დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბუხაიძის ქუჩაზე გზის გადაკვეთა შეუძლებელია
ავტორი: თამარ გოგიჩაიშვილი
2015/10/21 18:11:50

„უთეთრხაზო, უშუქნიშნო, უზებრო, უნიშნო ქუჩას შველა სჭირდება“

 

ქვეითად მოსიარულეთათვის წესების დაცვა შემდეგში მდგომარეობს:  გადაკვეთონ გზა იქ, სადაც შუქნიშანი, „ზებრა“ ან ხიდია. სამწუხაროდ ასეთი რამ ქუთაისში, ირაკლი აბაშიძისა და ბუხაიძის ქუჩების ნაწილს საერთოდ არ გააჩნია. პრობლემა განსაკუთრებით დილის საათებშია აქტუალური, როცა გადატვირთული მოძრაობაა და აქ მცხოვრებთ სამსახურში, ბაღში, სკოლაში მიეჩქარებათ...

 

დაკვირვების შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ აღნიშნულ ქუჩებს შუქნიშნები   რამდენიმე ადგილას ნამდვილად გააჩნია, თუმცა მძღოლებისთვის მათი დანახვა – ან მოუჭრელი ნაძვის ტოტების გამო შეუძლებელია, ანდა საღებავი უკვე ძალზედ გაფერმკრთალებულია, ან სულაც, როგორც ადგილობრივები ამბობენ, უბრალოდ, ზედამხედველის არარსებობის გამო, მძღოლებს მათი დანახვა არ სურთ. ამის გამო საავარიო სიტუაციაც ბევრჯერ შექმნილა გზის ამ მონაკვეთებზე ქუთაისში.

 

ცდამაც დაადასტურა, რომ გზის გადაჭრა ამ ქუჩებზე სახიფათოა. ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე,  კერძოდ – ეკლესიასთან, სიმბოლურად გაკრულ ნიშანთან 8 წუთისა და 35 წამის განმავლობაში არც ერთმა ავტომობილმა არათუ შეაჩერა, მოძრაობა არც  შეანელა. ანალოგიური მდგომარეობაა ბუხაიძის ქუჩაზე, ასევე სიმბოლურად გაკრულ ნიშნებთან. განსაკუთრებით საშიშია ირაკლი აბაშიძისა და ბუხაიძის ქუჩების გადაკვეთა, ე.წ. „ბურგერ კინგის“ მიმდებარე ქუჩა, მარკეტების წინ, მე-17 ბაგა-ბაღის მიმდებარე ტერიტორია.

 

მანანა ჭეიშვილი: „ხომ გამოიღო შედეგი ჭავჭავაძის ქუჩაზე ზებრის დახაზვამ, აქაც აუცილებელია, ნიშანი მაინც გაკეთდეს, რომ მშვიდად გავუშვათ შვილები სკოლაში, ჩვენ ბუხაიძეზე, მარკეტების წინ  ვცხოვრობთ, ბავშვი მე-17 ბაღშია, ვერ წარმოიდგენთ, დილას აქ რა ხდება. აუცილებელია, უსაფრთხოებისთვის რაღაც მოიმოქმედოს ჩვენმა მთავრობამ.  ახლა საარჩევნო კამპანიებს დაიწყებენ და მიხედონ ამ საქმეს“.


ანა ტყეშელაშვილი: „ბუხაიძის ქუჩა ერთ დიდ გარაჟს ჰგავს. იმედია, 2015 წლის ბოლოდან, ისევე, როგორც მთელს ქალაქში, გზა აქაც გათავისუფლდება, ყოველ შემთხვევაში, ხომ აპირებენ სადგომების გაკეთებას?  საფრთხის ქვეშ არიან არამარტო ქვეითად მოსიარულენი,  არამედ მძღოლებიც“.

 

ბადრი ნემსაძე: „ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდა ჩიხებიდან მანქანით გამოსვლა, ინტუიციით დავდივართ,  იმდენი მანქანაა დაყენებული გზებზე, გვერდზე გახედვა შეუძლებელია. მერე ეს ხალხიც შიშით დარბის , რომ არ ელოდები, მაშინ რომ გადაგირბენენ, შეიძლება მძღოლიც კი დაფრთხეს. სადმე რომ გაჩერდეს ეს ხალხი თეთრი ხაზიც არ არსებობს“.

 

მოძრაობისთვის ხელისშემშლელ ფაქტორს გზებზე დადგმული ნაგვის ურნებიც ქმნიან, რომელთათვის ამ ბოლო ხანს ირაკლი აბაშიძის ქუჩის ტროტუარებზე სპეციალურად კოხტად შეწეული ადგილები გაკეთდა. როგორც ჩანს, დასუფთავების სამსახურს არ აცნობეს, რომ სწორედ მათთვის გაკეთდა ზემოთდასახელებული ადგილები და  არა ავტომობილების პარკირებისთვის (იხილეთ ფოტოებში).

 

 


ნათია მიქაძე: „აი, ნახეთ, სად არის ამხელა ტრაქტორი დაყენებული. ეს რა არის, ადრე ტრაილერებით იყო სავსე. როგორ გავიხედო აქეთ-იქეთ, თუ ვერ ვხედავ ვერაფერს. გადასასვლელი არის აუცილებელი, იმიტომ, რომ გზა არ არის ფართე. თანაც ცენტრალული ქუჩაა.  ბუხაიძისა და ირაკლი აბაშიძის ქუჩების გადაკვეთაზე შუქნიშანი არ არის. არის გამაფრთხილებელი და ისიც ჭავჭავაძის ქუჩიდან მომავალი ავტომობილებისთვის უხილავია, რადგან გაფუჭებულია. გუშინწინ ეკლესიასთან 15 წუთი მაინც ვერ გადავედი,  ბავშვით ვიყავი.  სავალი გზა, ფაქტობრივად, აღარ არსებობს, მოკლედ უთეთრხაზო, უშუქნიშნო, უზებრო, უნიშნო ქუჩას შველა სჭირდება“.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2746
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია