საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„მოდინახე“ დასრულდა
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2015/06/01 12:51:44

აკაკი წერეთლის სახელობის ლიტერატურული კონკურსი „მოდინახე“ დასრულდა.

 

 „მოდინახე 2015“-ის პირველი პრიზი დაიმსახურა ისტორიული ჰერეთის მკვიდრმა ზაზა სუყაშვილმა, მეორე პრიზი ემიგრანტმა  _ იზო ცარციძემ, მესამე კი_ თელაველმა პოეტმა მარიამ კოზმანიშვილმა.

 

 გასულ წელთან შედარებით, წლევანდელი „მოდინახე“ დატვირთული იყო საექსკურსიო, თეატრალური და აუდიენციური მომენტებით.

 

„ჯორჯიან მანგანეზის“ გარდა, პრიზები დააწესეს „ფრაუბურგმა“, ქართველმა ემიგრანტებმა აშშ-დან და იტალიიდან, დავით აღმაშენებლის აკადემიამ, საქართველოს ქალთა საბჭომ, „მე დავბრუნდები“-მ, „მედიჰაუსმა“.

 

პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები იყვნენ სამაუწყებლო კომპანია „იმერვიზია“, გაზეთები „პოსტკრიპტუმი“, „საჩხერე“ და „ინდუსტრიული მაცნე“, საინფორმაციო პორტალი psnews.ge.

 

პროექტის დასასრულს საპატიო სტუმრებმა და ფინალისტებმა ჭიათურის დრამატულ თეატრში იხილეს „ლამბალო და ყაშა“. სპეკტაკლი ამერიკელმა ემიგრანტებმა შეიძინეს საჩხერე-ჭიათურის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისათვის და კონკურსის მონაწილეებისათვის.

 

როგორც პროექტის ძირითადი სპონსორის, „ჯორჯიან მანგანეზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა, ზაქარია ზალიკაშვილმა განაცხადა, პროექტს მომავალ წელსაც დაუჭერენ მხარს. მან, ფულადი პრიზების გარდა, სამახსოვრო სიგელები გადასცა ყველა მონაწილეს.

 

10 ფინალისტიდან 2 ემიგრანტი აღმოჩნდა, მათ შორის, წარმოშობით ჭიათურელი იზო ცარციძე, რომელიც ამჟამად ესტონეთში ცხოვრობს, თავისი ფულადი პრიზი მისი სურვილით ორად გაიყო და ქველმოქმედებას მოხმარდა. მეორე ფინალისტი, მაკა კარტაიზერი, ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს და დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო მისი ვაჟი, რომელსაც „მე დავბრუნდები“-მ გადასცა აკადემიური გამოცემა საქართველოს შესახებ სიმბოლური სამკერდე ნიშნის თანხლებით.

 

დავით აღმაშენებლის აკადემიის რექტორმა ნანა ჯიქიამ მომდევნო წლისათვის გაცილებით მეტ თანადგომას დაჰპირდა კონკურსს და მის ყველა მხარდამჭერს სპეციალური სიგელები გადასცა, მათ შორის, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელს, სულხან მახათაძესაც (მუნიციპალიტეტმა, სიმპატიის პრიზის გარდა, გამოყო ტრანსპორტი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ემსახურებოდა ფინალისტებს).

 

 

 

 

კონკურსის გამარჯვებულის, ზაზა სუყაშვილის ლექსი

 

სოფელში


სახლები ხეობაში ქალწულის ჭორფლებია, 
ხევები ცრემლებივით ჩადიან ნიკაპისკენ... 
თენდება... პირმშოსავით მზეს წოვენ სოფლები და 
ღრუბელი სახელოებს მთის წვერზე იკაპიწებს.

ბავშვობა იმზირება ნაცნობი ქოხებიდან, 
დავდივარ, ვხეტიალობ, ვიხსენებ თანატოლებს. 
ამ ტყესთან ვთამაშობდით, გაფრინდნენ ხოხბები და 
ის ტკბილი სიყმაწვილეც ხოხბის ფრთებს გავაყოლეთ!

მივდივარ წყაროსთან და გამხმარი მურყნებია 
(აქ ხშირად ვქანაობდით დაწნული ბურზღუნებით*), 
დამსხდარან ბეღურები, ხეები უყვებიან 
ერთ დროს რომ ფუტკრებივით მინდვრებში ვზუზუნებდით.

მთვარეზე დაკიდული ჩამწყდარა საქანელა, 
ეკლებით დაფარულან პატარა კუნძულები!.. 
ვბრუნდები ნაღვლიანი სოფელში, სადაც ნელა 
დადიან ქალწულები - შევსილი ძუძუებით.

რამდენი გოგო-ბიჭი წასულა სოფლებიდან! 
ბავშვობის მოგონება თვალებში გამეყინა... 
აღარ ჩანს ის გოგონა, რომელიც კოპლებიან 
კაბაში დავინახე, შეცბა და გამიღიმა....

სახლები ხეობაში ქალწულის ჭორფლებია, 
ხევები ცრემლებივით ჩადიან ნიკაპისკენ... 
თენდება... პირმშოსავით მზეს წოვენ სოფლები და 
ღრუბელი სახელოებს მთის წვერზე იკაპიწებს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4034
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია