დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ფერმერი გმირი ქალი
ნინო აფაქიძე - Self Made Women – ბანოჯიდან
2015/05/13 20:13:18

სამწუხაროდ,  მედიაში ნაკლებად, ან საერთოდ არ ჩანან ადამიანები, ვის ზურგზეც გადადის  ჩვენი ქვეყნის მშენებლობა: ფერმერი,  მშენებელი, ხელოსანი, ხელოვანი... ბოლო დროს მედიამ, სამწუხაროდ, პოლიტიკური და გასართობი ატრაქციონის სახე მიიღო. გლობალიზაციისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტების შემოტევის დროს, მართლაც რომ გასათვალისწინებელია იმ ადამინების გამოცდილება, ვინც ახერხებს და ჯანმრთელ კვების პროდუქტებს ქმნის.  ამასწინათ სოციალური ქსელებით გავრცელდა ვიდეოსიუჟეტი კალიფორნიულ ოჯახზე, რომელმაც 4000 კვ მეტრზე მცირე ბიოფერმა მოაწყო საკუთარი საჭიროებისათვის - ოჯახის უფროსს სურდა, შვილებისათვის ჯანსაღი საკვები ეწარმოებინა და ფერმა იმდენად პოპულარული გახდა, რომ ასეთი შედეგი არც კი წარმოედგინათ.

 

ჯანსაღი კვება ჩვენს დროში ადვილი საქმე არაა...  კვება რომ ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობის საფუძველია, ეს მსოფლიოს  ყველა რელიგიაში ჩანს. ჩენი რუბრიკის : „გმირი ფერმერი“-ს მიზანია  უცნობი ადამიანების წარმოჩენა. რუბრიკის პირველი სტუმარია ფერმერი ქალი ბანოჯიდან, ნინო  აფაქიძე.  

 

 

***

სანამ ფერმაში საკუთარი თვალით არ ნახავთ, ვერ დარწუნდებით, რომ ეს ახალგაზრდა, სპორტული გარეგნობის  ქალი ფერმერია  და მესაქონლეობითაა დაკავებული. ნინო აფაქიძე 37 წლის ფერმერი ქალია, რომელიც  წყალტუბოს რაიონის სოფელ ბანოჯაში ცხოვრობს. ნინოს ფერმა ამჟამად დღეში 70-100 ლიტრ რძეს აწარმოებს. იმის გამო, რომ ბანოჯა ქუთაისთან  ახლომდებარე სოფელია (ფაქტობრივად, ქუთაისის გარეუბანია), ბაზარზე რძე და მაწონი გააქვს - ეს უფრო მეტ მოგებას ტოვებს, ვიდრე ყველის წარმოება მოიტანდა.

 

ნინოს ფერმაში ამჟამად 23 სული საქონელია, აქედან 9 მეწველია, დანარჩენი - მოზარდი ხბოებია, რომელსაც  სამომავლოდ ფერმის გასაფართოებლად ზრდის. მის გეგმებში მეწველი ძროხების 40 სულამდე გაზრდა და ყველისა და რძის მინი ქარხნის მშენებლობა შედის. ფერმაში მთელი ოჯახია დასაქმებული: მეუღლე, შვილი და მეუღლის მშობლები. ფერმის შექმნა ნინოს იდეა იყო, განხორციელებაში მხარი ოჯახის წევრებმა დაუჭირეს.

 

ამ სახით ფერმა დიდი ხნის არაა.  ყველაფერი ერთი წლის წინ საქართველოს ბანკიდან აღებული კრედიტით დაიწყო და ამ თანხის ნაწილით მაკე საქონელი შეიძინა, ნაწილით კი 40 სულზე გათვალისწინებული ფერმის შენობის მშენებლობა დაიწყო. 

 

- ნინო, რამდენი ხანია, რაც მეცხოველეობას მისდევ?

 

- ერთი წელია, საქართველოს ბანკიდან 30000 ლარის კრედიტი ავიღე. ნახევარი  შენობას დავახარჯე, ნახევრით კი შვიცის ჯიშის საქონელი ვიყიდე. მაგრამ ყველაფერი სესხით როდია  გაკეთებული - ჩვენც გვქონდა დანაზოგი და დავამატეთ.

 

- ამ მოცულობის სესხის აღების გამოცდილება გქონდა?

 

- არა, ჩვენ „კრედოს“ მსესხებლები ვიყავით. მაქსიმალური სესხი 3000  ლარამდე მქონდა აღებული - ძირითადად, საოჯახო ტექნიკისა და ნივთების შესაძენად ვიღებდით. 30000 ლარის მოცემა „კრედოს“ გაუჭირდა, ამიტომ „საქართველოს ბანკს“ მივმართე. გამიმართლა და მომცეს. ერთი წლის თავზე სესხის დამატება დამჭირდა-საჭიროებამ მოიტანა რომ ყველის ქარხანა გავაკეთო, თორემ „ჰასბის“ სტანდარტების გარეშე აგვისტოდან ყველსა და მაწონს ვეღარ  გავყიდი, ამიტომ საამისოდ 26000 ლარის დამატება მომიხდა. თუმცა  17000 ლარი უკვე მოკლებული მქონდა წინა სესხისთვის.

 

- ეს  თანხა წინა სესხს მხოლოდ  ფერმერული მეურნეობით მოაკელი?

 

- არა, ქუთაისის ცენტრალურ ბაზარში სავაჭრო დახლი მაქვს,  სადაც დედაჩემი ვაჭრობს: ვყიდი ჩემი მეურნების პროდუქტებს, ასევე: ქათმებს, წიწილებს, სოკოს. ამ სავაჭრო დახლს წლებია, ვმართავ - სესხის დაფარვაშიც ვაჭრობა მეხმარება, ფერმა ჯერჯერობით გაფართოების ეტაპზეა და დამატებით თანხებს მოითხოვს. სანამ  მეცხოველეობის ფერმას გავაკეთებდით,  მანამდე ქათმებისა და მწყერების ფერმა გვქონდა. ფერმა ახლაც გვაქვს: აქვე, ოჯახში ვზრდიდით და  ბაზარში ვყიდით. რაკი ბაზარში  ჩემი ადგილი მაქვს და რეალიზაცია არ მიჭირს.

 

- ძროხები სად შეიძნე და რა დაჯდა? როგორც ვიცი, ჯიშიანი საქონლის შეძენაც სერიოზული პრობლემაა.


- ეს მართლაც პრობლემაა.  მცირელიტრიან ძროხებს, ცხადია, მაღალლიტრაჟიანი ძროხები სჯობს.  ჩვენი, ქართული ძროხების უმეტესობა რძის რაოდენობის ვერ დაიკვეხნის,  თუმცა, რაკი ეს ძროხები თავის თავს თავად ირჩენენ მინდორში,  4-5  ლიტრზე მეტს ვერც მოსთხოვ. ჩვენ ეს ძროხები აღმოსავლეთ საქართველოდან ჩამოვიყვანეთ - „შვიცის“ ჯიშის საქონელია. ერთი ძროხა, ფაქტობრივად, 3000 ლარამდე დაგვიჯდა - თანაც ტრანსპორტირება და აკლიმატიზაცია ძალიან გაუჭირდეათ.  შეძენის მერე პირველი თვეები სიცოცხლისა და გადარჩენისათვის ბრძოლაში გავატარეთ. ახლა, ღვთის წყალობით, გადავლახეთ პირველი ეტაპის პრობლემები და გამრავლებაზე ვართ გადართული.

 

პირველი ხბოებიც გვყავს და ახალ ნამატსაც ველოდებით.

 

- ამ ძროხების განაყოფიერებას  როგორ ახდენთ? ჯიშის შენარჩუნებას და  გაუმჯობესებას როგორ გეგმავთ?

 

- განაყოფიერებისათვის ბუნებრივ მეთოდსაც ვიყენებთ და ხელოვნურსაც. ორივე  მეთოდის ხბოები გვყავს-ხელოვნური გზით  რატომღაც მოზვრები დაიბადნენ.  ჩვენი სანაშენე ბუღაც გვყავს.

 

- რამდენ ლიტრ რძეს აწარმოებს შენი ფერმა ამჟამად?

 

- იმის  გათვალისწინებით, რომ ფურების ნაწილი  მაკეთაა და ხბოებს ველოდებით, ამჟამად 70 ლიტრ რძეს ვიღებთ.  ფურების წველადობა 15 ლიტრამდეა, მაგრამ ყოველთვის ვერ იძლევიან მაქსიმალურ  რაოდენობას.   

 

-მეზობელი ფერმერებიდან რძის ჩაბარებაზე თუ გიფიქრია?

 

- რძის ქარხანა რომ  მქონდეს გამართული, რძის მიღებას და გადამუშავებასაც შევძლებდი, ქარხანა რომ მექნება, დამატებითი რძის ჩაბარება დღის წესრიგში დადგება.

 

- ნინო, შენი ძროხები მთლიანად ბაგურ კვებაზე არიან,  რა ჯდება ერთი ძროხის გამოკვება დღიურად?


- დღეში 80 ლარი, მინიმუმ, გვჭირდება. ამჟამად მთლიანად ნაყიდი თივით და მარცვლეულით ვკვებავთ.  საკუთარი, უფრო იაფი საკვები  რომ ვაწარმომოოთ, დამატებითი მიწაა საჭირო. კერძო მფლობელისგან იჯარით აღება ძვირი ჯდება. სახელმწიფოს  კი ჩვენს არეალში  არც საპრივატიზაციო და არც იჯარით  გასაცემი მიწა არა აქვს.  ჩვენი პრობლემა ისაა, რომ ქალაქთან ახლოს ვცხოვრობთ და აქ სასოფლო-სამეურნეო მიწა ძვირია. მეორე მხრივ - ბაზართან ახლოს ვართ და რასაც ვაწარმოებთ, ადვილად ვყიდით.

 

- ნინო,  როგორ ფიქრობ, დამატებითი  განათლება  სოფლის მეურნების  კუთხით  რას შეგძენდა?

- ყველაფერს ცოდნა და განათლება სჭირდება. 37 წლისა ვარ,  დიდი სიამოვნებით მივიღებდი  განათლებას  ვეტერინარიის კუთხით. რძის ქარხნულ წარმოებასაც დიდი ცოდნა უნდა და მთელი რიგი ტექნოლოგიების დაცვაა საჭირო. კარგი იქნებოდა, რომ  ჩვენნაირი ფერმერებისთვის  სპეციალური გადამზადების კურსები არსებობდეს.  ცოდნისა და განათლების გარეშე  სოფლის  მეურნეობას  გადახალისება არ უწერია.  

 

ელისო გოლეთიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7582
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია