დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის ოცხელის სკოლამ გრიგოლ რობაქიძის იუბილე „კარდუს“ სკვერში აღნიშნა
ავტორი: თამარ გოგიჩაიშვილი
2015/10/30 00:24:55

 

„ მე ოქტომბერში დავიბადე. თითქმის ყველაფერი, რაც ჩემთვის და ჩემი ცხოვრებისათვის მართლა მნიშვნელოვანი იყო, ამ თვეში მოხდა, “ - წერს რომანის „მეგის“ წინასიტყვაობაში გრიგოლ რობაქიძე.  ამიტომაც შეიკრიბა მისივე სახელობის ქუჩის დასაწყისში იოსებ ოცხელის საჯარო სკოლის მოსწავლეები,  მისი შემოქმედების თაყვანისცემლები, პედაგოგები, რათა საზოგადო მოღვაწისათვის დაბადების დღე მიელოცათ.


„როცა მე ამ სოფლად აღარ ვიქნები, მიდიოდეს ვინმე ქართველი და ყოველ წელს მცხეთას, მწიფობის, ჩემი დაბადების თვეში, სანთელს აანთებდეს ამ პაწა სალოცავის წინ და ლოცვით ახსენებდეს ჩემს სახელს,“ -   მწერლის ანდერძს მცხეთაში ვერა, მაგრამ გელათში თითქმის ყოველ წელს ასრულებენ იოსებ ოცხელის სკოლის პედაგოგები და მოწაფეები.


სკვერი, სადაც საკმაოდ მოკრძალებული ღონისძიება გაიმართა „კარდუს“ სახელს ატარებს (აკაკი ბაქრაძის გრიგოლ რობაქიძისადმი მიძღვნილი ბიოგრაფიული რომანის სახელწოდება).  ქუთათურები მას სხვადასხვა ან საერთოდ სახელის გარეშე იცნობენ.  იოსებ ოცხელის საჯარო სკოლის პედაგოგი და ღონისძიების ორგანიზატორი ნანი ჟორჟოლიანი ჩვენთან საუბრისას ამბობს , რომ ხელისუფლებამ 2014 წლის ოქტომბერში  მიიღო გადაწყვეტილება, სკვერს „კარდუ“ დარქმეოდა.  წინა მთავრობამ კი შეპირება დაარღვია და ეს ადგილი  „ვისოლის“ პრეზიდენტს აჩუქა.  ის სპორტის სკვერად აღიარეს.


 „ვფიქრობ, არ იცოდნენ რობაქიძის შემოქმედების შესახებ და გაუცნობიერებლად მოუვიდათ. ახალი ხელისუფლება კი მომხრეა, რომ აქ ბიუსტიც დაიდგას.  20 წელია, რაც იოსებ ოცხელის საჯარო სკოლაში  მწერლის საპატივცემულოდ კლუბი „ ენგადი “ არსებობს. სწორედ მის წევრთა შორის დაიბადა იდეა სკვერის შესახებ და შეძლებისდაგვარად ვიბრძვით, რომ ამ დიდ ადამიანს პატივი ამგვარად მივაგოთ, მოსაფერებელი სიტყვები ვთქვათ და მოხარული ვიქნებით თუ კულტურის სამსახურიც იმონაწილევებს ღონისძიებაში“.

 

მედეა ჩოგოვაძე, ჟურნალისტი „ ჩვენმა რედაქციამ ჟურნალ განთიადში „მეგი“ დაბეჭდა. ამგვარად ვცდილობთ, ყველას გავაცნოთ მისი ღვაწლი ქართულ მწერლობაში.საინტერესოა, გრიგოლ რობაქიძის რომანები,სონეტები, ესსე. ბევრმა არც იცის, რომ ის წერდა ლექსებს, რომელიც ნამდვილ პოეზიას ეკუთვნის. ჩვენ არ უნდა მივცეთ მის შემოქმედებას მიჩქმალვის საშუალება. ქალბატონი ნანი სწორედ ამისთვის იბრძვის დაუღალავად. სკოლაშიც ატარებდა პატარ-პატარა ლიტერატურულ საღამოებს. ვსაუბრობდით გრიგოლ რობაქიძეზე. ჩემგან ერთგვარი მოწოდება იქნება იკითხეთ გრიგოლ რობაქიძე “.

 

ორგანიზატორები კულტურის სამსახურიდანაც ელოდნენ წარმომადგენლებს. მათ დიდი იმედი აქვთ, რომ მომავალ წელს ზუსტად ამ დროს დიდ მწერალს  სკვერის შუა ნაწილში ბიუსტი ექნება და გასაჯაროვდება, რომ მას „კარდუ“ ჰქვია.

 

P.S. ჩვენ გრიგოლ რობაქიძის საცხოვრებლით დავინტერესდით.  მაცხოვრებელმა  ნელი კუჭუხიძემ შემდეგი გვიამბო „ ამ სახლს, რაც მე მახსოვს ჰქონდა დაფა, რომელიც კომუნისტების დროს ჩამოიღეს. სამწუხაროდ, წლები არ მახსოვს, რა ეწერა. ჩვენი ეზოსთვის ძალიან სასიამოვნო ფაქტი იქნებოდა, დაფა რომ დაებრუნებინათ.  გრიგოლ რობაქიძე გამორჩეული ადამიანი იყო და ჩვენს ეზოსაც გამორჩეულს გახდის“.

მწერალს ახლანდელ გრიგოლ რობაქიძის 7 ნომერში უცხოვრია. ხოლო ამავე სახლის პირდაპირ 5 ნომერში თურმე სტალინი იმალებოდა, გვითხრა დედის გადმოცემა მაცხოვრებელმა.

 

 ცოტა რამ, რაც გრიგოლ რობაქიძეს ქუთაისთან აკავშირებდა

მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, თანამედროვე ქართული და გერმანული ფსიქოლოგიური რომანის ერთ-ერთი ფუძემდებელი გრიგოლ რობაქიძე დაიბადა 1880 წლის 28 ოქტომბერს სოფელ სვირში (ზესტაფონის რაიონი), მაშინდელი ქუთაისის გუბერნია.


სკოლა და სასულიერო სემინარია ქუთაისში დაუმთავრებია, პირველი ხარისხის მოწმობით. დაამთავრა თუ არა დაიწყო გრძელი გზა საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში ტარტუ , ლაიპციგი, ყაზანი.


აკაკი ბაქრაძის ბიოგრაფიულ რომანში დავით კლდიაშვილის მოგონებებს ვკითხულობთ, გრიგოლ რობაქიძის ლექციების შესახებ. რობაქიძე ლექციებს თავდაპირველად რუსულად კითხულობდა, შემდეგ კი ქართულ ენაზე გადასულა

„მე მაშინ გრიგოლს ვიცნობდი პირადათ. მახსოვს მისი პირველი ლექცია ქართულად, რომელიც ბარათშვილზე იყო,“ -წერს დავით კლდიაშვილი


მსმენელი მონუსხულა მისი შნოიანი ქართულით და ლექციებით ვაჟა-ფშაველაზე, აკაკიზე. მისმა საოცრად ლამაზმა ქართულმა ქუთაისში იმ დროს ცნობილი საზოგადი მოღვაწე , ქართულის კარგად მცოდნე პავლე თუმანიშვილიც აღაფრთოვანაა „კაცი პირდაპირ აფრენილი იყო სიხარულით“.


ასევე აღტაცებით იხსენებს ქუთაისში საზოგადო მოღვაწე კოტე ბაქრაძე


„- სად ისწავლა ამ ოჯახდაქცეულმა ასეთი ქართული, გხიბლავს კაცს ამ შეჩვენებულის ენა...“


მე-20 საუკუნის 10-იანი წლები ქართული მწერლობის განახლების წლებია. ახალი ლიტერატურული ნაკადი ქუთაისიდან წამოვიდა. მისი დახასიათებით კი ქუთაისი „თავნება ქალაქია“  და მეტად თავისებური.


გრიგოლ რობაქიძე ქართველ სიმბოლისტთა გამორჩეული ლიდერი გახდა, ამას ტიციან ტაბიძეც ადასტურებს „გრიგოლ რობაქიძის ლექსები პირველი სიმბოლისტური ლექსებია“ -  წერდა ის.


მწერალი 1962 წლის 19 ნოემბერს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გარდაიცვალა. 1976 წელს ქართველი ემიგრანტების - ნინო და კალისტრატე სალიების თაოსნობით საფრანგეთში ლევილის ქართულ სასაფლაოზე მეცნიერ მიხეილ წერეთელთან ერთად გადაასვენეს.  

 

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 15348
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია