დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მაია ჯალიაშვილი: „მასწავლებლობა _ მუდმივი ძიების გზა“
2015/07/01 09:27:04

ყველაფერი მუდმივად იცვლება. ამ კანონს ემორჩილება მასწავლებელიც, მაგრამ სწორედ მას სჭირდება ყველაზე ხშირი ტრანსფორმაცია დროისა და ვითარების შესაბამისად. უახლესი ტექნოლოგიები, საზოგადოების ახალი ინტერესები მასწავლებლისგან მოითხოვენ მოულოდნელი, ხანდახან სრულიად უცხო და რთული ამოცანების ამოხსნას, პრობლემების გადასაჭრელად განსხვავებული გზების ძიებას.

ეს, უპირველესად, გულისხმობს, მასწავლებლის შემოქმედებითობას, უნარს, არა მხოლოდ ქვეყანაში განხორციელებული საგანმანათლებლო რეფორმების შესაბამისად, არამედ მსოფლიოში მიმდინარე გარადატეხების კვალდაკვალ, შეცვალოს თავისი მუშაობის სტილი, გაითვალისწინოს თანამედროვე მოსწავლეთა განსხვავებული ინტერესები. მოსწავლე და მასწავლებელი არ უნდა იყვნენ სხვადასხვა განზომილებაში. სკოლა არ უნდა იქცეს მოსწავლისთვის რუტინად, ადგილად, სადაც მას რაიმეს აიძულებენ. სკოლა უნდა იყოს ცხოვრების ორგანული ნაწილი და არა დოგმებისა და შაბლონების არქივი. სასწავლო პროცესი უნდა იყოს ცოცხალი, აქტიური და მოსწავლისთვის ხელშემწყობი სიახლეების აღმოჩენაში. თანვე, ნებისმიერი ცოდნა უნდა დაეფუძნოს სიყვარულს და იმ ადამიანურ ღირებულებებს, რომლებიც კაცობრიობის სიცოცხლეს აზრს ანიჭებენ. როგორც დოსტოევსკი წერს „იდიოტში": „გულისხმიერებას და ღირსებას გული ასწავლის და არა ცეკვის მასწავლებელი". სწავლების პროცესში უპირველესი სიყვარულით აღსავსე გულია, რომელიც მასწავლებელს მრავალ დაბრკოლებას გადაალახვინებს.
რა თქმა უნდა, სკოლის ხერხემალი პედაგოგია, სწორედ ის განსაზღვრავს სწავლების ხარისხს. მასწავლებელს უნდა სჯეროდეს, რომ ყველაფერი შეუძლია, ყოველივე მის ხელთაა, როგორც ერთ უძველეს იგავშია: ერთ ქვეყანაში ცხოვრობდა სახელგანთქმული ბრძენი, მაგრამ მის მშობლიურ ქალაქში იყო კაცი, რომელსაც მისი შურდა და გადაწყვიტა ისეთი კითხვა მოეფიქრებინა, რომ ბრძენს პასუხი ვერ გაეცა. წავიდა მინდორში, დაიჭირა პეპელა, მოიმწყვდია ხელისგულში და იფიქრა: ბრძენს ვკითხავ, მუჭში მოქცეული პეპელა მკვდარია თუ ცოცხალი? თუ მეტყვის, ცოცხალიაო, მუჭს მოვუჭერ და პეპელა მოკვდება, თუ მეტყვის, ცოცხალიო, გავშლი ხელისგულს და პეპელა გაფრინდება. აი, მაშინ გაიგებს ყველა, როგორი ბრძენია. ასეც მოიქცა. პეპელა დაიჭირა და ბრძენს ჰკითხა: ცოცხალია თუ მკვდარიო? და მაშინ კაცმა, რომელიც მართლაც ბრძენი იყო, უპასუხა: ყველაფერი შენს ხელშია. მასწავლებელი თვითონ უნდა იყოს თავდაჯერებული და მოსწავლეს, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავის რწმენა ჩაუნერგოს. კრისტოფერ ემდინის, თანამედროვე სწავლების ორიგინალური იდეების ავტორის აზრით, მასწავლებელი უნდა ფლობდეს ერთგვარ მაგიას, რომლითაც ზემოქმედებას მოახდენს კლასზე და გამოაღვიძებს ახლის შესამეცნებლად. 
ცნობილია, რომ ადამიანი ყველაზე მეტს მისგან სწავლობს, ვინც უყვარს. მთავარი ამოცანა პედაგოგისთვის უნდა იყოს, თავი შეაყვაროს მოსწავლეებს. ამისთვის კი უბრალო და მარტივი რამაა საჭირო, თვითონ უყვარდეს, უანგარიშოდ და უანგაროდ, თუნდაც ხშირად საპასუხოდ არ იღებდეს იმავე სითბოსა და სინაზეს, რასაც გასცემს.
„სკოლის მასწავლებელი ისეთ ძალაუფლებას ფლობს, რომელზედაც პრემიერ-მინისტრები მხოლოდ ოცნებობენ", _ ამბობდა უინსტონ ჩერჩილი, ინგლისის პრემიერ-მინისტრი. ეს ძალაუფლება მასწავლებელმა იმისთვის უნდა გამოიყენოს, რომ მოსწავლეებს ჩააგონოს ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვის რწმენა.
მასწავლებელი აკვირდება ბავშვებს და იცის, ვის რა შეუძლია, ვის როგორი ხასიათი აქვს, მაგრამ აუცილებელია საკუთარ თავზე დაკვირვება და ზრუნვა არა მხოლოდ სხვების, არამედ საკუთარი თავის, ჩვევების, ქცევისა და სწავლების სტილის შეცვლაზე.
ამისთვის უამრავი რესურსი არსებობს, ვგულისხმობთ სხვა პედაგოგთა გამოცდილებას, თვითშეფასების კითხვარებს და სხვადასხვა ტესტს, რომლებიც დაეხმარებიან მასწავლებელს განსაზღვროს, როგორი ტიპის მასწავლებელია, უფრო უკეთესად გამოკვეთოს საკუთარი ნაკლი, რომელიც ხელს უშლის სწავლებისას და ეძებოს ტრანსფორმაციის გზები.
მასწავლებელმა უნდა გაარკვიოს, როგორია მისი თვითშეფასება: მაღალი, საშუალო თუ დაბალი, რას ემყარება მისი თვითშეფასება. ამისთვის უნდა დაფიქრდეს შემდეგ საკითხებზე:
1. რა კომპეტენცია აქვს და როგორ ცდილობს პროფესიონალიზმის ამაღლებას? (თვითგანვითრება, ტრენინგები, კონფერენციები)
2. რა მოტივაცია აქვს? (საქმის სიყვარული, ხელფასი).
3. რა მიზანი აქვს? (გადასცეს ცოდნა, დაეხმაროს ცოდნის შეძენაში).
4. როგორი ურთიერთობა აქვს მოსწავლეებთან? (ეშინიათ, პატივს სცემენ, მეგობრობენ, არ უჯერებენ...)
5. როგორი ურთიერთობა აქვს კოლეგებთან? ხშირად არის თუ არა იმგვარ გარემოში, როდესაც პედაგოგები ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას?

კვლევების მიხედვით, კარგ მასწავლებელს უნდა ახასიათებდეს:
1.გამოკვეთილი ინდივიდუალურობა
2.ნერვული სისტემის სიძლიერე და გაწონასწორებულობა;
3. ლიდერობისკენ მისწრაფება:
4. თავდაჯერებულობა;
5. მომთხოვნელობა;
6.თანაგრძნობა და სიკეთე;
7.ურთიერთთანამშრომლობა:
8. კოლეგებთან თანამშრომლობისკენ სწრაფვა;
9. ნორმალური თვითშეფასება.
პროფესიული მახასიათებლები:
10. ფართო ერუდიცია და მასალის თავისუფალი გადმოცემა;
11. სწორი მეტყველება, საუბრის საშუალო რიტმი, კარგი დიქცია.
12.შესაფერისი ჟესტ-მიმიკა;
13.ვითარებაზე სწრაფი რეაგირება;
14. ყოველი მოსწავლის პატივისცემა (სახელით მიმართვა);
15.გარკვევა, რამდენად ესმით მოსწავლეებს ახალი მასალა.
პედაგოგიკის ერთი პრინციპული საკითხი ისაა, რომ, რომ ინტელექტი აყალიბებს ინტელექტს, ხასიათი აღზრდის ხასიათს, პიროვნება ყალიბდება პიროვნების მიერ.
ამ თვალსაზრისით, საგულისხმოა კანადელი მასწავლებლის, ქერი ლემის სტატია, რომელიც მან ერთ-ერთ საგანმანათლებლო ბლოგზე განათავსა სათაურით „ეფექტური მასწავლებლის 11 თვისება". იგი ფიქრობს, რომ დასაფასებელია ის მასწავლებელი, რომელიც ნამდვილად გატაცებულია სწავლების პროცესით, უყვარს, რომ ასწავლის, სხვების შთამაგონებელია, ვერანაირი გარემოება ვერ აფერხებს მის საქმიანობას, მოსწავლეებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში ამახსოვრდებათ. ამისთვის საჭიროა, რომ მასწავლებელს:
1.სწავლება სიამოვნებას ანიჭებდეს
მასწავლებლისთვის სწავლების პროცესი უნდა იყოს სასიამოვნო და სასარგებლო კარიერული ზრდის ასპარეზი (თუნდაც, იმავდროულად, ხანდახან დამქანცველი და აუტანელი). მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გახდეთ მასწავლებელი, თუ გიყვართ ბავშვები და მთელი გულით შეგიძლიათ მათზე მზრუნველობა. გახსოვდეთ, ბაშვები ვერ ისწავლიან ხალისით, თუ სასწავლო პროცესს არ გაამდიდრებთ თამაშის ელემენტებით. თუ თქვენ მხოლოდ სახელმძღვანელოთა ინსტრუქციებს კითხულობთ, ეს არაფერს მოგცემთ. ამის ნაცვლად, გახადეთ თქვენი გაკვეთილი შემოქმედებითი, ინტერაქტიური და ცოცხალი. მიეცით თქვენი სწავლების ვნებას გასაქანი, რათა უფრო მიმზიდველი გახდეს თქვენთვის, არ შეგეშინდეთ ექსპერიმენტებისა და, რაც მთავარია, მთელი სისავსით დატკბით სწავლების ყოველი წუთით. 
2.ქმნიდეს განსხვავებულ გარემოს
ნათქვამია, დიდ ძალაუფლებას დიდი პასუხისმგებლობა ახლავს. როგორც მასწავლებელს, თქვენ გჭირდებათ გამუდმებული სიფრთხილე, რომ გახსოვდეთ ეს დიდი პროფესიული პასუხისმგებლობა. თქვენი ერთ-ერთი მიზანი უნდა იყოს: შეიტანოთ რაღაც განსხვავებული მოსწავლეთა ცხოვრებაში. როგორ? მათ უნდა იგრძნონ განსაკუთრებული, უსაფრთხო და მზრუნველი გარემო, როცა საკლასო ოთახში არიან. პოზიტიური გავლენა უნდა იქონიოთ მათზე. რატომ? თქვენ არ იცით მათი განწყობა კლასში შემოსვლამდე (ოჯახი, მეგობრები და ხვა გარემოებანი) და არც ის, კლასიდან გასვლის შემდეგ რა მოელით, სიხარული თუ ტკივილი, ამიტომ საკლასო ოთახში, თქვენთან ერთად ყოფნისას თქვენ უნდა დაავიწყოთ ყველა სხვა ყოფითი საზრუნავი და შეუქმნათ ისეთი გარემო, რომელიც სწავლების პროცესს ლაღსა და საინტერესოს გახდის. 
3.პოზიტიური ენერგიის ველს ქმნიდეს
ყოველდღიურად საკლასო ოთახში თქვენ უნდა შექმნათ პოზიტიური ველი. ამ შემთხვევაში, მთავარი ღიმილიანი სახეა. თუმცა პირადი ცხოვრება შეიძლება ყოველთვის არ გიწყობდეთ ხელს საღიმილო განწყობისათვის. ყოველგვარი პირადი სატკივარი საკლასო ზღურბლთან უნდა დატოვოთ და კლასში შეხვიდეთ სხვანაირი, ბედნიერი და იმედიანი. თქვენი ამგვარი განწყობა გადაედება მთელ კლასს და მოსწავლეებსაც დაავიწყებს იმას, რაც გაკვეთილის დაწყებამდე აწუხებდათ. ისინი მზად იქნებიან ახალი, საინტერესო და საგულისხმო გამოცდილების მისაღებად, რომელსაც თქვენ უშურველად გადასცემთ. მათთან ერთად შექმნით განცდას, რომ ყველაფერი კარგადაა და ყოველივე უკეთესობისკენ შეიცვლება. 
4. პირადული
ეფექტური მასწავლებელი რომ იყოთ, დაუახლოვდით მოსწავლეებს, გაიგეთ, რა აღელვებთ, რა უხარიათ, რა აინტერებთ, რა სამომავლო გეგმები აქვთ. ეს დაგეხმარებათ მათთან ურთიერთობის გზების გამონახვაში. ნუ მოგერიდებათ, უამბოთ თქვენ შესახებაც. უმნიშვნელოვანესია, გაარკვიოთ ყოველი მათგანის სწავლების სტილი, ვინ რა გზით ითვისებს უკეთესად, რომ შეძლოთ მათთან ინდივიდუალურდაც მუშაობა. გაიცანით მათი მშობლები. მათთან ურთიერთობა უნდა იყოს არა სავალდებულო, არამედ აუცილებელი. დაამყარეთ კოლეგებთან კარგი ურთიერთობა. უფრო გაგიიოლდებათ საქმე, თუ ყოველმხრივ მხარდაჭერას მოიპოვებთ, სკოლაში თუ მის გარეთ.
4.გაეცით და მიიღეთ 100%
რასაც დასთეს, იმას მოიმკი, როგორც ანდაზაშია. რასაც უნდა აკეთებდეთ, გაკვეთილს ხსნიდეთ, გამოკითხავდეთ, ანგარიშს წერდეთ თუ გამოცდილებას უზიარებდეთ კოლეგებს, ყოველივე გააკეთეთ მთელი სულითა და გულით, 100 პროცენტით. სწავლებასთან დააკვშირებული ყოველი საქმე სიყვარულით გააკეთეთ და არა იმ ვალდებულებათა გამო, რომელთაც ეს პროფესია გავალებთ. გააკეთეთ თქვენი პიროვნული ზრდისთვის, იმისთვის, რომ სხვებსაც შთააგონოთ, უბიძგოთ ამგვარი ქცევისკენ. ასეთ შემთხვევაში, მოსწავლეები უფრო მეტს ისწავლიან. გაეცით ყველასთვის, სკოლისთვის, კოლეგებისთვის, მშობლებისთვის, იმათთვის, რომელთაც თქვენი სჯერათ.
6. ორგანიზებულობა
არასოდეს არ უნდა გადადოთ დღეს გასაკეთებელი საქმე ხვალისთვის. მთელი ძალ-ღონით შეასრულეთ საქმე და არ დააგროვოთ, არ მოიტოვოთ, რათა შემდეგ სასწრაფოდ და სახელდახელოდ გასაკეთებელი არ გაგიხდეთ. ასე თუ მოიქცევით, ყოველთვის გექნებათ დრო. გაკვეთილი წინასწარ დაგეგმეთ, მოიფიქრეთ ერთგვარი ჩარჩოები. ასე არასოდეს გამოგრჩებათ მნიშვნელოვანი და აუცილებელი. ჩაიწერეთ ყოველი მნიშვნელოვანი იდეა, რომელიც თავში მოგივათ, შემდეგ კი იზრუნეთ მისი ხორცშესხმისათვის. 
7. თავისუფლად გაიზიარეთ ახალი
არავინ არის სრულყოფილი. მუდამ თვალყური ადევნეთ სიახლეებს. იმ ახალ მეთოდებსა და სტრატეგიებს, რომლებსაც თქვენი კოლეგები იყენებენ, რომლებსაც გთავაზობენ პედაგოგიკის სფეროს ექსპერტები სხვადასხვა ტრენინგსა და კონფერენციაზე. ამ თვალსაზრისით, ინტერნეტი გაძლევთ საშუალებას გაეცნოთ უცხოელ კოლეგათა გამოცდილებას, დისკუსიაში მონაწილეობის საშუალებას. ყველა მეთოდი უნდა განავითაროთ შემოქმედებითად, კონკრეტული ვითარების შესაბამისად, უპირველესად, მოსწავლეთა უნარებისა და ინტერესების მიხედვით.
მინილექცია, ჯგუფური მუშაობა, დისკუსია, ექსკურია, ლაბორატორიული მიშაობა, მაგალითებით სწავლება, პრობლემაზე ორიეტირებული სწავლება, როლური თამაშები, სიმულაცია, პროექტით სწავლება, თანატოლების სწავლება და სხვ. მეთოდები და სტრატეგიები მხოლოდ მაშინ შეიძენენ ღირებულებას, თუ თქვენ გაითავისებთ და ვითარების შესაბამისად შეცვლით. რაღაცას გამოაკლებთ, რაღაცას მიუმატებთ _ფიქრისა და მუშაობის პროცესში კი შეიძლება დაიბადოს სრულიად ახალი ხერხი სწავლებისა, რომელსაც კოლეგებს გაუზიარებთ. 
8. სტანდარტი
მოსწავლეებთან ერთად შექმენით ქცევისა და მუშაობის იმგვარი სტანდარტი, რომელიც ხელს შეგიწყობთ სასწავლო პროცესში.
9. ეძებეთ შთაგონება
მასწავლებელი გამუდმებით უნდა ეძიებდეს შთაგონებას, რაც გულისხმობს იმას, რომ წაკითხულს, ნანახსა თუ განცდილს შეუძლია გამოიწვიოს ახალი იდეების დაბადება. ამისთვის უამრავი საგანმანათლებლო წყაროა: წიგნები, ბლოგები, ვიდეოები, სოციალური ქსელები და სხვ.
10. ცვლილებისკენ სწრაფვა
ცხოვრებაში ყოველივე გეგმის მიხედვით როდის მიედინება. იცვლება დირექტორი, კოლეგები, მოსწავლეები. მასწავლებელი შემოქმედებითად უნდა ცვლიდეს დაგეგმილს, არასოდეს მისტიროდეს წარსულს და მარცხს არ ამართლებდეს ახალი გარემოებებით.
11. ანალიზი
ეფექტური მასწავლებელი აანალიზებს გამარჯვებასაც და მარცხსაც. გაკვეთილი, რომელიც ისეთი არ გამოვიდა, როგორიც დაიგეგმა, ბადებს წყურვილს, რაღაც ახალი მოიფიქროს, შემოქმედებითად განავითაროს იდეა და პრაქტიკული ხორცშესხმის ორიგინალურ გზაზე იფიქროს, შეცვალოს და კვლავ და კვლავ ეძიოს. არასოდეს ჩაიქნიოს ხელი, თუ მოსწავლეებში გამოძახილს ვერ ჰპოვებს რაიმე იდეა, სხვები კი არ დაადანაშაულოს, გამართლება კი არ ეძებოს, არამედ ყოველ დღე ახლიდან დაიწყოს, არ შეუშინდეს ექსპერიმენტებს, იფიქროს უკეთესზე. 
ოდითგანვე აღმზრდელს, მასწავლებელს განსაკუთრებული პატივი მიეგებოდა (ქართულ ლიტერატურაში ამის მდიდარი მაგალითებია: სულხან-საბას „სიბრძნე სიცრუისას" ლეონი თუ აკაკი წერეთლის „გამზრდელის" ჰაჯი-უსუბის გახსენებაც საკმარისია). მისგან ყოველთვის მოელოდნენ იმაზე მეტს, ვიდრე შესაძლებელია. ამას მოწმობს, მაგალითად, აბრაამ ლინკოლნის „წერილი მასწავლებელს", რომელშიც იგი მასწავლებელს სთხოვს ასწავლოს მის შვილს სიკეთისა და ბოროტების გარჩევა, შრომის ფასი: „ასწავლეთ დატკბეს ცაში მფრინავი ფრინველების ცქერით, ყვავილებისა და მწვანე მდელოების მზერით. ასწავლეთ, რომ დამარცხება ბევრად უფრო ღირსეულია, ვიდრე ტყუილი და თაღლითობა. ასწავლეთ საკუთარი იდეების რწმენა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ სხვები არ ეთანხმებიან. ასწავლეთ ყველა ადამიანის მოსმენა და, ამასთან, კარგისა და ცუდის გარჩევასაც მიაჩვიეთ.
თუ შეგიძლიათ, ასწავლეთ გაიცინოს, როცა მოწყენილია და უთხარით, რომ ცრემლები სირცხვილი არაა. ასწავლეთ, როგორ შეიძლება გაყიდოს საკუთარი ინტელექტი და შესაძლებლობები, თუმცა ისიც შთააგონეთ, რომ სულისა და გულის გაყიდვა არ შეიძლება. ასწავლეთ, თუმცა გულში ნუ ჩაიხუტებთ, გახსოვდეთ, რომ მხოლოდ ცეცხლში იწრთობა ფოლადი. უთხარით, ჰქონდეს საკუთარი თავის რწმენა და სხვათა მიმართ რწმენასაც არ დაკარგავს". რამდენად შესაძლებელია ყოველივე ამის სწავლება, საკამათოა, მაგრამ უდავოა, რომ მასწავლებელი ამას უნდა ცდილობდეს.
გაბრიელა მისტრალიც „მასწავლებლის ათი მცნებაში" უპირველესად მიიჩნევს ბავშვებისა და საქმის სიყვარულს, სულიერ სიწმინდეს, მშვენიერების თაყვანისცემას. მას სწავლება ღვთისმსახურების რანგში აჰყავს და მასწავლებელს, სიყვარულით გულანთებულს, მიაწერს ძალას, რომლითაც იგი შეძლებს გაკვეთილისთვის სულის შთაბერვას. 
ეს ის იდეალებია, რომლებიც მუდამ თვალწინ უნდა ჰქონდეს მასწავლებელს, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანი კია, ყოფითი საზრუნავებით სავსე და წვრილმან-მსხვილმანი საქმეებით გადატვირთული, მაგრამ სხვებისგან იმით უნდა განსხვავდებოდეს, რომ არასოდეს მოაშოროს მზერა მწვერვალს, რომელიც წინსვლისა და განვითარებისკენ უბიძგებს.
წყარო: http://mastsavlebeli.ge/
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6879
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია