საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ელიმინაციის პროგრამაში ჩართული 32 პაციენტიდან, 23 პაციენტს C ჰეპატიტის ვირუსი აღარ აღენიშნება
2015/07/07 19:37:57

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართული 32 პაციენტიდან, ერთი თვის მკურნალობის შემდეგ 23 პაციენტს C ჰეპატიტის ვირუსი სისხლში აღარ აღენიშნება , - ამის შესახებ დღეს ჯანდაცვის სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ განაცხადა.


ბრიფინგს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართული ორი პაციენტიც ესწრებოდა. 


ვალერი კვარაცხელიამ ბრიფინგზე პროგრამის შუალედური შედეგები წარმოადგინა. მინისტრის მოადგილის თქმით, მკურნალობის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ 32 პაციენტიდან 23 სისხლში C ჰეპატიტის ვირუსი აღარ უფიქსირდება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ამ პაციენტებმა პრეპარატის მიღება აღარ უნდა გააგრძელონ. მინისტრის მოადგილის თქმით, მათ მკურნალობის კურსი ბოლომდე უნდა ჩაიტარონ.


"შედეგები არის იმაზე უფრო კარგი, ვიდრე ჩვენ გვქონდა ამის განცდა და მოლოდინი. ჩვენი პაციენტების ნაწილი განიკურნა. ვირუსის გაქრობა არ ნიშნავს, რომ მათ მკურნალობა მიატოვონ. მათ ხელშეკრულებებში აღნიშნულია, რომ მკურნალობის კურსი ბოლომდე უნდა გაიარონ", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

 

ვალერი კვარაცხელიას თქმით, სისხლში ვირუსის გაქრობის შემდეგ პაციენტებმა მკურნალობა დაზიანებული ღვიძლის ფუნქციის აღსადგენად უნდა გააგრძელონ.
მინისტრის მოადგილემ საუბრისას აღნიშნა, რომ ამ დროისათვის C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში მკურნალობს 1700 პაციენტი, სულ რეგისტრაცია გაიარა 7000-მდე პაციენტმა, რომლებიც ეტაპობრივად ჩაერთვებიან აღნიშნულ პროგრამაში. 


ვალერი კვარაცხელიამ აღნიშნა, რომ პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყება შემოდგომიდან. კომპანია "გილეადი" პაციენტების მკურნალობას გააგრძელებს უფრო თანამედროვე პრეპარატით ჰარვონით, რომლითაც პაციენტების მკურნალობა ნოემბრიდან დაიწყება. ეს მედიკამენტიც პროგრამაში ჩართული პაციენტებისათვის იქნება უფასო.


მინისტრის მოადგილემ ასევე მოუწოდა ყველას, ჩაიტარონ გამოკვლევა C ჰეპატიტზე. თვის ბოლოს იქნება აქცია, რომლის დროსაც უფასოდ C ჰეპატიტზე გამოკვლევები 10.000 ადამიანს ჩაუტარდება.
სამინისტროში ასევე ითქვა, რომ 32 პაციენტიდან, 9 პაციენტს, რომელთაც ჯერჯერობით ვირუსი აღენიშნებათ, მკურნალობის დაწყებამდე ვირუსის რაოდენობა სისხლში შეადგენდა 15 მილიონს და მეტს, დღეის მდგომარეობით, ამ პაციენტების რაოდენობრივი კვლევის შედეგები არ აღემატება 30 ერთეულს.

წყარო "ინტერპრესნიუსი"

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 22493
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია