საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
იმერეთსა და აჭარაში ტრეფიკინგის პრევენციისთვის საინფორმაციო კამპანია დაიწყო
2015/08/14 19:54:57

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა კონკურსში გამარჯვებული ორგანიზაციებთან ხელშეკრულებები გააფორმა. კონკურსი ტრეფიკინგის პრევენციის მიზნით საინფორმაციო კამპანიის წარმოებაზე  იყო გამოცხადებული.


საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ ორგანიზაციებს შორის ხელშეკრულებებს ხელი მოეწერა იუსტიციის სამინისტროში. დოკუმენტს ხელი მოაწერეს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და გამარჯვებული ორი ორგანიზაციის - სამოქალაქო ინიციატივების ახალგაზრდული ცენტრ „მომავალი“-ს და „საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია“-ს წარმომადგენლებმა. 

 

საგრანტო დაფინანსების ფარგლებში გამარჯვებული ორგანიზაციები,  ტრეფიკინგის პრევენციისათვის, საქართველოს ორ რეგიონში - აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და იმერეთში - სხვადასხვა სახის საინფორმაციო ღონისძიებას ჩაატარებენ. ისინი გამართავენ შეხვედრებს მოსახლეობასთან, განუმარტავენ მსმენელებს, როგორ დაიცვან თავი, რათა არ იქცნენ ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლად; აუხსნიან იმასაც, თუ როგორ ებრძვის სახელმწიფო ტრეფიკინგს, რა სანქციებია გათვალისწინებული დამნაშავისათვის და რა დახმარებას სთავაზობს სახელმწიფო დანაშაულის მსხვერპლსა და დაზარალებულს. ამასთან, გათვალისწინებულია ადგილობრივი მედიისათვის საინფორმაციო შეხვედრებისა და ტრენინგების ჩატარება. ჯამში საგრანტო პროგრამის ბიუჯეტი ათი ათას ლარს შეადგენს. 

 

როგორც იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, საზოგადოების ინფორმირება ტრეფიკინგის დანაშაულის შესახებ მეტად მნიშვნელოვანია მისი პრევენციისათვის. ხშირად სწორედ ინფორმაციის არქონაა მიზეზი იმისა, რომ პირი ადამიანით ვაჭრობის დანაშაულის მსხვერპლი ხდება.   

 

იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ადმინისტრირებას სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ განახორციელებს.

 

 

როგორც იუსტიციის სამინისტროში აღნიშნეს, ტრეფიკინგის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის წარმოებისათვის იუსტიციის სამინისტრომ საგრანტო პროგრამა გასულ წელსაც განახორციელა. გამარჯვებულმა ა(ა)იპ „მიგრაციის ცენტრმა“ პროექტის ფარგლებში მასშტაბური შეხვედრები გამართა სტუდენტებთან; შეიქმნა საინფორმაციო კუთხეები დემოკრატიის ინსტიტუტის ოფისსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში; ბათუმის ბულვარში გაიმართა ფლეშმობი და დარიგდა 3000-ზე მეტი ბროშურა; ტრენინგი ჩაუტარდათ პედაგოგიკის ფაკულტეტის სტუდენტებს, რომლებიც თავიანთი პრაქტიკის ფარგლებში ინფორმაციას აწვდიდნენ აჭარის რეგიონის სკოლების მოსწავლეებს ადამიანით ვაჭრობის დანაშაულის შესახებ. 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2014
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია