საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
"იაგოს ღვინო" მსოფლიოს იპყრობს
2015/11/25 15:17:34

ქართველებს ყურძნის 525 ჯიში გვაქვს, რაც უცხოელების დიდ ინტერესს იწვევს"



იაგო ბიტარიშვილის პატარა და საოცარი მარნის შესახებ ბი-ბი-სიმ გადაიღო ფილმი, რომელსაც მაყურებელი მალე ნახავს, მანამდე კი გადავწყვიტეთ, ეს უცნაური კაცი უკეთ გაგვეცნო და სოფელ ჩარდახში ვესტუმრეთ. ქვევრები, ძველი თუ ახალი მარნის კარი, ორიგინალური ექსტერიერი და ინტერიერი, არყის სახდელი და ბუხრით გამთბარი სასტუმრო ოთახი არაჩვეულებრივ განწყობას ქმნის. ამ ყველაფრის შემოქმედი კი 40 წლის იაგო ბიტარიშვილია.

- სოფელ ჩარდახში დავიბადე და გავიზარდე. ოჯახში ტრადიციულად ვაყენებდით ღვინოს და ამ პროცესში ბავშვებიც ვმონაწილეობდით. მერე ერთ-ერთ ორგანიზაციაში დავიწყე მუშაობა, რომელიც ეკოლოგიური პროდუქტით იყო დაინტერესებული. ბიომეურნეობა იმ დროისთვის სიახლე იყო. მაშინ დავფიქრდი, ხომ არ ჩამომესხა ღვინო, როგორც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, რომელიც ქართული ბაზრისთვის სიახლე იქნებოდა. ჩვენი ოჯახის ერთადერთი შემოსავლის წყარო ვენახი იყო, თუმცა, ხანდახან ყურძენს ვერ ვყიდდით და ვცვლიდით კარტოფილზე თუ ფქვილზე...

- რომელი ჯიშის ყურძნისგან ამზადებთ­ ღვინოს?
- ქართლის ჯიშია, "ჩინებული", "ჩინ­ურსაც" ეძახიან. ღვინოს ქვევრში ძველი ქართული ტექნოლოგიით ვაყენებთ. დიდი ვენახი ახლაც არ გვაქვს - 2 ჰექტარზეა გაშენებული, ერთი ჰექტარი ჩვენია, ერთიც - იჯარით აღებული. ღვინის დაყენება არ გაგვჭირვებია. ერთადერთი სირთულე ოჯახური ღვინის ბოთლში ჩამოსხმა იყო... მამაჩემის ნაჩუქარი 27 წლის "ჟიგული" გავყიდე და ბოთლის სახუფი და ჩამოსასხმელი შევიძინე. პროდუქტი საქართველოს ბაზარზე გავიტანეთ. მაშინ არ მიფიქრია, რომ "იაგოს ღვინო" ევროკავშირის ბაზარზე მოხვდებოდა. იმასაც დიდ მიღწევად ვთვლიდი, რომ პროდუქციის გაყიდვა შევძელი. 

- თქვენი ღვინო მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში იყიდება. სხვასაც შეუძლია, ასეთ წარმატებას მიაღწიოს?
- ყურძნის მოყვანა იოლი არ გახლავთ,­ თუმცა, როდესაც საქმე გიყვარს და პატიოსნად შრომობ, გიმართლებს. ჩემი წარმატება იტალიური კომპანიის პრეზიდენტის - ლუკა გარგანოს დამსახურებაა. ის 2004 წელს ჩამოვიდა თავის დეგუსტატორთან ერთად. აინტერესებდა პატარა მარნები, სადაც ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა ღვინო შეიძლებოდა ეყიდა. სხვებისგან არა მარტო ჭურჭლით, არამედ ღვინის წარმოების ტექნოლოგიითაც განვსხვავდებით. ქართველებს ყურძნის 525 ჯიში გვაქვს, მართალია, მათ მცირე ნაწილს ვიყენებთ, მაგრამ პატარ-პატარა მარნების წარმატებები იმის საწინდარია, რომ რამდენიმე წელიწადში სხვადასხვა ჯიშისგან წარმოებული ღვინოები გვექნება. მოკლედ, ლუკა გარგანოს ყურამდე ჩემი მარნის ამბავი მივიდა... 

- ამ დროს რამხელა მარანი გქონდათ?

- 2 ქვევრი მქონდა. 2006 წელი იყო. სამსახურიდან წამოსვლა მომიხდა და ამ პატარა მარნის იმედად ვიყავი... იმხანად ფინანსურმა პოლიციამ პატარა მარნების შემოწმება დაიწყო, ნიმუშები წაიღეს და ანალიზის პასუხებამდე მარნები დალუქეს. ძალიან გაოცდა ლუკა გარგანო - ორქვევრიანი მარანი როგორ დალუქესო... მერე ღვინო გასინჯა - თუ ასეთ კარგ ღვინოს დააყენებ, ყველა ბოთლს ყოველწლიურად მე წავიღებო­. პირი არ გაუტეხავს.

- ევროკავშირის ბაზარზე ღვინის გატანას­ რა პროცედურები სჭირდება?
- აკრედიტებულ ლაბორატორიაში ანალიზის პასუხს აიღებთ და ამ პასუხით მიხვალთ ღვინის ეროვნულ სააგენტოში, რომელიც ამა თუ იმ ქვეყანაში წარსადგენად სერტიფიკატს გაძლევთ...გარგანოს შემდეგ ინგლისიდან ლექავ დე ფირენი გვესტუმრა და მანაც იმავე პირობით წაიღო ღვინო, მერე მოვიდა ერიკ ნაირო. ის ნატურალური მეღვინეობის ბიზნესში გავლენიანი ადამიანია და პროდუქციას მთელ ევროპაში ყიდის. საგულისხმოა, რომ იმპორტიორებმა ღვინო მხოლოდ აქ ჩამოსვლისა და ჩვენი წარმოების გაცნობის შემდეგ წაიღეს. ზოგიერთი მოსავლის გასასინჯად ყოველ წელს ჩამოდის. ახლა ჩემი ღვინო იყიდება საფრანგეთში, შვეიცარიაში, გერმანიაში, დანიაში, შვედეთში, ბელგიაში, ამერიკაში, იაპონიასა და ავსტრალიაში. ადრე ეტიკეტზე მხოლოდ "ჩარდახი" ეწერა, ახლა კი "იაგოს ღვინოც" აწერია. ეს იმპორტიორებმა გვთხოვეს, - უცხოელებს­ ჩარდახის წარმოთქმა ძალიან უჭირთო. 

- რამდენ ბოთლ ღვინოს აწარმოებთ? 
- 5 ათას ბოთლს. ბიოპროდუქტის წარმოება იოლი არ არის. მიუხედავად ამისა, ამ ბიზნესის გაფართოებას ვაპირებთ. ასე რომ, ეს საქმე 2 ქვევრით დავიწყეთ, ახლა კი 28 ქვევრი გვაქვს. 

- სახელმწიფოს აქვს პროექტები, რომლებიც ქართული წარმოების განვითარებას უწყობს­ ხელს. ამ პროექტების ფარგლებში რამის გაკეთება არ გიცდიათ? 

- არა. სახელმწიფოსგან ხელშეწყობა ძალიან კარგია, მაგრამ მაშინ ბანკიდან სესხი უნდა ავიღო და ქონებით უზრუნველვყო. ჩვენი მარანი საკუთარ სახლშია და ის რომ ბანკში ჩავდოთ, შესაძლოა, ერთ დღეს ყველაფერი დავკარგო. ამიტომ ნელ-ნელა წინ წასვლა და ჩვენივე ფინანსებით წარმოების გაზრდა გვირჩევნია. 

- დაგვისახელეთ პრესტიჟული ადგილები, სადაც თქვენი ღვინო იყიდება...

- ჩემთვის, რა თქმა უნდა, დიდი პატივი­ და სტიმულია, რომ ჩემი ღვინო ცნობილი ქალაქების ისეთ პრესტიჟულ ადგილებში იყიდება, სადაც მოხვედრისთვის ადამიანები ორDდღიან რიგში ეწერებიან. მათ რესტორნის კართან იმდენი საათი უწევთ ყოფნა, რომ წიგნები მიაქვთ წასაკითხად. ასეთია "შატობრიანი" პარიზში, რომელიც ამ ქალაქის ყველაზე პრესტიჟულ ხუთ რესტ­ორანს შორისაა. ლონდონში - ცნობილი "ტერუარი" და ა.შ. სპეციალურ მაღაზიებში ეს ღვინო 20-დან 24 ევრომდე ღირს, რესტორნებში ორ-სამჯერ ძვირია. ყველაზე ძვირად ჩვენი ღვინო იაპონიაში იყიდება. ერთი ბოთლის ფასი სპეციალურ მაღაზიებში 50 ევროზე მეტია. თუმცა, ჩვენ იმპორტიორებს ღვინოს უფრო იაფად ვაძლევთ. ერთი ბოთლის საექსპორტო ფასი 8 ევროა და ესეც მაღალ ფასად ითვლება, ვინაიდან ჩვენი საწარმოების საექსპერტო ფასი ბოთლზე მხოლოდ 2-3 დოლარია. ღვინო არ მრჩება, რომ თბილისშიც გავყიდო, თუმცა, მოთხოვნა დიდია. მხოლოდ ნატურალური ღვინის ბარ "ანდერგრაუნდს", "ჯივინოს" და "აზარფაშას" ვაწვდი მცირე რაოდენობით. რუსეთის ბაზარზე არ ვმუშაობთ. ეს სარისკოა. ევროკავშირში ღვინის გატანა არა მხოლოდ უფრო ხეირიანი, სტაბილურიცაა. სტაბილური შემოსავლების გამო შემიძლია, მომდევნო 6 წელიც კი დავგეგმო.

- ტურისტები ხშირად გსტუმრობენ?

- ტურისტულ სააგენტოებთან კონტრაქტებით ვმუშაობთ. მათთვის დაგეგმილი გვაქვს ექსკურსია მარანში, სადაც ტრადიციული მეურნეობების და ქართული ღვინის ისტორიის შესახებ ვუყვებით, შემდეგ ღვინის დეგუსტაცია ხდება. ხშირად წინასწარ შეკვეთილია სადილიც. გვაქვს კულინარიული "მასტერკლასებიც", სადაც, მაგალითად, ხინკლის, ხაჭაპურის ან ჩურჩხელის მომზადებას ვასწავლით. ტურისტები ზოგჯერ არყის გამოხდასაც ესწრებიან. თონის პურის ცხობაც ძალიან აინტერესებთ. ამ ყველაფრით ღვინის გაყიდვაზე არანაკლები შემოსავალი მივიღეთ. 

- მარნის კედლებზე სტუმრების წარწერებია.­
- ეს ტრადიცია ჩემმა მეგობრებმა დანერგეს და კედელზე გაკეთებული წარწერით წარმატებები მისურვეს. მერე უცხოელმა სტუმრებმაც მიჰბაძეს. მახსოვს, მწერალი, ჟურნალისტი ელის თეირინგი გვესტუმრა (ის "ნიუ-იორკ თაიმსშიც" წერს), კედელზე გული დახატა და დაწერა: "იაგო - საუკეთესო ჩინურის ოსტატი!" მას ქართულ ქვევრის ღვინოსა და საქართველოზე წიგნიც აქვს გამოქვეყნებული. ბი-ბი-სიმ გადაიღო ჩვენს ღვინოზე ფილმი, რომელიც ამ არხზე მალე გავა. მისი ჟურნალისტი აღფრთოვანებული დარჩა და კედელზე არაბული წარწერა დაგვიტოვა.

- კედელზე წარწერების ადგილი აღარ არის და რას აპირებთ?
- რამეს მოვიფიქრებთ.

 

 

წყარო: http://www.bpn.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 20452
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია