენომენი, მათ უყვართ სამშობლო! “ -  გულისტკივილით აღნიშნავს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვეტერანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, დიდი ქართველი ფალავანი  გურამ საღარაძე.

 

როგორც გაზეთ „ლელო“-ს ჟურნალისტი აღნიშნავს, ამ ფაქტს ჭიდაობის ფედერაციის გენერალური მდივანი გიორგი ლომიძეც ადასტურებს.

ვეცადეთ, მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებულ ვეტერანს, ბატონ ესტატე გოგლიჩიძეს პირადად დავკავშირებოდით, მაგრამ მან თავის მიღწევებზე საუბარი არ ისურვა. მოგაწვდით იმ ცნობებს, რომლის მოძიებაც მოვახერხეთ მისი ახლობლების, სპორტსმენების დახმარებით.

 

სპორტსმენის გზა ბერძნულ ტრიუმფამდე კი ასეთია:

 

დაიბადა ქუთაისში, 1949 წლის 16 მაისს.

 

1964 წლიდან 1980 წლამდე აქტიურ სპორტულ ცხოვრებას ეწეოდა. იყო საბჭოთა კავშირის ნაკრებში, ასევე საქართველოს ნაკრების გუნდის კაპიტანიც გახლდათ. 1966 წლიდან 1979 წლამდე არც ერთი წელი გამარჯვებისა და მედლის გარეშე არ ჰქონია.

 

1969 წელი -  საქართველოს ჩემპიონი.

 

1970 წელი -  საქართველოს „დინამოს“ საბჭოს სპარტაკიადის ჩემპიონი, ამიერკავკასიის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში, სპორტის ოსტატი თავისუფალ ჭიდაობაში.

 

1974 წელი -  ევროპის თასის მფლობელი.

 

1976 წელი- საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი, საქართველოს გუნდის კაპიტანი.

 

1977 წელი- საბჭოთა კავშირის ჩემპიონი.

 

ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონატებში 2003 წლიდან დღემდე სხვადასხვა ქვეყანაში გამართული ჩემპიონატებიდან უპრიზოდ არ დაბრუნებულა.

 

არის ღირსების ორდენის კავალერი.

 

ქუთაისის საპატიო მოქალაქეს და საქართველოს სპორტის დამსახურებულ მუშაკს არამარტო საჭიდაო ხალიჩაზე აქვს დიდი მიღწევები, არამედ სახელმწიფო სამსახურშიც წლების მანძილზე ბეჯითად იდგა. 18 წელია, შპს „მწვანეყვავილა - 1950“- ის დირექტორია. ამდენივე წელია, აღნიშნულ დაწესებულებას დარბაზი აქვს, სადაც, ბატონი ესტატეს დიდი მოწადინებით, მომავალ ჩემპიონებს სრულიად უფასოდ ზრდიან. როგორც შევიტყვეთ, უფროსი თაობის გამარჯვებების მეოხებით იწვრთნებიან ნორჩი მოჭიდავეები. 

 

ბატონი ესტატეს ხელმძღვანელობით, მწვრთნელები გიორგი სიხარულიძე და როლანდ მოსეშვილი ახალგაზრდა სპორტსმენებს ჭიდაობის მასტერკლასებს უტარებენ:

 

„ძალიან კარგი პირობები გვაქვს. თბილი გარემო, ბატონი ესტატეც აქ ვარჯიშობს, ბავშვებთან ერთად. ცივი, ცხელი წყალი. . . პერსპექტიული და მონდომებული ბავშვები გვყავს,  ამათი იმედი გვაქვს. ორ-ორ ჯგუფად გვყავს განაწილებული. სულ მთლიანად სავარჯიშოდ 36 ბავშვი დადის, 9-დან 15 წლამდე ასაკის. ჯერჯერობით მოკრძალებული შედეგები გვაქვს, მაგრამ დიდ წარმატებებს ახლო მომავალში ველოდებით,“- გვიამბო მწვრთნელმა როლანდ მოსეშვილმა.

 

ჩვენი ხანმოკლე სატელეფონო საუბრის დროს კი ბატონმა ესტატემ ერთადერთი და  მეტად მნიშვნელოვანი ფრაზა გვითხრა:

 

„მე ჯერ ჭიდაობა არ დამისრულებია...“

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 34113
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია