დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ალასანია „მარადიული დიალოგის“ მომხრეა
2009/07/22 15:01:34

ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ყველაზე ნაკლებად რადიკალიზმის ტყვე - ეს ირაკლი ალასანიას ბოლოდროინდელი იმიჯია.

16 ივლისს მან საკუთარი პოლიტიკური პარტია „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები“ დააფუძნა. როგორც პარტიის ლიდერი ამბობს, ახლა ისინი პარტნიორების და არა მტრების ძიებაში არიან.

ირაკლი ალასანიამ „P.S.“-ის შეკითხვებს ონლაინ-პრესკონფერენციის მეშვეობით უპასუხა.

პრესკონფერენცია „მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის მიერ შედგა პროექტ „დამოუკიდებელი მედია - სამოქალაქო ინტეგრაციის ფარგლებში.“

- ბატონო ირაკლი, ბოლო დროს თქვენ ხშირად დადიხართ უცხოეთში. როგორია საერთაშორისო თანამეგობრობის დამოკიდებულება საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ?

- სამწუხაროა, მაგრამ დასავლეთში სააკაშვილის იმიჯი არის ისეთი პოლიტიკოსის იმიჯი, რომლის ქმედებები სპონტანურია და წინასწარ არაგანჭვრეტადი, მაგრამ დასავლეთი იძულებულია, ითანამშრომლოს მასთან, რამეთუ ის და მისი პოლიტიკური გუნდი წარმოადგენენ დღესდღეობით საქართველოს ხელისუფლებას. ასეთი იმიჯის მქონე ხელისუფლების ყოლა, რა თქმა უნდა, არ არის ქვეყნისთვის მომგებიანი. თუმცა სამწუხაროდ, სწორედ ასეთია რეალობა. მე, ჩემი ვიზიტების დროს აშშ-ში, ამ ქვეყნის პოლიტიკოსებთან შეხვედრისას, ისევე როგორც ევროპელ პოლიტიკოსებთან საუბარში, აღვნიშნავდი და მოვითხოვდი, რომ დასავლეთს აუცილებლად უნდა გაეგრძელებინა დახმარება ქართული სახელმწიფოებრიობისთვის. ამ თვალსაზრისით არ არის შემთხვევითი ის ფაქტი, რომ ამერიკის მთავრობამ საქართველოს დემოკრატიული რეფორმების გატარებაში და მათ ხელშეწყობაში გამოუყო ცოტა ხნის წინ დამატებით 20 მილიონი ამერიკული დოლარი.

- რამდენად რეალურია თქვენი აზრით ხელისუფლებასთან დიალოგი?

- ეს არა მარტო შესაძლებელია, არამედ აუცილებელიცაა. პოლიტიკური დიალოგის გარეშე შეუძლებელია ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის დაძლევა. თუმცა დიალოგი უნდა იყოს გულწრფელი და მას უნდა გააჩნდეს კონკრეტული პოლიტიკური მიზნები. ჩემის აზრით, ის პირველ რიგში უნდა იყოს მიმართული ისეთი საკითხების გადასაწყვეტად, როგორიც არის საარჩევნო სისტემის შეცვლა და მთლიანობაში ისეთი წინაპირობების შექმნა, რომელიც საშუალებას მოგვცემს ჩავატაროთ ქვეყანაში ნორმალური, დემოკრატიული არჩევნები. მხოლოდ ამის შემდეგ ექნება აზრი ვადამდელი არჩევნების ჩატარებას.

- რამდენად შესაძლებელია საუბრები იმის შესახებ, რომ ვადამდელი არჩევნები შეიძლება დანიშნონ ამა წლის შემოდგომაზე? ლაპარაკია საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო არჩევნებზე?

- საქართველოში ვადამდელი არჩევნების ჩატარება ეს არის რეალობა. ხელისუფლების წარმომადგენლები ლაპარაკობენ დღეს ადგილობრივი არჩევნების დანიშვნაზე. ჩატარდება ეს არჩევნები ამა წლის შემოდგომაზე თუ არა, ამის თქმა ახლა ძნელია. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ რეალურად უნდა დავძლიოთ არსებული პოლიტიკური კრიზისი. და საპარლამენტო არჩევნები მისცემს ქვეყნის პოლიტიკურ ძალებს იმის საშუალებას, რომ ისინი გახდნენ მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შემადგენელი ნაწილი და რომ მათ შეძლონ ამით დააბალანსონ პრეზიდენტის ხელისუფლება. თუმცა საარჩევნო კალენდრის შესახებ ხელისუფლება და ოპოზიციური ძალები ცალკე უნდა შეთანხმდნენ. ამ ეტაპზე მთავარ პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს საარჩევნო სისტემის შეცვლა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1577
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია