დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვინ არ უქვეყნებდა ლერი ალიმონაკს „მნათობში“ წერილს ტერენტი გრანელზე
2015/10/07 11:11:00

მწერალი და პუბლიცისტი ლერი ალიმონაკი 75 წლისაა

 

–  ყველაფერი დაიწყო ქუთაისიდან. ქუთაისი ჩემი მშობლიური ქალაქია, ურთიერთობა თბილისში წასვლის შემდეგაც არ გამიწყვეტია, სტუდენტობის წლებიც აქ გავატარე. მყავდა დიდი სამეგობრო. პირველი წერილიც  გაზეთ „ქუთაისში“ დავბეჭდე 1965 წელს, რომელიც ეძღვნებოდა ვარინკა წერეთლისა და აკაკი წერეთლის მეგობრობას, და თუ როგორ დაიბადა სიმღერა „სულიკო“, დაიწერა მონოგრაფიაც. 1970 წელს გამომცემლობა „ხელოვნებამ“ გამოსცა ჩემი პირველი წიგნი ვარინკა წერეთელზე.

 

მინდა ვთქვა: როდესაც თბილისში არ მიბეჭდავდნენ მასალებს ტერენტი გრანელზე, მხოლოდ გაზეთ „ქუთაისის“ კარი იყო ჩემთვის ღია. ეს იყო 1960-იანი წლები, ამიტომ დიდი პატივისცემით ვიგონებ გაზეთის იმჟამინდელ რედაქტორს გივი მეფისაშვილს.

 

ბედნიერი ვარ, რომ ქუთაისში მყავდა უახლოესი მეგობრები. მინდა, გავიხსენო გურამ (ჭობი) გაგოშიძე, რომელიც ჩემი სიყრმის მეგობარი იყო, გვერდი-გვერდ  ეზოში დავიბადეთ, კიროვის ქუჩაზე, ჭაბუკობაც ერთად გავატარეთ. სამწუხაროდ, ძალიან ადრე დატოვა ეს წუთისოფელი. ჩვენი საუბრის თემა იყო პოეზია, მუსიკა, მხატვრობა. გურამი მრავალმხრივ განათლებული კაცი იყო, ძალიან უყვარდა ვაჟა-ფშაველა, გალაკტიონი, ტერენტი გრანელი;  მხატვრობაში – დავით კაკაბაძე. იცოდა ისტორია და  კარგად მღეროდა არიებს სხვადასხვა ოპერებიდან. ქართულ პოეზიასა და ხელოვნებაზე შეყვარებული მეგობრები ხშირად ვიკრიბებოდით ჭობის ოჯახში, ქუთაისში...

 

– როდის გადაწყვიტეთ, უფრო მეტი შეგეტყოთ ტერენტი გრანელის ცხოვრების და შემოქმედების შესახებ?

 

– სწორედ გურამთან (ჭობისთან) მეგობრობდა და მეზობლადაც ცხოვრობდა არჩილ ჟორჟოლიანი, რომელიც ფსევდონიმით (არჩილ  სედიტანით) აქვეყნებდა ლექსებს. ის გახლდათ მუსიკოსი, მევიოლინე, გერმანისტი, გოეთეს მთარგმნელი. ერთხელ ასეთი შეკითხვა დაგვისვა: ვინ მიგვაჩნდა გალაკტიონის შემდეგ დიდ პოეტად. დავასახელეთ ტიციანი, პაოლო იაშვილი, ლადო ასათიანი, ტერენტი კი არ გაგვხსენებია. ბატონმა არჩილმა კი გვითხრა: ეს არის ტერენტი გრანელიო... და რამდენიმე მისი ლექსიც წარმოსთქვა. ეს იყო 1965 წელში.

 

როგორც კი დავბრუნდი თბილისში, მაშინვე მოვძებნე ტერენტის ლექსების წიგნი, 1961 წელს გამოცემული ელიზბარ უბილავას მიერ, რამაც ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა, სწორედ მაშინ ჩაეყარა საფუძველი ჩემს დაინტერესებას მისი ცხოვრებისა და პოეზიისადმი.

 

– როგორ შეძელით ამდენი მასალის მოგროვება, შემდეგ დოკუმენტურად დადასტურება ფაქტების და კვლევების?

 

– წლების მანძილზე დავდიოდი არქივებში, ვაგროვებდი მის ხელნაწერებს, ვხვდებოდი მის თანამედროვეებს და მათივე ხელით ვაწერინებდი მოგონებებს, რომ დოკუმენტის ძალა ჰქონოდა. მძიმე პერიოდი იყო, ტოტალიტარული რეჟიმი მძვინვარებდა და, რასაკვირველია,  ვგრძნობდი, რომ  ნაშრომის რეალიზება გამიძნელდებოდა, მაგრამ არ შევმდრკალვარ – 1972-1979 წლებში გამოვეცი პოეტის ერთტომეული. წინააღმდეგობები იყო, მაგრამ მაინც ვახერხებდი ბევრი რამის გატანას.  ჟურნალ „მნათობში“ მივიტანე წერილი ტერენტი გრანელზე.  რედაქტორს, ელგუჯა მაღრაძეს, ძალიან მოეწონა, მაგრამ რედკოლეგიის მხარდჭერის გარეშე ვერ დაბეჭდავდ. სხდომაზე სასტიკი წინააღმდეგი წასულან ბესო ჟღენტი, ირაკლი აბაშიძე, გიორგი ჯიბლაძე. გადაწყდა, რომ ბესო ჟღენტს უნდა დაეწერა სარეცენზიო დასკვნაც, რაც იმას ნიშნავდა, რომ არ დაიბეჭდებოდა.

 

რამდენიმე თვის შემდეგ ისევ შედგა კოლეგიის სხდომა, სადაც ბესო ჟღენტმა წარმოადგინა უარყოფითი დასკვნა და როგორც ვვარაუდობდი, წერილი არ დაიბეჭდა.

 

– მხარდამჭერები არ გყავდათ ამ სხდომაზე?

 

რა თქმა უნდა, მყავდა. სხდომას მღელვარების გარეშე არ ჩაუვლია, რადგან მხარდამჭერებიც ბევრი მყავდა. ესენი იყვნენ მურმან ლებანიძე, დემნა შენგელაია, ედიშერ ყიფიანი, არჩილ სულაკაური, ოთარ ჭილაძე, დიმიტრი ბენაშვილი.

 

მურმან ლებანიძემ ეს რეცენზია ხელში ჩაიგდო,და ამ მოვლენის შესახებ 15 წლის შემდეგ დაწერა  ბრწყინვალე ლექსი, ის ეპოქალურ ჭრილშია გააზრებული.

„რკინის ეპოქების  იყო  თქარა-თქური,

და გველებრ სისინით დამსმენი  ცვედნების,

მე მნათობს მოვპარე წერილი ჯალათური

და ხალხს წავუკითხავ, როცა გათენდების.“

 

– საინტერესოა ასევე თქვენი მუშაობა თანამედროვე ქართულ ლიტერატურასა და პოეზიაში?

– რა თქმა უნდა, პარალელურად მე ვმუშაობდი თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე და პოეზიაზე. ჩემს შებიჯებას ამ სამყაროში უნდა ვუმადლოდე ჟურნალ „ცისკარს“ და „ცისკრელებს“: ტარიელ ჭანტურიას, ოტია პაჭკორიას, ჯანსუღ ჩარკვიანს, რეზო ჭეიშვილს. ამ მიმართულებით რამდენიმე წიგნი მაქვს გამოცემული. შემდეგ 90-იან წლებში, პოლიტიკურმა ვითარებამ სხვა მოვლენები დააყენა წინა პლანზე და გადავედი პუბლიცისტურ წერილებზე, ესეებსა და ლიტერატურულ პორტრეტებზე. უკვე გადაწყვეტილია 3 ტომად გამოიცეს. დავწერე ასევე რომანი „ელიაზარის დაბრუნება“, რომელიც მხატვრის ცხოვრებას ასახავს, პროტოტიპი ნიკო ფიროსმანია. მეორე გამოცემა გამომცემლობა „ინტელექტმა“ დაბეჭდა თბილისის მერიის დაფინანსებით.

 

– ასევე საინტერესო იქნება მკითხველისთვის, როგორ მოხდა თქვენი დაინტერესება აღმოსავლური ფილოსოფიით და რელიგიით, ვგულისხმობ თქვენს თარგმანებს?

 

– 70-იან წლებში დავინტერესდი აღმოსავლური ფილოსოფიით და რელიგიით. ამის საფუძველზე ვთარგმნე საკაცობრიო მნიშვნელობის თხზულება ლაო ძის ,,დაო დე ძინი“, რომელიც 4-ჯერ გამოიცა. ამ თარგმანტმვატმ მომენიჭა ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია. შემდეგ ამას მოჰყვა რელიგიურ-ფილოსოფიური თხზულება  „უპანიშადები“, რომელიც პირველად მეცენატის მხარდაჭერით 1995 წელს გამოიცა, მეორედ კი კულტურის სამინისტრომ 2014 წელს მაღალპოლიგრაფიული ხარისხით გამოსცა. პარალელურად ვწერდი ლექსებს და ისევ მინდა დავუბრუნდე ქუთაისს, სადაც ზურაბ კუხიანიძემ, ჩემმა კარგმა მეგობარმა და ნიჭიერმა პოეტმა,  თანადგომით დამაბეჭდინა ლექსების კრებული.

 

P.S.  2014  წელს მწერალ ლერი ალიმონაკს მინიჭა  გრანელის პრემია. გვინდა, ჯანმრთელობა ვუსურვო  მწერალს და კიდევ ბევრი შემოქმედებითი წარმატება.

 

ლაშა გაგოშიძე

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 26761
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია