საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ჩინოვნიკების ხელფასებზე 1,4 მილიარდი ლარი იხარჯება
2015/07/01 09:38:05

სახელმწიფო ბიუჯეტს ჩინოვნიკების შრომის ანაზღაურება 1,381 მლრდ ლარი უჯდება. თუ ამას სსიპ-ებს, სახელმწიფო შპს-ებს თუ სხვა სტრუქტურებს დავუმატებთ, რომლებიც თავისი არსით საჯარო უწყებებს მიეკუთვნებიან, ეს ხარჯი 2 მლრდ ლარსაც კი გააჭარბებს.

 

"საოცნებო" ბიუჯეტში მაღალი ხელფასების საკითხი კვლავ ყველაზე მნიშვნელოვანია. 2015 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის მიხედვით, საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობაც გაიზარდა და შრომის ანაზღაურებაც. წელს სახელმწიფო სექტორში დასაქმებულია 116 562 ადამიანი, ანაზღაურებისთვის კი გამოყოფილია 1 381 379 600 ლარი, რაც მთლიანი ბიუჯეტის 14,4%-ს შეადგენს. აქედან გამომდინარე, საშუალოდ, ერთი ჩინოვნიკის ხელფასი თვეში 1000 ლარამდეა მაშინ, როდესაც ქვეყანაში საშუალო ხელფასი 850 ლარს არ აღემატება.

 

საჯარო მოხელეები და გაფართოებული ქამრები

საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების, პრემიებისა და სახელფასო დანამატების საკითხი უკვე რამდენიმე წელია კრიტიკის საგანია. მიუხედავად მთავრობის მიერ არაერთხელ გაკეთებული განცხადებისა (პრემირების სისტემის ნაწილობრივ გაუქმებასთან დაკავშირებით), ქართველი ჩინოვნიკები ხელფასთან ერთად ისევ ზორბა პრემიებს იღებენ, თუმცა სახელწოდებაშეცვლილს - "სახელფასო დანამატის" სახით.

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის შვაშ) ცნობით, სახელფასო დანამატების ხარჯზე 2014 წელს რიგი თანამდებობის პირების საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება უცვლელი დარჩა ან გაიზარდა. აღნიშნული ინფორმაცია შვაშ-ის 2014 წელს საჯარო დაწესებულებებში პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემის პრაქტიკის კვლევაშია მოცემული.

 

2014 წელს შტატით გათვალისწინებულ თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება, წინა წლებთან შედარებით, ყველაზე მაღალი იყო და 1 296 186 185 ლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი დაახლოებით 109 მილიონით აღემატება სახელმწიფოს მიერ 2013 წლის შრომის ანაზღაურებაზე გაცემულ თანხებს, ხოლო 247 მილიონო ლარით - 2012 წლის მაჩვენებელს.

 

ასევე, 2014-ში წინა წელთან შედარებით შტატგარეშე თანამშრომლებზე 37 მლნ ლარით მეტი გაიცა და 127 609 429 ლარი შეადგინა. შვაშ წერს, რომ 2014 წელს, 2013 წელთან შედარებით, საჯარო სამსახურებში შემცირებულია როგორც სარგოების, ასევე პრემიების ოდენობა, თუმცა გაიზარდა სახელფასო დანამატები და წოდებრივი სარგოები, რამაც, საბოლოდ, შრომის ანაზღაურების საერთო ზრდა გამოიწვია.

 

რაც შეეხება ხელისუფლების მიერ წლის დასაწყისში დეკლარირებულ "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკას, რომლის თანახმადაც, სამინისტროებს ხარჯები უნდა შეემცირებინათ, შვაშ-ის ინფორმაციით, ხშირ შემთხვევაში 2015 წლის პირველ კვარტალში თანამდებობის პირთა შრომის ანაზღაურება გაზრდილია 2014 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

 

"მაგალითად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამდებობის პირებზე გაცემული შრომის ანაზღაურება 2015 წლის პირველ კვარტალში, 2014 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაზრდილია 222 573 ლარით, ეკონომიკის სამინისტროში - 33 478 ლარით, ხოლო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში - 30 358 ლარით", - აღნიშნულია შვაშ-ს ანგარიშში.

 

სამინისტროების ანალოგიურად გაიზარდა სახელფასო ანაზღაურება მუნიციპალიტეტებშიც. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევის მიხედვით, რეგიონებში ჩინოვნიკები არც პრემიის გამოწერას ერიდებიან და არც სახელფასო დანამატისას.

 

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" 2012 წლის 1-ელი იანვრიდან 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს მუნიციპალიტეტებში გაცემული პრემიისა და სახელფასო დანამატის შესახებ ანგარიში ორიოდე დღის წინ გამოაქვეყნა. ორგანიზაციამ ინფორმაცია 59 მუნიციპალიტეტიდან და 12 თვითმმართველი ქალაქიდან, მათ შორის, თბილისის რაიონებიდან გამოითხოვა.

 

გამომდინარე იქედან, რომ ცალკეული მუნიციპალიტეტის საკრებულომ და გამგეობამ/მერიამ გამოთხოვილი ინფორმაცია საერთოდ არ მიაწოდა, არასამთავრობო ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ გაცემული პრემიებისა და დანამატების ოდენობა გამოქვეყნებულ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება.

 

2012-14 წლებში თბილისის მერიასა და საკრებულოში ჯამში 40 მილიონ ლარზე მეტი პრემია (დანამატი) გაიცა. თბილისში მათი მოცულობა წლიდან წლამდე იზრდება: 2012 წელს - 7,2 მილიონი ლარი, 2013 წელს - 11,8 მილიონი ლარი, 2014 წელს კი - 18,2 მილიონი. თბილისის რაიონების გამგეობებში კი, 2012-14 წლებში პრემიისა და დანამატის სახით 3,3 მილიონი ლარი გაიცა.

 

რაც შეეხება სხვა რეგიონებში გაცემულ პრემიებსა და ხელფასებს, ასე გამოიყურება: აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკა: ბათუმში, ქედაში, ქობულეთში, შუახევში, ხელვაჩაურსა და ხულოში 2012-14 წლებში პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით ჯამში 18,1 მილიონი ლარი გაიცა. აღსანიშნავია, რომ ავტონომიური რესპუბლიკაში წლიდან წლამდე პრემიებისა და დანამატების გაცემის მაჩვენებელი მცირდება: 2012 წელს გაიცა - 6,3 მილიონი ლარი, 2013 წელს - 5,9 მილიონი ლარი, 2014 წელსაც - 5,9 მილიონი ლარი.

 

იმერეთში 2014 წელს გაცემული თანხების ოდენობა 2013 და 2012 წლების მაჩვენებლებზე ნაკლებია. საერთო ჯამში, 2012-14 წლებში იმერეთში 12,6 მილიონი ლარი გაიცა პრემიისა და დანამატების სახით; აქედან 2012 წელს - 4,1 მილიონი, 2013 წელს - 5,2 მილიონი, 2014 წელს კი - 3,2 მილიონი ლარი. სამეგრელო-ზემო სვანეთის 9 მუნიციპალიტეტში 2012-14 წლებში პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით 10,7 მილიონი ლარი გაიცა, მათ შორის, 2012 წელს - 3,4 მილიონი 2013 წელს - 3,5 მილიონი, ხოლო 2014 წელს კი - 3,8 მილიონი ლარი.

 

ქვემო ქართლის 7 მუნიციპალიტეტში საკვლევი პერიოდის განმავლობაში 8 მილიონ ლარზე მეტი გაიცა; "სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში 2012-14 წლებში პრემიისა და სახელფასი დანამატის სახით ჯამში 3,3 მილიონი ლარი გაიცა; მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტებში კი - 2,3 მილიონი; რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში - 1,1 მილიონი ლარი. გურიაშიც 2012-14 წლებში პრემიის სახით 1 მილიონ ლარზე მეტი გაიცა", - ნათქვამია ანგარიშში.

 

საჯარო მოხელეებს ბიუჯეტიდან 2 მლრდ-ზე მეტი მიაქვთ

საერთო ჯამში, როგორც სამინისტროებში, ასევე მუნიციპალიტეტებში დასაქმებულების სახელფასო ანაზღაურება პრემიებითურთ საკმაოდ კოლოსალური თანხა უჯდება ბიუჯეტს. თუ მათ სხვა საჯარო უწყებებს, მაგალითად, სსიპ-ებს, შპს-ებს დავუმეტებთ, გამოვა, რომ საჯარო მოხელეების შენახვა, უფრო ზუსტად მათი თანამდებობრივი სარგო გადამხდელებს 2 მლრდ ლარი უჯდება.

 

"ჩვენ, გადასახადის გადამხდელებს, საჯარო სექტორში დასაქმებულთა შენახვა ბიუჯეტში გაწერილ 1,381 მლრდ-ზე მეტი გვიჯდება. მართალია, ბიუჯეტში გაწერილია საჯარო მოხელეთა დიდი ნაწილი, მაგრამ არ არის გაწერილი იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა ფინანსები და მომუშავეთა რიცხოვნობა, რომელთაც ხმარდება საჯარო ფინანსები. ასე რომ, 2 მლრდ ლარზე მეტი გვიჯდება ბიუროკრატიის, ანუ საჯარო სექტორში დასაქმებულთა შენახვა

 

რაც შეეხება სახელფასო დანამატს, კანონში წერია, რომ ეს შეიძლება მიეცეს იმ საჯარო მოხელეს, რომელსაც კანონით ეკუთვნის. დანამატის მიღება ყველას არ შეუძლია. მაგალითად, ფინანსთა მინისტრს, რომელსაც რაიმე წოდება არ აქვს, დანამატის მიღება არ ეკუთვნის, ეს კანონშეუსაბამოა. თუმცა ეს ყველაფერი მაინც ხდებოდა და დღემდე გრძელდება. კანონის საკუთარ თავზე მორგება ყველა ხელისუფლების ცდუნება ყოფილა", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" იურისტმა ლევან ალაფიშვილმა.

 

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აცხადებს, რომ არასრულყოფილი საკანონმდებლო რეგულაციების გამო, პრემიებისა და დანამატების გაცემის დამკვიდრებულმა მანკიერმა პრაქტიკამ სისტემური ხასიათი მიიღო. ზოგ მუნიციპალიტეტში ჯერ კიდევ არ არის შემუშავებული პრემირებისა და სახელფასო დანამატების გაცემის წესი: "არის შემთხვევები, როდესაც წახალისების მიზნით, საჯარო მოხელეები თანხას კონკრეტული ძვირადღირებული საყოფაცხოვრებო ნივთის შესაძენად იღებენ", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

 

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ზუგდიდის რაიონის წარმომადგენელი არჩილ თოდუა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ის ახალი რეგულაცია, რომელიც მუნიციპალიტეტებში პრემიების გაცემასთან დაკავშირებით 2014 წელს ამოქმედდა, გარკვეულწილად, ხარვეზიანია და იმის საშუალებას იძლევა, რომ ძველი მანკიერი წესით გაგრძელდეს პრემიების გაცემა.

 

"ზოგადად გაუგებარია, თუ რისთვის იღებენ საჯარო მოხელეები პრემიას ხელფასთან ერთად. რა თქმა უნდა, მოხელეს უნდა მიეცეს პრემია, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ზედმიწევნით კარგად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას და ეს დასაბუთებულია. სხვა დანარჩენ შემთხვევაში ჩვენ ვითხოვთ, რომ პრემია არ გაიცეს. ზოგიერთი მუნიციპალიტეტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში წერია, რომ პრემია შეიძლება გაიცეს უქმე დღეებთან დაკავშირებითაც, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია.

 

ამიტომ ვითხოვთ, რომ ის წესი, რა წესიც დღეს მუნიციპალიტეტებშია, შეიცვალოს და დაკონკრეტდეს. ასევე უნდა იყოს სამართლებრივი აქტი მიღებული, რომელიც საშუალებას მოგვცემს გავეცნოთ, რეალურად იმსახურებს თუ არა ესა თუ ის ადამიანი პრემიას", - აღნიშნა "ბიზნეს რეზონანსთან" საუბრისას თოდუამ.

 

http://www.resonancedaily.com/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6488
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია