საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
რა უნდა იცოდეთ „სეტ ტოპ ბოქსის“ შეძენისას
2015/06/09 14:52:09

ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის თარიღის მოახლოვებასთან ერთად, სულ უფრო აქტუალური ხდება მოსახლეობის მზაობის საკითხი ციფრული საეთერო სიგნალის მისაღებად. მოქალაქეს, რომელიც მაუწყებლობას სახლის ან სახურავის ანტენით იღებს, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ დამატებითი მოწყობილობა „სეტ ტოპ ბოქსი“ დასჭირდება, თუ მისი ტელევიზორი არ არის ადაპტირებული DVB-T2 სტანდარტის სიგნალის მისაღებად.

 

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI), რომელიც ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის  პროცესის მხარდაჭერას და მონიტორინგს ახორციელებსდა, ამ პროცესში აქტიურადაა ჩართული 2012 წლის დეკემბრიდან, დაინტერესდა, თუ:

 

Ø  რა მდგომარეობაა ბაზარზე

Ø  სად იყიდება „სეტ ტოპ ბოქსები“

Ø  რა რაოდენობის აპარატურაა შემოტანილი საცალო ვაჭრობის ქსელში

Ø  როგორია მათი ფასები

 

ბოლო 15 დღის განმავლობაში ორგანიზაციის წარმომადგენლები პირადად იმყოფებოდნენ ტექნიკის მაღაზიებსა  თუ ბაზრობებზე, შეისყიდეს აპარატურა და შეამოწმეს უშუალოდ მათი რეალიზაციის წერტილებში.

 

 

მონიტორინგმა ძირითადად მოიცვა თბილისი, თუმცა IDFI-ს პარტნიორი ორგანიზაციის „საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის“ დახმარებით მოიძია ინფორმაცია რამდენიმე დიდ ქალაქშიც.

 

 

2015 წლის 2 ივნისის მდგომარეობით საცალო ვაჭრობის ბაზარზე უმეტესად ორი ტიპის „სეტ ტოპ ბოქსია“ შემოტანილი - Eurostar-ი და TV Star-ი. მისი ფასი 55-65 ლარამდე მერყეობს. Eurostar-ის წარმოებული სხვა მოდელები დაახლოებით 70-80 ლარი ღირს. ბაზარზე ასევე წარმოდგენილია Sven-ის ფირმის 95 ლარის ღირებულების „სეტ ტოპ ბოქსები“. ეს უკანასკნელი „არაი თუმოროუს“ მაღაზიათა ქსელში იყიდება. „ციფრული მაუწყებლობის სააგენტომ“ სოციალურად დაუცველი პირებისთვის Konka-ს ფირმის რისივერები შეიძინა. IDFI-ის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში Konka ამ მოწყობილობის შემოტანას საცალო ბაზარზეც გეგმავს.


ტექნიკის დიდ მაღაზიებში, როგორიცაა „ელიტ ელექტრონიქსი“, „მეგატექნიკა“, „ზუმერი“, „ბეკო“ მხოლოდ TV Star-ის “სეტ ტოპ ბოქსები” იყიდება. ამ მაღაზიების კონსულტანტების თქმით, აღნიშნულ ტექნიკას დღის განმავლობაში ოცამდე მომხმარებელი კითხულობს. მაღაზიებში რამდენიმე ცალი აქვთ წარმოდგენილი, მისი ამოწურვის რისკები არ არსებობს, რადგან, მათივე თქმით, შემდეგ საწყობიდან შეუძლიათ რამდენიმე ასეული „სეტ ტოპბოქსის“ დამატება. ამავე მაღაზიებში შესაძლებელია განვადების სერვისითაც სარგებლობა.


ტექნიკის დიდი ნაწილი სავაჭრო ცენტრ „კიდობანშია“ წარმოდგენილი, სადაც იყიდება როგორც TV Star-ის, ისე Eurostar-ის მიერ წარმოებული სხვადასხვა ტიპის „სეტ ტოპ ბოქსები“.

 

2 ივნისის მონაცემებით, ბაზარზე ძირითადად წარმოდგენილია TV Star-ის მიერ წარმოებული სეტ ტოპ ბოქსების ორი მოდელი - TV STAR DVB-T2 516 და TV STAR DVB-T2 525. პირველ მათგანს, რომელიც შედარებით იაფი, 55 - 60 ლარი ღირს, არ აქვს RCA კაბელის შესაერთებელი. RCA იგივე სამფერიანი კაბელია, რომელსაც მოსახლეობა „ტულპანებს“ ეძახის. სწორედ ამგვარი კაბელი სჭირდება ძველ ტელევიზორებს „სეტ ტოპ ბოქსის“ მისაერთებლად (დაახლოებით 1-2 ლარად მომხმარებელმა შესაძლოა შეიძინოს SCART-ის სამფერა კაბელზე გადამყვანი მოწყობილობა). აღნიშნულ მოწყობილობას აქვს ასევე HDMI გამოსასვლელი ახალი ტელევიზორებისთვის ამგვარი კაბელით მისაერთებლად. TV Star-ის „სეტ ტოპ ბოქსებს“ მართალია HDMI კაბელის შესაერთებელი აქვს, თუმცა ეს კაბელი არ მოჰყვება და მისი შეძენა მომხმარებელს ცალკე მოუწევს.


შედარებით ძვირი - 60-ლარი ღირს მეორე მოდელი TV STAR DVB-T2 525, რომელსაც TV Scart-ის შეერთების შესაძლებლობაც აქვს, სამფერიანი (RCA) კაბელი არც მას უერთდება პირდაპირ, ამისთვის მომხმარებელს დამატებითი გადამყვანი დასჭირდება. გადამყვანის ფასი დაახლოებით ერთი ლარია.


TV Star-ის მიერ წარმოებული სეტ ტოპ ბოქსების დისტრიბუტორი საქართველოში კომპანია accdistribution-ია. მათ მიერ IDFI-სთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, შემოტანილი აქვთ ოთხი ტიპის რესივერი -


TV Star DVB-T2 517
TV Star DVB-T2 516
TV Star DVB-T2 525
TV Star DVB-T2 525+Dolby

 

 

სამ მოდელს გააჩნია ქართული მენიუ და ინსტრუქცია. კომპანიის მიერ მოწოდებული მონაცემებით დღემდე ბაზარზე შემოტანილი აქვს 62 340 ცალი სეტ ტოპ ბოქსი. 17 ივნისამდე კი დამატებით 133 368 ცალის შემოტანას გეგმავს. საგარანტიო ვადა პროდუქტზე არის 12 თვე, სერვის ცენტრში მიღებიდან 24 საათში ნივთი იცვლება ან შეკეთდება.


საცალო ბაზარზე განთავსდება ასევე ქართულ - აზერბაიჯანული კომპანია „AG მიკროელექტრონიქსი“-ს მიერ საქართველოში დამზადებული სეთ-ტოპ-ბოქსები. კომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით 23 ათასი ცალი რესივერს უახლოეს პერიოდში გამოუშვებენ საცალო ვაჭრობის ქსელში.


„კიდობანში“ 65 ლარი ღირს Eurostar-ის მიერ წარმოებული სეტ ტოპ ბოქსები, რომელსაც უერთდება RCA კაბელი, აქვე იყიდება უფრო ძვირადღირებული „სეტ ტოპ ბოქსები“, რომელთა ფასი 70-80 ლარია.


„კიდობანში“ განთავსებული მაღაზიების თქმით, გეგმავენ უახლოეს დღეებში შემოიტანონ Eurostar-ის მიერ წარმოებული უფრო იაფიანი რესივერები, რომელსაც ქართულ ენაზე ინსტრუქცია და RCA კაბელის გადამყვანის გარეშე მიერთების საშუალებაც ექნება.


„კიდობანის“ მსგავსად ეწ „ლილოს ბაზრობაზეც“ ძირითადად Eurostar-ის სეტ ტოპ ბოქსები იყიდება. მისი ღირებულება უფრო იაფი, 65 ლარია. როგორც დისტრიბუტორები აღნიშნავენ, მოქალაქეები ინტერესდებიან აღნიშნული ტექნიკით, რამდენიმე მაღაზიის წარმომადგენელის თქმით, ბოლო ორ კვირაში დაახლოებით 70 ცალი გაყიდეს. საბითუმო მიმწოდებლის თქმით, ამჟამად საწყობში 200 ცალი „სეტ ტობ ბოქსია“ განთავსებული, რომელიც შემდეგ „ლილო მოლის“ საცალო მოვაჭრეებთან რიგდება. მომავალ კვირას კი ელოდებიან ახალი პარტიის შემოტანას დუბაიდან.


ზემოთ აღნიშნული TV Star-ის ფირმის „სეტ ტოპ ბოქსები“ იყიდება ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტექნიკის მაღაზიებში - „ახალი ელექტრონიქსი“ და „ახალი ტექნიკა“. რესივერის ფასი აქ 60 ლარია.


ყველაზე ძვირადღირებული Sven-ის ფირმის „სეტ ტოპ ბოქსებს“ (ხელმისაწვდომია „არაი თუმოროუს“ მაღაზიებში), რომლის ფასი 95 ლარია, მოჰყვება როგორც სამფერიანი (RCA) ასევე HDMI მისაერთებელი. თუმცა მაღაზიის წარმომადგენელთა განცხადებით, მარაგი ამ ეტაპზე ამოწურულია.


2015 წლის 2 ივნისის მდგომარეობით, „სეტ ტოპ ბოქსები“ არ იყიდებოდა ტექნიკის ისეთ მსხვილ დისტრიბუტორებთან როგორიცაა „ტექნობუმი“, „სმაილი“, „ალტა“, „ოქეი“, „გალაქსი“.


 

ციფრული სიგნალის მიმღები მოწყობილობების კონცენტრაციის საკითხი რეგიონებშიც გამოიკითხა. მაღაზიათა ქსელის „ბეკოს“ განცხადებით, 12 ივნისისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით გაიყიდება მათ ქსელში „სეტ ტოპ ბოქსები“.


TV star-ის მიერ წარმოებული „სეტ ტოპ ბოქსების“ რეალიზაცია ზუგდიდში ადგილობრივმა ტელეკომპანია „ოდიშმა“ დაიწყო და მისი შეძენა ამ მაუწყებელთან არის შესაძლებელი. მათი ცნობით, დღეში 30-50 ცალი იყიდება.


ბათუმში მაღაზია „KTM ელექტრონიქსში“ არის შესაძლებელი „სეტ ტოპ ბოქსის“ ყიდვა. მისი ფასი 55 ლარია. ოზურგეთში სამ მაღაზიაში იყიდება აღნიშნული მოწყობილობა. მათი საერთო რაოდენობა დაახლოებით 150 ცალია. რესივერს არ მოჰყვება ტელევიზორთან მისაერთებელი კაბელები. TV Star-ის მიერ წარმოებული „სეტ ტოპ ბოქსები“ იყიდება გურჯაანშიც. მისი შეძენა „ელიტ ელექტრონიქსისა“ და „ბეკოს“ მაღაზიებში არის შესაძლებელი.


ადგილობრივების ცნობით, „სეტ ტოპ ბოქსები“ არსად იყიდება ფოთში, ზესტაფონში, ჩხოროწყუში, ჭიათურასა და ახალციხეში. სხვა გეოგრაფიულ წერტილებში ჩვენი ორგანიზაციის მიერ მონიტორინგი არ განხორციელებულა.


ნებისმიერი ტიპის „სეტ ტოპ ბოქსის“ შეძენისას აუცილებელია მომხმარებელმა მოითხოვოს:


- „სეტ ტოპ ბოქსის“ შემოწმება ადგილზე - მოწყობილობა უნდა იჭერდეს ქართულ არხებს და უნდა ჰქონდეს მეტრულ და დეციმეტრულ დიაპაზონებში სიგნალის მიღების შესაძლებლობა;
- დამატებითი კაბელების მიერთება და მისი შემოწმება - „სეტ ტოპ ბოქსს“ არჩევისას მომხმარებელი უნდა დარწმუნდეს, რომ სწორად შეარჩია ის კაბელი, რაც მის ტელევიზორს „სეტ ტოპ ბოქსთან“ დააკავშირებს. ასეთი სულ სამი ტიპის კაბელია - RCA (სამფერიანი, მოძველებული ტელევიზორებისთვის), HDMI (თანამედროვე ტელევიზორებისთვის) და Scart გადამყვანი. ადგილზევე უნდა მოხდეს გადამყვანი მოწყობილობების შეძენა და გატესტვა.


დეტალური ინფორმაციისთვის მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს ცხელ ხაზზე - 1480.

 

 

წყარო: idfi.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2981
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია