საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ფქვილის რკინითა და ფოლიუმის მჟავით გამდიდრება, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს
2015/11/12 12:21:15

გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციით, შესაძლოა, ხორბლის ფქვილის რკინითა და ფოლიუმის მჟავით გამდიდრება სავალდებულო გახდეს. ამასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტი უკვე მომზადებულია და ინიცირებას ელოდება. სპეციალისტების თქმით, ამ კომპონენტების ნაკლებობა ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის, განსაკუთრებით ორსულებსა და ბავშვებს. ის იწვევს უმძიმეს პათოლოგიებს, მათ შორის გონებრივ და ფიზიკურ განვითარებაში ჩამორჩენას. როგორც გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელმა მაია ქურციკიძემ "რეზონანსთან"საუბრისას აღნიშნა, კონკრეტულად განიხილება ცვლილებების შეტანა კანონში "იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ".

 

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ ამოქმედდა კანონი, რომელმაც საკვები მარილის იოდიზირება, ანუ იოდით გამდიდრება, სავალდებულო გახადა. რაც შეეხება ხორბლის პირველი ხარისხის ფქვილის (რისგანაც თეთრი პური მზადდება) გამდიდრებას რკინითა და ფოლიუმის მჟავით, რასაც მეცნიერულ ენაზე ფორტიფიკაცია ეწოდება, ეს აპრობირებული პრაქტიკაა ბევრ როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყანაში, სადაც მან საკმაოდ ნაყოფიერი შედეგი გამოიღო. "საქართველოში აქამდე არ არსებობდა კანონი, რომელიც ფქვილის გამდიდრებას რკინითა და ფოლიუმის მჟავით სავალდებულოს გახდიდა. ამ კანონპროექტით საქართველოში არაფორტიფიცირებული პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის იმპორტირება და წარმოება აიკრძალება. ხორბლის ფქვილის რკინით გამდიდრება უკვე მრავალი წელია წარმატებულად ხორციელდება დიდ ბრიტანეთში, შვედეთში, ჩილეში, კანადაში, აშშ-ში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, უზბეკეთში, თურქმენეთში და სხვა. ანუ მსოფლიოს 74-ზე მეტ ქვეყანაში", - განაცხადა ქურციკიძემ.


მისი თქმით, საქართველოში 500 000-ზე მეტი ქალი და ბავშვი განიცდის კვების დეფიციტს, რომელიც მათ ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაზე, აკადემიურ მოსწრებაზე, შრომის ნაყოფიერებასა და ეკონომიკურ ზრდაზე მოქმედებს.
 "ხორბლის ფქვილის გამდიდრება რკინითა და ფოლიუმის მჟავით რკინის ნაკლებობის, რკინა-დეფიციტური ანემიის და თანდაყოლილი სიმახინჯეების პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა. ფორტიფიკაციის შედეგად ფქვილის და მისი ნაწარმის ფერი, გემო, სუნი და სხვა თვისებები არ შეიცვლება და, რაც მთავარია, არ გაიზრდება ფქვილის ფასი. ივლისში იუნისეფის მიერ ჩატარებულმა ხარჯთსარგებლიანობის ანალიზმა აჩვენა, რომ ფქვილის ფორტიფიცირების პროცესი არ იწვევს პურის გაძვირებას და ყველაზე ეკონომიური და ეფექტური მეთოდია კვების დეფიციტით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად. ის ხარჯები, რომელიც სახელმწიფომ პროცესის გარე კონტროლისათვის უნდა გაიღოს, დაავადებებით გამოწვეულ ზარალთან შეუდარებლად ნაკლებია. ამ საკითხთან დაკაშვირებით ჩვენ ვმუშაობთ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტთან და იმედია, კანონპროექტის შემდგომი განხილვისათვის პარლამენტში მისი ინიცირება მოხდება", - აღნიშნა მაია ქურციკიძემ.



გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანდაცვის სპეციალისტი თამარ უგულავა "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ კანონპროექტის მიღება 5 წლამდე ასაკის ბავშვებისა და რეპროდუქციული ასაკის ქალების, მათ შორის ორსულების ნუტრიციული (კვებითი) სტატუსის კვლევამ განაპირობა. "კვლევის მიხედვით, რეპროდუქციული ასაკის ქალების 36 პროცენტს ფოლიუმის დეფიციტი აღენიშნებოდა. რკინის დეფიციტი ასევე გამოვლინდა როგორც ორსულებში, ასევე 5 წლამდე ასაკის ბავშვებში. ფოლიუმის მჟავის დეფიციტი ორსულებში იწვევს ნაყოფის თავისა და ზურგის ტვინის განვითარების მანკების წარმოშობას. ყველაზე გავრცელებულია ზურგისა და თავის ტვინის თიაქარი. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნაყოფის ნერვული ღეროს სერიოზული დეფექტების განვითარების რისკი შეიძლება ფოლიუმის დროული მიღებით 60 პროცენტით შემცირდეს. ამიტომ, ამის მიღება კონკრეტულად ჩასახვის წინა და ორსულობის პერიოდში უნდა მოხდეს. პრობლემა ისაა, რომ ნერვული მილის ეს დეფექტები ვითარდება ორსულობის პირველი 28 დღის განმავლობაში. ამ დროს ქალმა არ იცის, რომ ორსულადაა, ამიტომ მისი მიღება რეპროდუქციული ასაკის ყველა ქალისთვის საჭიროა. როგორც წესი, დაუგეგმავი ორსულობის მაჩვენებელი მაღალია. 2010 წლის კვლევის მიხედვით, ორსულობის საერთო მაჩვენებლიდან 36 პროცენტი დაუგეგმავი იყო. სამწუხაროდ, ამის შემდგომ მიღებული ფოლიუმის მჟავას იმდენი ეფექტი არ აქვს, როგორიც შეიძლება ჩასახვამდე ჰქონდეს. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ რაღაცა გზით მოსახლეობას ფოლიუმის მჟავა მიეწოდებოდეს, ამ გზას კი ფქვილის ფორტიფიცირება წარმოადგენს", - აცხადებს უგულავა.



მისი თქმით, მოსახლეობაში ანემია რკინის დეფიციტის გამო ვითარდება, თუმცა მის ხელშემწყობ ფაქტორს ფოლიუმის მჟავის ნაკლებობაც წარმოადგენს. იგი ამბობს, რომ პრევნეციის სახით ფქვილში ფოლიუმის მჟავისა და რკინის შეტანა აუცილებელია და სავალდებულო უნდა გახდეს. "რკინის დეფიციტი ნაყოფის განვითარებას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს, განსაკუთრებით კი ნაყოფის გონებრივ განვითარებაზე მოქმედებს. ნაყოფის ტვინის განვითარებაში პირველი სამი თვე ყვლაზე მნიშვნელოვანია. ამისგან დაცვის გზა ხორბლის ფქვილის ფორტიფიცირებაა, რომელშიც რკინა იქნება შეტანილი. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს პრევენციული ღონისძიებაა და იმას არ გამორიცხავს, რომ ორსულებს რკინის დეფიციტი მაინც განუვითარდეთ, რომელიც მედიკამენტების მიღებით მოგვარდება. თუმცა ამის საჭიროება უფრო ნაკლებად დადგება", - აღნიშნავს უგულავა.

 

წყარო: http://www.bpn.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3223
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია