საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
მრგვალი მაგიდა - მსჯელობა წამალდამოკიდებული პატიმრების რაოდენობის შემცირებაზე
2015/06/22 10:59:01

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში სახელმწიფო უწყებებმა ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებლებისათვის არასაპატიმრო სანქციების თემაზე მრგვალი მაგიდა გამართეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე; ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ალესანდრო სავარისი; საერთაშორისო ექსპერტები გერმანიიდან და პოლონეთიდან; საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების − განათლებისა და მეცნიერების; შინაგან საქმეთა; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროების, აგრეთვე, მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები.


მრგვალი მაგიდის მიზანი თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში წამალდამოკიდებული პატიმრების რაოდენობის შემცირებაა. ღონისძიების მონაწილეები ევროპულ გამოცდილებას გაეცნენ, რომელიც ნათლად მეტყველებს წამალდამოკიდებული სამართალდამრღვევების მკურნალობის ეფექტიანობაზე ამ პირებისთვის სისხლის სამართლის სასჯელების შეფარდებასთან შედარებით. მრგვალი მაგიდის წარმომადგენლებმა განიხილეს დანაშაულის შემცირებისა და განმეორებითი დანაშაულის პრევენციის თემები, კონკრეტული საკითხები პენიტენციარულ სისტემაში და საზოგადოებრივი ჯანდაცვის დონეზე სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებისათვის.


პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია კვლევის განხორციელება ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს წევრი უწყებების მიერ გამოკვეთილი საჭიროებების მიხედვით. კვლევას სახელმწიფო უწყებების ჩართულობით განახორციელებს ევროსაბჭოს მიერ შერჩეული ექსპერტთა ჯგუფი, რომლის შედეგების საფუძველზე 2016 წლისათვის მომზადდება რეკომენდაციები კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.


 

მრგვალი მაგიდა ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიმართა, რომელიც აღმოსავლეთპარტნიორობის ქვეყნებს დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის ჩამოყალიბებაში უწევს დახმარებას. ანტინარკოტიკული კანონმდებლობის დაბალანსებისათვის საქართველოს ხელისუფლებამ უკვე განახორციელა რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება. 2013 წლის დეკემბრიდან ქვეყანას ახალი ნარკოსტრატეგია აქვს, რომელიც ნარკოდანაშაულის პრევენციისა და ნარკოდამოკიდებულთა მკურნალობისკენაა მიმართული. ამ კუთხით, არაერთი თანმიმდევრული ღონისძიება განხორციელდა; ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი კი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 260-ე მუხლში ინიცირებული ცვლილებაა, რომელიც ნარკოტიკული ნივთიერებების ფლობისა და გასაღებისათვის განსხვავებულ პასუხისმგებლობას აწესებს. 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4011
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია