საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
2016 წელს ნაეკი ელექტრონულ საგამოცდო ფორმატზე გადასვლას გეგმავს
2015/09/23 09:28:59

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2015 სულ რამდენიმე კვირის წინ დასრულდა.  თუმცა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უკვე დაწყებულია მზადება მომავალი საგამოცდო წლისთვის. წელს აბიტურიენტებს გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა შესაძლოა, რევოლუციური სიახლე შეთავაზოს. ცენტრში გამოცდების წარმართვას ელექტრონულ სისტემით ფიქრობენ. ამ საკითხზე ექსკლუზიურად Aris.ge-განათლებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი ესაუბრა:

– დღეს არ დაგვიწყია ამ საკითხზე ფიქრი, შარშანდელიდან ვფიქრობდით ამაზე, თუმცა ეს კონკრეტულ ტექნიკურ პრობლემებთან არის დაკავშირებული.  დღეს თუ არა ხვალ უცილებლად დადგება საკითხი,  რომ რაც შეიძლება ეფექტურად გამოვიყენოთ ტექნოლოგიები საგამოცდო პროცესში. გეზი აღებული გვაქვს იქითკენ, რომ მთლიანად ელექტრონული ფორმით მოხდეს ამ პროცესის წარმართვა.

– ანუ, ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბიტურიენტები კომპიუტერებით ჩააბარებენ, ისევე როგორც სკოლის გამოსაშვებ „Cat”-ის გამოცდებს?

– ეს უფრო რთული იქნება. დაკავშირებულია ტექნიკურ პრობლემებთან, მაგალითად, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გვაქვს ღია დავალებები, სადაც კატის გამოცდისგან განსხვავებით, აბიტურიენტმა უნდა დაწეროს პასუხი. ასევე გვაქვს ისეთი საგნები, როგორიც არის ფიზიკა, ქიმია, მათემატიკა, სადაც აბიტურიენტს ფორმულების დაბეჭდვა მოუწევს და ეს რთულად შესასრულებელი იქნება. სამწუხაროდ, ჯერ ჩვენს აბიტურიენტებს ასეთი უნარ-ჩვევები არ აქვთ.

– ამ ეტაპზე მთლიანად ელექტრონულ ფორმაზე გადასვლას ფიქრობთ?

– მთლიანად ელექტრონული ფორმაზე გადასვლა დღის წესრიგში ახლა არ დგას, საბოლოოდ კი აუცილებლად მოგვიწევს ამ ფორმით საგამოცდო პროცესის წარმართვა. წელს, ახლა ვფიქრობთ ნაწილობრივ გადავიდეთ ელექტრონული ფორმის შეთავაზებაზე. ტესტის ბუკლეტებს აბიტურიენტები მიიღებენ ელექტრონული ფორმით და შევინარჩუნებთ პასუხების ფურცელს. ძალიან მალე უახლოეს მომავალში გადაწყდება ეს საკითხი.

– ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტი რომ ავიღოთ, ელექტრონულად შედარებით მარტივი შესავსები იქნება ვიდრე მათემატიკის…

– ამ პროცესს არაერთი პილოტირება სჭირდება. თუნდაც მხოლოდ ქართული ენა და ლიტერატურა რომ ავიღოთ, ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ გავარკვიოთ, რა დრო სჭირდება – აბიტურიენტს ამ ტესტის შესავსებად ელექტრონულად. რა დრო სჭირდება აბიტურიენტს წერითი ნაწილის შესასრულებლად ეს ზუსტად ვიცით,  შესაბამისად, კონკრეტული დროა გამოყოფილი, მაგრამ ბეჭვდვას რა დრო სჭირდება ამას უნდა პილოტირება. ასევე, იმაზეც უნდა შევთანხმდეთ, რომ აბიტურიენტის მიერ დაშვებული შეცდომა ბეჭდური ხარვეზია და არა ცოდნის პრობლემა?! ესეც გამსწორებელმაც უნდა გამიჯნოს,  უნდა გავარკვიოთ როგორ მოხდეს ამ შეცდომების გამიჯვნა.

სამწუხაროდ ეს არის ჩვენი არსებული რეალობა: ზოგი სწრაფად ბეჭდავს, ზოგი ნელა, ზოგმა საერთოდ არ იცის, ზოგს ხელით წერა ურჩევნია.  ნელ-ნელა უნდა შევთავაზოთ ეს სიახლე. თუმცა ჯერ-ჯერობით გადაუჭრელი პრობლემა მაინც ის საგნებია, სადაც აბიტურიენტს არა მხოლოდ ბეჭვდა, არამედ სიმბოლოების აკრება მოუწევს,  ნახაზის დახაზვა და ასე შემდეგ. ჩვენი მიზანი არ არის აბიტურიენტებს ცხოვრება გავურთულოთ, თუმცა ბევრი კუთხით და თვალსაზრისით ეს  უფრო  ეფექტურია .

– როდისთვის გადაწყდება კონკრეტულად, 2016 წელს ტესტის ბუკლეტებს აბიტურიენტები ელექტრონული თუ ბეჭდური ვერსიით მიიღებენ?

– თუ მოვაგვარეთ საგამოცდო ცენტრების ტექნიკურად აღჭურვის საკითხები, 2016 წლისთვის აბიტურიენტებს საგამოცდო პროცესს  ნაწილობრივ კომპიუტერული ფორმით შევთავაზებთ, მაგრამ ამას აუცილებლად გამოვაცხადებთ სექტემბრის თვეში. არ გადავდებთ,  რათა აბიტურიენტები იყვნენ საქმის კურსში და თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, არაერთი შეხვედრა და აპრობაცია ჩატარდება.

Aris.ge-განათლებას დაგეგმილ ცვლილებასთან დაკავშირებით არაერთი დამატებითი კითხვა გაუჩნდა. კერძოდ, რა ფინანსური და ტექნიკური რესურსი გახდება აღნიშნული სიახლის დასანერგად საჭირო და ვინ იქნება ჩართული პროცესში?   დღეს ტესტები საზღვარგარეთ იბეჭდება და დალუქული  ჩამოდის საქართველოში,  მხოლოდ საგამოცდო სექტორში იხსნება, როგორ იქნება აღნიშნული კომპიუტერული გამოცდის დროს? დისკი იქნება დალუქული თუ რაიმე სხვა პრინციპი იმოქმედებს და სად შეიქმნება საქართველოში თუ საზღვარგარეთ? საგნების მიხედვით, როგორი იქნება ტესტების ცვლილებები და შეეძლება თუ არა აბიტურიენტს პასუხის შეცვლა საგამოცდო დროის დასრულებამდე? როგორი იქნება საგამოცდო ნამუშევრების გასწორების პროცესი, პრინციპი და რამდენად მოკლე დროში დასრულდება, ანუ უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ცვლილების შემდეგ აბიტურიენტები პასუხებს უფრო მალე შეიტყობენ? და სხვა კიდევ არაერთი კითხვა თუმცა როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, ყველა კითხვას პასუხი სექტემბრის ბოლოს, მას შემდეგ გაეცემა რაც დაზუსტდება ჩატარდება თუ არა მისაღები გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონული ფორმით 2016 წელს.

 

წყერო: http://edu.aris.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3850
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია