დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ლუკას მაქსიმუმი – „გავხდე მსოფლიოში ცნობილი პიანისტი“
ავტორი: თამარ გოგიჩაიშვილი
2015/10/08 09:12:56

ლუკა ოქროსცვარიძე ესპანეთში პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა

 

ქართველი პიანისტი ლუკა ოქროსი (საზღვარგარეთ ის სწორედ ამ სახელითაა ცნობილი) ესპანეთში პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა.

 

კონკურსი ვალენსიაში გაიმართა, სახელწოდებით „Iturbi-ის ჯილდო“  (იტურბი ცნობილი ესპანელი პიანისტი, რეჟისორი გახლდათ).

მას კონკურენციას 12 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი უწევდა.

„ოქროს ლუკაზე ცნობები ინტერნეტსივრცეი ძალიან ცოტა თუ მოიპოვება. წინასწარ დაგეგმილი გადაცემის მიუხედავად, სამწუხაროა, რომ მისი შესრულება მაყურებელმა პირდაპირ ეთერში ვერ ნახა. 28 სექტემბერს კი დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა.

 

ლუკა თბილისში 1991 წლის 19 მარტს დაიბადა.  ეს ის ადამიანია, რომლისთვისაც სამყარო მუსიკის გარშემო ტრიალებს. არ შეიძლება სხვა აზრი დაგებადოთ, როცა მისი კონცერტების, კონკურსების ქრონოლოგიას ჩახედავთ.

 

პირველი გამოსვლა 5 წლის ასაკში საქართველოს კომპოზიტორთა კავშირში ჰქონდა. მას შემდეგ გზაზე სწორედაც რომ სულ წარმატებები ეღობება.

 

1997-2003 წლებში ზაქარია ფალიაშვილის ცენტრალურ სამუსიკო სკოლაში სწავლობდა, 2004-2008 წლებში ჩაიკოვსკის სამუსიკო სკოლაში, მოსკოვში განაგრძო, 2008-2013 წლებში ჩაიკოვსკის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ისწავლა, დღეს კი ლონდონის  „Royal College of Music“-ის ასპირანტია, დოქტორობასაც აპირებს.

 

***

ლუკასთან დაკავშირება საკმაოდ მარტივი აღმოჩნდა. კონტაქტზე ძალიან მალე გამოვიდა და კითხვა-პასუხიც ონლაინში გაიმართა. უამრავი ფესტივალის, კონკურსის, კონცერტის მონაწილე და გამარჯვებულია.

კონკურსების ჩამონათვალთა სიიდან მხოლოდ ორი გამოყო

 

 

„ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ლონდონის კონკურსი იყო, რადგან ის ერთ-ერთი  პირველი სერიოზული კონკურსია ჩემს პიანისტურ კარიერაში“.

 

სწორედ მას შემდეგ დაიწყო კონკურსებში და კონცერტებში გამართლებები. და რა თქმა უნდა ბოლო, ესპანეთის კონკურსი, ლუკასთვის ასევე ძალზედ მნიშვნელოვანი გახლდათ.   ყველაზე დიდი, ოთხტურიანი გახლდათ

 

„ვფიქრობ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვებაა ჩემს კარიერაში. ეს იყო ძალიან დიდი სიხარული. როცა დაიწყო კონკურსანტების  ადგილების მიხედვით დასახელება განცდები და ნერვიულობა უფრო მატულობდა. განსაკუთრებით მაშინ, როცა მაყურებელთა დარბაზში მარტო დავრჩი“.

 

შემოთავაზებები, რა თქმა უნდა, მიიღო, ექნება რამოდენიმე კონცერტი ესპანეთში, იტალიაში.  ამასთანავე სხვა კონკურსებიდან, კონცერტებიდან აქვს წინადადებები. წლევანდელი გრაფიკი ძალიან დაკავებული ექნება, რაც ძალიან ახარებს. გეგმაში აქვს დისკის ჩაწერა, ორკესტრთან დაკვრა ესპანეთში და აპირებს თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში დაუკრას ქართველი მსმენელისთვის, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ ცნობილი არ არის.

 

ლონდონში ცხოვრება ძალიან მოსწონს, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან თავის დამკვიდრება ძალიან გაუჭირდა.

 

„რუსეთში 10 წელი ვიცხოვრე და ამიტომ დიდ მეგაპოლისში ცხოვრებას შეჩვეული ვარ. ლონდონში ძალიან თვისებური ხალხი ცხოვრობს, მაგრამ მე მომწონს აქაურობა. ძალიან ძნელია აქ მოხვედრა,  რთულია სწავლა და სტიპენდიის მოპოვება, მაგრამ თუ აქ მოხვდა ადამიანი,  მას დიდი შანსები აქვს. რომ ჰქონდეს დიდი მომავალი, რა თქმა უნდა თუ ბევრს იმუშავებ. მიზნის მიღწევისთვის ბევრი შრომაა საჭირო“.

 

 საქართველოში დაბრუნებას არ გეგმავს, რადგან ფიქრობს, რომ დღეს ძალიან რთული სიტუაციაა ხელოვანი ხალხისთვის

 

„საქართველოში ფინანსური პრობლემებია. კულტურა არის ფუფუნება ქვეყნის ბიუჯეტისთვის და ჩვენ, როგორც პატარა ქვეყანას, ამის საშუალება არ გვაქვს, სამწუხაროა, რომ ბევრი მუსიკოსი და ხელოვანი მიდის ქვეყნიდან. იქაური ქვეყნის ხალხი, სადაც ისინი მიდიან ბოლომდე უდგანან ქართველებს გვერდით. ვთვლი, რომ თბილისის კონსერვატორია და საერთოდ ქართული მუსიკალური სკოლა ყოველთვის მაღალ დონეზე იდგა, კარგი მუსიკოსის მომზადება პრობლემა არ არის. რთულია, როცა დაამთვრებ, კონსერვატორიას, სკოლას, უნივერსიტეტს, აი, მერე რა იქნება. მე დიდი ხანია საქართველოში აღარ ვცხოვრობ, მაგრამ მეგობრები მყავს საქართველოში და ვიცი ზოგადი სიტუაცია. მე მოვუწოდებდი სახელმწიფოს, რომ უფრო მეტი ყურადღება მიაქციოს  მუსიკოსს მაშინ, როდესაც ის  პერსპექტივაზე მუშაობს.  და არა მაშინ, როცა ის უკვე ცნობილია“.

 

გაგვიმხილა, რომ წერს მუსიკას, კომპოზიციაშიც უნდა, რომ შედეგი ჰქონდეს. თავისუფალ დროს, რომელიც ასე ნაკლებად აქვს, კითხულობს ისტორიას, გატაცებულია დიზაინით და ხატავს. სურს ბევრი კონცერტი ჩაატაროს ორკესტრთან ერთად, იაროს ბევრ ქვეყანაში.

 

„24 წლის ვარ და უკვე 15 ქვეყანაში მაქვს დაკრული და მიხარია, რომ მაქვს ამის საშუალება, ვეკონტაქტო უამრავ ადამიანს სხვადასხვა ენაზე. ამ მხრივ უნიკალური პროფესია მაქვს.

 

ყველაზე მთავარი ცხოვრებაში კი მაინც გამართლებაა. ძალიან ბევრი მუსიკოსი არსებობს, მაგრამ ვერ აღწევენ წარმატებას. არის სითბოს, სინათლის მომტანი და იცნობს ხალხს სხვადასხვა სფეროდან. რაც უფრო მეტ საინტერესო ადამიანს იცნობ, მით უფრო მდიდარი ხარ.“

 

ლუკას მაქსიმუმი – „გავხდე მსოფლიოში ცნობილი პიანისტი“.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6941
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია