საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
გზა ევროპისკენ...
როგორ იპარავენ და ირჩენენ თავს გერმანიაში ჩასული ქართველები (ექსკლუზივი)
ავტორი: თამარ გოგიჩაიშვილი
2015/10/12 12:14:25

რას წერენ ჩვენზე და რას ამბობენ გერმანიაში მცხოვრები ქართველები

 

„მომპარავ თაობას“ არაფერი ეშველაბა. მათ მეტი არაფერი უსწავლიათ“

 

 

„ქართველ „მომპარავთა“ რიცხვმა გერმანიაში საგრძნობლად იმატა ,“ - წერს გერმანული ინტერნეტ გამოცემა და იმეორებენ ქართული მედიასაშუალებები. ისინი ჩამოდიან, დევნილობის განაცხადს ავსებენ და ამ პერიოდის განმავლობაში, სანამ მათი სტატუსი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მოპარვით ირჩენენ თავს. ეს ვადა 9 თვიდან ერთ წლამდე გრძელდება. როგორც ჩანს, ამ პერიოდს ქართველები ნაყოფიერად იყენებენ, ამაზე   საერთო წლიური ზარალიც მეტყველებს, რომელმაც  250 მილიონს მიაღწია.

 

ქართველ კრიმინალთა დაჯგუფებების ძიებით დაღლილი გერმანელების მღელვარებამ საქართველომდეც მოაღწია, თუმცა მხოლოდ ინფორმაციის გავრცელების მიზნით და ხალხში მღელვარების მოსამატებლად. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, სიტყვა გერმანია საქართველოში მხოლოდ მოპარვასთან ასოცირდება.

 

„ძალიან ვწუხვარ, რომ „ასეთი“ ქართველები თქვენ სახელს გიფუჭებენ. კიოლნის ამბავმა ცოტა მეც შემაშინა“, - მითხრა ჩემმა გერმანელმა ნაცნობმა და მას შემდეგ უფრო დაინტერესდა ჩვენი ყოფით. დიდხანს მის სანაცნობოში რუსეთს გვაკუთვნებდნენ. ერთ-ერთმა საქართველოს დანაშაულიც კი აღიარა რუსეთ-საქართველოს საერთო კონფლიქტში. გაგაკვირვებთ, ალბათ, ახლადჩასულს მტვერსასრუტის ფუნქციების ახსნა რომ დამიწყო  და დაინტერესდა, საერთოდ შუქი ნანახი თუ მქონდა, ნეპალელებს შემადარა (რადგან წინა სტუმარი ნეპალელი ჰყავდა).   რამდენიმე თვე ეჭვის თვალის ქვეშ ვიღვიძებდი და ვიძინებდი. სახლში ყველგან მიმოფენილ ხურდასა თუ ქაღალდის კუპიურას ადგილზევე ვახვედრებდი. გამოცდები ჩავაბარე. მე „ჩემი გერმანელების“ იმედი გავამართლე, სწორედ ასე ამართლებენ და პირს უწმენდა ათასობით გერმანიაში მყოფი ქართველი ახალგაზრდა საკუთარი მიწის შვილის გაფუჭებულ საქმეს.

 

იქ, გერმანიაში აბრებზე არ წერია მხოლოდ „ერიდეთ ტარაკნებსა და ქართველებს“, იქ ბევრი ცნობილი ქართველი მსახიობისა თუ მომღერლის, სპორტსმენისა თუ ხელოვანის სახელი და გვარი ამშვენებენ თეატრებისა თუ სპორტის სახლეების აფიშებს.

 

 

ბოლობოლო, რას სჩადიან ქართველები „იქ“?

 

ვეცადე, მომეძებნა ცუდის ჩამდენი, მაგრამ ჩვენდა საბედნიეროდ,  სანთლით საძიებარი გამიხდნენ.

 

„როდესაც საქართველოში არანაირი შემოსავალი არ გაგაჩნია, სარჩენი გყავს ოჯახი, გაქვს ვალები, იძულებული ხარ, ყველანაირ გზას მიმართო. გადავიხადე დაახლოებით 2000 ევრომდე და წავედი. ჩავედი სტოკჰოლმში და ჩავბარდი. გადამიყვანეს პატარა ქალაქში, სადაც თვიური შემოსავალი ძალიან დაბალი იყო. ვალს ვალი დაემატა საქართველოში. ვცდილობდი, თავი გამეტანა და უკეთესობის მოლოდინში ვიყავი. დრო კი გადიოდა, არც სიგარეტის ფული მრჩებოდა, შავი სამსახური მხოლოდ ერთი ვიშოვე და ისიც არასტაბილური. მე და ჩემმა მეგობრებმა სომხები გავიცანით, რომლებმაც თავის გატანის  გზა გვასწავლეს. მოგვცეს მონახაზი, თუ როგორ შევსულიყავით მაღაზიებში  პროდუქტის წამოსაღებად, თევზი განსაკუთრებით მარტივი გამოსატანი იყო, რადგან იქ არ ეყენა ვიდეოკამერა. წავედი ამ საქმეზე. პროდუქტი ისევ სომხებთან მიმქონდა, საიდანაც ე.წ. შავ ბაზარზე გადიოდა.  სხვებიც შემომიერთდნენ, მაგრამ ერთ-ერთი მოვხსენით საქმიდან, წითლდებოდა ჭარხალივით. ასე გამოქონდათ  სომხებს, ალბანელებსა და რუმინელებსაც, ახლა სირიელების დიდი ნაკადი შემოდისო, ამბობენ. ჩემი აზრით, ისინი ჩვენზე ჭკვიანურად და სიფრთხილით იქცევიან. მარტო ეგ არი არის, გვქონდა სპეციალური ჩანთები, რომლებსაც ჩვენვე ვაკეთებდით, კოსმეტიკა ასე ადვილად გამოგვქონდა. წვრილი საქმე უფრო შრომატევადია, ამიტომ დავანებე თავი. მას შემდეგ სად არ ვარ ნამყოფი, მოვიარე მთელი ევროპა, ვერსად ვერ დავმკვიდრდი, მაგრამ ახლა სადაც ვარ, ვშრომობ და ასე უფრო მეტს ვაკეთებ“.

 

ალბათ ხვდებით, რომ პიროვნება რომელმაც ინფორმაცია მომაწოდა, ანონიმად დარჩება. ყველაფერი კი საქართველოს წყობას დააბრალა, „უმაღლესდამთავრებული, თანამდებობაზე მყოფი, დღეს ქურდად და მუშად ვიქეცი. ნეტა, ვისი ბრალია, თუ არა აქაურობის?“ - მითხრა მან.

 

ანა, დიუსელდორფი  – „ მე ვიცი, ქართველების ოჯახი დედა, მამა და შვილი, რომლებიც სწორედაც რომ მოპარვით ირჩენენ თავს. ქართველების უმეტესობა მათ იცნობს და ცდილობენ, მათგან თავი შორს დაიჭირონ, ზოგიერთი პირიქით, მათგან ყიდულობს იაფად პარფიუმერიას. ამასწინათ ვკითხულობდი გერმანულ გამოცემაში, ქართველები ძირითადად ალკოჰოლს, პარფიუმერიასა და თამბაქოს იპარავენო. დაახლოებით აპრილ-მაისში ქართველების ხუთკაციანი ბანდა დააკავეს კობლენცში, 7000 ევროს ღირებულების თამბაქო მოუპარავთ. როდესაც ახალი ქართველი გამოჩნდება ხოლმე, ყოველთვის ვაფრთხილებთ, ნუ იკონტაქტებ ბევრ ქართველთან, ნუ გამოართმევ ქართველს მაღაზიაში მოწოდებულ ჩანთას და ფრთხილად იყავი დევნილებთან“.

 

ნათია, კიოლნი – „მყავდა ასეთი ადამიანი სამეგობროში, გამოგიტყდებით და მეც მიყიდია მისგან ნივთები. ვფიქრობდი, რომ ცოდვაა, მაგრამ რეიბანის ორიგინალ სათვალეს 60 ევროდ, აბა, სად ნახავთ? ვიცი, რომ ტყავის „კურტკებსაც“ ყიდდა. ის ბიჭი დაიჭირეს, მას შემდეგ არც მინახავს. კიოლნის  ორიგინალური გაქურდვის შესახებ თქვენც გეცოდინებათ, ჩემებმა მითხრეს საქართველოდან“.

 

დათო, ესენი – „ ერთ სამსახურში ვართ დაახლოებით 8 ქართველი, რომლებიც ვშრომობთ და ისე ვცხოვრობთ. მინდა გითხრათ, რომ ჩემს გარშემო არც ერთი დამნაშავე არ არის. პატიოსნად ვმუშაობთ, ვსწავლობთ. ჩვენს გვერდით რესტორანში კიდევ ამდენივე ქართველია, იქაც შრომით და არა იოლი ფულით გააქვთ თავი“.

 

მარიანა,  ბონი  – „სირცხვილია ის, რასაც მედიასაშუალებები წერენ. მე გერმანელზე ვარ გათხოვილი და რამდენჯრერაც საქართველოს ახსენებენ, სად დავიმალო, არ ვიცი. კარგი არაფერი თქმულა ჯერ. მამამთილი არც ერთ საინფორმაციოს არ ტოვებს, ძირითადად, ის არის ჩემი ინფორმატორი და წარმოგიდგენიათ, როგორ უნდა ვგრძნობდე თავს? „ჩემი ქართველები“ ყველანი ემორჩილებიან გერმანიის კანონებს. მიყვარს ეს ქვეყანა თავისი სიმშვიდით და მეგობრული დამოკიდებულებით ყველა ერის ადამიანთან. მათი კარი ყველასთვის ღიაა და ცდილობენ, ხელი გაგიმართონ ნებისმიერ საკითხში. გექცევიან თბილად და ჩვენ, უფრო სწორად ჩვენ არა, ზოგიერთი უღირსი, ცდილობს ჩვენი სახელის შეურაცხყოფას“.

 

 

 

რა არის გამოსავალი?

 პოლიტიკოსების დამოკიდებულება ამგვარ საკითხებთან დაკავშირებით ნათელია, გადაჭრის ათასნაირ გზას სიტყვიერად უცებ გამოძებნიან. მაგრამ რას ფიქრობენ  ახალგაზრდები

 

ანა, დიუსელდორფი – „გერმანია ყოველთვის წინდახედულად მოქმედებს და ასეთ ხალხთან როგორ ვერ მოაგვარა საქმე, ვერ ვხვდები. როცა იცი, რომ პიროვნებები „აზულში“(ლტოლვილთა თავშესაფარი)  არიან და მათ არანაირი შემოსავალი არა აქვთ, გარდა  200 ევროსა, როგორ შეიძლება ეცვეთ ორიგინალი  ფირმის ტანსაცმელი. გაოცებული ვარ. ისე დადიან, თითქოს პარლამენტის წევრები იყვნენ, ნოუთბუქგადაკიდებული,  - ესეც თვალის ასახვევად, ეჭვი რომ არ შეიტანონ“.

 

დათო,  ესენი – „არ უნდა მისცენ ასეთ ადამიანებს ვიზები, ან როგორ აკეთებენ, ან ვინ აძლევს, დაფიქრებულან საელჩოები, ვის ურტყამენ ბეჭედს?  მე როდესაც აქეთ მოვდიოდი, უამრავი საფეხურის გავლა მომიწია, დაწყებული სამედიცინო შემოწმებიდან, დამთავრებული გასაუბრებამდე.  სტატუსი ხომ უნდა გაგაჩნდეს?“

 

ნათია, ბონი – „უნდა შეიცვალოს პოლიტიკა გერმანიაში, მოითხოვოს საქართველოს მთავრობამ, რომ არ დატოვონ ეს ხალხი დევნილებად, თუმცა ასეც ხდება უმრავლეს შემთხვევაში. ჩემი მეგობარი გამოუშვეს ლონდონიდან, საქართველოსი დემოკრატიაა და წაბრძანდიო. გერმანიის პარლამენტმა რუმინელების, სომხებისა და ქართველებისთვის ახალი პოლიტიკა უნდა შეიმუშაოს. შეამციროს ვადა ინტერვიუმდე“.

 

ბუბა, დიუსელდორფი  – „კარგია, რომ ახალგაზრდებს გერმანიაში აქვთ საშუალება, უფასოდ ისწავლონ. აი, საქართველოს რომ ჰქონდეს უფასო სწავლა, ბევრი აქეთ აღარ წამოვიდოდა. მოპარვა კი ნარკოტიკების გამო ხდება. უნდა შეიცვალოს მენტალიტეტი, სანამ საქართველოში ქურდების საფლავებს უფრო დიდ პატივს მიაგებენ, ვიდრე ჭავჭავაძისა, გგონიათ, რამე შეიცვლება? ქვეყანაში, სადაც ახალგაზრდები ბავშვობიდან ქურდობაზე ოცნებობენ, როგორ გგონიათ, რას მოიმოქმედებენ უცხოეთში?  „მომპარავ თაობას“ არაფერი ეშველაბა, მათ მეტი არაფერი უსწავლიათ“.

 

გერმანული ინტერნეტ გამოცემა იმასაც იუწყებოდა, რომ ქართველების საკითხს თავად პარლამენტი განიხილავსო. იმედი ვიქონიოთ, ზარალის უკან დაბრუნების მოთხოვნის საკითხს არ წამოაყენებენ და „საქართველოს ევროპულ გზას“ ეს კიდევ უფრო ეკლიანს არ გახდის.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6751
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია