საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„ორმაისობის“ ერთი გამორჩეული ეპიზოდი
2015/05/04 09:53:05

ორმაისობის სადღესასწაულო ორომტრიალში იქნებ გამომრჩენოდა კიდეც, შემთხვევით რომ არ გადავწყდომოდი, მით უმეტეს, რომ არც პროგრამაში იყო მის შესახებ რაიმე თქმული.

 

პირველი სკოლის მიმდებარედ, წიგნების ფესტივალზე, სხვადსხვა გამომცემლობების მიერ გამოფენილ წიგნებს ვათვალიერებდი, როცა სმენას ვიღაცის ხალისიანი და ენერგიული ხმა მიწვდა.

– აბა, ამ ფოტოზე ქუთაისის რა ადგილია გამოსახული? – იკითხა ხმამ.

– „წითელი ხიდი“.

– არა, „ჯაჭვის ხიდია“.

– „ჯაჭვის ხიდი“ როგორაა, ჯაჭვები რომ არა აქვს? –  ასახელებდა  საკუთარ ვერსიას კითხვის დამსმელის ირგვლივ შეკრებილი რამდენიმე ადამიანი. მივუახლოვდი.

 

 

ღია ცის ქვეშ,   სახელდახელოდ მოწყობილ ძველქუთაისურ დეკორაციებთან,  ახალგაზრდა კაცი იდგა, ხელში ძველებური, გაყვითლებული ღია ბარათები ეჭირა, რომლებზეც მე-19 საუკუნეში გადაღებული ქუთაისის ხედები იყო აღბეჭდილი.

 

 

 

კადრის გამოცნობის შემდეგ, თითოეულ ფოტოსთან დაკავშირებულ საინტერსო ისტორიასაც ყვებოდა. მერე, სპონტანურად მიიღო გადაწყვეტილება, რომ კითხვებზე პირველი სწორი პასუხის ავტორები ღია ბარათებით დაესაჩუქრებინა.

 

ამასობაში მის ირგვლივ ადამიანთა წრე ნელნელა ფართოვდებოდა.

 

– ვინ არის ეს ბიჭი? – ეკითხებოდნენ ერთმანეთს, თუმცა არავინ იცოდა.

–         

მე  მაშინვე ვიცანი,  ვინც იყო – ის, ვისი ფოტოებითაც არაერთხელ დავმტკბარვარ, ვისთან ერთადაც „მიმოგზაურია“ საქართველოს მთიანეთში თუ ზღვისპირეთში, მსოფლიოს ეგზოტიკურ ქვეყნებში...

 

ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი...

 

ასეთი ორატორიც თუ იყო, არ ვიცოდი.

ყველა ღია ბარათი რომ გააჩუქა, მერე თავის მოგზაურობებზე ისაუბრა:

 

– მთავარია, მოგზაურობის სურვილი გქონდეთ. ამისთვის სულაც არაა აუცილებელი დიდი ფინანსები. ჩემს ერთ-ერთ პირველ მოგზაურობაში, ბაქოში რომ წავედი , ჯიბეში მხოლოდ 83 ლარი მქონდა. კროსვორდები შევადგინე, ჩავაბარე ერთ-ერთ გაზეთს და ჰონორარის სახით მერგო ის 83 ლარი. „ავტოსტოპით“ ისე ჩავედი ბაქომდე, მგზავრობაში ფული თითქმის არ დამიხარჯავს. იქ ქართველ ცოლ-ქმარს შევხვდი, რომლებსაც ქართული რესტორანი ჰქონდათ და მიმასპინძლეს, ღამეც გამათევინეს. ბაქოდან როსტოვშიც იმავე მეთოდით წავედი და რამდენიმე დღის შემდეგ, თბილისში რომ დავბრუნდი,  იმ 83 ლარიდან 28 ლარი უკან ჩამოვიტანე. ასე რომ, მთავარია, ძალიან გინდოდეთ და ყველაფერი გამოგივათ.

გოგას საუბრის მომდევნო თემა ქართულ ენაში სახიფათოდ მომრავლებული ბარბარიზმები იყო. სოციალურ ქსელში დაწყებული აქცია – ხელისგულზე დაწერილი ბარბარიზმები და მისი ქართულ შესატყვისები – ქუთაისშიც გაგრძელდა.
„სენსიტიური“,  „კრეატიული“, „ლაიქი“, „ფრენდი“ და სხვა უცხო სიტყვები იქვე ჩანაცვლდა: „მგრძნობიარე“, „შემოქმედებითი“, „მოწონება“, „მეგობარი“ და სხვა ქართული სიტყვებით.

 

– ბებიაჩემმა არ იცის ინგლისური, არ იცის, რაა „სენსიტიური“ და ამის გამო ვერ უნდა გაიგოს, რას წერენ გაზეთებში? ამიტომ, სადაც შევხვდებით ბარბარიზმებს, იქვე ვეცადოთ მათი გასწორება, შევუსწოროთ ყველას – მეგობრებს, ახლობლებს, ნაცნობებს, უცნობებს... –  ასე დაიცვა მისი და სხვათა ბებიების ინტერესები გოგამ.

 

 

გოგა ჩანადირის ფოტომოგზაურობა ქუთაისის წარსულში, წლევანდელი „ორმაიოსობის“ ერთ-ერთი გამორჩეული ეპიზოდი იყო.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3742
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია