საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ერგნეთი, დიცი, ზარდიაანთკარი...(FOTO)
2015/11/24 13:40:44

ერგნეთისკენ მიმავალი გზა ცარიელია... გორიდან გასულს შემხვედრი მანქანა არ გხვდება. სოფლის გზის დასასრულს ქართული ე. წ. ბლოკ-პოსტია და აკრძალვებიც იწყება. გვაფრთხილებენ: ფოტო მხოლოდ სოფლის მხარეს გადავიღოთ, ე.წ. გამყოფ ზოლს 100-150 მეტრის დაცილებით უნდა მივუახლოვდეთ, თორემ რუსები ცეცხლს გახსნიან... ეს მათი პირობაა.

 

სოფელი თითქმის დაცარიელებულია. 2008 წლის ომამადე თითქმის 150 ოჯახი ცხოვრობდა, დღეს მხოლოდ 60 კომლია დარჩენილი. ცხოვრება მძიმეა, თუმცა მოვლილია ხილის ბაღები, იღებენ სიმინდის მოსავალს და რამდენიმე სახლიდან კვამლი ამოდის.

 

ლია ჩლაიძის სახლიდან ცხინვალის შინდისფერსახურავიანი სახლები კარგად ჩანს. ეზოში, ვაზის ტალავერზე დანახშირებული და უკვე ხავსმოკიდებული სამი პატარა ნივთია ჩამოკიდებული. ყურადღება ამ ნივთებმა მაშინვე მიიქცია.

 

„ეს სამი ნივთი სიმბოლურია. 2008 წლის 8 აგვისტოს ჩვენი სახლი დაწვეს. ფაქტობრივად, ვერაფერი გადავარჩინეთ. როცა დავბრუნდით, ეს ნივთები ფერფლში ვიპოვეთ და სიმბოლურად ამ ტალავერზე ჩამოვკიდეთ. სახლი ახალი ავაშენეთ, სოფლის მეურნეობასაც ვეწევით   და ხილის ბაღებსაც ვუვლით.“ – ამბობს ლია ჩლაიძე, რომელიც გორის მუნიციპალიტეტში მუშაობს. თუმცა მისი საქმიანობა არასამთავრობო სექტორშიც აქტიურია. ის სოციალური საკითხებით ინტერესდება და საკუთარი სახლის ერთ-ერთ ოთახში შეხვედრებს მართავს, აწყობს დისკუსიებს და მრგვალ მაგიდებს.

 

ეზოში კონად შეკრული ყვავილებია. ნერგები ერთ დიდ ორმოშია ჩარგული. ფაქტია, რომ არაბუნებრივია.

 

„აი, ზუსტად აქ,  ჩამოვარდა ჩვენს ეზოში ბომბი. როცა დავბრუნდით, დიდი ორმო დაგვხვდა. ძნელი იყო მისი ამოვსება მიწით. მოვიტანე უამრავი ყვავილის ნერგი და ყველა ერთად აქ ჩავრგე. ყველამ გაიხარა...“ - გვიყვება ყვავილების ისტორიას ქალბატონი ლია.

 

აქვეა სახლი საზვართან, რომლის ღობე გამყოფ ზოლთანაა. სახლი ცარიელია. მის კედლებს ნატყვიარი დღემდე ამჩნევია, თუმცა ხავსი კი მოკიდებია...  სახლის აივანზე სარკეა, რომელიც 2008 წლის 8 აგვისტოს ცხელი დღეების ისტორიას ინახავს. სარკეს ორი ნატყვიარი ამჩნევია. დრო ამ სახლში მაცხოვრებლებისთვის მაშინ გაჩერდა, როცა სარკე ტყვიამ დაამსხვრია.

 

სოფელ ერგნეთში ახალგაზრდები, ფაქტობრივად, არ ცხოვრობენ. ძირითადად, მოხუცები არიან. ზამთრისთვის  ემზადებიან -  შეშას ამზადებენ, მოსავალს აბინავებენ. მოსავლის კმაყოფილები არ არიან, რადგან ნათესების და ნარგავების მორწყვა ვერ შეძლეს. სათავე ნაგებობა ე.წ. საზღვრის იქეთ დარჩა. წლებია, მიწა არ მორწყულა. ამჯერად სოფელში წყალი გაყავთ და იმედოვნებენ რომ მალე სოფელს წყალი ექნება. ფიქრობენ, ეს სოფელში ოჯახების დაბრუნებას გამოიწვევს, ხალხი მიწას დაუბრუნდება.

 

თუმცა, სოფელი ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებისგან უყურადრებობას უჩივის. ამბობენ, რომ გარდა სამართალდამცავებისა, სოფელში სხვა სამსახურების წარმომადგენლები არ ჩამოდიან. მათ აქ მცხოვრები ადამიანებია არჩევნებისთვის ახსენდებათ. მათი შემოსავალი ძირითადად ხილია. ძნელია ბაღებში მუშაობა, რადგან ხილის კრეფა შიშის ქვეშ უწევთ. სოფელში ამბობენ, რომ რუსებს გაწვრთვნილი ძაღლები ყავთ, რომელსაც ბაღში სამუშაოდ შესულ ადამიანებს შეუსევენ. გაქცეული ადამიანის დაჭერა კი მათ უადვილდებათ.

 

სოფელი დიციც ცარიელია...

 

ვენერა ბებო 80 წელს გადაცილებულია.  მისი ერთი შვილი ომამდე გაიტაცეს და მოკლეს. ამჯერად ის მეორე  შვილთან ერთად ცხოვრობს. შეშის ღუმელში პურებს აცხობს და შიგადაშიგ 2008 წლის აგვისტოს ცხელ დღეებს იხსენებს: „ომის შემდეგ მალევე, აი, აქ ჩვენს ბაღზე მავთულების გაბმა მოინდომეს. ეს მავთულები სასაფლაოზეც გადიოდა. მივედი რუს ჯარისკაცებთან და ვუთხარი, რომ ჩემი ქმარი და მამამთილი ორივე დიდ სამამულო ომში იბრძოდა. იბრძოდა თქვენს ბაბუებთან და ბიძებთან ერთადთქო. ახლა მათ საფლავებს თქვენ გვტაცებთ-თქო. ჩვენ არავისთან არ გვაქვს საომარი. ეს ქვეყანა არც სააკაშვილისაა და არც პუტინის!“

 

ე.წ. საზღვრის უმეტესს ნაწილზე სათვალთვალო კამერებია დამონტაჟებული. თუმცა პერიოდულად რუსი ჯარისკაცები ხან ფეხით, ხან მანქანით პერიმეტრს დამატებითაც აკონტროლებენ.

 

გზაზე ახლადგარემონტებული სკოლაა.

 

ვახო და გიო ამ სკოლაში სწავლობენ. სწავლა ჩვეულ რეჟიმში მიდის. ამბობენ, რომ სკოლაში ცოტანი არიან. შესაბამისად – კლასშიც. იციან  სოფლის საზღვრები, სად შეიძლება გადაადგილდნენ.  ძირითადად, სახლში არიან - უსაფრთხოებისთვის.

 

დიციდან ზარდიაანთკარში  მიმავალ  გზაზე სოფელი არბო გავიარეთ. არბოს მე-19 საუკუნის, ნატეხი ქვით და აგურით ნაშენი, ჯვარ-გუმბათოვანი წმიდა გიორგის სახელობის ტაძარიც გზაზეა. ტაძარი მოქმედია და რამდენიმე სოფლის მრევლი აქ დადის მოსალოცად.

 

ცარიელია სოფელი ზარდიაანთკარი. აქ,  ე.წ. საზღვარი, სასაფლაოს იქეთ არის. სოფლის მოსახლეობა ამით ბედნიერები არიან - აღდგომას საფლავებზე უშიშრად გადიან.  ნაომარი სახლები ისევ ისე დგას. დამწვარ სახლებს სიშავე წვიმამ და თოვლმა ჩამორეცხა. თუმცა სახურავები ისევ გადამძვრალი აქვს. ნატყვიარებიც ეტყობა კედლებს. მოსახლეობა ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებიდან დახმარებას წლებია ელოდებიან, თუმცა ამაოდ...

 

P.S. მედიატურში საქართველოს სხვადასხვა რეგიონების 30-მდე ჟურნალისტი იღებდა მონაწილეობას. ჟურნალისტების გადაადგილების უსაფრთხოებაზე გორის პოლიციის სამმართველოს წარმომადგენლებმა იზრუნეს. მედიატურის  მხარდამჭერი ააიპ საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო იყო.

 

მარიკა ეფრემიძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 18916
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია