საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ნინო გოგუაძე: „ამ საზოგადოებაში ქალი ნაკლებად ადამიანია, ვიდრე – კაცი“
2015/05/16 11:52:36

ნინო გოგუაძე,  საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი პარტია „თავისუფალი დემოკრატებიდან“. დაბადებული 1958 წლის 11 თებერვალს. პროფესიით ქიმიკოსი.  სხვადასხვა დროს მუშაობდა არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში, სამედიცინო აკადემიასა და განათლების სამინისტროში. 2008 წლიდან არის ირაკლი ალასანიას პოლიტიკური გუნდის წევრი.


2014 წლის 17 აპრილს, საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას  ნინო გოგუაძემ ასეთი რამ თქვა: „კარგად უნდა გავიგოთ, რომ ყოველი ჩვენგანი უმცირესობაა, რადგან ერთია და ერთადერთი. თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფოს მთავარი ღირებულება კი არის სწორედ ეს მთავარი უმცირესობა, ეს უკიდურესი უმცირესობა ანუ ყოველი ჩვენგანი.  იქ, სადაც ადამიანს მეორე ხარისხოვანი როლი აქვს მინიჭებული,  ასეთ სახელმწიფოში ტოტალიტარული სახელმწიფო და ჩაკეტილი, იდეოლოგიზირებული საზოგადოება ვითარდება“. ამ სიტყვების ავტორი, პოლიტიკოსი  პარტია „თავისუფალი დემოკრატებიდან“ -  ნინო გოგუაძე საუბრობს საქართველოში  ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე, პოლიტიკაში ქალის როლსა და საკუთარ გამოცდილებაზე, ფემინიზმსა და კვოტების საჭიროებაზე.

 

ჰბფ: რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში მოსვლა - მიატოვეთ თქვენი ძირითადი პროფესია - ქიმიკოსობა და  არჩევანი პოლიტიკის სასარგებლოდ გააკეთეთ?


- ეს ასე ერთბაშად არ მომხდარა, რომ ერთ დღეს ავდექი და პოლიტიკაში წავედი. ყოველთვის აქტიური მოქალაქე ვიყავი და ჩემი აზრით, როგორც მოქალაქე ყოველთვის ვებრძოდი უსამართლობას.  პირველი აქცია, რომელშიც მონაწილეობა მივიღე,  საბჭოთა პერიოდში, ქართული ენის დასაცავად გამართული 14 აპრილის აქცია იყო, მაშინ პირველკურსელი ვიყავი, პროტესტის გამოხატვა კი იმ დროს ასე ადვილი არ იყო. მახსოვს ის განცდა, როცა ჩვენი მოთხოვნა დააკმაყოფილეს, სახლში წასვლა აღარ გვინდოდა. თითქოს გვეგონა, რომ მსოფლიოს გადატრიალება შეგვეძლო. მას შემდეგ არაერთ სხვა აქციაშიც მიმიღია მონაწილეობა, როცა ვფიქრობდი, რომ ასე უსამართლობას ვებრძოდი. თუმცა ამ აქციებში პოლიტიკის გამო არ მივდიოდი, ჩემთვის ეს იყო მოქალაქეობრივი პოზიციის გამოხატვის საშუალება. ხშირად უთქვამთ, იმათთან როგორ დგახარ, ამათთან როგორ დგახარო,  მაგრამ მე ყოველთვის ვიცოდი რას ვაპროტესტებდი. ასე იყო ვარდების რევოლუციის შემდეგაც. ვიყავი 7 ნოემბრის აქციაზეც. სანდრო გირგვლიანის საქმის შემდეგ, ფაქტობრივად ყველა აქციაზე დავდიოდი. პარალელურად იყო ჩემი სამსახური - ჯერ არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი, სადაც ქიმიკოსად ვმუშაობდი, შემდეგ სამედიცინო აკადემია, სადაც ლექციებს ვკითხულობდი,  ვიმუშავე განათლების სამინისტროში, განათლების გარდაქმნისა და განმტკიცების პროექტის ფარგლებში.  აგვისტოს ომის პერიოდიში, ირაკლი ალასანიას პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ, მის გუნდში ყოფნა შემომთავაზეს. მართალი გითხრათ, პოლიტიკაში წასვლაზე  არასოდეს მიფიქრია. შეიძლება იმიტომ, რომ  თავისუფლება მიყვარს, პოლიტიკური პარტიაში ყოფნა  კი ჩემთვის მაინც ჩარჩოებში მოქცევას ნიშნავს, თუმცა, როცა პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და ყოფილმა დიპლომატმა ლევან მიქელაძემ ეს წინადადება შემომთავაზა, დავფიქრდი და მივხვდი, რომ ამ შემოთავაზებაზე უარის თქმა უკან დახევას ნიშნავდა. სწორედ ამიტომ, ბრძოლის ველიდან რომ არ გავქცეულიყავი, დავთანხმდი.  მაშინ, ალასანიას გუნდში რვანი ვიყავით - შვიდი მამაკაცი და მე, ერთი ქალი. ასე მოვედი პოლიტიკაში.

 

ჰბფ: პოლიტიკამ თქვენი ცხოვრება შეცვალა?


- ძალიან არა. ალბათ იმიტომ, რომ  მანამდეც აქტიური ადამიანი ვიყავი და ის პრობლემები, რასაც დღესაც ვეხმიანები, მაშინაც მაწუხებდა. ჩემთვის პოლიტიკაში ყოფნა ბუნებრივი მდგომარეობა აღმოჩნდა, რადგან ყოველთვის ვლაპარაკობ იმას, რისიც მჯერა, ვებრძვი იმას, რასთანაც დაპირისპირება ჩემთვის არსებითია. შეიცვალა იმ თვალსაზრისით, რომ ეს უკვე პროფესია გახდა და დრო მომაკლო - მეგობრების სანახავად, წიგნების წასაკითხად, ფეხბურთის საყურებლად, რაც ძალიან მიყვარს.

 

ჰბფ: ქალთა პრობლემებზე პოლიტიკაში მოსვლამდე თუ გიფიქრიათ?


- ასე გიპასუხებთ - მე არ მეგონა, რომ ამ ქვეყანაში არსებობდა ქალების პრობლემა, რომლის წინაშეც მე აღმოვჩნდი, რადგან ჩემს გარემოცვაში, ჩემს ოჯახში მსგავსი არაფერი მსმენია. ქალთა მიმართ ძალადობაზე ვლაპარაკობ. მაგრამ, როგორც კი აღმოვჩნდი პოლიტიკაში,  გავედი რეგიონებში და შევხვდი ქალებს, უცებ აღმოვაჩინე, რომ ამ ქვეყანაში, რაც არ უნდა თავი მოგვწონდეს როგორც ცივილიზებულ და 21-ე საუკუნის ერს,  რომელსაც თავი მოაქვს  ამხელა კულტურის ერად, რაც არ უნდა ხშირად ვახსენოთ შოთა რუსთაველი და თამარ მეფე და „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია“, აღმოჩნდა, რომ ამ საზოგადოებაში ქალების პრობლემა ყოფილა - დიახაც, ფუნდამენტური პრობლემა. ეს არის ის საკითხი, რომელიც მე სამწუხაროდ, თავის დროზე გამომრჩა. განსაკუთრებით შემაძრწუნებელი აღმოჩნდა გასული წლის შემოდგომა, როცა  ქვეყანას ძალადობის საოცარმა ტალღამ გადაუარა, როცა ყოველდღე გვესმოდა, რომ ვიღაც მამაკაცი, ქმარი თუ ყოფილი ქმარი, კლავდა ცოლს. კიდევ უფრო გამაოგნებელი იყო თანმდევი შეფასებები, რომ თურმე, ეს ოჯახური პრობლემა იყო და მასში არავინ უნდა ჩარეულიყო. ეს არის კატასტროფა. აქედან მე მივხვდი, რომ ამ საზოგადოებაში ქალი ნაკლებად ადამიანია ვიდრე კაცი, ვიღაცის ცოლი კიდევ უფრო ნაკლებად ადამიანია, ვიდრე ქალი ზოგადად, რადგანაც ვიღაცის ცოლი აღიქმება ვიღაცის საკუთრებად და ეს არის სწორედ ფუნდამენტური ღირებულებითი პრობლემა, რომელიც უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენს საზოგადოებაში არსებობს.


ჰბფ: ამ ამბის გაგებამ თუ შეცვალა თქვენი პრიორიტეტები, დამოკიდებულებები ქალთა პრობლემატიკის მიმართ? თუნდაც დღეს ამ მხრივ თუ მუშაობთ, რა კონკრეტულ ნაბიჯებს დგამთ თქვენ პირადად?


- ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებები ზოგადად, და ქალის უფლებებიც, რასაკვირველია. ვერ ვიტყვი ასე ცალსახად, რომ ფემინისტი ვარ, რადგან ეს მაინც ნიშნავს კონცენტრირებას მხოლოდ ქალთა უფლებებზე. ჩემთვის ზოგადად ადამიანია ამოსავალი. მე ვფიქრობ, რომ საქართველოში ჯერ სახელები უნდა დავარქვათ პრობლემებს, რასაც ამ ქვეყანაში, როგორც წესი,  ძალიან გაურბიან ხოლმე, თითქოს ჰგონიათ, რომ სახელს თუ არ დაარქმევ პრობლემას, ის გაქრება. მე ეს მაინც კომპლექსური პრობლემა მგონია -  განათლების, საზოგადოების ჰუმანიზმის პრობლემა, კანონის, სოციალური მუშაკების, სამართალდამცავების ერთობლივი მოსაგვარებელი ამბავი.  ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველამ ერთად უნდა გავიაზროთ რის წინაშე ვდგავართ და რომ დიახაც, ამ პრობლემას მოვლა სჭირდება. მეც ამ წრეში ვდგავარ, როგორც პოლიტიკოსი.

 

ჰბფ: თქვით, რომ ფემინისტი არ ვარ, რადგან მხოლოდ ქალთა უფლებებზე არ ვაკეთებ აქცენტსო,  თუმცა ფემინიზმის იდეა ქალის და კაცის შესაძლებლობებს და უფლებებს  შორის თანასწორობას გულისხმობს.


- რა თქმა უნდა.  თანასწორობა ჩემთვისაც მნიშვნელოვანია.  მეც ყოველთვის ამას მოვითხოვ და ვამბობ, რომ  მამაკაცური უპირატესობის შეგრძნებები უნდა დასრულდეს, რადგან ასეთი დაუმსახურებელი უპირატესობა არავის შეშვენის.როცა  უპირატესობაზე ლაპარაკობენ, ეს არ არის  ინტელექტუალური უპირატესობა, ეს შიშველი ძალის უპირატესობაა და ამაზე ლაპარაკი დღეს სირცხვილია. თუ ამ თანასწორობას გულისხმობთ ფემინიზმში, მაშინ მე ფემინისტი ვარ.

რაც პარლამენტში ვარ, ერთ რამეს კი დავაკვირდი, რომ ქალები უფრო ალტრუისტები და ღირებულებებზე ორიენტირებულები არიან მაშინ,  როცა კაცებს რაღაც სხვა საქმეები და ინტერესები აქვთ. რატომღაც მგონია, რომ მეტად თავგანწირულებიც უფრო ქალები არიან. იგივე უმრავლესობაშიც, ძირითადად რამდენიმე, სამი ქალი ვიყავით, რომლებიც ისევ უმრავლესობის საწინააღმდეგოდ მუდმივად რაღაცას ვამტკიცებდით.

 

ჰბფ: თქვენ თუ გაკლიათ ქალები პარლამენტში?


- მართალი გითხრათ,  მე კვოტირების წინააღმდეგიც კი ვიყავი, რადგან ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ცოტა დამამცირებელია ქალისთვის შეღავათების დაწესება მაშინ, როცა თან თანასწორობაზე ვლაპარაკობთ.  მაგრამ გასული შემოდგომის შემდეგ მე  შემეცვალა ამაზე წარმოდგენა, რადგან ვთქვი, რომ მართლა გვაქვს ფუნდამენტური პრობლემა. კვოტირების თაობაზე არაერთი  მამაკაცის ლაპარაკი მომისმენია და ახლა ვფიქრობ, რომ დიახ, უნდა დავუშვათ და შემოვიღოთ კვოტირება, რადგან ისეთი მამაკაცების მსჯელობაშიც კი, რომელთაგანაც ამას ვერც წარმოვიდგენდი, შემიმჩნევია, რომ მათ ჰგონიათ - მხოლოდ  მამაკაცები უნდა იყვნენ პოლიტიკაში. რომ ეს მათი უპირატესობაა. ეს  მე ბოლო დროს აღმოვაჩინე. მერე კი გადავხედე პარლამენტის შემადგენლობას და ვიფიქრე, უმრავლესობის ნახევარი ქალები რომ იყვნენ, რამე დააკლდებოდა პარლამენტს? და ჩემი პასუხი იყო - არა.

 

ზოგადად, ჩემთვის მისაღები იდეალური მოდელი არის ის, რომ კვოტირება საერთოდ არ იყოს და ასე დროებით საგანგებო წესებზე არ გვიწევდეს ლაპარაკი და ყველა იყოს თანასწორი. მაგრამ რადგან იდეალური სიტუაცია საზოგადოებაში არ გვაქვს, ამიტომ ჩემი პარტიაც მხარს დაუჭერს თუნდაც დროებით სავალდებულო კვოტირების მოდელს. ქალების შემოსვლა პოლიტიკაში საზოგადოებრივი აქტი იქნება, ქალებმა უნდა დაინახონ, რომ მათი ადგილი მართლა სახლში კი არ არის,  სადაც მათ ადგილს მიუჩენს ხოლმე მამაკაცი, არამედ დაიჯერონ, რომ მათ აქვთ პერსპექტივა. შეუძლიათ უმაღლეს თანამდებობაზე მოხვედრა თუ ამის სურვილი ექნებათ. ასე რომ, მე სწორედ ახლა ვყალიბდები, რომ დროებითი კვოტირება აუცილებელია.

 

ჰბფ: გააჩენს ეს ტრადიციას, რომ ქალები იყვნენ უფრო აქტიურები და მოვიდნენ პოლიტიკაში უფრო თამამად?


- შესაძლებელია გაჩნდეს ტრადიცია, მეტი კარი გაიღოს და ქალები უფრო აქტიურად გამოვიდნენ პოლიტიკაში. როცა ადამიანი პერსპექტივას ხედავს, ის მისკენ ისწრაფვის. ხოლო როცა ადამიანს სულ ის ესმის, რომ მუდმივად მხოლოდ ოჯახს უნდა ემსახუროს სიკვდილამდე, ამ ქალმა შესაძლოა, დღეს არც იცის, რომ ოჯახის მიღმა არსებობს სხვა ცხოვრებაც, სადაც საკუთარი თავის რეალიზებას შეძლებს. თუ ამ კვოტირებით ასეთ სივრცეს გავაჩენთ, მე ამის მომხრე ვიქნები.

 

ჰბფ: თქვენ პირადად, როგორც ქალმა,  რა გინდათ რომ შეცვალოთ საქართველოში?


- მე ზუსტად ვიცი, რა მინდა, როგორი საქართველო მინდა. მე მინდა, საქართველო გახდეს  ევროპული დემოკრატიული ქვეყანა, სამართლებრივი სახელმწიფო. სადაც დამყარდება კანონის უზენაესობა, უდანაშაულობის პრეზუმფცია, მე მინდა, რომ სახელმწიფოს მთავარი ღირებულება გახდეს ადამიანი. მე მინდა, რომ კანონის წინაშე ადამიანებს არ ყოფდნენ და ახარისხებდნენ. მინდა, რომ თავისუფალ საქართველოში თავისუფალმა ადამიანებმა იცხოვრონ, რომლებიც თავისუფალნი იქნებიან ქსენოფობიისგან და სხვა ფობიებისაგან, ექნებათ თანაგრძნობის უნარი,  სხვის უფლებებსაც ისევე დაიცავენ, როგორც საკუთარს. ასეთი ქვეყანა მინდა და ამ გზაზე ვივლი. ამიტომ ვარ პოლიტიკაშიც.

 

ჰბფ: თქვენ, როგორც პოლიტიკოსი როგორ უთანხმებთ ერთმანეთს საქმეს და ოჯახს?


- დიდი დრო მიაქვს, მაგრამ კვირას,  რაც არ უნდა საქმე მქონდეს, შვილიშვილთან ვატარებ. ეს ერთი დღე ჩვენია. ასე რომ, როცა ვინმე ძალიან გიყვარს, მასთან ყოფნას ახერხებ.

 

ჰბფ: რას შეადარებდით პოლიტიკას?


- სპორტს. აქაც ბევრი ჟინია, ბევრი ბრძოლა და გამარჯვების სურვილი.

 

წყარო:http://www.feminism-boell.org/ka/2015/05/14/nino-goguaze-am-sazogadoebashi-kali-naklebad-adamiania-vidre-kaci

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2035
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია