საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
განსხვავებული აზრი
ქუთაისის ხელისუფლებას სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ბუნტის ეშინია!
2015/06/03 02:30:19

მწერალი ცირა ყურაშვილი ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკის იმ კომისიის ერთ-ერთი წევრი გახლდათ, რომელმაც ხმათა უმრავლესობით ბიბლიოთეკას სამეცნიეროს ნაცვლად, საჯარო სტატუსი მიანიჭა. თუმცა, ქალბატონ ცირას კომისიის ამ გადაწყვეტილებისათვის ხმა არ მიუცია. მან ჩვენი რედაქციის თხოვნით, თავისი პოზიცია და დამოკიდებულება ბიბლიოთეკის ირგვლივ ბოლო დროს შექმნილი  საკმაოდ უარყოფითი სიტუაციის შესახებ, ვრცლად განმარტა და წერილობით მოგვაწოდა, რასაც უცვლელად გთავაზობთ. აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე გამოქვეყნებული გვქონდა პოზიტიური პოზიცია.http://www.psnews.ge/index.php?m=68&news_id=58195 . ამჯერად კი განსხვავებულ აზრს გთავაზობთ.

 

ცირა ყურაშვილი:-სამწუხაროდ,  ჩემი დაძაბული ცხოვრებისა და შემოქმედებითი რიტმიდან გამომდინარე, სურვილის მიუხედავად, ვერასდროს მოვახერხე ვრცელი წერილის დაწერა ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკასთან დაკავშირებით და იძულებული გავხდი, მხოლოდ სოციალურ ქსელში გაკეთებული კომენტარებით, ამ ბიბლიოთეკის სახელწოდების მინიჭებისა და განვითარების კონცეფციის შემუშავებასთან დაკავშირებით შექმნილ კომისიაში მუშაობით შემოვფარგლულიყავ,  კომისიის წევრებთან მსჯელობისას  პრინციპული დამოკიდებულება  გამომეხატა, რის გამოც  არცერთ საგაზეთო თუ ინტერნეტგამოცემის ინფორმაციაში ჩემი გვარი, როგორც საბიბლიოთეკო კომისიის წევრისა,  არ გაჭაჭანებულა. თითქოს, საერთოდ არ ვარსებულიყავ. ბუნებრივია, არ თქმულა იმ პოზიციის შესახებაც, რაც გამაჩნია და რაც სწორედაც ბიბლიოთეკის თანამშრომელთა უმთავრესი ნაწილის შეხედულებასაც წარმოადგენს. სამეცნიერო ბიბლიოთეკაში მუშაობისას არცერთ თანაშრომელთან არ მქონია პირადი შეუთავსებლობა და  დიდი იყო სურვილი,  ბოლო დროს არსებულ განხეთქილებისას, რომელიმე  მხარე არ დამეჭირა, მაგრამ  ჯანსაღი პოზიციის მქონე ბიბლიოთეკართა უცნაურმა სიდინჯემ, გაუგებარმა დუმილმა, დაღლილობამ  თუ გულგრილობამ ბიბლიოთეკისა და საკუთარი ბედის მიმართ; ხოლო მათ საპირისპიროდ - არაჯანსაღი პოზიციის მქონე რამდენიმე თანამშრომლის თავგადაკლულმა ბრძოლამ პროგრესისა და განვითარების წინააღმდეგ, რაც უნდა ვაღიარო - ერთობ ეფექტური და შედეგიანი აღმოჩნდა ისეთი ქალაქისთვის, როგორიც ქუთაისია,  მაიძულა მეც, ერთ-ერთი მხარე დამეჭირა.ამჯერადაც, დიალოგში ჩართულ მოპირისპირე მხარის მიმართ კოლეგიალობისა და პატივისცემის მიუხედავად, კიდევ ერთხელ ღიად გამომაქვს ჩემი პრინციპული მოსაზრება, რაც შემდეგში მდგომარეობს:ის მიდგომა, რაც ამ ბოლო დროს ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკის პატარა ჯგუფმა დაამკვიდრა, მოკლებულია საზოგადოებრივ ნიადაგსძალიან პირადულია, ცალმხრივია, სწორხაზობრივი და მიკერძოებული.  ისტორიულ მოვლენად შერაცხული, თითქოსდა წარმატება და ვარსკვლავთცვენა, რასაც თურმე მალე მოიმკის სტატუსშეცვლილი ბიბლიოთეკა, არის სრული გულუბრყვილობა და საკითხის არსში  ჩაუხედაობა, რომ აღარაფერი ვთქვათ უფრო ქვედა ფსიქოლოგიურ შრეებზე, საიდანაც კონფლიქტური ხასიათები იკვეთებიან, პიროვნული შეურიგებლობა და შურისძიების ელემენტები იჩენენ თავს ...

საკითხის ამგვარმა დაყენებამ და მისი გატანისთვის ამ ბიბლიოთეკართა ,,თავგადადებულმა  ბრძოლამქალაქის ხელმძღვანელი პირების მხრიდან საკითხის დროულად გადაწყვეტის ნაცვლად, მისი წარმოუდგენლად გაჭიანურება, უმოქმედობა, პანიკური შიში გამოიწვია. ეს შიში  რეაქციაა ყოველგვარ არასასურველ ხმაურზე და გამოიხატება ამ ფრაზაში: ,, ნუ იქნება ოღონდ ბუნტი’’. ამან სიტუაციის დარეგულირების ნაცვლად, აშკარა წაქეზებისა და ანარქიის ფორმა შეიძინა, რამაც უკვე დიდი  ზიანი მიაყენა ჩვენი მხარის ფლაგმან ბიბლიოთეკას და ეს რღვევა, მორალური და ფსიქოლოგიური რყევები გრძელდება.  ამიტომ უნდა ვთქვა:  მხარის მთავარი ბიბლიოთეკისთვის სამეცნიერო  სტატუსის მინიჭებისას თავის დროზე და მისი შენარჩუნების გამო,  ათწლეულის განმავლობაში არავითარი კანონთან შეუსაბამობა, ან კანონდარღვევა არ ყოფილა. კანონში - ,,საბიბლიოთეკო საქმის შესახებ- მკაფიოდაა განმარტებული, რომ ბიბლიოთეკის არსი მკითხველისთვის სწორედ კულტურულ-საგანმანათლებლო, სამეცნიერო-ინფორმაციული უზრუნველყოფით, მომსახურებით ვლინდება. კომისიის სხდომებში იურისტიც იღებდა  მონაწილეობას და  დაბეჯითებით ითქვა ამის შესახებ.  ამიტომ გასაკვირია  ტყუილზე ამდენი აპელირება.  ბიბლიოთეკის სტატუსი არის ის სამართლებრივი სივრცე, რაც აწესებს საზღვრებს და იცავს საზოგადოების კულტურულ მემკვიდრეობას ისეთი არაპროგრესული გამოხდომებისგან, როგორსაც უკვე დიდი ხანია, აქვს ადგილი ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში და რასაც პატრონი არასგზით გამოუჩნდა. მერია ბიბლიოთეკის დირექტორთან უკვე მერამდენედ აფორმებს ახალ-ახალ დროებითი ხელშეკრულებას, ორ-სამ თვეში თითო-ოროლა საკომისო მუშაობაც ეწყობა, ამას რა ეფექტიც შეიძლება, ჰქონდეს, ეს თავად განსაჯეთ.

მოსაზრება - ანტონ ლორთქიფანიძის სახელი ეწოდოს სამეცნიერო ბიბლიოთეკას, გამომდინარეობს იქედან, რომ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, რომელიც ყველა კუთხით  ტონის მომცემია მთელი ქვეყნის ბიბლიოთეკებისთვის, სწორედ ილია ჭავჭავაძის სახელს ატარებს და ასეთი იდენტურობის საჭიროება არ დგას, მით უფრო, რომ ანტონ ლორთქიფანიძის სახით გვყავდა  ილიას და სამოციანელთა საგანმანათლებლო კვალზე მიმყოლი მოღვაწე და  ჩვენი ლამის საუკუნენახევრის ბიბლიოთეკა სწორედ მის ისტორიულ ქველმოქმედებაზე დგას.

ბიბლიოთეკართა  მცირე ჯგუფს უცნაური დამოკიდებულება აქვთ პროგრესსა და თანამედროვე მიმართულებებთან. უკვე ანეგდოტად დადის მათი აკრძალვები თანამშრომელთა მიმართ. სიტყვები: ,,წინსვლა და ,,პროგრესიარ ახსენოთ!“. ანუ ბიბლიოთეკის მიერ ელექტრონული კატალოგიზაცისთვის  გაწეული მუშაობა უმნიშვნელო ამბავია, ასევე - საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების ჩატარება, რომლის პარტნიორებიც ამერიკის, გერმანიის, ისრაელის, თურქეთის, პოლონეთის, ერაყის, სტამბულის, უკრაინის უნივერსიტეტები არიან; სამეცნიერო კრებულის - ,,წელიწდეულის“ 5 ტომის გამოცემაც არაფრისმთქმელი საქმიანობაა და - მთელი ის საგრანტო მუშაობაც, რომელმაც  12 პროექტის განხორციელების საშუალება მისცა, შეიქმნა უცხოენოვანი კუთხეები და საბიბლიოთეკო ქსელი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვა, ბიბლიოთეკართა კვალიფიკაციის ასამაღლებელი სამუშაო შესრულდა, ბავშვთა, უსინათლო და მხედველობადაქვეითებული მოქალაქეებისთვის სპეციალური სერვისი დაინერგა. პოლონეთში ბიბლიოთეკართა გამოცდილების მისაღებად სისტემატური კავშირებიც ამოქმედდა.იქნებ ცოტაა, სწორედაც რომ ცოტაა და განვითარების მეტი  საშუალებაა საჭირო, ამ ბიბლიოთეკისა და მისი ფილიალების ადაპტირებაა აუცილებელი თანამედროვე მოთხოვნებთან, მოქალაქეთა და მოსწავლე-ახალგაზრდობის საჭიროებებთან, წიგნადი ფონდის კიდევ უფრო გამდიდრებაა მნიშვნელოვანი, ახალი, პოლიგრაფიულად თანამედროვე  და ბიბლიოთეკისთვის უცნობი ეგზემპლარებით, რადგან ხშირია შემთხვევა, როცა ბიბლიოთეკას სტუდენტის მიერ მოთხოვნილი წიგნი არ გააჩნია. კონფლიქტურ ვითარებათა აღმოფხვრა და შრომის დისციპლინის განმტკიცებაა საჭირო, სარეაბილიტაციო სამუშაოები და ფართის დაშენება, უამრავი რამ, რასაც გონიერი, მონდომებული ხელმძღვანელობა ესაჭიროება.

ამოუწურავი მარაგი  აქვს ჩვენი ქალაქის სამეცნიერო ბიბლიოთეკას, რომლის სამომავლო სტატუსი ბიბლიოთეკართა ძირითადმა შემადგენლობამ, როცა სამეცნიერო ბიბლიოთე- კის განვითარების კონცეფცია შეიმუშავა, სწორედ ასე განსაზღვრა ,,სამეცნიერო-უნივერსა ლური ბიბლიოთეკა“. გონივრულად შემუშავებულ ამ კონცეფციას დამფუძნებლის მხრიდან გონიერი და გულისხმიერი წამკითხველი ესაჭიროება.ახლა, როცა ძალიან მოკლედ მიმოვიხილეთ ბიბლიოთეკაში არსებულ პოზიციათა ურთიერთმიმართება, ფრჩხილები უნდა გავხსნა და ვთქვა ის, რის თქმისგანაც დიდი ხანია ვიკავებ თავს: ბიბლიოთეკის ძალიან მცირე, მაგრამ განსაკუთრებულად ,,მონდომებულ’’ ბიბლიოთეკართა მიერ სამეცნიერო სტატუსის შეცვლის  მძაფრ სურვილის ქვეშ მოქცეულია პირადი შურისძიების წყურვილი, სამეცნიერო კვალიფიკაციის მქონე ხელმძღვანელთა, თანამშრომელთა მიმართ და მათდამი რწუნებულ განყოფილებათა გამოხშირვისთვის, რაც კიდევ უფრო დაადაბლებს ბიბლიოთეკის საერთო კულტურულ-ინტელექტუალურ, სამეცნიერო-ინფორმაციულ პოტენციალს და იგი თანამედროვე მზარდი განვითარების კულტურული დაწესებულებიდან ერთ რიგით  ადგილად გადაიქცევა.

თუ ამ ბიბლიოთეკართა  ბრძოლისუნარიანობას და აღებულ ტემპს მივაქცევთ ყურადღებას,  დავრწმუნდებით, რომ საქმე მხოლოდ აქეთკენ მიდის და დამფუძნებლის - ქუთაისის თვითმმართველობის მიერ შექმნილი კომისიის რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი პუნქტი, რომ სამეცნიერო ნაწილს შემცირება არ ემუქრება - ამ ფონზე გარანტიებად არ გამოდგება, როგორც სამართლებრივი ძალის არმქონე დოკუმენტი.

ადრე, როცა ეს არაპროგრესული მოძრაობა ჩანასახის მდგომარეობაში იყო, დავწერე, რომ ამ ბიბლიოთეკართა მოქმედება და მათ მიერ ბიბლიოთეკის  აღმა-დაღმა ტარების სურვილი ძალიან ჰგავდა დავით კლდიაშვილის გმირის -დარისპან ქარსიძის მიერ ქალიშვილის,კაროჟნას, გასათხოვრად სოფელ-სოფელ წოწიალს. აზრი არც ამ ბოლო დროს შემცვლია, უბრალოდ, ვითარება უფრო დამძიმდა და დაიშტამპა. გულზე მოსახვედრი შედარებაა, ვწუხვარ, ვუთანაგრძნობ, მაგრამ სიტუაცია ასეთია. ამის თქმა, როგორც ამ საბიბლიოთეკო კომისიის წევრს, მევალებოდა. ამ ჩანაწერით მოვალეობას არ ვიხდი, ბიბლიოთეკის ამჟამინდელი მდგომარეობა ძალზე მაწუხებს, მაგრამ, სამწუხაროდ,მეტი მე არაფერი შემიძლია.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2757
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია