საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
კახა კალაძე: „ჩვენი ხელისუფლება, წინა და იმის წინა ხელისუფლებაც თანამშრომლობდა "გაზპრომთან"
2015/10/13 13:33:40
„ჩვენი ხელისუფლება, წინა და იმის წინა ხელისუფლებაც თანამშრომლობდა "გაზპრომთან" და ვფიქრობ, პრობლემა არ შექმნილა“, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ "გაზპრომთან" დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. 


რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნას, რომ კახა კალაძე პარლამენტში მივიდეს და "გაზპრომთან" დაკავშირებით შეკითხვებს პასუხი გასცეს, კახა კალაძემ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები თავისთან ენერგეტიკის სამინისტროში მიიპატიჟა. "მე, ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობ. თავისუფლად შეუძლიათ მობრძანდნენ ენერგეტიკის სამინისტროში. მე გუშინ მოვუსმინე გარკვეული პარტიების განცხადებებს. შემიძლია გითხრათ, რომ ღია კარებს ამტვრევენ. აბსოლუტურად გაუგებარია, გაუმართლებელია ის განცხადებები, რა ჭრილშიც ისინი აკეთებენ. კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რომ აღმოსავლეთ ევროპა, დასავლეთ ევროპა, აზიის ქვეყნები, კავკასიაში მდებარე ქვეყნები, ყველა, წლებია თანამშრომლობს "გაზპრომთან". ჩვენი ხელისუფლება, წინა და იმის წინა ხელისუფლება თანამშრომლობდა "გაზპრომთან" და მე ვფიქრობ, პრობლემა არ შექმნილა. დღეს რატომ წამოიწია ეს საკითხი, როდესაც ჩვენ ყოველწლიურ რეჟიმში ვახორციელებთ ამ კომპანიასთან მოლაპარაკებას. ყოველწლიურად შემოგვაქვს ბუნებრივი აირი რუსეთიდან, ვფიქრობ, გაუგებარია ეს განცხადებები", - განაცხადა კახა კალაძემ.


კითხვაზე, იყო თუ არა საქმის კურსში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ან ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი, როცა კახა კალაძე "გაზპრომის" წარმომადგენლებთან მართავდა შეხვედრას, ენერგეტიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არის დარგში არსებული თანამშრომლობა. "კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ვთანამშრომლობთ "ინტერრაოსთან", შემოგვაქვს ელექტროენერგია რუსეთიდან. მაშინაც კი, როდესაც საომარ პირობებში ვიმყოფებოდით, 2008 წელს, ბუნებრივი აირიც, ელექტროენერგიაც რუსეთიდან შემოგვქონდა და პრობლემა და კითხვა არ გაჩენილა და რატომ ჩნდება დღეს. წინა ხელისუფლების ხერხემალი ღიად ამბობდა, რომ რუსულ ფულს სუნი არ აქვს ინვესტიციებთან მიმართებაში. ამ მიმართულებით შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი პრობლემა არ არის. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მეგობრული ურთიერთობა და ენერგეტიკულ მიმართულებას ნუ გავაპოლიტიკურებთ. ნუ გადავიყვანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში. ეს ურთიერთობები წლების წინ იყო, არის და მომავალშიც იქნება", - განაცხადა კალაძემ.


რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ არავითარ დივერსიფიკაციაზე აზერბაიჯანული გაზის ჩანაცვლებაზე საუბარი არ მიდის, კალაძემ აღნიშნა, რომ დივერსიფიკაცია დღესაც არის. "ჩვენ მარტო ერთი მომწოდებელი არ გვყავს. ბუნებრივ აირს ჩვენ ვიღებთ აზერბაიჯანიდან, ასევე რუსეთიდან, მომავალში რა იქნება ამ მიმართულებით, ვნახოთ. ჩვენ ვხედავთ, როგორ ვითარდება მოვლენები ზოგადად მსოფლიოში. ისეთი ქვეყნები უკვე მისაღები ხდება, რომლებიც წლების განმავლობაში მიუღებელი იყო. ანუ ძალიან საინტერესო პროცესები მიდის და ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ეს ყველაფერი", - განაცხადა კახა კალაძემ.
წყარო: http://www.bpn.ge/

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1655
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია