დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რა ფული ტრიალებს პარკირების ბიზნესში?
2015/05/15 14:24:36

ქუთაისის მერის  მოადგილე უკანონო ეკონომიკური საქმიანობის ფაქტს ადასტურებს

 

ქუთაისი, მართალია, მეგაპოლისი არაა, მაგრამ ავტომანქანებით  გადატვირთული  ქუჩების  და  ავტოპარკინგის პრობლემა უკვე  აქტუალური გახდა.  თუ იმასაც დავუმატებთ, რომ პარკირების მოსაკრებელი ადგილობრივ ბიუჯეტში  შედის  და  ქალაქის ბიუჯეტი, წესით,  ქალაქელების  „საერთო ყულაბაა“ –  ეს საკითხი ქუთაისელების ჯიბეს რამდენჯერმე „ურტყამს“: როცა მოსაკრებელს ვიდხით და როცა საერთო ყულაბიდან  სოციალური სარგებელი უნდა  მივიღოთ.


საერთო ჯიბეს, ანუ  ქუთაისის ყულაბას,  შავი ხვრელები აქვს და ეს ერთ-ერთი  ბნელი  პუნტქი  პარკირების მოსაკრებელია. – აცხარებს „ევროპა ჩვენი სახლია“-ს დამფუძნებელი გია გოქაძე, რომელიც წარსულში ქუთაისის საკრებულოს წევრი იყო. 


„ქუთაისის მერიამ უკვე მესამედ გამოაცხადა აუქციონი ქალაქში პარკირების ადგილების მოწყობის მიზნით. მესამე ჯერზეც პირობები უცვლელია: „აუქციონი ქალაქში პარკირების ორგანიზების უფლების მოსაპოვებლად ერთ ლოტად გამოცხადდა. თანხა ისევ 660 000 ლარია. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონი ისევ არ შედგება, ქუთაისის მერია პარკირების ორგანიზებას და მართვას თავის თავზე აიღებს, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურებს იმას, რომ მერიის გათვლები ეფუძნება ბიზნესის კუთხით რენტაბელობას და ეკონომიკური  შესაძლებლობების საფუძველს,“ – განაცხადა  ვიცე მერმა კოტე ქავთარაძემ.


აუქციონი მიმდინარე წლის 22 მაისს დასრულდება. ქალაქის მასშტაბით, პარკირებისთვის სულ 247 ადგილია განსაზღვრული. პარკირების  ადგილების რაოდენობა  2-ჯერ იზრდება.


რა ხდება აუქციონის შედეგების გამოცხადებამდე?

ქუთაისში ამ დროისთვის პარკირების ადგილებით სარგებლობისთვის მძღოლებისგან მოსაკრებელის აღება არალეგალურად ხდება. აღნიშნულის შესახებ განმარტება ქუთაისის მერის მოადგილემ, ნოდარ მიქიაშვილმა  საკრებულოს მეექვსე რიგგარეშე სხდომაზე გააკეთა.  მისი თქმით, პარკირებაზე პასუხისმგებელ კომპანიას ხელშეკრულების ვადა დაახლოებით ერთი თვის წინ ამოეწურა. „ამიტომაც, თუკი მოქალაქე არ გადაიხდის პარკინგის ფულს, ის არანაირად არ არღვევს რაიმე წესს და კანონს. სწორედ, ამიტომ ჩვენ დავაჩქარეთ პარკირების პროექტის აუქციონზე გამოტანა“, – აღნიშნა მიქიაშვილმა.


ქუთაისელი მძღოლები ყოველდღიურად იხდიან პარკირების მოსაკრებელს ე.წ. „სტაიანშიკებთან“.  ზემოთხსენებული განცხადებით ქუთაისის მერის  მოადგილე უკანონო ეკონომიკური საქმიანობის ფაქტს ადასტურებს.



რატომ არ ჩანს მყიდველი?

...და  მართლაც – რატომ არ ჩანს  დაინტერესებული ბიზნესმენი, რომელიც ქუთაისის პარკირებას ბიზნესად გაიხდის? იქნებ, სავარაუდო დანახარჯები  სავარაუდო მოგებაზე მეტია? იქნებ, აუქციონის პირობებია კაბალური და შესასრულებელი ვალდებულებები შესაძლებელზე მეტია?  იქნებ,  პარკირებით მოსარგებლეთა რაოდენობაა არასაკმარისი და ბიზნესს მოგების სუნი არ უდის?

იქნებ, ბიზნესგარემოა მონოპოლიური და არაკონკურენტული გარემო აშინებს  პოტენციურ ინვესტორს?



პარკირების არითმეთიკა

ქუთაისის მერიაში  პარკირებას მომგებიან საქმიანობად თვლიან. სწორედ ამ  მომგებიანობას გულისხმობდა კოტე ქავთარაძე, როცა სახელმწიფოს მართვადი საწარმოს შექმნის რენტაბელურობაზე საუბრობდა. ქუთაისური პარკინგის  დღევანდელი  ამონაგები მარტივი გათვლებითაც  შეიძლება  ვივარაუდოთ: 180000-იან ქალაქში, დაახლოებით, 30000 მანქანაა რეგისტრირებული. ავტომანქანების მფლობელების  ნახევარმაც რომ  ისარგებლოს პარკირებით, ეს არსებული 30-50-თეთრიანი გადასახადით მარტივად იანგარიშება:  15000X0.3=4500 ლარი დღეში. და თუკი ეს თანხა უკანონოდ იკრიბება (როგორც ამას მერიის თანამდებობის პირებიც ადასტურებენ საჯარო გამოსვლებში), სად მიდის ეს ფული? 



რას მართავს მერი?

არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია“-ს  დამფუძნებელი გია გოქაძე    არალეგალური ფულის კონტროლში ქუთაისის მერს,  შოთა მურღულიას  და მის გარემოცვას ადანაშაულებს.


„პარკირების პირველი აუქციონის გამოცხადების დღესვე ცნობილი იყო, რომ ერთლოტიანი აუქციონი გაუბედურებულ ქუთაისში არავის დააინტერესებდა. დღეს უკვე გასაგებია, რა ყოფილა ამგვარი მოდელის მოფიქრების მიზეზი. ისინი ხელოვნურად აჯანჯლებენ აუქციონს. ამასობაში შავი ფულის აკრება გრძელდება. მერი მურღულია და მისი მოადგილეები ბევრს რისკავენ, მათდა სამწუხაროდ, ყველაფერი ზედაპირზე დევს და საზოგადოება დღითი დღე რწმუნდება, რომ ეს ჯგუფი კერძო პარტიული ინტერესების დასაკმაყოფილებლადაა მოსული. წინასწარ ცნობილია, რომ კიდევ ერთი საწარმო, რომელიც ბიუჯეტის ხარჯზე გაიხსნება, „ქართული ოცნების“ აქამდე დაუსაქმებელი აქტივისტებით იქნება დაკომპლექტებული.“ – აცხადებს „ევროპა ჩვენი სახლია“-ს დამფუძნებელი.



სად მიდის დღეს პარკირების ფული?


აქამდე  ქუთაისში პარკინგის  მოწესრიგებას 12-მდე კომპანია ანხორციელებდა.  დანაწევრებულ საპარკინგე ლოტებში  გაერთიანებული იყო ცენტრისა და გარეუბნის  ავტოსასადგომი ადგილები. მეტი ამონაგები, ცხადია, ცენტრალურ უნბებს აქვს.  გია გოქაძე  მერიის  თანამდებობის პირების  განცხადებებში  მონოპოლიის  მცდელობას ხედავს:

  

„აშკარად იკვეთება შოთა მურღულიასა და მისი გუნდის წევრების ინტერსი ამ, ე.წ. შავ ფულთან დაკავშირებით, რაც პარკირების მოსაკრებელს უკავშირდება.  ნუთუ არავის აინტერესებს, სად მიდის ეს  უკონტროლო ფული, რომელიც  ყოველდღიურად იკრიბება? სად უნდა მიდიოდეს, თუ არა მერის და მისი გარემოცვის ჯიბეში?


„ევროპა ჩვენი სახლია“ ორგანიზაციაში მიიჩნევენ,  რომ  გაჭიანურებულ ტენდერებშიც მერის ბიზნეს-ინტერესები იკვეთება:


„თუკი მყიდველი არ ჩანს,  გამოდის, რომ ან ფასს უნდა გადახედონ, ან სხვა გარემოებებს. რატომ არ უნდა ჩანდეს მყიდველი პარკირების მოწესრიგების საქმეში?  რა ასეთ დანახარჯებთანაა პარკირება დაკავშირებული, რომ ვინმემ გარისკვა ვერ შესძლოს? მაგრამ, როცა აუქციონამდე  რამდენიმე დღით ადრე მერიის თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ სახელმწიფო საწარმოს ჩამოყალიბებას გეგმავენ, ამით, ფაქტობრივად, დაინტერესებულ ბიზნესებს თითს უქნევენ: ეს ჩვენი ბიზნესია და ცხვირი არ შემოყოთო!“ – აცხადებს გია გოქაძე.


ქუთაისის მერი შოთა მურღულია კი,  ამ განცხადებების ფონზე , „ევროპა ჩვენი სახლია“-ს  დამფუძნებელ გია გოქაძეს მოიხსენიებს დაინტერესებულ პირად. 



როგორი მაგალითებია სხვაგან? 

ასეთივე  ტიპის საწარმო უკვე არსებობს ბათუმში სახელწოდებით „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტო“, სადაც ადმინისტრაციულ  ოფისში 40-მდე  ადამიანია დასაქმებული. ა(ა)იპ-ი  ბათუმის თვითმმართველობამ 2012 წელს დააფუძნა. სააგენტოს  ევალება:  გზების ინფრასტრუქტურის მოვლა, ექსპლუატაცია,  მიმდინარე რემონტი, პარკირების წესის დანერგვა, დაცვა და განვითარება; პარკირების ადგილებში პარკომეტრების მონტაჟი, ექსპლოატაცია, შესაბამისი ნიშნებით აღჭურვა. ბათუმში პარკირების მონიტორინგს, დამრღვევებისათვის საჯარიმო ოქმის გამოწერას, დარღვევით მდგომი მანქანების ავტოევაკუატორით სპეციალურ სადგომზე გადაყვანასაც სააგენტო ასრულებს.  დაახლოებით, იგივე სამუშაოებს ასრულებს თბილისში CTPark-იც (თუ არ ჩავთვლით, გზის საფარის ექსპლუატაციისა და რემონტის სამუშაოებს).  გამოდის, რომ  თბილისში პარკინგს კერძო კომპანია ასრულებს,  ბათუმში – სახელმწიფოს დაფინსებული საწარმო. ახლა ქუთაისის მერია აკეთებს არჩევანს: სახელმწიფოს მართვად  ბიზნესსა  და თავისუფალ ეკონომიკას შორის.



რა პირობებითაა პარკინგის ადილები გატანილი აუქციონზე?


ქუთაისის  პარკირების აუქციონის პირობები დეტალურად შეგიძლიათ ამ ბმულზე ნახოთ: https://www.eauction.ge/Home/EntityView/225356

აუქციონის პირობები კი მოკლედ ასე გამოიყურება:


საეთო ჯამში 274  საპარკინგე ადგილია განსაზღვრული, აქედან  77  ტაქსებისთვისაა. რაც შეეხება პარკინგის ფასებს:  1 საათამდე პერიოდი – 50  თეთრი, 3 საათამდე პერიოდი – 1 ლარი; ყოველი შემდეგი 1  საათი – 50  თეთრი;  1 დღე – 2 ლარი; 7 დღე – 5  ლარი;   1 თვით – 10  ლარი;   6 თვით – 25  ლარი;   1 წლით – 40 ლარი. ტაქსებისათვის სხვა ტარიფია: 10 დღე – 10  ლარი;   20 დღე – 20 ლარი;  30 დღე –  30  ლარი.  რაც შეეხება . სატვირთო ავტომობილებისა და სპეცტექნიკისათვის: 1 დღე – 3 (სამი) ლარი;  30 დღე –  30 (ოცდაათი) ლარი;   6 თვე – 150  ლარი;1 წელი – 250  პარკირების შემდეგ ცნობად საფასურის გადახდა განხორციელდება პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირის მიერ შერჩეულ კომერციულ ბანკში, ელექტრონული გადახდის საშუალებებით ან კანონით დაშვებული ნებისმიერი ფორმით.  



სად წავლენ „სტაიანშიკები“?

ე.წ. „სტაიანშიკები“ ამ  ბიზნეს-მომსახურების ყველაზე დაბალი  რგოლია. ისინი  ახლაც კრეფენ  ფულს და მომავალშიც აკრეფენ... ეს სამუშაო ადგილი მომავალშიც იქნება. ბიზნეს-გადანაწილება მათ, ცხადია, ეხებათ (ახალმა მეპატრონეებმა ზოგიერთი მათგანი შეიძლება, ჩაანაცვლონ კიდეც), მაგრამ,  უმნიშვნელოდ – ისინი კვლავ შეასრულებენ თავიანთ საქმეს.


კარგია თუ ცუდი, სახელმწიფოს მიერ მართვადი საწარმო პარკირებაში?

ეს  საკითხი  წმინდად ეკონომისტების განსახილველი საგანია.  და თანაც, ისეთივე ჩიხშიშემყვანია, როგორც კვერცხისა და ქათმის წარმოშობის თეორია. სახელმწიფოს მარეგულირებელ როლსა და „უხილავი  ხელის ფაქტორზე“  რამდენიმე საუკუნეა  კამათობენ ეკონომისტები...



ელისო გოლეთიანი

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2523
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია