საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერი ქალაქში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნის მოთხოვნას უერთდება
2015/05/24 00:09:06

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსებასთან დაკავშირებით სპეციალური საბჭო იქმნება, რომლის მიზანია, ფონდ "ქართუს" დაუდოს დასაბუთებული არგუმენტები, თუ რატომ უნდა დაარსდეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ქუთაისში და არა თბილისში. ამ ინფორმაციას http://commersant.ge ავრცელებს.


საბჭოში შევლენ პროფესორ მასწავლებლები და სხვადასხვა დარგის სპეციალისტები. 


ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მომხრეთა საინიციატივო ჯგუფი ქალაქის მერს შეხვდა. როგორც ჯგუფის წარმომადგენელმა მალხაზ ფხაკაძემ გვაცნობა, შოთა მურღულიასგან მხარდაჭერა მიიღეს. მერმა მათ უთხრა, რომ იზიარებს ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნის იდეას, თუმცა აუცილებელია საფუძვლიანი დასაბუთების მომზადება, თუ რატომ უნდა გაიხსნას ამ პროფილისა და მასშტაბის უნივერსიტეტი სწორედ ქუთაისში.

 

რაც შეეხება პოლიტსაბჭოს, რომელზეც, პრემიერმინისტრის დაპირების თანახმად, აღნიშნული საკითხი უნდა გავიდეს, ფხაკაძის ინფორმაციით, საბჭოს ბოლო სხდომას ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გუბაზ სანიკიძე ესწრებოდა, თუმცა დეპუტატისგან ინფორმაციის მიღება აქტივისტებმა ამ დრომდე ვერ შეძლეს.

 

ასევე ვერ მოხერხდა მხარის გუბერნატორთან შეხვედრა.

ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნის საკითხით რამდენიმე დღის წინ პირადად პრემიერი დაინტერესდა და საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრაზე გამოვიდა ინიციატივით, მთავრობა ამ საკითხს მიუბრუნდეს თუნდაც პოლიტსაბჭოს რეჟიმში. 

 

პრემიერს „ქართული ოცნების“ დაპირების შესახებ, ქუთაისს საუნივერსიტეტო ქალაქის სტატუსი მიენიჭოს, უმრავლესობის წევრმა და ქალაქის მაჟორიტარმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ შეახსენა. 

 

მისი თქმით, კოალიცია ქუთაისის მოსახლეობას დაპირდა ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსებას და ქართული ოცნების ხელისუფლებამ პასუხი უნდა გასცეს მოსახლეობას.

 

ამ თემაზე „კომერსანტმა“ რამდენიმე სტატია გამოაქვეყნა, რომლის საშუალებითაც საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებებს, ასევე ფონდ „ქართუსა“ და ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილს მიმართავდნენ მოწოდებით, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტი, რომელსაც „ქართუ“ თბილისში ახორციელებს, ქუთაისში იქნას გადატანილი. 


უმრავლესობის წევრებთან, მათ შორის გუბაზ სანიკიძესთან დაკავშირება საინიციატივო ჯგუფის მსგავსად, ვერც „კომერსანტმა“ მოახერხა. 


წინასაარჩევნო პერიოდში, 2012 წელს, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქად ქცევის დაპირება ქუთაისელებს ბიძინა ივანიშვილმა მისცა.  „ქუთაისში დავაარსებთ საუნივერსიტეტო ქალაქს, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინფრასტრუქტურით. რომელსაც ისეთი მნიშვნელობა ექნება საქართველოში, როგორც გელათის აკადემიას ქონდა დავით აღმაშენებლის დროს,“ – განაცხადა ივანიშვილმა მაშინ, ქუთაისში გამართულ აქციაზე. 

 


 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2066
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია