საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
წარმატებული სკოლა ქალაქის გარეუბნიდან
ავტორი: ირმა მარდალეიშვილი
2015/05/04 15:46:45

გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში ავტოქარხნის დასახლება ქუთაისის ახალ და უკვე კარგად განვითარებულ უბანს წარმოადგენდა, თავისი საქალაქო ინფრასტრუქტურით. დასახლება ყოველწლიურად ფართოვდებოდა, იხსნებოდა ახალი საბავშვო ბაღები, სკოლები, კვებისა და სავაჭრო ობიექტები...

 

 

1962 წელს, მე-14 რუსულ საშუალო სკოლას  გამოეყო ქართული განყოფილება, რომლისთვისაც აშენდა ახალი, თანამედროვე სასწავლო კორპუსი.  ეს იყო პირველი ქართული სკოლა ავტოქარხნის დასახლებაში, რომლის რიგითი ნომერი გახდა 30.

 

30-ე სკოლის პირველი დირექტორი იყო იულონ ხურციძე, რომლის თაოსნობით სკოლამ მალევე მოიპოვა ავტორიტეტი და ქალაქის მოწინავე სკოლების რიგში ჩადგა. მერე კი, ათწლეულების მანძილზე აქ მოღვაწეობდა ლეგენდარული დირექტორი, ქალბატონი ლამარა ლევიძე.

 

ავთანდილ ლომსიანიძის და თამაზ ციბაძის დირექტორობის პერიოდიც კარგად ახსოვთ აქ.

 

30-ე  საჯარო სკოლის აწმყოზე, მიღწევებსა და პრობლემებზე  გვესაუბრა დირექტორი მიხეილ გიორგაძე:

- დავიწყებ იმით, რომ მეც ამ სკოლის კურსდამთავრებული ვარ. ქალბატონი ლამარა ლევიძის დროს მომიწია აქ სწავლამ და იმ პერიოდში არამხოლოდ ავტოქარხნის დასახლებაში, მთელს ქუთაისშიც ძლიერ სკოლად ითვლებოდა  ჩვენი სკოლა - ეს იქნებოდა სასწავლო, შემოქმედებითი ოლიმპიადები, მაღალი აკადემიური მოსწრება, სკოლის იერ-სახე, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, თუ ძლიერი, მაღალკვალიფიციური პედაგოგები.

 

შემდეგ დაიწყო ის საყოველთაო არეულობის და განუკითხაობის წლები, რამაც თავისი დაღი დაასვა 30-ე სკოლასაც. უყურადღებობის გამო მნიშვნელოვნად დაზიანდა შენობა, მოიშალა ინფრასტრუქტურა, სახურავიდან ჩამოსულმა წყალმა დააზიანა ჭერი, კედლები, იატაკი, ინვენტარი, თითქმის განადგურდა სტადიონი, დარბაზი... ყველაფერმა ერთად კი, გამოიწვია ის, რომ დაიწყო სკოლიდან მოსწავლეთა გადინება.

 

მე, პირადად, გავლილი მაქვს განათლების სისტემის ყველა საფეხური - ვიყავი მოსწავლე, სტუდენტი, მასწავლებელი, დირექტორის მოადგილე და ბოლოს დირექტორი.

 

ქუთაისის ჰუმანიტარული ლიცეუმის დირექტორის მოადგილე ვიყავი, როცა ამ სკოლაში გაჩნდა დირექტორის ვაკანსია და 2006 წელს მშობლიურ სკოლაში დავინიშნე დირექტორად. მომდევნო წელს უკვე დაიწყო დირექტორთა საკვალიფიკაციო გამოცდები და კადრების  ამ გამოცდების შედეგების მიხედვით შერჩევა. მე მოვხვდი იმ 20%-ში, რომლებთაც მიეცათ სკოლის არჩევის უფლება და ბუნებრივია, ისევ ჩემი სკოლა ავირჩიე.

 

ეს იყო გამოწვევა - მინდა, ეს სკოლა ისევ ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს ქალაქში.  და ეს რომ არ არის მხოლოდ ამბიცია, ამაზე ის 8 წელიც მეტყველებს, რაც უკვე გავიარეთ.

 

პირველ რიგში, მინდოდა დამემსხვრია ის სტერეოტიპი, რომ ქალაქის განაპირა რაიონში არ შეიძლება არსებობდეს კარგი, ძლიერი, პრესტიჟული სკოლა და რომ ასეთი სკოლები მხოლოდ ქალაქის ცენტრშია.

კარგი სკოლა ყველგან შეიძლება იყოს - ყველაზე მივარდნილ სოფელშიც კი, არათუ ქალაქის რომელიმე გარეუბანში.

 

მთავარია, როგორი დამოკიდებულება ექნებათ დირექტორს, პედაგოგებს, მშობლებს, მოსწავლეებს. ეს დამოკიდებულება უნდა იყოს ჯანსაღი, გონივრული და მიუღწეველი არაფერია.

 

მე ვარ განათლების და მეცნიერების სამინისტროს  პოლიტიკის გამტარებელი სკოლაში, რეფორმის, სიახლეების უშუალოდ მოსწავლეებამდე და მასწავლებლებამდე მიმტანი, რომ ამ რეფორმებმა და მცდელობებმა უშედეგოდ არ ჩაიაროს.

 

მოვედი თუ არა, მაშინვე დავიწყე იმაზე ფიქრი, რა იყო სკოლის მთავარი პრობლემები და როგორ უნდა გვეშველა მათთვის.

 

უპირველესი ამ პრობლემათაგან იყო კონტიგენტის გადინება. დაწყებითი საფეხურის შემდეგ ბავშვები მშობლებს ქალაქის სხვა, მეტ-ნაკლებად პრესტიჟულ სკოლებში გადაჰყავდათ. 680-მდე მოსწავლე დამხვდა. ყველა მათგანის მშობელს სათითაოდ შევხვდი და ვესაუბრე, რა სურდათ, რა პრობლემებს ხედავდნენ, რა მოლოდინები ჰქონდათ. შემდეგ გავაკეთე ამ შეხვედრების ანალიზი და შევადგინე პრობლემათა ნუსხა, რომელთაგან უმთავრესი აღმოჩნდა სუსტი დისციპლინა, სწავლების ხარისხი და სკოლის ცუდი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.

 

შესაბამისად, დავიწყეთ ამ პრობლემების მოგვარება, ეტაპობრივად.  დისციპლინის და სწავლების ხარისხის ამაღლება პირველივე თვეებში გახდა შესამჩნევი. ნელ-ნელა შენობასაც მივხედეთ, გარემონტდა ყველა ოთახი, მოწესრიგდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, სათანადოდ აღიჭურვა კლასები, კაბინეტები, ლაბორატორიები.

 

დავიწყეთ მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი საკადრო ცვლილებებიც.

 

ამ ეტაპამდე მოსვლას დასჭირდა ეს 8 წელი. სამწუხაროდ, გარეთ ანუ ეზოში გახედვა აქამდე ვერ მოვახერხეთ. ცოტა რაღაც კი მოვაწესრიგეთ ეზოშიც, მაგრამ გარეშე თვალისთვის მაინც მოუწესრიგებელი ჩანს ჩვენი ეზო-გარემო. ახლა დავიწყეთ სტადიონის გაკეთება  და ძალიან კარგი ღია სპორტული მოედანი გვექნება, მივხედავთ მწვანე ნარგავებსაც და  მალე სკოლის ეზო შესაბამისი იქნება იმ პროცესებისა, რაც სკოლის შიგნით მიმდინარეობს.

 

სკოლის შიგნით კი  მართლაც საინტერესო, მრავალფეროვანი და დატვირთული ცხოვრებაა.

„მხიარული სტარტებით“ დავიწყებ. ყოველ წელს პირველ ადგილს იკავებს ჩვენი სკოლის გუნდი საქალაქო პირველობაზე, გასულ წელს კი, იმერეთის ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავედით.

ჩვენი სკოლის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი არის „რა? სად? როდის?“ ინტელექტუალური თამაშების გუნდი, რომელიც  8 წელია უკვე არსებობს და სერიოზული წარმატებები აქვს. არის ქუთაისის ჩემპიონი, იმერეთის პრიზიორი. წელს გამართულ „ინტელექტის დღეში“ მესამე ადგილზე გავედით. ხშირი და ახლო კონტაქტი გვაქვს    „რა?   სად?   როდის“  თამაშების მთავარ რედაქტორთან, ლაშა კილაძესთან.

 

ჩემპიონია ჩვენი „კავეენის“ გუნდიც.

 

სკოლაში მუშაობს რამდენიმე წრე: ჭადრაკის, მუსიკის, სიმღერის, ქორეოგრაფიული, რომლებიც მაქსიმალურადაა დატვირთული და, რაც მთავარია, ამ წრეებში მაღალი ხარისხის ცოდნას იღებენ ბავშვები.

 

მშობლებიც ძალიან კმაყოფილები არიან, რომ მათ შვილებს აღარ უწევთ სხვაგან წასვლა, ეზოგებათ ფინანსები, დრო  და აქვე სწავლობენ  სიმღერას, ცეკვას, ჭადრაკს, მუსიკას...

 

ჭადრაკში სისტემატურად გვყავს საქალაქო თუ ზონალურ ტურნირებში გამარჯვებული მოსწავლეები.

 

სკოლაში გვაქვს თეატრალური სტუდიაც, რომელიც ყოველწლიურად წარმოადგენს ახალ თოჯინურ სპექტაკლს. ყველაფერს ჩვენი ძალებით ვაკეთებთ - დეკორაციებს, თოჯინებს, რეჟისურას, გახმოვანებას. ავტოქარხნის დასახლების საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს ვიწვეთ ამ სპექტაკლების სანახავად.

 

კინო-კლუბიც კარგად მუშაობს. ადრე საკუთარი ძალებით ვაწყობდით ფილმების ჩვენებას, განხილვებს. ჩავერთეთ განათლების სამინისტროს ანალოგიურ პროექტში და ახლა იმათ თავად ჩამოაქვთ ფილმები.

 

აქტიურად დავდივართ ქუთაისის მესხიშვილის სახელობის თეატრში. ვესწრებით სპექტაკლებს და ვაწყობთ ამ სპექტაკლების განხილვასაც.

 

ჩვენ თვითონაც ვდგამთ სპექტაკლებს. გასულ წელს დათო ტურაშვილის  „ევროჯორჯია“ და დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“ წარმოვადგინეთ. ერთმა კლასმა გააკეთა ეს სპექტაკლები, სცენარიც თვითონ დაწერეს, მსახიობებიც და რეჟისორებიც თავად იყვნენ თამუნა იოსელიანის ხელმძღვანელობით.

 

გვაქვს ძალიან კარგი ხელოვნების კაბინეტი. წლების მანძილზე ჩვენთან მუშაობდა მხატვარ-მოქანდაკე ზაურ წითაშვილი, რომელმაც ბევრი კარგი მხატვარი აღზარდა, მათ შორის ჩვენს სკოლაშიც და ახლა ეს მხატვრები მოღვაწეობენ როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთაც. ბატონი ზაურის გარდაცვალების შემდეგ, ჩვენ მისი სახელი მივანიჭეთ ხელოვნების კაბინეტს. იქ მისი აღზრდილების ნახატებიც არის გამოფენილი.

 

გვაქვს ვიდეო-ლაბორატორია, სადაც ბავშვები 3-5 წუთიან ფილმებს  იღებენ აქტუალურ თემებზე. თავიდან ქუთაისის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრისგან მივიღეთ ძალიან კარგი აპარატურა, ჩავერთეთ ამ ცენტრის მიერ გამოცხადებულ სასკოლო ფილმების კონკურსში და გავიმარჯვეთ კიდეც. სამოქალაქო განათლების საუკეთესო პედაგოგადაც ჩვენი სკოლის მასწავლებელი გულნარა შანიძე იქნა აღიარებული.

 

ამ სკოლაში, თავიდანვე,  უცხო ენად ისწავლებოდა ფრანგული. მერე, როცა გაიზარდა ინგლისურ ენაზე მოთხოვნა, ფრანგული ნელ-ნელა ამოვარდა სასწავლო ცხრილიდან.

 

იმის გათვალისწინებით, რომ ფრანგული ევროკავშირის ერთ-ერთი ოფიციალური ენაა, გადავწყვიტეთ, რომ აღვადგინოთ ფრანგული ენის სწავლება და წელს მე-4-5 კლასების მოსწავლეთათვის მეორე უცხო ენად ჩავსვით ფრანგული ენა. კავშირი გვაქვს საფრანგეთის საელჩოსთან, ფრანგულ ინსტიტუტთან, გვამარაგებენ ლიტერატურით. ჩამოსულებიც  იყვნენ ჩვენთან და ერთი სემესტრის მანძილზე ბავშვების მიერ მიღებული ცოდნით კმაყოფილები დარჩნენ. მომავალში, გაცვლით პროგრამებზეც იქნება მუშაობა.

საუკეთესო  ბიბლიოთეკა გვაქვს 15 ათასამდე წიგნით, ინტერნეტით და ჩვენი მოსწავლეებისთვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილია ბიბლიოთეკა.

 

სკოლაში ყველა მოსწავლისთვის შექმნილია თანაბარი და ხელმისაწვდომი პირობები. განათლების სამინისტროს გრანტით გვაქვს სპეციალურად მოწყობილი ოთახი ინკლუზიური სწავლებისთვის  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეთათვის. გვყავს ასეთი 5 მოსწავლე, რომელთა ადაპტირების პროცესმა სხვა მოსწავლეებთან ძალიან კარგად ჩაიარა, ისწავლეს წერა-კითხვა, მოსწავლის უნარ-ჩვევები.

 

ამ ყველაფრის შედეგია ის, რომ ჩვენ გვაქვს მოსწავლეთა ნაკადის საგრძნობი ზრდა. ამჟამად, 900 მოსწავლე გვყავს სკოლაში. ახალი წესების მიხედვით, როცა პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაცია იწყება, 15 წუთში ყველა ადგილი შევსებულია ჩვენთან, მიუხედავად იმისა, რომ  ამ უბანში ბევრი კარგი სკოლაა. საერთოდ, ჩვენ, ავტოქარხნის დასახლების სკოლები: 14-ე, 24-ე, 32-ე, 34-ე, 37-ე ერთმანეთთან ჯანსაღ კონკურენციაშიც ვართ და ვმეგობრობთ კიდეც.

 

ძალიან ბევრი წარმატებული მოსწავლე გვყავს, რომლებიც იმარჯვებენ როგორც სახელმწიფო სასკოლო ოლომპიადებში, ასევე კერძო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ ოლიმპიადებში. სწავლების დონე რომ მაღალია, ამაზე ისიც მოწმობს, რომ საატესტატო გამოცდებსაც წარმატებით აბარებენ, გასულ წელს 70 მოსწავლიდან მხოლოდ ორმა ვერ ჩააბარა თითო საგანი.

 

მოსწავლისადმი  კეთილგანწყობილი გარემო, არაკონფლიქტური, მეგობრული  ურთიერთობები კოლექტივში, ბევრწილად  განაპირობებს იმ პატარა თუ დიდ წარმატებებს, რაც აქამდე გვაქვს და კიდევ უფრო მეტი გვექნება, რადგან მიღწეულით დაკმაყოფილება არ არის ჩემი მუშაობის სტილი. ყოველი დღე წინაზე უკეთესი უნდა გვქონდეს და დიდი იმედი მაქვს, რომ ასეც იქნება. 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 16484
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია