დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ის აქტივობები, რომლებიც შშმ პირთათვის 2014 წელს უნდა შესრულებულიყო, სახეზე დღესაც არ არის“
ავტორი: თამარ გოგიჩაიშვილი
2015/10/08 08:53:14

ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ინიციატივით 7 ოქტომბერს გაიმართა შეხვედრა სახელწოდებით  „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობა“.  მოწვეულნი იყვნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციები, დამსაქმებლები (ძირითადად, ბიზნეს-სექტორიდან) და თავად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები.

 

პროექტი  დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ამავე პროექტის ფარგლებში ინიცირებულია საქართველოს მთავრობის  2014-2016 წლების სამოქმედო გეგმის მონიტორინგი, რომელიც ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თანაბარი უფლებებით აღჭურვას.

 

როგორც ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის დირექტორი ლია კილაძე აღნიშნავს, სამოქმედო გეგმა საკმაოდ გრძელვადიანი და მოცულობითი დოკუმენტია, რომლის მეცხრე თავი მთლიანად შრომისა და დასაქმების საკითხებს ეთმობა.

 

„ბუნებრივია, განსაზღვრულია აქტივობები და პასუხისმგებელი მხარეები ამ საქმიანობების შესასრულებლად, რომლის ძირითად სამიზნეებად სახელმწიფო სტრუქტურები გვევლინებიან, ეს არის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ამ პროექტში მნიშვნელოვანი როლი აქვთ  დონორ ორგანიზაციებს, რომელთაც გარკვეულ დონეზე  სხვადასხვა პროექტების პილოტირება უნდა უზრუნველყონ და, რა თქმა უნდა, შშმ  პირთა უფლებების დაცვაზე ორიენტირებული ორგანიზაციების ასევე შემსრულებელი მხარეები არიან. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ჩვენ ჩავატარეთ კვლევები და სამწუხაროდ, დღეს ის აქტივობები, რომლებიც  2014 წელს უნდა შესრულებულიყო, ჯერ სახეზე არ გვაქვს.

 

ერთის მხრივ, ძალიან კარგია, ასეთი დოკუმენტი რომ არსებობს. სახელმწიფომ დაიწყო ფიქრი, რომ აუცილებელია გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, რათა შშმ პირებს ჰქონდეთ თანაბარი შესაძლებლობები სხვა საზოგადოების წევრებთან მიმართებაში.

 

ჩვენი შემდგომი ნაბიჯები არის შემდეგი: იმის გამო, რომ  მონიტორინგის პროცესში გამოვლინდა ზოგიერთი აქტივობის არაეფექტურობაც და რეალურად მათი განხორციელება იმ შედეგს ვერ მოიტანს, რაც  ინდიკატორებით არის განსაზღვრული, ჩვენ ვგეგმავთ  კონკრეტული რეკომენდაციების მიწოდებას საქართველოს მთავრობისთვის სწორედ ამ სამოქმედო გეგმაში ცვლილებების ასახვისათვის,“ - ამბობს ლია კილაძე.

 

პროცესში, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის გარდა, ჩართულია 11 არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც ასევე შშმ პირთა უფლებების დაცვისათვის არიან ორიენტირებულნი.  

 

შეხვედრაზე მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება, ემსჯელათ შშმ პირთა დასაქმების ხელშემწყობ ფაქტორებზე, სამთავრობო სამოქმედო გეგმის დახვეწის და ეფექტური ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით რეკომენდაციების მომზადებაზე.

 

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ მათთვის, უპირველეს ყოვლისა, უდიდეს პრობლემას სატრასპორტო საშუალებები ქმნიან, შენობების უმრავლესობა პანდუსების გარეშეა, ზოგიერთ შემთხვევაში კი არასწორად არის დაგებული.

 

„დასაქმებას რაც შეეხება, შეიძლება ითქვას, რომ შშმ პირები თითზე ჩამოსათვლელად არიან დასაქმებულნი. ამის მიზეზი ისევ ტრანსპორტია, შშმ პირი რომ გადაადგილდეს, შესამამისი ადაპტირებული ტრანსპორტი სჭირდება, “ - აღნიშნა ქეთევან ჭიღლაძემ, ასოციაცია „მოწყალების“ წევრმა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5600
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია