საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
დავასუფთაოთ საქართველო
რეგიონული ნაგავსაყრელი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსაც მოემსახურება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/06/30 13:46:02

 ადამიანებს ბავშვობიდან რამდენიმე კადრი განსაკუთრებულად ამახსოვრდებათ ხოლმე. ჩემთვის ერთი ასეთი „გაუხუნარი“ კადრია დედულეთისკენ მიმავალი გზა. ქუთაისში, ნიკეას ქუჩის ბოლოში, მამა გვეტყოდა ხოლმე-აბა, ამოწიეთ მინები და ცოტა ხნით არ ისუნთქოთო.


მერე ჩვენი მანქანა (სხვა მანქანებიც) სისწრაფეს უმატებდა,  რომ ამ თითქმის  მისტიკურ ადგილს - ქუთაისის ნაგავსაყრელს, კვამლს, ბურუსს, საშინელ სუნს, მილიონობით ცელოფნის პარკს, უამრავ ყვავს, მაწანწალა ძაღლებს   უცებ გასცლოდა.

 

და ეს გრძელდებოდა ათწლეულები. გამვლელები თუ ჩქარი სვლით აღწევდნენ თავს ამ „ჯოჯოხეთს“, ნაგავსაყრელის  მიმდებარე ნიკეას ქუჩის მოსახლეობა ფაქტობრივად გამოუვალ მდგომარეობაში იყო და იძულებულები იყვნენ, წლების მანძილზე, ზამთარ-ზაფხულ, ესუნთქათ ის „საამო სურნელი“, რაც ნაგავსაყრელის „მარადიული ცეცხლის“ გიზგიზის გამო ვრცელდებოდა , უცხო ფრინველებივით მოფარფატე ფერად-ფერადი ცელოფნის პარკებიც  ხშირად შეფრიალებულა ღია კარ-ფანჯრიდან მათ სახლებში.

 

ქუთაისის ნაგავსაყრელი, ბოლო წლებში, ყველა წესის და ნორმების დარღვევით ფუნქციონირებდა და  „ნელი მოქმედების“ ნაღმსაც კი უწოდებდნენ, იმ უამრავი,  სერიოზული საფრთხის გამო, რაც მას შეეძლო მოეტანა ქუთაისის და ახლომდებარე სოფლების მოსახლეობისთვის, ზოგადად, გარემოსთვის.

 

ნაგავსაყრელი არ აკმაყოფილებდა ეკოლოგიურ და სანიტარულ ნორმებს. სიტუაციას ამძიმებდა ისიც, რომ   არ იყო შემოღობილი, რაც იწვევდა ნარჩენების მთელს პერიმეტრზე გაფანტვას.  პოლიგონზე თავისუფლად გადაადგილდებოდა შინაური პირუტყვი და იკვებებოდა ნარჩენებით.   დაბინძურებული იყო ტერიტორიის შიგნით არსებული საირიგაციო არხი, ასევე, რიონის მხრიდან ხდებოდა ნარჩენების ჩადინება მდინარეში.  

 

ქუთაისის ნაგავსაყრელი 1959 წელს 30-წლიანი ვადით შევიდა ექსპლუატაციაში და 42 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ეჭირა. მერე მისი დიდი ნაწილი მდინარე რიონმა ჩარეცხა და პოლიგონისთვის მხოლოდ 15 ჰექტარი მიწის ნაკვეთი იყო  დარჩენილი. მარტივი ანალიზითაც აშკარაა, რომ მდგომარეობა კატასტროფამდე იყო მისული.

 

თუმცა, ეს არ იყო მხოლოდ ქუთაისის პრობლემა.

 

ნარჩენების მართვის საქმე,  ზოგადად,  მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჭიროებდა სერიოზულ რეფორმებს და კაპიტალდაბანდებებს.

 

მიუხედავად იმისა, რომ  ნარჩენების მართვა რამდენიმე კანონით და საერთაშორისო კონვენციებით რეგულირდება, პრობლემის მოგვარება საკმაოდ რთული აღმოჩნდა, გაიწელა დროშიც და სივრცეშიც.

აშკარა იყო, რომ ქვეყანას დამოუკიდებლად, საკუთარი ძალებით და ფინანსებით გაუჭირდებოდა ნარჩენების მართვა, ძველი ნაგავსაყრელების კონსერვაციები და თანამედროვე ნაგავსაყრელების მოწყობა.

ქუთაისის ნაგავსაყრელის შესახებაც არაერთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

 

 

 ნიკეას ნაგავსაყრელის ბედით არაერთხელ დაინტერესდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები. პრობლემის სიმწვავის წარმოსაჩენად ნაგავსაყრელზე არსებული ვითარების აღწერითი შინაარსის არაერთი წერილი გაეგზავნა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სააგენტოს. 2005 წელს, ადგილობრივ თვითმმართველობაში, უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით 20 წლიანი სამოქმედო გეგმაც კი შეიმუშავეს, სადაც ნიკეას ნაგავსაყრელის „გაუვნებელყოფა“ საკვანძო საკითხი იყო. გეგმა არ შესრულდა და ნაგავსაყრელი კვლავ ნელი მოქმედების საწამლავად დარჩა.

 

2012 წლის ბოლოს, კიდევ ერთი, უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იქნა მიღებული  ქუთაისის ნაგავსაყრელის კონსერვაციისა და ახლის მშენებლობასთან დაკავშირებით- გერმანია-საქართველოს ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, KFW და მყარი ნარჩენების კომპანია ქუთაისში არსებული მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტს განახორციელებდნენ.

 

პროექტის კონცეფციის მიხედვით,  ახალი რეგიონალური ნაგავსაყრელის მშენებლობასთან ერთად, მოხდებოდა  ძველი ნაგავსაყრელის დახურვითი სამუშაოები. ნიკეას ნაგავსაყრელი ახლის ექსპლუატაციაში შესვლისთანავე დაიხურება. იქ განთავსდება სეპარაციის საწარმო, რომლითაც მეორადი ნედლეულის გამოყოფა და სეპარაცია მოხდება. შემდგომ ძველი ნაგავსაყრელის  დაიხურება  საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

 

  სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების  ფარგლებში გაკეთდა ტერასები, არსებული ნარჩენები მთლიანად გადაიფარა 30 სმ თიხნარი გრუნტის საიზოლაციო ფენით,  მოეწყო ძირითადი და დროებითი სამანქანო გზები,  განთავსდა სამეთვალყურეო გამშვები ჯიხური, გაკეთდა მანქანა-მექანიზმების ფარდული. 

 

დამონტაჟდა მძიმეწონიანი მანქანების სასწორი,  სახანძრო ფარი, რენდერები და ამკრძალავი ნიშნები. პოლიგონის ირგვლივ მოეწყო წყალარინების არხები, მიმდინარეობს პოლიგონის თიხნარი მიწით მომარაგება  ნაგავსაყრელის ექსპლუატაციის პერიოდში ნარჩენების გადასაფარად.

 

 მდინარე რიონის მხრიდან ჩატარდა  ნაპირსამაგრი სამუშაოები.

 

KFW ბანკმა  ქუთაისის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ნაგავსაყრელის  მშენებლობისა და ნიკეას ნაგავსაყრელის დახურვის სამუშაოებისათვის 21 მილიონი ევრო გამოყო.

პროექტით გათვალისწინებული კონსერვაციის ძირითადი სამუშაოები უკვე დასრულებულია, რასაც გრძნობს  როგორც  ნიკეას ქუჩის მოსახლეობა, ასევე გამვლელებიც-აღარც „მარადიული ცეცხლის“ ალებია, აღარც კვამლი, აღარც სუნი...თუმცა, გზის მარჯვენა მხარეს, ველზე, იმ  ფერად-ფერადი ცელოფნების ფრიალი კარგა ხანს არ შეწყდება ალბათ.

 

პროექტის მიხედვით დახურულ ნაგავსაყრელზე რეკრეაციული ზონა უნდა მოეწყოს.

 

ახალი ნაგავსაყრელი  ქუთაისის შემოგარენში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის  სოფელ ჭოგნარში განთავსდება. რეგიონული ნაგავსაყრელი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსაც მოემსახურება.

 

 გარდა ამისა, იმერეთის მასშტაბით ნარჩენების გადასატვირთი სადგური გაკეთდება ქუთაისში, ტყიბულში, სამტრედიასა და ჭიათურაში, საიდანაც მყარი ნარჩენები ცენტრალურ ნაგავსაყრელზე გადაიტვირთება.

 

ახალი ნაგავსაყრელი ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით  კეთდება.  თუმცა, სოფელ ჭოგნარის მცხოვრებლების უკმაყოფილება მაინც გამოიწვია. მათი განცხადებით, ისინი არ დაუშვებდნენ ნაგავსაყრელის მათ სიახლოვეს განთავსებას, რადგან ეს, ეკოლოგიურ საფრთხესთან ერთად, ადგილობრივებს საძოვრების დაკარგვის საფრთხეს შეუქმნიდა.  ადგილობრივ მცხოვრებლებს უპასუხეს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან და დაარწმუნეს მოსახლეობა, რომ, ნაგავსაყრელი ყველაზე ახლო დასახლებული პუნქტიდან მინიმუმ 1,7კმ-ით იქნება დაშორებული და არანაირ ეკოლოგიურ კატასტროფას არ გამოიწვევს. განახლებული ნაგავსაყრელის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ, ნარჩენები განთავსდება  სპეციალურ უჯრედებში, რაც  მნიშვნელოვნად შეამცირებს  გარემოზე მავნე ზემოქმედებას  და უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას. 

 

რაც შეეხება საძოვრების შესაძლო დაკარგვას, ახალი ნაგავსაყრელისათვის, ძირითადად, ის ტერიტორია შეირჩა, რაც ბუჩქებით არის დაფარული და რასაც მოსახლეობა პირუტყვისათვის საძოვრებად არ იყენებს.

 

როგორც ამ მოკლე მიმოხილვითაც ჩანს, ნაგავსაყრელის სერიოზული პრობლემა თითქმის მოგვარებულია, თუმცა, სხვადასხვა სახის ნარჩენმა ნაგავსაყრელზე  მოხვედრამდე  დიდი გზა უნდა გაიაროს და ეს გზა უპირველესად მოქალაქეთა თვითშეგნებაზე გადის.

 

საყოფაცხოვრებო ,სამრეწველო , სამედიცინო  და  ბიოლოგიური ნარჩენები შესაბამისი წესების დაცვით უნდა გროვდებოდეს , მათთვის საგანგებოდ გამოყოფილ კონტეინერებში და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ხვდებოდეს ნაგავსაყრელზე.

 

როგორც ხელისუფლების, ასევე, საზოგადოების მხრიდან სერიოზული მუშაობაა ჩასატარებელი, მსოფლიოში აპრობირებული ნარჩენების მართვის სქემების საქართველოში დასანერგად. ამისათვის კი საჭიროა, რომ მთავრობამ და პარლამენტმა იმუშაონ შეთანხმებულად, რათა საზოგადოებრივ აქტივობებს ლოგიკური გაგრძელება მოჰყვეს.

 

ქუთაისში ამ ბოლო დროს ყურადღებას იქცევს  მოზრდილი, გამჭვირვალე  კონტეინერები, რომელიც პლასტმასის ბოთლების  და ნარჩენების შესაგროვებლად არის განკუთვნილი.

 

ეს ყუთები არასამთავრობო ორგანიზაციის, ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „სპექტრის“ მიერ ახლახანს განხორციელებული პროექტის ფარგლებში განთავსდა.

 

 „სპექტრი“ ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ნარჩენების მართვის ინოვაციური მეთოდების დანერგვა საქართველოს, მოლდოვასა და სომხეთის შერჩეულ ქალაქებში“, რომლის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს პალასტმასის ნარჩენების ცალკე შეგროვება. ამ მიზნით ქ. ქუთაისში დაიდგა 100 ცალი სპეციალური კონტეინერი.

 

თავდაპირველად ეს კონტეინერები თითქმის ცარიელი იდგა, კანტი-კუნტად თუ მოათავსებდა მასში პლასტმასის ბოთლებს ვინმე, სკეპტიკოსებიც მრავლად იყვნენ, პრინციპით- „ნაგავი გვარჩევინეთ ახლაო“, მაგრამ ნელ-ნელა იმატა ბოთლებმა კონტეინერებში და უკვე სავსე კონტეინერიც აღარაა იშვიათობა.

 

ძველი კადრით დავიწყე ეს სტატია და  სულ ახალი კადრით უნდა დავასრულო:

ქუთაისის  მერიის მიმდებარედ, 7-8 წლის ბიჭი მზის გულზე დგას და გამაგრილებელ სასმელს ჩქარ-ჩქარა მიირთმევს ბოთლიდან. დედა გზის გაგრძელებას თხოვს. მოიცა, გამოვცლი ბარემო. გზაში დალიეო. არა, იქეთ ბოთლების ჩასაყრელი „ურნა“ არ დგასო- პასუხობს ბიჭი.  ბოლომდე არც დაუცლია, პლასტმასის შესაგროვებელ კონტეინერთან მივიდა, ფეხის წვერებზე აიწია და ბოთლი ყუთში ჩაუშვა.

 

ირმა მარდალეიშვილი

 

 


 

 

 

 

 

 



'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4504
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია