დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ორმაისობა სხვაა, გვირილობა - სხვა!
2015/05/05 14:56:58

ჟურნალისტი ნანული ცხვედიანი სოციალურ ქსელში „ორმაისობასა“ და „გვირილობასთან“ დაკავშირებით საინტერესო მოსაზრებას ავრცელებს. როგორც ჟურნალისტი წყაროებზე დაყრდნობით წერს, ეს ორი დღესასწაული ქუთაისის სინამდვილეში, თავის დროზე, სულ სხვადასხვა დატვირთვით დამკვიდრდა და ეს, ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული და სხვადასხვა დროს დაწყებული ტრადიცია, დღეს ერთმანეთშია არეული.

 

გთავაზობთ ამ სტატიას.

 

ორმაისობა სხვაა, გვირილობა - სხვა!

 

დიახ, სამწუხაროდ, ქუთაისის უახლოეს ისტორიაში ჩაუხედავი და დილეტანტი ადამიანების წყალობით, ჩვენი ქალაქის ეს ორი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ - კულტურული ტრადიცია ერთმანეთშია აღრეული და ათქვეფილი!

 

ქუთაისის გაცილებით ადრეული ტრადიცია იყო, იგი მეოცე საუკუნის პირველი წლებიდან აღინიშნებოდა. შემოტანილია საზღვარგარეთიდან, ევროპის ქვეყნებიდან, სადაც მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდან აღინიშნებოდა მაისობა - მუშათა მოძრაობასთან დაკავშირებით.შედარებით მოგვიანებით ქუთაისშიც, როგორც დიდ საგუბერნიო ქალაქში, შემოვიდა და მან, ქალაქის ტრადიციებისა და ფასეულობების გათვალისწინებით, სულ სხვა კულტურული დატვირთვა მიიღო. 

მე-20 საუკუნის 80-იან წლებში ორმაისობის ტრადიცია აღადგინა ქალაქის იმჟამინდელმა ხელმძღვანელობამ: (და არა - მუხრანის! - როგორც ადგილობრივ ტოპონიმიკაში გაურკვეველი ზოგიერთი ჟურნალისტი წერს) ტყეში იმართებოდა მასობრივი სეირნობა, შემოქმედებითი კოლექტივების გამოსვლები, ეწყობოდა ეთნოგრაფიული კუთხეები, სპორტული შეჯიბრებები...მაშინდელი კომუნისტურ - იდეოლოგიური ოფიციალური დღესასწაულების ფონზე, ორმაისობა ჭეშმარიტად სახალხო, პოპულარული დღესასწაული იყო და ათასობით ადამიანი დილიდანვე სიხარულით მიაშურებდა ხოლმე მუხნარის ტყეს.

 

რაც შეეხება , ეს ტრადიცია მეოცე საუკუნის 10-იან წლებში გაჩნდა ქუთაისში. თავისი ფუნქცია -შინაარსით ისიც საზღვარგარეთიდანაა შემოტანილი და აქაურობას კარგად მისადაგებული. იგი ჭლექიანთა დასახმარებლად გამიზნული საქველმოქმედო კამპანია იყო , ხოლო გვირილა -თეთრი ყვავილი - მისი საერთაშორისო სიმბოლო.

გვირილობა ტარდებოდა გაზაფხულზე, აპრილის ან მაისის დასაწყისში. ენციკლოპედია "იმერეთზე" მუშაობის დროს ერთ-ერთმა მოქალაქემ მომიტანა მისი ბაბუას - ცნობილი ქუთათური ექიმის ვალერიან ლორთქიფანიძის არქივში შემორჩენილი უზარმაზარი ფოტო, რომელზეც დღევანდელი ისტორიული მუზეუმის შენობის წინ აღბეჭდილია სწორედ გვირილობის მონაწილეთა დიდი ჯგუფი,თარიღი კი ასე აწერია:1912 წლის აპრილი! (ეს ის ფოტოა, რომელიც სწორედ ჩემგან გავრცელდა სოციალურ ქსელში).

უხუცესი ქუთათური ქალბატონების: ვერა გვანცელაძე -ჯიქიასა და ნინო ხათრიძე -ფილიპოვის მოგონებებში აღწერილია და დაცულია ცალკეული დეტალები გვირილობისა. საზოგადოებრივი კომიტეტი, რომელშიც შედიოდნენ ქალაქის წარჩინებული, ავტორიტეტული მოქალაქეები,სამი დღის განმავლობაში ატარებდა ზეიმს. ბულვარში, ქალაქის ცენტრში, ულამაზეს ქალბატონს (სწორედ ერთ-ერთი მათგანი გახლდათ საშა ჩიქოვანი) უკან მოჰყვებოდა, გვირილებით სავსე კალათით, გიმნაზიელი ქალ-ვაჟი. მოქალაქეებს მათგან უნდა შეეძინათ გვირილა. მშვენიერი ბანოვანი მათ მკერდზე დააბნევდა გვირილას, რომელიც სამი დღე უნდა ეტარებინათ იმის ნიშნად, რომ უკვე გაწეული ჰქონდათ ქველმოქმედება. მოგროვილ თანხას საღამოს კომიტეტს ჩააბარებდნენ, მეორე და მესამე დღეს კი სხვა დედოფალი და სხვა გიმნაზიელები განაგრძობდნენ საქველმოქმედო მუშაობას ბულვარში. სამი დღის შემდეგ კომიტეტი დააჯამებდა შემოწირულობებს და ამ მოგროვილ თანხას ჭლექიანთა დასახმარებლად გაანაწილებდა.

ამგვარად, საშა ჩიქოვანი, როგორც გამორჩეული გარეგნობის, აქტიური ქალბატონი, გვირილობის ერთ -ერთი დედოფალი გახლდათ და არა - "აქციის დამფუძნებელი", "ლიდერი" და ლამის ქუთაისში პირველი ქალთა "ენჯეოს" დამაარსებელი, როგორც ვიღაცამ დაწერა და ლამის მთელმა მასმედიამ აიტაცა ფაქტის გადაუმოწმებლად, საქმეში გაურკვევლად! !


არადა,ასე გრძელდება ორი -სამი წელია! დაიბნა საზოგადოებაც: ბოლოს და ბოლოს, რა ჰქვია ჩვენს დღესასწაულს:ორმაისობა? გვირილობა? ქუთაისქალაქობა? ეს თავად ორგანიზატორებსა და ჟურნალისტებს ვერ გაურკვევიათ, რიგითმა მოქალაქეებმა და ქალაქის სტუმრებმა ვით გაიგონ?
არადა, სულ უბრალო რამაა საჭირო; როცა ასეთ მასშტაბურ ღონისძიებებს ვაწყობთ, ან ვაშუქებთ და საზოგადოების ინტერესი მისდამი დიდია, გადავშალოთ მიხეილ ნიკოლეიშვილის, პეტრე ვაჭრიძის,გიორგი მჭედლიძის, ვერა გვანცელაძე - ჯიქიას წიგნები, სხვა წყაროები,ძველი გაზეთები... მივიღოთ კონსულტაცია ქუთაისის წარსულის მქონე კომპეტენტური პირებისაგან. მაგალითად, როცა ქალაქს ისეთი მცოდნე და კვალიფიციური კადრი ჰყავს, როგორიცაა ისტორიკოსი გურამ გეგეჭკორი ( სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის საექსპოზიციო განყოფილების ხელმძღვანელი ), ხელიდან როგორ უნდა გავუშვათ ასეთი შესაძლებლობა?იქნებ ვკითხოთ მას, როგორ გავმიჯნოთ ერთმანეთისაგან და არ გავაყალბოთ ორი ფასეული ტრადიცია?

 

ორმაისობა ქუთაისის ერთ -ერთი უძველესი სახალხო დღესასწაულია. კარგი, თუ არ მოგვწონს, შევუცვალოთ სახელწოდება და ქუთაისქალაქობა შემოვიტანოთ, როგორც ახლაა ქვეყანაში საყოველთაოდ მიღებულ -დამკვიდრებული.

აი, გვირილობა კი ამ დღესასწაულის ერთ -ერთი ლამაზი ფურცელია მხოლოდ, და არა - ორმაისობის, ან ქუთაისქალაქობის სინონიმი!

წელსაც მშვენიერი, გემოვნებით მოფიქრებული ღონისძიებები ჩატარდა ქუთაისში, ადამიანები კი გაკვირვებით ეკითხებოდნენ ერთმანეთს: ბოლოს და ბოლოს, სამაისო ვარდია და ვარდობისთვე ქუთაისის სიმბოლო, თუ გვირილაო?

ამას კითხვა უნდა?

ვარდი, რა თქმა უნდა, ვარდი!

იხილეთ აკაკი:"სავარდო და სამაისო ქუთაისო...."

დილეტანტებო, თავი შეიკავეთ ქალაქის კულტურული ფასეულობების ხელყოფისაგან!

 

 

 

ნანული ცხვედიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4241
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია