დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბაია დავითაია მოსამართლეს სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებს
2015/10/07 19:11:55

ბაია დავითაია მოსამართლე გიორგი ებანოიძეს კორუფციულ გარიგებაში სდებს ბრალს. ამის შესახებ ადვოკატებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. საქმე ეხება ბაია დავითაიასა და ბიზნესმენ თემურ უგულავას განქორწინებასა და ქონების გაყოფას. დავითაია და უგულავა 2002 წლიდან თანაცხოვრობდნენ, აქედან 8 წლის მანძილზე, დღემდე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან. სწორედ ქორწინებაში ყოფნის დროს დაგროვილი ქონების გაყოფას ითხოვს დავითაია, თუმცა, მოსამართლეთა კოლეგიის წევრმა გიორგი ებანოიძემ, 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით, მისი არცერთი სასარჩელო მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.


ადვოკატების თქმით, ქონების გაყოფაზე უარის საფუძვლად სასამართლო ასახელებს იმას, რომ ბაია დავითაია ქონების ზრდაში არ მონაწილეობდა, რადგან შვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ ბავშვი აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონეა, სასამართლომ კი თანხა, რასაც უგულავა შვილის რეაბილიტაციის ხარჯებისთვის იხდიდა, 25%-ით შეამცირა. ადვოკატების თქმით, მოსამართლემ დავითაია არ ჩათვალა ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების თანამესაკუთრედ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის მითითების გარეშე, რაც იწვევს ეჭვს კორუფციული გარიგების შესახებ.

 

ქალისა და ბავშვის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე და საქმეში დისკრიმინაციულ მიდგომებზე საუბრობენ უფლებამდაცველები. მათი აზრით, ბაია დავითაიას საქმე და სასამართლოს მიერ მოყვანილი დასაბუთება, რომ ის შვილის გამო, ვერ მონაწილეობდა ქონების ზრდაში, არის სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაცია.

 

არასამთავრობო ორგანიზაციის - პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის - ხელმძღვანელის, ანა აბაშიძის თქმით, ეს გადაწყვეტილება თანასწორია არა ყველა სუბიექტის მიმართ, არამედ გადაწყვეტილება არის "მხოლოდ კაცებისთვის".

 

"ბავშვის მიმართულება არის ცალკე აღებული მიმართულება, რომელზეც ჩვენ გავაკეთეთ აქცენტი და საკმაოდ საგანგაშო ტენდენციაა დაფიქსირებული, ყოველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ. პირველი - ბავშვის მიმართ ორივე მშობლის თანაბარი ვალდებულებაა აღზარდონ ის, რაც კანონმდებლობითაა გარანტირებული და გაწერილი და საერთოდ არ მიიღო მხედველობაში მოსამართლემ. უფრო მეტიც, მშობელს უთხრა კონკრეტული სიტყვები, რომ თქვენ რადგან ზრდიდით ბავშვს და ასრულებდით დედის და მამის მოვალეობას ერთდროულად, თქვენ არ გეკუთვნით საკუთრება, რადგან არ გქონდათ დრო, მიგეღოთ მონაწილეობა საერთო ქონების გაუმჯობესებაში. ასეთი მიდგომა და სტანდარტი, უბრალოდ, კრიტიკას ვერ უძლებს. ამ შემთხვევაში ირღვევა როგორც ქალის, ასევე ბავშვის უფლება. ანუ რას ვეუბნებით მშობლებს, რომლებიც ზრდიან საკუთარ შვილებს - ან ქონების ზრდაზე იფიქრე და შვილის უფლებები იგნორირებული იყოს, ან პირიქით, თუ შვილზე მზრუნველობას გადაწყვეტ, რაც შენი მოვალეობაა, პრეტენზია ნუ გაგიჩნდება საკუთრების უფლებაზე. დაუშვებელია ასეთი მსჯელობა.

 

მეორე - ამ კონკრეტულ საქმეში რადგან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვი ფიგურირებს, აუცილებელი იყო, სასამართლოს მოეწვია სპეციალისტი, ექსპერტი, მათ შორის, საქართველოში არსებული ბავშვზე მზრუნველობის ორგანო. ეს მხოლოდ და მხოლოდ ერთი ორგანოა, რომელიც ამბობს, რა არის ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი. არც ეს არ განახორციელა სასამართლომ და ვკითხულობთ გადაწყვეტილებას, რომელიც დაცლილია გენდერული თანასწორობის და ბავშვთა უფლებების აუცილებელი სტანდარტებისგან. მთლიანობაში, ეს არ არის გადაწყვეტილება, რომელიც არის სასამართლოს სახელით ნათქვამი თანასწორობა ყველა სუბიექტის მიმართ. ეს არის გადაწყვეტილება მხოლოდ კაცებისთვის. თუ ეს ასე გაგრძელდა, ეს იქნება განგაშის სიგნალი. არა მარტო ჩვენ, არამედ, პირველ რიგში, ქალებმა, დედებმა, რომლებმაც ასეთი მძიმე ტვირთი აიღეს, უნდა ამოიღონ ხმა. დაუშვებელია ასეთი პრაქტიკა დამყარდეს საქართველოში", - თქვა აბაშიძემ.

 

გაეროს ქალთა კომიტეტში საქართველოს წარმომადგენელი ლიკა ნადარაია კი მოსამართლე ებანოიძის გადაწყვეტილებას "პატრიარქალურ გადაწყვეტილებას უწოდებს".

 

"სამართალი უარს ეუბნება ქალს უფლებაზე. შევხედოთ - ეს არის წმინდა პატრიარქალური გადაწყვეტილება. აყენებს როგორ პოზიციაში - "მე შენ მოგცემ, მაგრამ ჩემი ნებით. შენ არაფერი არ გეკუთვნის. ალიმენტს მოგცემ, მაგრამ კონტროლს შენს ეკონომიკურ დამოუკიდებლობაზე არავითარი გზით შენს ხელში არ ჩავაგდებ. ეს სამწუხაროა და ეს ხდება საქართველოს სახელით, რომელიც ქალთა წლად აცხადებს 2015 წელს. საქართველო დღეს 86-ე ადგილზე იმყოფება თანასწორობის თვალსაზრისით, რაც ასე ხელს უშლის დემოკრატიას და განვითარებას. საქართველო ქალს ზღუდავს და ამყოფებს მსგავს მდგომარეობაში", - თქვა ნადარაიამ.

 

თემურ უგულავას ადვოკატის, ქეთი ქვარცხავას მოსაზრებით კი, ბაია დავითაიას მიერ მოსამართლის დადანაშაულება სასამართლოზე ზეწოლაა.

 

"პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ როდესაც სასამართლო პროცესი სრულდება, არის ერთი მხარე, რომელიც აგებს და მეორე, რომელიც იგებს პროცესს. როგორც წესი, ამის შემდეგ კოლეგები ვცდილობთ ხოლმე, რომ პროფესიული ინტერესებიდან გამომდინარე, მოსამართლის შესახებ არ გავაკეთოთ ხოლმე განცხადებები, თუმცა, შეიძლება რომ ერთ მხარეს არ მოსწონდეს ხოლმე გადაწყვეტილებები. უბრალოდ, სასამართლოზე ზეწოლაა შემდეგ უკვე განცხადებების კეთება. ძალიან აღმაშფოთებელი და ძალიან ცუდია, რომ ამ შემთხვევაში ჩემს კოლეგებს ამის სურვილი გაუჩნდათ.

 

თემურ უგულავა არ არის არც პოლიტიკოსი, არც ბომონდის წარმომადგენელი, რომ მისთვის პიარს ჰქონდეს მნიშვნელობა. ერთადერთი დანიშნულება ამ პიარაქტივობის არის სასამართლოზე ზეწოლა. ეს არის ცალსახად უარყოფითი და ჩემთვის, როგორც პროფესიონალი ადვოკატისთვის, ბრძოლის სრულიად მიუღებელი მეთოდი. ამ შემთხვევაში, მეჩვენება, რომ ძალიან ზედმეტი მოსდით კოლეგებს.

 

თუ შენს საწინააღმდეგოდ არის მსჯელობის შედეგი არ შეიძლება ამის ისე აღქმა, რომ მაინცდამაინც მოსამართლე კორუფციულ გარიგებაშია შესული და ა.შ. ეს პირველ რიგში შეურაცხმყოფელია ჩემთვისაც და ჩემი კლიენტისთვისაც. მეორეს მხრივ, ასე ხელაღებით განცხადებების კეთება უბრალოდ არ შეეფერeბა პროფესიონალი ადვოკატების ქცევას",- თქვა უგულავას ადვოკატმა.

 

ბიზნესმენ თემურ უგულავას მფლობელობაშია შპს აჭარა+, Holiday Inn, სასტუმროების ქსელი რუმსი და სხვა ბიზნესები. Holiday Inn-ის 35%-იან წილს ფლობს ბაია დავითაია, რაც მას ჩუქების წესით აქვს მიღებული. როგორც ადვოკატები ამბობენ, უგულავა წილს აღნიშნული 35%-ისგანაც ითხოვდა, თუმცა სასამართლოს მისი ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. როგორც ბაია დავითაიას ადვოკატები ამბობენ, მათ გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოში, ასევე შეტანილი აქვთ საჩივარი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მოსამართლე ებანოიძის საქმიანობის შესწავლის მოთხოვნით.

წყარო:"ტაბულა"

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3973
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია