დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იმერელი გლეხები ზამთარს ცარიელი ბეღლებით ხვდებიან
ავტორი: ირმა მარდალეიშვილი
2015/10/12 08:56:19

შემოდგომა წელიწადის ყველაზე ბარაქიან- ხვავიან სეზონად არის აღიარებული და არცთუ დაუმსახურებლად. მთელი წლის ნაშრომ-ნაამაგარს საიმედოდ რომ დააბინავებს, მხოლოდ ამის შემდეგ ამოისუნთქავს  ხოლმე გლეხკაცი თავისუფლად და ზამთრის გრძელ ღამეებში  იმის შიში მაინც არ ექნება ოჯახი, პირუტყვი, ფრინველი სარჩოს გარეშე მეყოლებაო.

 

სამწუხაროდ, ეს იდილიურ-პასტორალური განწყობა ამ წერილს ბოლომდე ვერ გაჰყვება...

 

წელს უჩვეულოდ უხვი იყო ყურძნის მოსავალი. იმდენად ჭარბი მოსავალი მიიღეს, რომ კახელ გლეხებს ყურძნის გასაღების პრობლემა შეექმნათ. ჯერ იყო და დროულად არ დაიწყო ჩაბარების პროცესი ღვინის ქარხნებსა თუ მარნებში, მერე  გლეხებისთვის 1 კილოგრამ ყურძენში შეთავაზებული ფასი აღმოჩნდა მიზერულად მცირე იმ დანახარჯებთან შედარებით, რაც ყურძნის მოყვანა ჯდება. სახელმწიფომ გარკვეული სუბსიდირება მაინც მოახდინა და ფასმა შესაბამისად რამდენიმე თეთრით მოიმატა, მაგრამ , საბოლოოდ,  რთველმა კახეთში  კმაყოფილი ვერ დატოვა მევენახეები.

 

უკვე რაჭაშიც დაიწყო რთველი  და ძვირადღირებული და იშვიათი ჯიშის ყურძნის ფასზე იქაც ვერ შეთანხმდნენ მწარმოებლები და რეალიზატორები.

 

მალე ციტრუსის სეზონიც დაიწყება.  აჭარასა და გურიაში  მანდარინის და ფორთოხლის რეკორდულ მოსავალს ელოდებიან. გლეხები აქედანვე ფიქრობენ იმაზე, თუ სად და როგორ მოახდინონ ციტრუსის რეალიზაცია სასურველ ფასად.

 

რადიკალურად განსხვავებული შემოდგომაა იმერეთში.

 

იმერელი კაცის ძირითადი შემოსავალი სიმინდი და ბაღ-ბოსტნეულია. წელს გვალვიანი ზაფხული იყო ქვემო იმერეთში. ზოგიერთ ზონაში სამი -ოთხი თვის მანძილზე წვიმა საერთოდ არ მოსულა და შეაბამისად, გლეხებიც მოსავლის გარეშე დარჩნენ.

 

შოთა ჟორჟოლიანი:  წელს დროულად დავხანით მიწები და დავთესეთ  ყანები, მაგრამ რად გინდა- წვეთი წვიმა არ ჩამოვრდნილა. ერთხელ მაინც რომ მოეწვიმა და აზოტის მიცემის საშუალება ყოფილიყო, იქნება კი მოგვეწია ჩალა მაინც , მაგრამ, 30-40 სანტიმეტრს ვერ აცდა ყანა და დაიწყო გახმობა, გახედვა აღარ მინდა იქეთ.

 

პომიდორი, კიტრი, ბადრიჯანი, ბოსტანი- სოფელში რაც უნდა ჰქონდეს ადამიანს, ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ ამ გვალვის გამო გასაყიდად კი არა, საჭმელადაც არ გვეყო ჩვენი ნაშრომი.

 

ახლა ვიყიდე 3 ყუთი გორის პომიდორი, რომ ზამთრისთვის შევინახოთ. იქ თუ მოდის ეს დალოცვილი, ჩვენთან რა ღმერთი უწყრება- შრომა და მოვლა არ დაგვიკლია არაფრისთვის, მაგრამ კი ხედავთ თქვენც- ბეღელიც ცარიელი მაქვს და ერთი პატარა ზვინიც კი არ მიდგას ეზოში. ყანა მოსაჭრელადაც არ ღირდა და პირდაპირ შევუშვით შიგნით  პირუტყვი საბალახოდ.

 

გული ამიტირდა კახეთში დასეტყვილი ვენახი რომ აჩვენეს და კარგია, რომ სახელმწიფო ეხმარება დაზარალებულებს, მაგრამ ეს გვალვა რატომ არ ითვლება სტიქიად? მაინცდმაინც ერთ დღეში უნდა გაგვანადგუროს ბუნებამ, სახელმწიფომ ჩვენსკენაც რომ გამოიხედოს?

 

თინა კილაძე:  მთავრობა დაგვეხმარა ,  დავხანით და დავთესეთ, მაგრამ მერე ამინდებმა დაგვაღალატა ძალიან. 73 წლის ქალი ვარ და ასეთი გაბმული გვალვები არ მახსოვს მე. ივლისში იყო უკვე გადაყვითლებულ-გადამხმარი ყველაფერი- ყანა, ბაღი, ბოსტანი.

 

აქვე, სახლთან ახლოს რაც მქონდა, ვრწყავდით იმას  ასე თუ ისე, მაგრამ უკვე ჭებიც დაშრა და რა გვეშველება არ ვიცი. სასმელი წყალი მაინც არ გაგვიქრეს და სხვას აღარ დავეძებ.

 

ნახევრ დღეში დავფშვენი მთელი წლის მოსავალი სიმინდი, როცა მთელი თვე ვუნდებოდით სიმინდის გამორჩევას და გამოფშვნას, მეზობლებიც ვეხმარებოდით ერთმანეთს, რომ დროულად დაგვებინავებინა მოსავალი.

 

 

რეზო  მარდალეიშვილი: წელს  ჩვენს სოფელში კომუნისტების დროინდელი სარწყავი არხები აღადგინეს.მაღლაკის ყველა უბანს არ უხერხდება , სამწუხაროდ,  ამ არხით სარგებლობა, თორემ ძალიან კარგი საქმე გაკეთდა. ოთხჯერ მოვრწყეთ ჩვენი  ყანა და  400 კვ.მეტრ ფართობზე 500 კილოზე მეტი სიმიდი მოვიწიეთ და 250 კონამდე ჩალა. ეს სავსებით საკმარისია ჩვენთვის და ჩვენი პირუტყვისა თუ ქათმებისთვისაც. ყიდვა არ დაგვჭირდება.  ზოგმა იზარმაცა, მიაჩერდა ბუნებას და კი დარჩა მოსავლის გარეშე. გაისად უფრო მეტი ისარგებლებს ამ არხებით, ალბათ და კარგ მოსავალსაც უფრო ბევრი ოჯახი მიიღებს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2339
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია