დიდი ხანია, საუბრობენ იმაზე, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხში ტურისტული ცენტრი მოეწყობოდა.
გარდა იმისა, რომ კაცხი დიდი ისტორიული წარსულისაა, ამავდროულად ის წარმოადგენს ტურისტული თვალსაზრისით გამორჩეულ ადგილს. საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ კაცხშია ე.წ. გეოტექტონიკური „მოწმე“ _ კაცხის სვეტი.
მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით კაცხში მოეწყობა ვიზიტორთა ცენტრი, ავტოსადგომი, პანორამული ტერასა, წყლისა და კანალიზაციის სისტემები.
აღნიშნული ცენტრის შესახებ აქტიურად მიმდინარეობდა საუბარი კაცხის ტაძრის 1000 წლის იუბილის აღნიშვნამდე, თუმცა საიუბილეო პერიოდში ცენტრის მოწყობა ვერ მოხერხდა.
კულტურული მემკვიდრეობის ზონაა კაცხი და მისი კეთილმოწყობა, მოვლა-პატრონობა აუცილებელია არა მარტო ტურისტული თვალსაზრისით, არამედ _ წარსულის პატივისცემის გამოც, _ აღნიშნავენ ჭიათურის თვითმმართველობაში.