დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბლოგი
რატომ დუმს ჰობოი?
ავტორი: ნანული ცხვედიანი
2015/08/22 20:13:03

ამ კაცზე ფილმის გადაღებაც კი შეიძლება - ფილმი დიდი სცენიდან მოულოდნელად დათხოვნილ ხანდაზმულ მუსიკოსზე, ღამღამობით ჩუმად რომ ტირის, გულზე ხელმიდებული.


ქუთაისში ბევრი იცნობს ოსია მუსიკოსს, იგივე წინწყაროს. მუსიკალურ წრეებში განსაკუთრებული პატივისცემით მოიხსენიებენ მის ვირტუოზულ ჰობოის და "იობაშვილის ბგერას."


ეს დიდებული კახელი კაცი 46 წლის წინათ, ქუთაისის საოპერო თეატრის გახსნისთანავე , კულტურის სამინისტროს თხოვნით, გამოეშურა ჩვენი ქალაქისაკენ და მას შემდეგ აღარ ამოსულა საორკესტრო ორმოდან. დიმიტრი მჭედლიძისა და თეიმურაზ კობახიძის ხელდასხმული თეატრი მისთვის სამწლიანი კონტრაქტით მონიშნულ ზონად კი არა, სამუდამო ჭერად იქცა. თაობების სმენაში აღიბეჭდა ის განუმეორებელი სილამაზე, რითაც იწყებდა ფალიაშვილის უკვდავი "დაისის" შესავალს ოსია მუსიკოსის ჰობოი, ასევე საოცრად ჟღერდა ეს ჰობოი სხვა ოპერებში ("მინდია", "რიგოლეტო", "ტოსკა"...), სიმფონიური მუსიკის კონცერტებზე, კონსერვატორიისა თუ სამუსიკო სასწავლებლის სტუდენტურ აუდიტორიებში...


სანამ ქუთაისში გადმოვიდოდა, ოსიკო იობაშვილს უკვე შემოქმედებითი ნაბიჯები ჰქონდა გადადგმული, როგორც სამუსიკო, ასევე - დრამატულ სცენაზე. უმუშავია მარჯანიშვილისა და რუსთაველის თეატრებში, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში, სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრში, რადიოტელევიზიის საესტრადო ორკესტრში, მუსკომედიაში... მისი დიდი სამეგობროს ჩამოთვლაც რად ღირს: ჯერ კიდევ სამუსიკო ტექნიკუმში სწავლისას დაუახლოვდა მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას. კონსერვატორიაში სწავლის წლებში სტუდენტ ზურაბ სოტკილავასთან ერთად გასტროლებით შემოიარა ქალაქები და რაიონები. მას გამორჩეული, ახლო მეგობრობაში გადასული ურთიერთობა ჰქონდა აკაკი კვანტალიანთან და ვასო გოძიაშვილთან. უამრავი ცხოვრებისეული ეპიზოდი აკავშირებს ისეთ დიდ ხელოვანებთან, როგორიც იყვნენ:აკაკი ვასაძე, აკაკი ხორავა, ვერიკო ანჯაფარიძე, სესილია თაყაიშვილი, თამარ ჭავჭავაძე, სერგო ზაქარიაძე, გიორგი შავგულიძე, იაკობ ტრიპოლსკი, ალექსანდრე ომიაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, კარლო საკანდელიძე და სხვები.


ქუთაისის საზოგადოებას შეუმჩნეველი არ დარჩენია შესანიშნავი მუსიკოსის პიროვნული ხიბლი. ჩამოსვლისთანავე ოსია მუსიკოსი შეარქვეს სიყვარულით და ბაღისკიდელთა ახლო მეგობარიც გახდა. ილო ფოტოგრაფის გადაღებულ სურათებზე, დღეს რომ ოსიკო იობაშვილის არქივში დევს, ბიძინა ღოღობერიძის, ანტუშა საკანდელიძის, ოთარ სულაბერიძის, მუსიკოსების, მხატვრების, მსახიობების გვერდით ნახავთ: შაკია გერაძეს, ხუხას, მარკოზიჩს, პეყოს, ჯონსონას, როლერასა და სხვა საინტერესო ადამიანებს. "ქუთაისში ჩემი პირველი გასტროლი ჟორა შავგულიძის დროს იყო. ჟორას ბიჭი, ნუკრი, და მე ვმეგობრობდით. და ეს ჩემი პირველი, "ისტორიული" ჩამოსვლა ასე აღნიშნა: თეთრ ხიდთან, "გადაკიდებულში", დაგვპატიჟა ჟორამ მისი ბიჭი და მე. და პირველი ჭიქა, ქუთაისის სადღეგრძელო, "გადაკიდებულში" დავლიე, ჟორა შავგულიძესთან ერთად." - იხსენებდა წლების წინ ოსიკო იობაშვილი ჩემთან ინტერვიუში.


ბაღისკიდელებმა, მისმა თაობელებმა, შესანიშნავი ხმის პატრონსა და შემსრულებელს,კიდევ ერთი მეტსახელი - "წინწყარო" დაარქვეს. საოცრად მღეროდა ამ ურთულეს კახურ სიმღერას ქუთაისში ოსიკო იობაშვილი, რომლისთვისაც თურმე თვით ანზორ ერქომაიშვილს უთქვამს: შენს შემდეგ ქუთაისში "წინწყარო" არავის ამღეროო. სხვათა შორის, ჰამლეტ გონაშვილთანაც დიდი მეგობრობა აკავშირებდა, "შვიდკაცაშიც" ნამღერი აქვს და ტრიოშიც.
ასე რომ უაღრესად საინტერესო ბიოგრაფიის კაცი ცხოვრობს ქუთაისში.

 

...გუშინწინ შინ ვეწვიე, წიგნისათვის ფოტოები მჭირდებოდა.ძალიან გაუხარდა ჩემი სტუმრობა, ცოტა სევდიანი და გულჩათხრობილიც მეჩვენა. სანამ თავის არქივს გამოალაგებდა, მისმა მეუღლემ, სათნო ქალბატონმა მაყვალამ ჩუმად ამიხსნა მიზეზი:
-ერთი წელია,ასე იტანჯება. ტირის ხოლმე.... ვერა და ვერ შეეჩვია სიმფონიური ორკესტრიდან დათხოვნას, მუსიკის გარეშე ცხოვრებას.
- როგორ თუ დაითხოვეს?ვინ, ოსიკო იობაშვილის ჰობოი გამოუშვეს? - ყურებს არ დავუჯერე.
-დიახ, გამოუშვეს, მაგრამ ეს დირექციის ბრალი არ იყო, კანონი ყოფილა ასეთი...


და ქალბატონმა მაყვალამ მორიდებით მიამბო: ოსიკო დააჯარიმეს, რაკი თან ორკესტრში მუშაობდა, თან პენსიას იღებდაო. 
თურმე სამსახურიდან დაითხოვეს, ხელფასის სახით აღებული თანხა კი პენსიიდან ექვითება და ასე ნელ-ნელა გაასწორებს იმ "საშინელ ფინანსურ დანაშაულს", რაც 57 წლის სტაჟის მქონე ხელოვანს თურმე სახელმწიფოს წინაშე მიუძღვის...


...იობაშვილების სახლიდან რომ მოვდიოდი, ოსია მუსიკოსის სიტყვები მთელი გზა ჩამესმოდა ყურში:"კი, ასაკიც მაქვს, მაგრამ თვითგამოხატვა მუსიკაში ჯერ კიდევ შემეძლო." 


მოვდიოდი და მეც ტირილი მინდოდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4055
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია