საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
სტუმრად _ აკაკისთან
ავტორი: თამარ გოგიჩაიშვილი
2015/10/27 08:33:46

ოდნავ გრილი, მოღრუბლული ამინდი იყო ოქტომბრის ბოლო კვირა დღეს. ბავშვებით, პედაგოგებით, მშობლებითა და ჟურნალისტებით სავსე ავტობუსი ქუთაისიდან საჩხერისკენ დაიძრა.  განწყობა მხიარული იყო, ჟრიამულთან ერთად, რომელიც ტრადიციულად ავტობუსის უკანა მხრიდან ისმოდა, ფანდურზე ჩამოკრული აკაკისეული სიმღერებიც ემატებოდა.

 

 ქუთაისის მერიის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელები, საჩხერეში, აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმში, მწერლის 175 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში ჩაერთვნენ .„ჩემი ხატია სამშობლო,“- ამ სახელწოდების ლიტრატურულ-მუსიკალურ კომპოზიციას მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მხატვრული კითხვისა და ქართული საკრავების შემსწავლელი წრის მოსწავლეები წარმოადგენენ.  მათი სიყვარულისა და ინტერესის გამოსახატავად პირველად  აკაკის ძიძისეულ სახლს ესტუმრნენ.

 

„საწერეთლოში, ზემო იმერეთში, ბევრი კარგი სოფელია და მათ რიცხვში ურევია სავანეც, ის სოფელი, სადაც ჩემი ძიძა ცხოვრობდა და მე ვიზრდებოდი. როგორც სათვალდათვალოდ, ისე ჰაერის სიკეთითაც ის საუცხოო რამ არის და ამიტომაც დაურქმევიათ „სავანე“ე.ი. მოსასვენებელი ადგილი“ („ ჩემი თავგადასავალი“)

 

დიდრონი თვალებით, ძიძისეულ მოსასვენებელ უზარმაზარ ჭრელ ფიცრულა ტახტზე ჩამწკრივებული მოსწავლეები მასპინძლის ნაცნობ თუ უცნობ ისტორიებს მგოსანზე განაბულნი ისმენდნენ.

 

სპილენძის თუნგები, კარდალები, სკივრები, ხის ჯამები... შუაცეცხლი და ჯაჭვი, საჩეჩელა...უყურებდნენ ამ ყველაფერს,  მასპინძელი კი ციტირებდა

 

"თვალწინ მიდგია ისლით გადახურული ხის სახლი წინა და უკანა კარებით, უფანჯრო-უსარკმლო მხოლოდ ორი საკვამლურით, ანუ საფაფურით, საიდანაც კვამლი გადიოდა და სამაგიეროდ, სინათლე შემოდიოდა. შუა კერაზე, მხართეძოზე წამოწოლილი დევივით იდვა დიდი, უზარმაზარი ჯირკვი და გაუსხლეტელად ზამთარ-ზაფხულ ცეცხლი გუზგუზებდა" ("ჩემი თავგადასავალი").

 

ალბათ, აქ თამაშობდა ქორობიას აკაკი წერეთელი, სადაც მოზარდები რამდენიმე წუთის განმავლობაში სიცელქეს ავლენდნენ.

 

მოზარდები ძიძისეული კარმიდამოდან დასავლეთით , 300 მეტრში აგებულ სავანის წმინდა გიორგის ეკლესიისკენ (XI-XII ს.)მოსალოცად წავიდნენ, რომელიც თავისუფალ ჯვრის ტიპს მიეკუთვნება,  ამ ეკლესიას გარშემო ერტყა გალავანი, რომელიც მტერთა შემოსევისას იცავდა. ცოტა რამ ამ ეკლესიის შესახებ, რომელსაც წარწერაზე ვკითხულობთ

 

მე-11 საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების დამახასიათებელი ძეგლი. აგებულია 1046 წელს, გიორგი ერისთავთ ერისთავის ბრძანებით, არქიტექტორ ჰარაბას მიერ. ეკლესიის ხარჯის ნაწილი სოფელ სავანის მცხოვრებთ გაუღიათ. ეკლესია განსაკუთრებით შესანიშნავია კარ-სარკმელთა მდიდარი ჩუქურთმებითა და თაბაშირის კანკელით, რომელიც აგრეთვე მე-11 საუკუნეშია გაკეთებული. მე-19 საუკუნეში ეკლესია შიგნით შეღებეს, ხოლო კანკელს წინანდელი სახე შეუცვალეს.

როგორც მრევლისგან შევიტყვეთ ამ ეკლესიაში მანოს, აკაკის ძიძის მამა ატარებდა წირვა-ლოცვებს.

 

სხვიტორში

„ჩიხურას პირად, მაღლობზე, დგას ორსართულიანი ქვიტკირის სახლი. ამ უშნო შენობას სიმაღლე პატარა კოშკისა აქვს, სიგრძე დარბაზისა და სისქე - ციხის, მაგრამ არცერთ მათგანს კი არა ჰგავს!.. აი, ამ სახლში დავბადებულვარ მე 9 (21) ივნისს, განთიადისას 1840-ში, თუმცა ნათლობის მოწმობაში კი 1841 მიწერია“(ჩემი თავგადასავალი)

 

უნდა ითქვას, რომ სახლ-მუზეუმს უამრავი დამთვალიერებელი ჰყავდა, მათი ნაკადი არ შენელებულა.  ბნელ, თუმცა დიდ ოთახებში აკაკის მდიდარ ბიბლიოთეკას, სარკეს, რომელშიდაც მან პირველად ჩაიხედა, აკვანს, მინაში დაცულს, ქურთუკსა და ფეხსაცმელს, საწერ მაგიდას, საწოლს, ეკატერინე აბაშიძის (დედის) ხელუხლებელ ხატების კუთხეს, აკაკის დის ოთახს შეავლეს თვალი. არა მარტო სკოლის მოსწავლეები ცდილობდნენ კადრში ჩაეტიათ წერეთელთა სახლი, ერთბაზილიკიანი ნავისებური საყდარი, რომელიც საგვარეულოა, უზარმაზარი ქვის მაგიდა, კაკლის ხე, ულამაზესი იმერეთის პეიზაჟი, რომელიც ამ ბოლო დროს ფერად სახურავებს კიდევ უფრო დაუმშვენებია, არამედ უფროსებსაც ხიბლავდა და „კარ-მიდამოს“ ყველა კუთხეში ფოტო სესიით იყვნენ დაკავებულნი.

 

მოსწავლეებმა თავად ნახეს, განიცადეს სოფლის მნიშვნელობა, სიკეთე, რასაც ასე თბილად აღწერს მგოსანი თავის შემოქმედებაში. იმერეთში სწორედაც რომ აკაკი მასპინძლობდა მათ, ამიტომაც სიცივესაც არ შეეპუვნენ და კანკალით, ტუჩების დალურჯებამდე ერთ რკალად შეკრულნი აჟღერებდნენ მის ფრაზებს, მის ჰანგზე მღეროდნენ და აკვნესებდნენ ფანდურს.

 

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ია ვერულაშვილის თქმით, პედაგოგებისა და აღსაზრდელების მიერ ცნობილი ქართველი მწერლებისა და პოეტების სახლ-მუზეუმებში ვიზიტი და მსგავსი ტიპის ღონისძიების გამართვა  სასახლის ერთგვარ ტრადიციას წარმოადგენს და ყოველი წლის ოქტომბრის თვე მათთვის სხვადასხვა სახლ-მუზეუმებში ღონისიებების გამართვაა. მისი თქმით, მიზანსაც სწორედ ეს წარმოადგენს, შეასწავლონ და აგრძნობინონ მოსწავლე-ახალგაზრდებს ცნობილი საზოგადო მოღვაწეების შემოქმედება. სასახლის პროგრამებისა და ინოვაციების ხელმძღვანელის მაგული ქავზინაძისა და მუსიკალური ჯგუფის ხელმძღვანელის ძალისხმევით ღონისძიება და საერთოდ, აკაკისადმი მიძღვნილი გრძელი დღე შედგა.

 

ნანული ცხვედიანი (ჟურნალისტი) : „ბავშვები ყოველთვის მიგყავთ გამოჩენილი ადამიანების ნატერფალებზე და დღეს აკაკისთან იყავით სტუმრად. მე ვიცი, რომ ეს დღე არასოდეს დაგავიწყდებათ, არა იმიტომ, რომ ძალიან გციოდათ, არამედ იმიტომ, რომ აკაკის ლექსები კარგად იცოდით და ასევე ძალიან ლამაზად იმღერეთ. მე არასოდეს დამავიწყდება სხვიტორის აღმართი, სადაც მოდიოდა სამი პატარა გოგონა ფანდურით ხელში და მღეროდნენ "ჩონგური საქართველოა…" მას შემდეგ, თუ რამე მომეწონებოდა, არ მეგონა, მაგრამ ბიჭებმა რომ ბანი მიცეს, მოლოდინს გადააჭარბა. მე მინდა, სულ გახსოვდეთ: "ჩონგური საქართველოა…"

 

"სიმები ჩვენ ვართ ყველაო“- ერთხმად შესძახეს ბავშვებმა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7568
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია