დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დატბორილი თბილისის უბნებიდან ევაკუაცია მიმდინარეობს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/06/14 03:48:10

ძლიერი წვიმის შედეგად თბილისის რამდენიმე უბანი დაიტბორა და  მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. განსაკუთრებით რთული ვითარება შეიქმნა მდინარე ვერეს ხეობის გასწვრივ, სადაც წყალი არამარტო  სახლების პირველ სართულებსა და მაღაზიებში შევიდა, არამედ წყალმა დაფარა რამდენიმე სამსართულიანი სახლი, წაიღო მანქანები. ასევე გართულდა მდგომარეობა წყნეთის გზაზე, სადაც მეწყერია ჩამოწოლილი.ევაკუირებული ადამიანები გადაყვანილია საავადმყოფოებში.  ვრცელდება ინფორმაცია 2 გარდაცვლილი ადამიანის შესახებ, თუმცა ჯერ ოფიციალურად არ დასტურდება.


 თბილისის მერია ავრცელებს იმ უბნების ჩამონათვალსაც, სადაც სტიქიამ განსაკუთრებული პრობლემები შექმნა:  გზა ჩავარდა ჯავახიშვილის ქუჩაზე, ისანში, რაზიკაშვილის ქუჩა 2-5 გამყოფი კედელი ჩამოიშალა. გზა ჩავარდა ასევე ასათიანის ქუჩაზე, მეწყერი ჩამოწვა წყნეთი-ბეთანიის გზაზე. 

 

ადიდებულია მდინარე ვერე, რის გამოც სერიოზული პრობლემებია წყნეთის ხევის ქუჩაზე. კედელი დაზიანდა ჩიქობავას ქუჩაზეც, გარე-განათების ქსელი გამოირთო ნუცუბიძის, პოლიტკოვსკაიას და ვაჟა-ფშაველას მეხუთე კვარტალში.

 

მდინარე ვერეს ადიდების გამო, თბილისის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, ვაკე-საბურთალოს მონაკვეთზე გადაადგილებისგან თავი შეიკავოს. 

წყნეთის ხევის ქუჩაზე კრიტიკული ვითარების განმუხტვას მერიისა და საგანგებო სამსახურის ბრიგადები ცდილობენ. 

 

 

თბილისში მოსული წვიმის გამო თბილისის მერიის ყველა სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს. კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის, სინათლის ქალაქის, თბილსერვისის, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და ათივე გამგეობის ჯგუფები დედაქალაქის მასშტაბით სტიქიას ებრძვიან.

 

ამ ეტაპზე რთული ვითარებაა თბილისის პრაქტიკულად ყველა უბანში. დაიტბორა დედაქალაქის არაერთი ქუჩა, დატბორილია სარდაფები და სახლების პირველი სართულები. დატბორილია, ასევე, რამდენიმე მიწისქვეშა გადასასვლელი.

 

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ვერეს ხეობიდან მაშველებმა რამდენიმე ადამიანი გამოიყვანეს. ამის შესახებ დავით ნარმანიამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში ვერეს ხეობიდან ჩართვისას განაცხადა. 

დედაქალაქის მერის თქმით, ვერეს ხეობაში მოვარდნილი წყლის გამო, რამდენიმე ადამიანი იყო ჩარჩენილი და სამაშველო სამსახურმა ისინი გამოიყვანა. მოსახლეობა პანიკურ მდგომარეობაში იყო. 

 

ნარმანიას თქმით, მაშველებმა სამი ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის ერთი ბავშვია. ისინი თავს კარგად გრძნობენ და როგორც მისთვის არის ცნობილი, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები არ აქვთ. 

ნარმანიას თქმით, ერთ-ერთ სავაჭრო მაღაზიაში არის რამდენიმე ადამიანი და მათ შორის ბავშვი. მერის განცხადებით, სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ადგილზე გავიდნენ. 

რამდენიმე საათიანი ძლიერი წვიმის შედეგად  თბილისის ზოოპარკიდან ცხოველების დიდი რაოდენობა გაიქცა.როგორც ადგილობრივებს პოლიციელებმა უთხრეს, ზოოპარკიდან გაქცეულ ცხოველთა შორის არის ვეფხვი და ლომი.

 

ადიდებულმა მდინარე ვერემ ისევ დატბორა თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი. ადმინისტრაციამ წყალდიდობის დაწყებისთანავე ცხოველები გალიებიდან გაუშვა, თუმცა, მდინარემ თავშესაფრის კედელი გაარღვია, ხოლო წყლის ნაკადი თითქმის ოფისამდე ავიდა. 

 

 ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, მზია შარაშიძის თქმით,  ზოოპარკში ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ნახევარი ზოოპარკი მთლიანად დატბორილია. თანამშრომლები ვერ ახერხებენ ზოოპარკის ტერიტორიაზე შესვლას. ჯერ-ჯერობით არ აქვთ დაზუსტებული ინფორმაცია იმის შესახებ, რამდენი ცხოველია დაღუპული. ადგილზე მობილიზებულია და მუშაობს სამაშველო სამსახური.  ფაქტობირვად ზოოპარკი აღარ არსებობს.

 

სტიქიამ ასევე გაანადგურა თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი. 

უამრავი შეტყობინება და ზარია, იმასთან დაკავშირებით, მსხვერპლი რამდენია.

გეტყვით, რომ თავშესაფარი აღარ არსებობს, იქ ადიდებული ვერე მძვინვარებს.

 

ყველა დათვი დაიხრჩო! ჩვენმა თანამშრომლებმა თავი გადაირჩინეს და ამ წუთებისთვის სასაფლაოს გზით ჩამოდიან რამდენიმე ძაღლთან ერთად.

სხვა დანარჩენს მოგვიანებით გაცნობებთ! - წერს სოციალურ ქსელში თამაზ ელიზბარაშვილი  .

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3589
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია