საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
"ვიცხოვროთ C ვირუსის გარეშე!"
მარინა კვიტაშვილი:“პირველი ნაკადის პაციენტების სისხლში C ვირუსი უკვე აღარ არსებობს!“
ავტორი: ნატო გუბელაძე
2015/08/11 13:00:39

 

საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ საქართველოში დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის პირველი ეტაპი, რომლისფარგლებშიც მოხდება 5000 პაციენტის დიაგნოსტირება და უფასო მკურნალობა  C ჰეპატიტის საწინააღმდეგო უახლესი ანტივირუსული პრეპარატებით (სოფოსბუვირი).

ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ამჟამად პროგრამაში უკვე დარეგისტრირებულია 7600-ზე მეტი პაციენტი, ხოლო მკურნალობა დაიწყო 2100-მა პაციენტმა.

C  ჰეპატიტის და ზოგადად ვირუსული დაავადებების მკურნალობა აქტიურად მიმდინარეობს თბილისის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში. ბუნებრივია, ამ ახალი პროგრამის პერიოდშიც პაციენტთა განსაკუთტრებული „შემოტევა“ სწორედ ინფექციური პათოლოგიების ცენტრს აქვს.

დღეს ჩვენი რუბრიკის „ვიცხოვროთ C  ვირუსის გარეშე“  სტუმარია ინფექციური პათოლოგიების ცენტრის ჰეპატოლოგი, პროფესორი მარინა კვიტაშვილი. აქვე მნიშვნელოვანი და სიმბოლურია იმის აღნიშვნა, რომ ქალბატონი მარინას დედა,  ეთერ ბოცვაძე გახლდათ სწორედ საქართველოში ჰეპატოლოგიური სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი და ხელმძღვანელი.

 

დიალოგი

-  ქალბატონო მარინა, C ჰეპატიტის დიაგნოზი ჯერ კიდევ  ერთი-ორი თვის წინ საქართველოში  სასიკვდილო განაჩენად ითვლებოდა. ვიდრე იმაზე ვისაუბრებდეთ, დღეს რა მდგომარეობა არის ამ კუთხით, იქნებ ამ ვირუსის შესახებ ცოტა რამ უთხრათ ჩვენს მკითხველს.

- ეს ვირუსი 1987 წელს ამერიკელმა მეცნიერმა აღმოაჩინა, ხოლო შემდგომ, 1994 წელს C ჰეპატიტის წინააღმდეგ პირველი თაობის რეაქტივები გაჩნდა. ეს რეაქტივები შემდგომში კიდევ უფრო განვითარდა.  საქართველოში  უკვე 1996 წლიდან  ხდებოდა C ჰეპატიტის ვირუსის დიაგნოსტიკა.  

 ჩვენს ქვეყანაში  ჰეპატოლოგიური სკოლა ჩამოაყალიბა და ამ პროცესს ხელმძღვანელობდა აკადემიკოსი, ქალბატონი ეთერ ბოცვაძე და დღესდღეობით მის დაწყებულ საქმეს ვაგრძელებთ. დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ ასევე, ინფექციური პათოლოგიების ცენტრის დირექტორს, ბატონ თენგიზ ცერცვაძეს, რადგან ამ სფეროში დაწყებული დიაგნოსტიკური და ზოგადად, კლინიკური მიმდინარეობა არ ჩააგდო და ყველაფერი, რაც კი თანამედროვე მედიცინაში არსებობს ჰეპატიტის დიაგნოსტიკისთვის,  საქართველოშიც არის. სწორედ ამან  - ჩვენი კოლეგების მაღალმა პროფესიონალიზმმა და დიაგნოსტიკური ცენტრის სრულფასოვნებამ გამოიწვია ის, რომ ჩვენი ქვეყანა შეირჩა ამ პროგრამის - „STOP-C”-ს შესასრულებლად.

- როგორ ფიქრობთ, საერთოდ რატომ მოხდა საქართველოში  C  ვირუსის ასეთი მასშტაბური გავრცელება და ძირითადად, რა გზით შეიძლება დაავადდეს ადამიანი ამ ვირუსით?

- ყველასთვის ცნობილია და ახალს არაფერს გეტყვით, რომ, პირველ რიგში,  ეს არის ნარკომანების დაავადება. სამწუხაროდ, საქართველოში დაავადებულთა დაახლოებით 70-75% ამ გზით ავადდება. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ეს ზუსტად არავის შეუმოწმებია და ძალიან ძნელია ამის სტატისტიკის წარმოება.

 

მეორე გზა დაავადებისა, არის ტატუირება. ტატუირების დროს ყველა ადამიანზე ნემსი უნდა იყოს გამოცვლილი. რამდენად არის ეს წესი დაცული, მე ვერ გეტყვით. სხვათაშორის, ამის წინააღმდეგ კამპანიაც იყო წამოწყებული.

 

 მესამე - ეს არის სტომატოლოგიური მანიპულაციები. თუმცა, სტომატოლოგიური მანიპულაციები დღეს აქტიური არ არის და მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ თუ ერთეული შემთხვევები არსებობს, ეს მხოლოდ იმის ბრალია, რომ ელემენტარული ჰიგიენა არ არის დაცული და სტერილიზაცია არის დარღვეული. ანუ, საუბარი იმაზე, რომ მაღალი დონის სტომატოლოგიურ კლინიკებში დაავადდეს ადამიანი C ჰეპატიტით, გამორიცხულია.

 

 რაც შეეხება, ზოგადად სამედიცინო მანიპულაციებს - დაწყებული ერთჯერადი ნემსით, დამთავრებული ნებისმიერი ოპერაციით - ეს არის კატეგორიულად გამორიცხული. ძალიან ბევრი კერძო კლინიკა არსებობს და  ყველამ იცის, ეს ერთი შეცდომაც რომ მოხდეს, ამით ყველაფერი დამთავრდება.

 

 თუმცა, არ შეიძლება იმის დამალვაც, რომ ხდება ხოლმე ასეთი ერთეული შემთხვევები და კოლეგიალობის გამო, მე ამას ვერ ვიტყვი, რა თქმა უნდა. თუმცა, საბედნიეროდ ასეთი იყო მხოლოდ ერთეული შემთხვევები.

 

 რაც შეეხება საპარიკმახეროებს, ეს სფერო კი ნამდვილად მისახედია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ საპარიკმახეროში დაავადების მაღალი რისკი არსებობს, რადგან თუ ძალიან მაღალი კონცენტრაცია არა აქვს იმ ადამიანს, ვისი სისხლიც შეიძლება მოხვდეს სხვის სისხლში, მაშინ გამორიცხულია დაავადება. C ჰეპატიტი რომ დაემართოს ვინმეს, საჭიროა სისხლის წვეთის  მეათიათასედი მაინც იყოს დაავადებული, მაშინ, როცა მაგალითად,  B-ჰეპატიტის დროს ეს მაჩვენებელი არის მეტი - 0.04. ამიტომ არის ბე უფრო ძლიერი და  ავი ვირუსი.

- როგორც უკვე ვთქვით, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა მიმდინარეობს C-ჰეპატიტთან დაკავშირებით - „STOP C” და პირველი კარგი შედეგებიც არის. ბევრ პაციენტს უკვე ვირუსი აღარ აქვს სისხლში. დღევანდელი გადასახედიდან როგორ შეაფასებთ ამ პროგრამის მიმდინარეობას და  თუ არის უკვე პირველადი სტატისტიკა,  რამდენ ადამიანს გაუქრა ამ ეტაპზე ეს ვირუსი?

- უნდა აღინიშნოს, რომ „STOP C”-ს პროგრამის ფარგლებში ძირითადი დატვირთვა ავადმყოფების რაოდენობის მხრივ მოდის ინფექციური პათოლოგიის ცენტრის ჰეპატოლოგებზე და მინდა, რომ ჩემს კოლეგებს დიდი მადლობა გადავუხადო ასეთი თავდადებული შრომისთვის. არ შეიძლება,  არ აღვნიშნო  ჩვენი კლინიკის სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია, რომელიც ძალიან გვიადვილებს  წამლების და ანალიზების რეგულაციას და ა.შ.

 

 რაც შეეხება სტატისტიკას, იმ მონაცემებით, რაც ჩვენ გვაქვს, ანუ პროგრამაში მონაწილე პირველი ნაკადის ავადმყოფებში ვირუსი აღარ არსებობს. შესაძლებელია, ერთეული შემთხვევა იყოს, მაგრამ ჩვენ ამის შესახებ არ ვიცით. ამას მე ვაცხადებ ინფექციურ-პათოლოგიური ცენტრის სახელით. რაც შეეხება მეორე ნაკადს, ზუსტი მონაცემი ჯერჯერობით არ არსებობს, რადგან არ დამთავრებულა მათი მკურნალობა.

- ხომ არ გამოიწვია მკურნალობის კურსმა რაიმე სახის უკურეაქცია ავადმყოფებში და გამოვლინდა თუ არა რაიმე გვერდითი მოვლენები?

- ასეთი შემთხვევები, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ ეს არის ერთეული და ამ პროცესს ძალიან კარგად მართავენ ხოლმე ჩვენი კლინიკის ჰეპატოლოგები. მომხდარა ისეც, რომ ორი-სამი ავამდყოფი კლინიკაში მოხვდა, მაგრამ 24 საათში უკეთ გახდა და გაეწერენ. ესენი იყვნენ ისეთი ავადმყოფები, რომლებსაც ჰქონდათ დეკომპენსირებული ციროზი. ასევე, რეაქციები აქვთ ხოლმე ინტერფერონზე. ისიც უნდა ითქვას, რომ ინტერფერონით მკურნალობა, რომელიც 12 კვირაში მთავრდება, არის ძალიან დიდი მიღწევა და 20%-ით უფრო მაღალი მაჩვენებელია გამოჯანმრთელების. თუმცა, არიან ავადმყოფებიც, რომლებსაც ინტეფერონს ვერ დაუნიშნავ.

 

 საერთოდ, ამ პროგრამით ძალიან დიდი საქმე გაკეთდა და  საზოგადოება მადლიერი უნდა იყოს  ჩვენი მთავრობის, გნებავთ - ჩვენი მინისტრის, მაგრამ ვერც მთავრობა და  ვერც მინისტრი ვერაფერს  შეძლებდა, თუ არა მაღალი დონის ექიმები - ძირითადად ჩვენი კლინიკის ჰეპატოლოგები...

რა თქმა უნდა, სხვებიც არიან, მაგრამ ძირითადი დატვირთვა მაინც ჩვენს კლინიკაზე მოდის. ასევე, ეს პროგრამა ვერ განხორციელდებოდა, რომ არ ყოფილიყო  გამოკვლევის თანამედროვე საშუალებები აპარატურული თვალზასრისით.

 

აქვე აუცილებლად მინდა, ვთქვა პაციენტთა პასუხისმგებლობაზე - სამწუხაროდ,  ავადმყოფების ნაწილს ვერ გაუცნოებიერებია, რა პროგრამაში მოხვდნენ და ხშირ შემთხვევაში აუცილებელ მონიტორინგს არ იტარებენ, ანუ ანალიზებს არ იღებენ ძალიან ელემენტარული მიზეზებით: ან ამბობენ, რომ არ შეუძლიათ და ვერ ჩამოვლენ, ან - არა აქვთ ამის თანხები. ეს იმდენად სასაცილო არგუმენტებია ამხელა პროგრამაში, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ მიუთითებს თვითონ პიროვნების და გნებავთ, ქართველი კაცის უპასუხისმგებლობაზე. როდესაც ქვეყანა ასეთ რაღაცას გიკეთებს, როდესაც ექიმი ყოველდღიურად გირეკავს და გეუბნება - უნდა ჩამოხვიდე მონიტორინგისთვის და არა მარტო ექიმი - სადაც წამალს იღებენ, იქაც ეუბნებიან, რომ აუცილებელია ეს მონიტორინგი, ასეთი მოქცევა არის ძალიან დიდი დაუდევრობა და ასეთი დაუდევარი ხალხის არსებობის გამო შეიძლება, ის შედეგი ვერ მიიღოს სახელმწიფომ და ჩვენმა შრომამ, როგორიც გვინდა...

- საერთოდ, რამდენად რეალურად გეჩვენებათ ლოზუნგი საქართველო C ჰეპატიტის გარეშე?

- ეს ძალიან სადაო საკითხია, თუმცა, ერთი შემიძლია დანამდვილებით ვთქვა - ის ავადმყოფები, რომლებიც ამ პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას, იქ ნამდვილად მოხდება ელიმინიაცია, ანუ ვირუსის მოკვლა სისხლში. მაგრამ ისევე, როგორც ჩვენ, ამ პროგრამის გარეშე არ ვიცით წითელას ეპიდემია როდის მოვა ან ყბაყურის ეპიდემია, შემდეგ რას იზამენ ჩვენი ქართველები და კიდევ ამ პროგრამის შემდეგ რამდენად იქნება ნარკომანია გავრცელებული, რამდენად ისევ დაუცველი სექსი ექნებათ და რამდენად მოუწესრიგებლები იქნებიან თავის ჰიგიენაში, ეს ძალიან ძნელი სათქმელია. სახელმწიფომ რაც შეძლო „STOP C”-ს პროგრამაში, ეს აუცილებლად შესრულდება.

როგორც  ცნობილია, ეს პროგრამა მოიცავს მხოლოდ  C ჰეპატიტს, მაშინ როდესაც B ჰეპატიტი არანაკლებ მძიმე ვირუსია, მაგრამ პროგრამით არ არის გათვალისწიებული. საერთოდ, რა მდგომარეობაა ამ ვირუსების თვალსაზრისით საქართველოში?

ჰეპატიტების ვირუსებიდან ყველაზე მძიმე არის D ჰეპატიტი, რომელიც B-ჰეპატიტთან ერთად არსებობს და საბედნიეროდ, მთელს მსოფლიოში და ჩვენთანაც დაავადებულთა დაბალი პროცენტია, მაგრამ ამ პროგრამაში ვერ ჩასვამენ იმიტომ, რომ სოფოსბუვირი მოქმედებს მარტო C ვირუსზე. მართალია A, B, C, D და I  ჰეპატიტებს ერთი საერთო აქვთ - ღვიძლს აზიანებენ, მაგრამ ისინი თავისი მოქმედებით, ხასიათით და აღნაგობით სხვადასხვა არიან და  ეს წამალი - რომელმაც გააძლიერა  C ჰეპატიტის მკურნალობა, არ მოქმედებს B ვირუსზე. გარდა ამისა,  C ვირუსი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოშია აქტუალური.

ქალბატონო მარინა, მაინც რა არის მთავარი, რას ურჩევთ მკითხველს, როგორ დაიცვან თავი C ჰეპატიტისგან?

C ჰეპატიტისაგან თავის დაცვა დაკავშირებულია ზემოაღნიშნულ პრობლემასთან - ანუ ნარკომანმა როგორ უნდა დაიცვას თავი. ის, რომ ნარკომანია არ უნდა იყოს, ეს არის პროფილაქტიკა. ის, რომ მაქსიმალურად არ შემოდიოდეს ნარკოტიკები - ეს არის პირველი პრევენცია. სამწუხაროა, რომ ადამიანი  გამდიდრებისთვის სხვის შვილებს ამახინჯებს. ძალიან მიკვირს, რომ ქართველები ამას აკეთებენ, იმიტომ, რომ ქართველის ბუნებაში არ უნდა იყოს ეს. ასევე, აუცილებლად სტომატოლოგიური და ტატუირების კუთხითაც უნდა იყოს გათვალისწინებული ის ყველაფერი, რაც ზემოთ აღვნიშნე. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ C-ჰეპატიტის გარეშე საქართველო პირდაპირ პროპორციულადაა დაკავშირებული იმასთან, თუ რამდენად მოწესრიგებული იქნება არა მხოლოდ ექიმი და სტომატოლოგი, არამედ ის მომსახურე პერსონალი, რომელიც არის ამა თუ იმ დაწესებულებაში.

- ქალატონო მარინა, ჩვენი საუბრის დასასრულს უნდა გაგახსენოთ  წლების წინ თქვენი და ირინა აბჟანდაძის მოწყობილი ფოტოგამოფენა, რომელიც ერთგვარი აქციაც კი იყო C ჰეპატიტისა და სხვა ვირუსული დაავადებების წინააღმდეგ...

- დიახ, ეს იყო მგონი 2002 წელი, როდესაც გავიცანი ირინა აბჟანდაძე, რომელიც არა მხოლოდ ძალიან მაღალი დონის ფოტოგრაფია, არამედ არის ძალიან განათლებული და არაჩვეულებრივი პიროვნება. ის სრულიად შემთხვევით, როგორც ფოტოგრაფი ჟურნალისთვის ექიმის გადასაღებად მოვიდა ჩემთან და ჩვენი საუბრის  შედეგად გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა ფოტოგამოფენა, რომელსაც ერქვა „ნოტაბენე,“ რაც ნიშნავს მიაქციეთ ყურადღება, განგაშია. სხვათაშორის, ფოტოებით გამოხატული იყო, თუ რა მდგომარეობაშიa დაავადებული ღვიძლი ან სისხლდენის შემდგომი  საყლაპავი... ქალბატონი ირინას დახმარებით, ეს იყო ერთგვარი აქცია ჩემი მხრიდან და მიმართული იყო შინაური წამლების წინააღმდეგ. სამწუხაროდ, იმ პერიოდისთვის ძალიან იყო მოდაში შინაური წამლებით მკურნალობა და ამ წამლების გამო, ბევრი ავადმყოფი კვდებოდა. დღესდღეობით ამის საშიშროება ნამდვილად არ არის და ვფიქრობ რომ იმ აქციის და სხვა მსგავსი აქციების და საინფორმაციო კამპანიების დამსახურებაა, რომ დღეს C ჰეპატიტით დაავადებულები უფრო გათვითცნობიერებულები არიან.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 35924
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია