დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სკვერის „რიოფენი“ საჩხერულად
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2015/05/22 14:01:32

ანუ ხომ არ გაიხსნება მუხრანის სახელობის სკვერი მესამედ?

 

რა იქმნება სახელმწიფოში ისეთი, რაც ქვეყანას წაადგება? ძალიან ბევრი რამ, თუმცა, ზოგჯერ ისეთ ფაქტს წააწყდები, რომლის შინაარსობრივი მხარე ძალიან მოგაგონებთ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ძეგლთა „მიმოსლვას“. ერთმა ენაკვიმატმა, იმასთან დაკავშირებით, რაც საჩხერეში ცოტა ხნის წინ მოხდა, თქვა: „ნაცმოძის“ დროს გეოგრაფია მაინც იყო უფრო მასშტაბური, ახლა ლოკალურად ხდება  ძეგლების მოძრაობაო.

 

 რამდენიმე დღის წინათ psnews.ge-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია საჩხერეში მუხრან მაჭავარიანის სკვერის მეორედ გახსნის შესახებ. ამ მცირე ინფორმაციამ, როგორც ჩანს, სამზეოზე ბევრი რამ გამოიტანა. ყველაზე უკეთ კი მაინც ის გამოჩნდა, რომ რესპუბლიკელი ინგა ზაბახიძის „ახირებით“ ქალაქში დაწყებული პროექტები, რომელიც ადრე არ მოსწონდათ, ახლა საზეიმო აღტაცების საგანი გახდა. გაოცება ვერ დამალა ბევრმა საჩხერელმა, რომ „რიოფენზე“ მაჟორიტარი დეპუტატიც იხილეს. ბუნებრივია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს დრო მცირე აქვს და ვერც ხშირად ჩააკითხავს ამომრჩეველს, მაგრამ მას, წესით, ინფორმაცია უნდა ჰქონოდა, რომ მუხრანის სახელობის სკვერი მოქმედი იყო და რამდენიმე დეკორატიული ელემენტის დამატების ან გამოკლებისას, სკვერის მეორედ გახსნა ხელისუფლების იმიჯზე უარყოფითად იმოქმედებდა.

 

სოციალურ ქსელში ამაზე ფატი დავითულიანმა დაწერა: „ინგა (საუბარია ი. ზაბახიძეზე, რომელიც საჩხერის საკრებულოს წინა წლებში ხელმძღვანელობდა), მაგ სკვერის და მუხრანის ბიუსტის გახსნას შეალიე ყველაფერი 2 წლის წინ და პარლამენტის ვიცე-სპიკერი მეორედ ხსნის? რა სამარცხვინოა! განსაკუთრებით საჩხერეში მცხოვრებთა მიმართ უპატივცემულობა და თვალში ნაცრის შეყრაა!

 

რაც შეეხება თავად ინგა ზაბახიძეს, ის მაინც ვერ გადაურჩა კრიტიკას სოციალურ ქსელშივე: „აკაკის, პაოლოს და მუხრანის მშობელ რაიონში, სადაც ჩვიდმეტ წლამდე ვიზრდებოდი, რატომ იყო დომხალი, ქალბატონო ინგა, თქვენი საკრებულოს თავჯდომარეობის დროს, თქვენი მოადგილის, უწიგნური ზურა იაშვილის, მხრიდან?  რატომ გასცემდა საკუთრების მოწმობებს ერთ ღამეში აშენებულ“ დაუმთავრებელ შენობებზე? როდესაც იმ სოფლის არც ერთი მაცხოვრებელი არ ამოწმებდა ნოტარიალურად მიწის ფაქტიურ მფლობელობაში ფლობას, რატომ იღებდნენ ასეთ საბუთებს სახელმძღვანელოდ? პირველი ინსტანციის სასამართლო ადვოკატების გარეშე მოვუგე საჩხერის საკრებულოს, ახლა შემდგომში გაასაჩივრეს. სანამ ადმინისტრაციულ საჩივარს შემოვიტანდი, პიროვნულად შევხვდი საკრებულოს თავჯდომარესაც და მის მოადგილესაც. დახმარება და გვერდში დგომა აღმითქვეს. შემდგომ როდესაც წერილობით მივმართე, სასამართლოში გადამამისამართეს, დარღვევა ვერ აღმოვაჩინეთო. საჩხერის სასამართლომ დაავალა დღევანდელ საკრებულოს, ახლიდან შეესწავლა აღნიშნული საკითხი და გაეუქმებინა წინა საკრებულოს გადაწყვეტილება. უწიგნურ ამზომელ მიხეილ აბრამიშვილს ჰქონდა პირადი დაინტერესება ჩემს ნაკვეთზე. ახლანდელი საკრებულო მიხეილ აბრამიშვილის გარშემოა აწყობილი, რომ კვლავ არათანმიმდევრული ნაბიჯებით აგრძელებს მუშაობას? ყველა გლეი სასამართლოში, ხომ ვერ წავა. საჩხერის საკრებულოს სამართლიანობის აღდგენა განსხვავებულად ესმით, თუ კანონები იკითხება შებრუნებულად მანდ?“ _ იკითხა ნიკოლოზ კიკნაველიძემ, რომელიც საქართველოში ცნობილი აგრარიკოსია და მიწათსარგებლობის საკითხებზე მას უამრავი ადამიანი რჩევას ეკითხება.

 

კიკნაველიძის კითხვაზე ინგა ზაბახიძემ ასეთი პასუხი გასცა: „იაშვილის საქმე პროკურატურას გადაეცა და ყველაფერი გაირკვევა“.

 

საინტერესოა საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის, მალხაზ ბაზაძის, კომენტარი ჩვენ მიერ გამოქვეყნებულ მცირე მასალაზე, რომლის კორექტირებულ ვერსიასაც აქვე წარმოგიდგენთ:

ჯერ კიდევ დაუმთავრებელ სკვერზე ასეთი საუბარი, ვფიქრობ, რომ ოჯახის შეურაცხყოფაა, რომ აღარაფერი ვთქვათ საჩხერესა და საჩხერლებზე. აღნიშნული სკვერის დაგეგმარება კარგი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ, საბოლოოდ, ჯერ კიდევ არაა სრულყოფილად დასრულებული. დღეს არსებული კვარცხლბეკი ოჯახის ინიციატივით შეიცვალა გოგი ჟღენტის თანადგომით და ასევე დაემატა კედელზე არსებული ლექსები. შეიღება კედლები. სკვერზე შესასრულებელ სამუშაოებზე საკმაოდ დიდ პრობლემებსაც შევხვდით, რადგან ტენდერში თავდაპირველად არ იყო გათვალისწინებული ზოგიერთი სამუშაოების შესრულება, რაზედაც პრემიერ-მინისტრის დახმარებაც კი დაგვჭირდა. დიდ მადლობას ვუხდი მე პირადად აღნიშნული პროექტის წამოწყებისათვის ყველას და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თუ ვინმემ არ დაიწყო პროექტების განხორციელება, ვერც ვერავინ ვერ დაასრულებს. გამომდინარე აქიდან, ჩემი თხოვნაა ყველას მიმართ, ერთმანეთს დავუდგეთ გვერდში და ერთად ვაკეთოთ ყოველივე კეთილი საქმე მუნიციპალიტეტისთვის და ქვეყნისთვის.

 

 ვფიქრობ, რომ ოჯახის შეურაცხყოფა, ისევე, როგორ საჩხერლებისა, news-ში არ ყოფილა, თორემ ამაზე პასუხს ვაგებდით როგორც ჟურნალისტი, ასევე _ რედაქცია, მაგრამ რიტორიკულ კითხვას დავსვამ აქვე: ბატონო მალხაზ, ჯერ კიდევ თუ არ დასრულებულა ეს სკვერი, რატომ გაიხსნა? ის ისედაც იყო მოქმედი აქამდე და ახლა მესამედაც უნდა გაიხსნას, თუ როგორ იქნება საქმე?

 

მაკა გვარამია, მ. მაჭავარიანის ოჯახის ახლობლის სტატუსით ასეთ რამეს წერს: მეცინება უკვე, ოღონდ მართლა, რა მნიშვნელობა აქვს ვინ დაიწყო, ვინ დაამთავრა, ერთი ფაქტია, რომ გაკეთდა და კარგი საქმე. მე, პირადად როგორც ოჯახის ახლობელი და ნათესავი, დაწყებითაც კმაყოფილი ვარ და დასრულებითაც .ცოტა უხერხულია უკვე ეს ყველაფერი, საქმე მადლიანად უნდა გაკეთდეს, მარილი მოაყარეთ. ძალიან შეურაცხმყოფელია ამაზე დავა ოჯახისთვის და ერისთვის!

 

საჭიროდ არ ჩავთვალეთ, რომ გვეკითხა ადგილობრივი მოსახლეობისათვის, იყო თუ არა მუხრანის სკვერის გახსნა მეორეჯერადი, რადგან პასუხი იქნებოდა აუცილებლად დადებითი. სამწუხაროა, რომ იმერეთის გუბერნატორიც არ იქნა ინფორმირებული სწორად და მის ოფიციალურ გვერდზე 18 მაისს, 15.23 წუთზე, „რიოფენიდან“ ერთი დღის შემდეგ ასეთი მასალა გამოქვეყნდა: „მუხრან მაჭავარიანის გარდაცვალებიდან ხუთი წლისთავთან დაკავშირებით პოეტის მშობლიურ სოფელ არგვეთში სახლმუზეუმი გაიხსნა, სადაც ახალგაზრდების მონაწილეობით კონცერტიც გაიმართა და მუხრან მაჭავარიანის შემოქმედება გაცოცხლდა. დღესვე, საჩხერის ცენტრში მუხრან მაჭავარიანის სახელობის სკვერი და ბიუსტი გაიხსნა. ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულიგუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, მაჟორიტარი დეპუტატი მანანა კობახიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ news-ის გამოქვეყნების შემდეგ უცნობმა დამირეკა და დამეკითხა, თუ როდის გაიხსნა პირველად მ. მაჭავარიანის სკვერი. მას დელიკატურად ვუთხარი, რომ აღნიშნულზე რედაქცია გასცემდა პასუხს, თუმცა, აქვე ვუპასუხებთ: მ. მაჭავარიანის სკვერი გაიხსნა მაშინ, როცა იქ უკვე დაიდგა ბიუსტი, მოეწყო ძელსკამები და განათება (სამწუხაროდ, რიცხვი არ მახსოვს). დეტალების დამატება-გამოკლება არ ნიშნავს, რომ სკვერი კვლავ უნდა გახსნილიყო. ასეთ შემთხვევაში, წარმოიდგინეთ, ეიფელის კოშკის რამდენი გახსნის მოწმე გახდებოდა მსოფლიო?

 

ყველაზე კარგი ის იქნებოდა, თუ ღონისძიება გაიმართებოდა დიდი პოეტის გარდაცვალებიდან 5 წლისთავის სახელით. ჩემი მოკრძალებული აზრით,  ზაბახიძის დაწყებული პროექტების „გადასახელება“ არასწორი ნაბიჯია. იყო დრო, როცა ზაბახიძეზე ჩურჩულებდნენ, რომ მას სურდა საჩხერის ისტორიაში დარჩენილიყო მეორე ელისაბედ წულუკიძე-წერეთლად ან ნათელა წერეთლად, რასაც „ვერ მიართმევდნენ“. ამ საკითხზე ცალკე შეიძლება მასალის გამოქვეყნება, მათ შორის ფონდ „მოდინახეში“ როგორ დააწყებინა საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ ძმისშვილს მუშაობა, თუ არ ვცდები, 130 ლარიან პოზიციაზე. მოდინახის აღდგენის საკითხი ცალკე თემაა, რომელიც ისევ „მეხდასაცემ რესპუბლიკელს“ უკავშირდება ისევე, როგორც  „ნაბერეჟნის“ კეთილმოწყობა ან აკაკის სილუეტის (აწ უკვე ჩამქრალის) განათება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2477
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია