დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
როგორ დავაფუძნოთ კოოპერატივი?
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2015/05/07 12:27:05

საქართველოში ძალიან ბევრი იმპორტული საკვები პროდუქტი შემოდის. ჩვენს ქვეყანას სავაჭრო ბალანსის უარყოფითი სალდო რომ აქვს ბევრ ქვეყანასთან, ამის მიზეზი, ნაწილობრივ, საზღვარგარეთული აგროპროდუქციის მოცულობის სიდიდეა. სასურველია სამამულო პროდუქციის წარმოების გაზრდა, რასაც მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა მოჰყვება, ეს კი ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას გამოიწვევს  და ნეგატიური სტატისტიკაც მოიკლებს.

 

ევროპული გამოცდილებით, აგრარული პროდუქციის თვითღირებულების დასაკლებად და სიუხვისათვის ყველაზე უკეთესი წარმოების ფორმაა კოოპერატივი. სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის ბოლო სამ წელიწადში ჩადებული ე.წ. საბარათო ფორმა მიმდინარე წელს სრულდება, რომელმაც ხელი შეუწყო ვიწროფერმერული მეურნეობის მფლობელებს, თუმცა, როგორც ჩანს, ასეთ დროს არ იწარმოება სასაქონლო პროდუქცია. ანუ ამ სამწლიანმა დოტაციამ მხოლოდ ფერმერთა მიმდინარე ხარჯები შეამცირა და არ მომხდარა გასაყიდად დამზადებული საქონლის მოცულობის მნიშვნელოვანი ზრდა.

 

ევროპასა და წარმატებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში სოფლის მეურნეობის პროდუქციას ხშირად აწარმოებს ე.წ. სოფელი-კოოპერატივები. ასეთ კოოპერატივებში გაერთიანებულია დიდი მოცულობის ადამიანური და მატერიალური რესურსები, რაც იწვევს პროდუქტის სიჭარბესა და სიიაფეს. სოფლად ცხოვრება ბევრ ქვეყანაში პრესტიჟის საკითხია და აგროსაქმიანობის დაწყება საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა.

 

ბოლო პერიოდში საქართველომაც დაიწყო აგროპოლიტიკის გაუმჯობესება, რომელიც არ არის გათვლილი „სწრაფ ფულზე“, სამაგიეროდ, მას აქვს სტრატეგია, რომლის განხორციელება ქვეყანაში შეამცირებს  თითქმის ყველა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის იმპორტს.

 

როგორც იანვარში ჩვენთან საუბარში სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ განაცხადა, მალე ექნება საქართველოს ყოველმხრივ სარწმუნო ის ინფორმაცია, რომელიც გამოადგება ფერმერს (იანვრისთვის მზად იყო ყაზბეგის მუნიციპალიტეტის შესახებ ეს ინფორმაცია სანიმუშოდ). სპეციალისტების აზრით, აუცილებელია ჩამოყალიბდეს სოფლის განვითარების სამინისტრო, რომელიც აგროპროდუქციის წარმოების პარალელურად იზრუნებს სოფლის ინფრასტრუქტურულ მოწყობასა და განვითარებაზე (სამწუხაროდ, მსოფლიოში ისედაც არსებობს სოფლების და მისი მოსახლეობის შემცირების სწრაფი ტენდენცია).

 

არის თუ არა საქართველოს სოფლების მომავალი დამოკიდებული კოოპერირებაზე? ბუნებრივია, ის, რაც ამართლებს ბევრ ქვეყანაში, უნდა იყოს პროგრესული საქართველოსთვისაც. სამწუხაროდ, მოსახლეობაზე ჯერ კიდევ ცუდ გავლენას ახდენს წარსულში არსებული კოლმეურნეობებისა და საბჭოთა მეურნეობების მახინჯი ფორმის გახსენება და კოოპერირებას მათ უკავშირებს სოფლად მცხოვრებთა დიდი ნაწილი. საბჭოური დროის გაერთიანებები მოკლედ ფორმულირდებოდა: „იმუშავეთ „ვირებო“ და ჭამეთ ბრიგადირებო“. კოოპერაცია კი სრულიად განსხვავებული ფორმაა და ის უაღრესად დემოკრატიულია იმის გამო, რომ კოოპერატორს გააჩნია ერთი სრულუფლებიანი ხმა. ამასთანავე, მოსახლეობას არ გააჩნია სრული ინფორმაცია კოოპერაციის შესახებ (ბევრს ეზარება იმ ვრცელი ინფორმაციის წაკითხვა, რომელიც კოოპერირებას ეხება). ნეგატიურ ფონს ქმნის ისიც, რომ ოფიციალური სტატუსი, რომელიც კოოპერატივს გააჩნია, ფერმერებში იწვევს უსიამოვნო განცდას:  ოდესმე, საშეღავათო ვადის გასვლის შემდეგ, გადასახადები უნდა გადაიხადონ.

 

ყველაზე რთული მაინც კოოპერირების დროს ორი საკითხია: მენტალური რევოლუცია, რომლითაც გუნდური მუშაობის მისაღწევად არის საჭირო და კოოპერატივის რეგისტრაცია-სტატუსის მინიჭება. პირველ საკითხთან დაკავშირებით ზღვა პრობლემებია გადასაჭრელი. ამ ეტაპისთვის საკმარისია, მაღალმთიან ზონაში მოიძებნოს სამი გუნდური პრინციპით „მოთამაშე“ ადამიანი, სხვა შემთხვევაში _ ხუთი, რომ კოოპერატივის შექმნაზე იფიქრონ. გავრცელდა აზრი, რომ 11 ადამიანამდე გახდება საჭირო დამფუძნებელთა ოდენობა, რასაც კანონში სპეციალური ცვლილება დასჭირდება. იმედია, რომ ეს მოსაზრება არ განხორციელდება, რადგან საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ეკონომიკურად აქტიური რესურსების ნაკლებობა თვალშისაცემია (მაგალითად, დუშეთის მუნიციპალიტეტში, უკანა ფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში 13 სოფელია, სადაც 70-მდე ადამიანი ცხოვრობს და უმეტესი საპენსიო ასაკისაა).

 

 მცირემიწიანობით გამორჩეულ მხარეებში (იმერეთი, აჭარა, რაჭა, სვანეთი, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთი) კოოპერატივების შექმნა აგროპოლიტიკის წარმატების საწინდარი გახდება. ბოლო დროს დაიწყო კოოპერატივების ჩამოყალიბების ინტენსივობა შეიმჩნევა, რომელიც განაპირობა თანამედროვე მოტობლოკების და ხელის სათესების იაფად გადაცემის აქციამ, თუმცა, ამ ტექნიკის გადაცემის გარეშეც კოოპერირება სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში ბევრი რამითაა პროგრესული გადაწყვეტილება.

 

 რაც შეეხება რეგისტრაციას, ამისათვის საჭიროა შემდეგი ეტაპების გავლა:

 

1.      ჩამოტვირთეთ ინტერნეტიდან ან საჯარო რეესტრიდან გაიტანეთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ტიპური ფორმა.

 

2.      წაიკითხეთ ყურადღებით ყველა მუხლი.

  

3.      სავარაუდოდ, მცირე რაოდენობის მეპაიეთა გაერთიანების დროს კოოპერატორებს არ დასჭირდებათ სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა (სამეთვალყურეო საბჭოს უჭირავს სამი მუხლი წედებაში) და ყველა ისპუნქტი, სადაც მოხსენებულია „სამეთვალყურეო საბჭო“, უნდა ამოიღოთ. უნდა გადანომროთ შესაბამისად შემდგომი პუნქტები.ტიპური ფორმის დასაწყისში აუცილებლად უნდა ამოშალოთ სარჩევში ის სამი მუხლის სათაურიც, რომელიც სამეთვალყურეო საბჭოს შეეხება.

 

4.      ყველა ის მონაცემი, რომლიც შეგაქვთ თავად, აუცილებლად შეიტანეთ ზუსტად: სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი, კოოპერატივის საქმიანობის სფერო-მიმართულებები.

 

 

5.      წესდების შევსების შემდეგ აუცილებლად უნდა შედგეს ოქმი, სადაც იქნება განსაზღვრული კოოპერატივის ჩამოყალიბების საკითხი, მეპაიეთა ოდენობა, საიდენტიფიკაციო მონაცემები და დირექტორატისა და გამგეობის თავმჯდომარის არჩევის საკითხი, ასევე უნდა მოხდეს პაის განსაზღვრა.

 

6.      ეცადეთ, რომ ოქმის დაწერის დროს საქმიანი ქაღალდების წარმოების წესები მაქსიმალურად გაითვალისწინოთ.

 

 7.      ოქმსა და წესდებას, ვიდრე საჯარო რეესტრში წარადგენდეთ, აჩვენეთ გამოცდილ ადამიანს ან იკითხეთ რჩევები საკონსულტაციო ცენტრებში, რომელიც ყველა მუნიციპალიტეტშია.

 

8.      წესდების ნოტარიულად დამოწმება არ არის აუცილებელი, ეს ხარჯებს ზრდის.

 

 9.      საჯარო რეესტრში კოოპერატივის რეგისტრაციისათვის უნდა მივიდეს ყველა დამფუძნებელი პირადობის მოწმობით ან პასპორტით და ადგილზე მოაწეროს ხელი წესდებასა და ოქმს. კოოპერატივის მისამართად განსაზღვრეთ ის ადგილი, სადაც რომელიმე მეპაიეს ექნება ოფიციალურად დარეგისტრირებული უძრავი ქონება.

 

10.  რეგისტრაციის მოსაკრებელი 100 ლარია, რასაც ემატება ყველა დოკუმენტზე კიდევ 5 ლარი.

  

11.  ერთი დღე-ღამის განმავლობაში მიიღებთ სატელეფონო შეტყობინებას რეგისტრაციის შეწყვეტის ან დასრულების შესახებ. შეწყვეტის შემთხვევაში გექნებათ მითითება, თუ რა ხარვეზი გაქვთ, რომლის გამოსწორებაც სახდელის გარეშე დამფუძნებლებს შეგიძლიათ ერთი თვის განმავლობაში.

 

12.  რეგისტრაციის დასრულების შემდეგ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოში წარადგენთ საჯარო რეესტრიდან ამონაწერს და დაელოდებით კოოპერატივის სტატუსის მიღებას.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2861
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია