დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გმირი ფერმერი ქალი
ახალი სვანური სამიზნე: „ნანოლას სვანური გემრიელობები“ – მანჰენტენზე
2015/05/14 12:19:32

სამწუხაროდ,  ჩვენს მედიაში  ნაკლებად, ან საერთოდ არ ჩანან ადამიანები, ვის ზურგზეც გადადის  ჩვენი ქვეყნის მშენებლობა: ფერმერი,  მშენებელი, ხელოსანი, ხელოვანი... ბოლო დროს მედიამ  სამწუხაროდ პოლიტიკური და გასართობი ატრაქციონის სახე მიიღო. 

 

გლობალიზაციისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტების შემოტევის დროს მართლაც რომ გასათვალისწინებელია იმ ადამინების გამოცდილება, ვინც ახერხებს და ჯანმრთელ  კვების პროდუქტებს ქმნის.  ამასწინათ სოციალური ქსელებით გავრცელდა ვიდეოსიუჟეტი  კალიფორნიულ ოჯახზე,  რომელმაც  4000 კვ მეტრზე მცირე ბიოფერმა მოაწყო საკუთარი საჭიროებისათვის – ოჯახის უფროსს სურდა შვილებისათვის ჯანსაღი საკვები ეწარმოებია  და ფერმა იმდენად პოპულარული  გახდა, რომ  ასეთი შედეგი არც კი წარმოედგინათ.

 

ჯანსაღი კვება ჩვენს დროში ადვილი საქმე არაა...  კვება რომ ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობის საფუძველია, ეს მსოფლიოს  ყველა რელიგიაში  ჩანს.

 

ჩვენი რუბრიკის – „გმირი ფერმერი“-ის მიზანია  უცნობი ადამიანების წარმოჩენა.  

 

 

ჩემი  პუბლიკაციის გმირი – ნანული ჭელიძე_რატიანი უშგულში ცხოვრეობს, მაგრამ მანჰეტენის დაპყრობაზე  ოცნებობს... სვანი ქალების მიზანდასახულობის ფონზე, ვთვლილი, რომ  ოცნებას აქვს განხორციელების საფუძველი.

 

ნანული  გმირიცაა და ფერმერიც. ის  ოთხი კარგად აღზრდილი შვილის  დედა და  უშგულის ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორია. ესაა  წარმატებული ქალი, რომელიც ცხოვრობს  და მოღვაწეობს სვანეთში – უშგულში.  ის საუკეთესოდ უძღვება საოჯახო ბიზნესს – საოჯახო სასტუმროს და  მაგალითის მიმცემია თანასოფლელებისათვი – როგორ უნდა მართო  აგროტურისტული ბიზნესი ისე, რომ  ბიზნესიც მომგებიანი იყოს და ძველ სვანურ სტუმარ-მასპინძლობის ადათს ტურიზმისა და კომერციალიზაციის ფაქტორმა ხინჯი არ მიაყენოს. მინახავს რა მისი შრომა, გაოცებული ვარ ამ დაუღალავი ქალის ენერგიითა და შემართებით:  მისთვის  საოჯახო სასტუმროში მოსული „ტურისტი“ სულაც არაა ვიზიტორი, რომელმაც  ღამე გაათია და მომსახურების საფასური გადაიხადა. სტუმრები აღფრთოვანებული რჩებიან ქალბატონი ნანულის მზაობით – მიიღოს  ამდენი სტუმარი (დიახ, სტუმარი და არა ტურისტი), და ყველა  მათგანს მისცეს დიდი პოზიტივი.  სწორედ ეს დადებითი ენერგიაა, რომელიც მისი სასტუმროს  სტუმრებს გაჰყვება უშგულიდან. აღარაფერს ვამბობ მის კულინარიულ შესაძლებლობებზე... ეს ცალკე თემაა.. ხომ არსებობს ეტიკეტი „დამზადებულია საქართველოში“... ნანულის  სამზარეულოს ეკუთვნის ასეთი ბრენდინგი: დამზადებულია სიყვარულით. ეჰ... ქართველ მწერლებს რა ვუთხარი, თორემ... რომელი დონა ფლორიდას რეცეპტები შეედრება  ნანულის ნახელავს.

 

– ნანული,  გვიამბე შენი საოჯახო ბიზნესისა და მეურნეობის შესახებ.

– სტუმრიანობა ჩვენს ოჯახს საბჭოთა პერიოდშიც არ აკლდა. ჩემი მამამთილი ანზორ რატიანი რაიონში ცნობილი ექიმი  და დაფასებული ადამიანი იყო და საქმიანობიდან გამომდინარე, ჩვენს ოჯახს მომსვლელი არ აკლდა. სტუმრის მიღება ჩვენთვის ყოველთვის საპატიო საქმე იყო. და აგერ 15 წელია, რაც საოჯახო საქმინობია ბიზნესად ვაქციეთ და  ყოველწლიურად უამრავ სტუმარსაც ვმასპინძლობთ.

 

კერძოდ, ჩვენს საოჯახო სასტუმროში – „ვილა ლილეო“ – შეგვიძლია ერთდროულად მივიღოთ და დავაპუროთ 50-60 კაცი; ვაძინებთ 25-ს, დანარჩენს კი მეზობლებში ვანაწილებთ.

 

საოჯახო ბიზნესისათვის საკუთარ მეურნეობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ასე რომ, გვაქვს ნატურალური პროდუქტების  მრავალფეროვნება, რითაც ჩვენი სტუმრები  იკვებებიან. ესაა: ხორცი, ყველი, რძე, მაწონი, კარაქი, არაჟანი, კარტოფილი, მწვანილი. დანარჩენს ვყიდულობთ ქუთაისის ან ზუგდიდის ბაზრებში, ზოგჯერ მესტიაშიც.  სასტუმროს ხარჯი ძალიან დიდია, რადგან ყველაფერი ძვირი ღირს!

 

სტუმრებს, საჭიროების შემთხვევაში, ვემსახურებით ცხენითა და მანქანით. 

 

ჩვენს სასტუმროში სტუმრები თავს შინაურულად გრძნობენ. გვაქვს „შთაბეჭდილებების წიგნი“, რაშიც ისინი თავიანთ კმაყობილებასა და მადლიერებას გამოხატავენ.

 

– დაგვისახელე შენი სამი წარმატება, რომლითაც ამაყობ ...

– პირველი წარმატება: სტუდენტობისას ერთ-ერთ შრომით სემესტრზე საგარეჯოში წაგვიყვანეს ყურძნის საკრეფად, სადაც ერთ დღეს, დილიდან საღამომდე, მოვკრიფე ერთი ტონა ყურძენი. ეს გავიმეორე სამჯერ. ამის გამო ჩემი ჯგუფი დააჯილდოეს და სახელმწიფოს ხარჯით ოდესაში გაგვიშვეს 15-დღიანი ექსკურსიით;

 

მეორე წარმატება: მომაკვდავი ბიჭის გადარჩენა და მშობიარე ქალისთვის 400 გრამი სისხლის გადასხმა, რითაც შევძელი ორივეს გადარჩენა;

 

მესამე წარმატებად ვთვლი წარმატებას, როცა ბევრ ქვეყანაში მიცნობენ, როგორც კარგ კულინარს.

 

– ბევრმა არც კი იცის, რომ უშგულში არსებობს სახელმწიფო ეთნოგრაფიული მუზეუმი...   როგორც წესი  ასეთი პატარა დასახლებისთვის ეს დიდი ფუფუნებაა.

 

– დიახ, უშგულში არსებობს სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, სადაც თავმოყრილია უშგულის შვიდი ეკლესიის საგანძური.

 

უშგულისთვის ეს დიდი ფუფუნებაცაა და უდიდესი სიამაყეც! ამ მუზეუმს თავისი ისტორია აქვს:  მოგეხსენებათ, სვანეთში დღემდე არსებს საეკლესიო საგანძური, გასული საკუნის 30-50 იან წლებში კი, მით უფრო.  საეკლესიო საგანძური ესაა ეკლესიისთვის სხვადასხვა დროს შეწირული ნივთები, ოქრო და  ფული.  დროთა განმავლობაში ამ საგანძურმა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მნიშვნელობა შეიძინა.  სვანები ბუნებით მცველი ხალხი ვართ.  ამ საგანძურს სვანური ოჯახები საგვარეულო მოვალეობად ვთვლიდით. უშგულის თემს 7 ეკლესია აქვს და ყველა ეკლასიას თავისი  მცველი და მლოცველი გვარები ჰყავდა და ჰყავს. საბჭოთა ხელისუფლების დროს, როცა შეიქმნა ჩვენი ეროვნული მუძეუმი და მისი ფილიალები საქართველოში,  დღის წესრიგში დადგა ამ საგანძურის მუზეუმისთვის გადაცემის საკითხი. უშგულელებმა ეს ისე მტკივნეულად მიიღეს, რომ კინაღამ სათემო ამბოხში გადაიზარდა დაძაბულობა. მაშინ მოლაპარაკების შედეგად  ხელისუფლება და უშგულელები  შეთანხმდნენ, რომ  საგანძური უშგულიდან არ გავიდოდა, მაგრამ  გადაეცემოდა მუზეუმს. ძალიან საამაყოა, რომ ამ მუზეუმის დირექტორი ვარ.

 

არ გიფიქრია, უძველეს დროს, როცა პირობები კიდევ უფრო რთული იყო, ვიდრე დღესაა, რატომ  დასახლდა ადამიანი სვანეთში?

 

– ხშირად მიფიქრია და იმ დასკვნამდე მივედი,რ ომ, როცა ასეთ სილამაზეს უყურებს ადამიანი, ცხოვრების რთული პირობები ავიწყდება და მოჯადოებული აგრძელებს ღმერთებთან ახლოს ყოფნას, რათა მთელ მსოფლიოს გააცნოს, თუ როგორი ედემის პატრონი ვართ ქართველები.

 

– სვანური ენა გადაშენების პირას მყოფი ენების რიცხვშია (30 000 ადამიანი საუბრობს მხოლოდ). როგორ შევინარჩუნოთ? თუ, იქნებ, არც ღირს?

 

– სვანეთში ცხოვრება, ჩემი აზრით, ნიშნავს იმას, რომ სვანური ენა არასდროს არ დაიკარგება!

 

– ასეთი ლეგენდა მსმენია: უშგულელებმა,  1987 წლის სვანეთის დიდთოვლიანობის მერე,  ანზორ რატიანის  იმედით და მისი ხათრით, არ დატოვესო უშგული... ეთანხმები მას ამ გადაწყვეტილებაში? და არ გიფიქრია:  ნეტა, ისიც რომ წასულიყოო...

– 1987 წლის დიდთოვლობის გამო დიდი ტრაგედია განიცადა მულახმა და უშგულმა. აღნიშნულ სოფლებში ჩამოწოლილმა ზვავებმა ადამიანების სიცოცხლე შეიწირ – მულახში 27 ადამიანის, ხოლო უშგულში –7... დაიცალა სვანეთის სოფლები და ბარად ჩასახლდნენ. უშგულის არდაცლაში ლომის წილი მიუძღვის ანზორ რატიანს. „ერთი კაცი რომ დარჩეს სოფელში, იმ ერთი კაცის ექიმი ვიქნები“, – განაცხადა მან...

 

ბედნიერი ვარ,რომ ასე გადაწყდა და უშგულიც სახეზეა,თორემ,როგორც სხვა დაცლილი სოფლები,უშგულიც მათ რიცხვში იქნებოდა.

 

– შენ  წლის განმავლობაში უამრავ სტუმარს  მასპინძლობ... თავად არ გიფიქრია სადმე სამოგზაუროდ წასვლა? და სად? რომელ ქვეყანაში იმოგზაურებდი?

– წლის განმავლობაში, მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით, ზამთარშიც გვყავს ხოლმე, მართლაც უამრავი სტუმარი.

 

სიამოვნებით ვიმოგზაურებდი ბევრ ქვეყანაში, მაგალითად, ამერიკაში, ოჯახთან ერთად.

 

– სტუმრებისთვის  სვანეთი ლამაზი და ეგზოტიკური  ადგილია... შენთვის? მოდი, შენი თვალით დანახული ზამთრისა და ზაფხულის სვანეთზე გვიამბე.

– ვერავინ დამაჯერებს, რომ სვანეთზე უკეთესი კუთხე სადმე არსებობდეს! აქაურ ზამთარსა და ზაფხულს თავისებური ეშხი და სილამაზე აქვს.

 

–სეზონზე, როცა სტუმრების პიკია, რამდენი საათი გძინავს და რამდენი საათი მუშაობ? არ იღლები?

 

– როცა სტუმრების პიკია, ძილზე არც ვფიქრობ, ზოგჯერ ორი საათიც თუ მძინავს, მაგრამ იმდენად მინდა, სტუმრებს მოვეფერო, რომ დაღლას არ ვგრძნობ. ყველაფერი გულიდან მოდის, თორემ ძალით, შეკვეთით, არაფერი გამოვა!

 

–გვიამბე შენს გეგმებზე, მიზნებზე, ოცნებებზე...

 

– გეგმები, მიზნები და ამოცანები უამრავია! საოჯახო სასტუმროს გაფართოებით ვარ ახლა დაკავებული.

 

 –როგორ ფიქრობ, ტურიზმმა სვანეთი (სვანები) შეცვალა?

 

– ტურიზმი სვანეთისა და სვანებისათვის მომავალი კეთილდღეობაა!

 

– რა ენებს ფლობ? სტუმრებს რა ენაზე ესაუბრები? კულინარიის ენა საერთაშორისო ენაა?

 

– კულინარიის ენა, ნამდვილად, საერთაშორისო ენაა! როდესაც სტუმრები ჩემს მიერ გამზადებულ სუფრასთან სხდებიან, იქ უკვე სხვა ენაზე საუბარი საჭირო არ არის!

 

–ამბობენ, რომ სვანეთში ცნობილი კულინარი ხარ. რამე საიდუმლო გაქვს? ისე, კულინარიის  სკოლა რომ გაგეხსნა?

 

– ძალიან ამაყი ვარ, როცა სვანეთში მომიხსენიებენ ცნობილ კულინარად. მაქვს პატარ-პატარა საიდუმლოებები და მთავარი, ვარ „ოქროს ხელება დიასახლისი“, როგორც ჩემი სტუმრები მიწოდებენ ხოლმე.

 

კულინარიის სკოლის გახსნა დიდი ბედნიერებაა, მაგრამ... ჩემი ოცნებაა, მანჰეტენზე პატარა კაფეს გახსნა, რომელსაც დავაწერდი: „ნანოლას სვანური გემრიელობები“.

 

–გვიამბე შენს ბიზნესზე: სტუმრებზე, ტურისტებზე.

 

– ჩემს ბიზნესზე გეტყვი, რომ ამდენი წელიწადი მხოლოდ მოუნდა იმ სახელის მოხვეჭას, რაც დავიმსახურე. ძალია ბევრი ენერგია, ფინანსები დასჭირდა ბიზნესის აწყობას და ეს ადვილი არ ყოფილა!

 

სტუმრები თავიანთ თავს იმით მამახსოვრებენ, რომ კვლავ ბრუნდებიან, ოღონდ ამჯერად ოჯახებთან ან მეგობრებთან ერთად, რაც დიდი სიამოვნებაა ჩემთვის.

 

–ახლა  ძალიან პოპულარული გახდა მარიამ ხაჭვანის „დინოლა“... რატომ  ატოვებინებდნენ ქვრივ  დედებს შვილებს? ეთანხმები ამ  ადათს? შენ დატოვებდი?

 

– „დინოლა“, ნამდვილად, დამაფიქრებელია ყველასათვის! იმ რთულ პირობებში, როცა სოფელში ქალების ნაკლებობა იყო, კარგად გაზრდილი ქალი სასურველი სარძლო იყო, თან აუცილებელი იყო თემის გამრავლება... რა თქმა უნდა, ამ ამ ადათს არ ვეთანხმები! შვილს ვერავის დავუტოვებდი!

 

როცა კინოფილმში “სვანი“ ვუყურებ იმ ეპიზოდს, როცა გვარის უკანასკნელ შთამომავალს მამიდა არ მოაკვლევინებს და მის ნაცვლად საკუთარ ერთ-ერთ შვილს გაწირავს, შოკის მომგვრელი, მაგრამ სინამდვილეა, გვარი რომ არ ამოწყვეტილიყო...

 

– შენი აზრით, სვანეთში პატრიარქატია თუ მატრიარქატი?

 

– ორივე თანაბარია ქალიც და მამაკაციც.

 

– ამბობენ, ადრე (დახლოებით, 100 წლის წინ), სვანეთში  გოგო  რომ დაიბადებოდა, აკვანშივე კლავდნენო. მართალია?

 

– ასეთი რამ ნამდვილად არ გამიგონია, არ მსმენია.

 

– ისე, რთულია თუ არა, ქალად დაიბადო და თანაც სვანეთში?

 

– რა მნიშვნელობა აქვს, ქალად სვანეთში დაიბადები, თუ სხვაგან? ქალის ხვედრი, ჩემი აზრით, ყველგან მძიმეა.

 

სვანური ლეგენდების ფინალი რატომაა ყოველთვის ტრაგიკული?

 

– ყველა ლეგენდის ფინალი ტრაგიკულია, სვანურისა – უფრო, რადგან აქ შეცდომებს ადვილად არ პატიობდნენ და ახლაც არ პატიობენ.

რატომ არ ცეკვავენ ქალები სვანეთში (ყოველ შემთხვევაში, მე არ მახსენდება ქალის პარტია რომელიმე  ფერხულში)?

 

– ცეკვავენ. სვანეთში, განსაკუთრებით, უშგულში, ქალები ოდითგანვე ცეკვავდნენ. ძალიან ბევრი ფერხულია, სადაც მონაწილეობენ ქალები. მამაკაცებისათვის საამაყო იყო წარმოსადეგ, გრძელნაწნავებიან ქალებთან ერთად ფერხულში ჩაბმა, ცეკვა.

 

–სვანურ ზღაპრებში  სიკეთე იმარჯვებს თუ ბედისწერა?

 

– სვანურ ზღაპრებში სიკეთე იმარჯვებს!

 

–თეთრი ჯიხვის  არსებობის გჯერა? დალის?

 

– თეთრი ჯიხვისაც მჯერა და დალისაც, რადგან სხვანაირად ეს ლეგენდა ვერ შეიქმნებოდა.

 

–ნანული სვანური სამზარეულოდან ყველაზე ცნობილი ყველიანი მჭადები და  ყველში გადაზელილი კარტოფილია...რამე ისეთ ეგზოტიკურ  რეცეპტს ხომ ვერ გაგვიმხელ, რაც ასე ცნობილი არაა...

 

–ჩვენი რეცეპტებით ტურისტებიც ინტერესდებიან,  ჩვენ ჩვენსას ვასწავლით, ისინიც თავისას გვიამბობენ.  ძალიან გამიკვირა, როცა ერთმა ესპანელმა ტურისტმა მითხრა, რომ ისინიც ამზადებენ ისეთ კერძს, როგორიცაა ჩვენი „ზისხორა“ – სისხლიანი კუპატები.  სვანეთში ძალიან ადრიდან იყო მიღებული „ზისხორა“, რომელიც შემდეგნაირად კეთდება: დაკლავენ ღორს, მოაგროვებენ ახალდაკლული ცხოველის სისხლს, შიგ ჩააჭრიან მუცლის ქონებს, გემოვნებით გაუკეთებენ ნიორს, კვლიავს და მარილს, ჩაასხამენ კარგად გარეცხილ ნაწლავებში და წამოადუღებენ ცხელ წყალში. როცა მიირთმევენ, ძეხვის ნაჭრებივით ჭრიან და ტაფაზე შეწვავენ.

 

აკეთებენ აგრეთვე „ნალძიჰორს“. საუკეთესო ღორის ხორცს დაკეპავენ წვრილად, გაუკეთებენ მარილს, ნიორს და ჩატენიან გარეცხილ ნაწლავში. შემდეგ მოხარშავენ და მიართმევენ ძვირფას სტუმარს.

 

– რამდენად ჯანმრთელია ეს პროდუქტი?  ვფიქრობ, მასში ბევრი ქოლესტერინია...

 

–მთის ხალხების სამზარეულოში ბევრი ცხიმია:  რძე, ერბო, ყველი, ხორცი. მაგრამ ეს რაციონი  მთის ცხოვრების ფონზე ჭარბ წონას არ იწვევს. ამის დასადასტურებლად ვიტორიო სელლას მიერ მე-19 ე საუკუნის 90-იან წლებში გადაღებული ფოტოებიც მეტყველებს: ამ ფოტოებზე ყველა სვანი ტანწერწეტა და სპორტულია.

 

თანამედროვე დიეტოლოგების რჩევები, ცხადია, გასათვალისწინებელია. მაგრამ, როცა ადამიანი მიწასთან ახლოსაა, შრომობს, დატვირთულია, მას ბუნებრივი, ჯანმრთელი ცხიმიანი საკვები ზიანს ვერ მიაყენებს.

 

–ნანული, შენ უკვე ეწევი საოჯახო  ბიზნესს. როგორ ფიქრობ, გჭირდება თუ არა  დამატებითი ბიზნეს-განათლება, რომ დაწყებული საქმიანობა განავითარო?

 

– რატომაც არა.. განათლება არასოდესაა ზედმეტი და არ არსებობს ასაკი, როცა მისი მიღება  დაგვიანებულია.  მე ოთხი შვილის დედა ვარ და ზამთარ-ზაფხულ იმიტომ ვშრომობდი, რომ  ჩემს შვილებს კარგი განათლება მიეღოთ. მადლობა ღმერთს, ყველა სტუდენტია და უკვე  მათი განათლება მეხმარება ჩემს საქმიანობაში. მაგრამ მალე ისინი ოჯახებს შექმნიან, დამოუკიდებელ ცხოვრებას დაიწყებენ. მე კი ნამდვილად დამჭირდება მეტი ინგლისურის, მეტი ბუღალტერიის, მეტი მარკეტინგის ცოდნა. საოჯახო სასტუმროს მართვასაც თავისი სტანდარტები აქვს. დროს ახალ-ახალი მოთხოვნები მოაქვს.  ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა, თუ  სახლმწიფო ითავებს საოჯახო სასტუმროების  მეპატრონეების გადამზადებაა. მე რასაც მივაღწიე ჩემი შრომითა და დამოუკიდებელი ძიებით მივაღწიე. მზადა ვარ, გამოცდილება გავუზიარო  სხვებს.

 

ელისო გოლეთიანი

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 13480
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია