დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ფერები, რომელიც აკლია ქუთაისს...(FOTO)
ავტორი: ირმა მარდალეიშვილი
2015/06/26 10:06:10

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში ხეტიალისას,  ერთმა ფოტომ მიიტაცა ჩემი მზერა. უცებ ჩავუარე, თუმცა მაშინვე უკან მომაბრუნა - სინათლე, სითბო, სიხარული იღვრებოდა იმ ფოტოდან. რომელიღაც, ჩემთვის უცნობი მხატვრის ნახატის ფოტო-რეპროდუქცია  იყო.

 

„როგორ ჰგავს ქუთაისს“- გავიფიქრე, მოვიწონე („დავალაიქე“), გზა გავაგრძელე, მაგრამ თითქოს ისევ დამიძახა ნახატმა. კვლავ მასთან დავბრუნდი.

 

„ჰგავს კი არა, ქუთაისია, „წითელი ხიდიდან“  დანახული რიონის მარჯვენა სანაპირო, გორაზე შეფენილი აივნიანი სახლები, წმინდა გიორგის ეკლესია... მაგრამ... მაგრამ... ეს ფერები?  ეს სიმსუბუქე?“ - მოჯადოებულივით ვუყურებდი.

 

„ძველი ქალაქი“ - ასე უწოდებია ავტორს ნახატისთვის. კუთხეში მხატვრის ინიციალებიც ამოვიკითხე „დ.კ.“

 

„მაინც რა მშვენიერია ცხოვრება“ - ეს განწყობა შემიქმნა ნახატმა. ფიქრებშიც  ამედევნა...

 

მიუხედავად იმისა, რომ  ეს სიჭრელე  რეალურად არასდროს მინახავს ქალაქის ამ ძველ უბანში, ნახატის ყოველი ფერი, ყოველი შტრიხი მაინც იმაზე მიანიშნებდა, რომ ავტორი აუცილებლად ქუთაისელი უნდა ყოფილიყო.

 

მერე მხატვრის სხვა ნამუშევრების ნახვაც მომინდა. 

 

იშვიათად მინახავს ასეთი ფერადი ნახატები, ასეთი დადებითი და ნათელი აურით, გადამდები სიხალისით.

 

„სხვებსაც უნდა ვანახო, სხვებმაც უნდა იცოდნენ, სხვებიც დატკბნენ!“ - გადავწყვიტე.

 

„ძველ ქალაქის“ ფოტო ლეო-ლეონოვა-დავით კეზევაძის  მიერ იყო დადებული. წერილი გავუგზავნე...

 

ასე დაიწყო ჩემი ურთიერთობა  ქუთაისელი მხატვრის, დავით კეზევაძის მეუღლესა და მენეჯერთან,  ხელოვნებათმცოდნე  ვასილინა ჩესნოკოვასთან (ლეო ლეონოვა).

 

ისინი  ახლა ესპანეთში, ალიკანტეში ცხოვრობენ.

 

მხატვრის გზა ალიკანტემდე კი ასეთი იყო:

 

დაიბადა ქუთაისში, 1964 წელს.

 

მათ ოჯახში არავინ ხატავდა, სამაგიეროდ - ყველა მღეროდა, ბაფთიანი გიტარის თანხლებით.  შემოქმედების, ხელოვნების სიყვარული პატარა დავითში ფერების სიყვარულად იქცა.

 

ბიჭმა ხატვა დაიწყო, თუმცა თავისი პირველი ნახატები არ ახსოვს.

 

32-ე საშუალო სკოლის  დაწყებითი კლასის მოსწავლეს  მასწავლებელ ლიუდმილა ჯორბენაძის რჩევით ქუთაისის  გ. მაისურაძის სახელობის  სამხატვრო სკოლაში  იწყებს სწავლას. ხატვის საფუძვლებს ისეთი ცნობილი მხატვრები ასწავლიდნენ, როგორებიც იყვნენ  ავთანდილ აბესაძე, სოსო ჩოგოვაძე, არჩილ ჩოგოვაძე, გურამ კვიმსაძე, რეზო რამიშვილი...  დავით კეზევაძის გამორჩეული ხელწერა მალევე  იქნა შემჩნეული და აღიარებული.

 

ერთხელაც, მისი ნახატები ქუთაისში სტუმრად ჩამოსულმა ცნობილმა  რუსმა  ჟურნალისტმაც ნახა , რომელმაც ნიჭიერ ყმაწვილს ურჩია, სწავლა მოსკოვში გაეგრძელებინა. ოჯახი მაინცდამაინც აღფრთოვანებული არ შეხვედრია დავითის გადაწყვეტილებას მოსკოვში წასვლის თაობაზე, მაგრამ  ახალგაზრდა მხატვარს სჯეროდა საკუთარი შესაძლებლობების და მაინც წავიდა.

 

სიძნელეების მიუხედავად, სტუდენტი   გახდა და 1989 წელს დაამთავრა „მხატის“  ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახელობის სკოლა-სტუდია,  თეატრისა და კინოს მხატვრობის ფაკულტეტი.

 

სტუდენტობიდანვე მონაწილეობდა საქალაქო, რესპუბლიკურ და საერთაშორისო გამოფენებში,  როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც.

 

1989 წლიდან  მუშაობდა ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის სამხატვრო გალერეაში, საგამოფენო განყოფილების გამგედ. პარალელურად, ქუთაისის ხელოვნების ინსტიტუტში ფერწერას ასწავლიდა მოდელირების ფაკულტეტზე.

 

1990-2000 წლებში მხატვრულად გააფორმა 20 სპექტაკლი  საქართველოს სხვადასხვა თეატრში.

 

იყო „თეატრი მეორე სართულზე“ მთავარი მხატვარი.

 

1999 წელს აირჩიეს  საქართველოს მხატვართა კავშირის წევრად.

 

შემდეგ ისევ რუსეთში დაბრუნდა, სადაც აფორმებდა სპექტაკლებს, მონაწილეობდა გამოფენებში, სხვადსხვა საინტერესო საერთაშორისო პროექტებში.

 

2006 წელს მისი ნახატები გამოიფინა  მოსკოვში, ვასილინა ჩესნოკოვას გალერეაში „კვად-არტ“, სადაც დაიწო მხატვრის და  გალერისტის სიყვარული ამბავიც,(?) რომელიც ოჯახის შექმნით დაგვირგვინდა.

 

მათი ვაჟი, 6 წლის სანდრო,  ჯერ არასდროს ყოფილა საქართველოში, თუმცა მშვენიერი ქართულით საუბრობს და ქართულ ჩოხასაც მოხდენილად ატარებს.

 

დავით კეზევაძე ამჟამადაც აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას ეწევა, ხატავს, აქვს სკოლა- სტუდია, სადაც ბავშვებს ხატვას ასწავლის.

 

გასულ წელს, ქუთაისში მხატვრის 50 წლის იუბილე მის  გარეშე აღნიშნეს დავითის მეგობრებმა.

 

- ქუთაისში, საქართველოში თუ აპირებთ გამოფენის მოწყობას-თქო.

 

- არა, აღარ მაინტერესებს გამოფენებიო, - მხატვარი სიტყვაძუნწი რესპონდენტი აღმოჩნდა, თუმცა მის სათქმელს ხომ მისი ნახატები ფერებით ამბობენ.

 

არაო, მაგრამ მე მაინც მჯერა, ერთ დღესაც, დავით კეზევაძის ნახატები ისევ გააფერადებს  ძველ ქალაქს და ინიციალები „დ. კ.“  უცხო აღარ იქნება ქუთაისისთვის...

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 18599
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია