საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
იმერეთის ყოფილი გუბერნატორი, ზაზა მეფარიშვილი, ბიძინა ივანიშვილისთვის მიწერილ პირად წერილს ასაჯაროებს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/04/29 23:58:12

იმერეთის ყოფილი გუბერნატორი, ზაზა მეფარიშვილი, სოციალურ ქსელში იმ წერილს ასაჯაროებს, რომელიც გადადგომის შემდეგ ბიძინა ივანიშვილს მისწერა და მის ირგვლივ განვითარებულ ინტრიგებზე უამბო... გთავაზობთ ამ წერილს უცვლელად.

 

მოგესალმებით,
უკვე ორ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც მივიღე გადაწყვეტილება თანამდებობიდან წასვლის შესახებ.
რა თქმა უნდა, ამ პერიოდში იყო კონსულტაციები და რჩევები, რომ გამომეჩინა მოთმინება და დრო გაარკვევდა სიმართლეს.
ვფიქრობ, რომ არსებულ ვითარებაში მართებული იქნება საჯარო გავხადო ის წერილი, რომელიც დავწერე ბატონი ბიძინა ივანიშვილის სახელზე მ/წლის 28 თებერვალს.
თანადგომის იმედით
ზაზა მეფარიშვილი
29.04.2015 წ.


მოგესალმებით ბატონო ბიძინა,
მინდა მოგიკითხოთ და დაგიდასტუროთ ჩემი და ჩემი ოჯახის პატივისცემა.

სამწუხაროა, რომ წერილობითი ფორმით მიწევს თქვენთან იმ საკითხებზე მსჯელობა, რაზეც სურვილი მქონდა უშუალო შეხვედრის დროს მესაუბრა. 
ვიდრე გუბერნატორი ვიყავი, ჩემი მხრიდან შეხვედრის მოთხოვნა, თანამდებობის მაძიებელი ადამიანის ქმედება იქნებოდა. ახლა კი ვფიქრობ, შემიძლია ვითხოვო თქვენთან შეხვედრა, ვინაიდან საქმე პირველ რიგში ეხება ჩემს ოჯახს, ჩემს სახელს და მხოლოდ მერე ჩემს მიერ განხორციელებული საქმიანობის ობიექტურ შეფასებას.

 

როგორც ამიხსნეს, ბოლო პერიოდში თქვენამდე მოტანილი იქნა უარყოფითი შეფასებები ჩემი მოღვაწეობის შესახებ. მერწმუნეთ, რომ ეს აბსოლუტურად ტყუილი და უსაფუძვლოა და პირდაპირ გეტყვით: ეს არის პირადი ინტერესების მქონე ადამიანების გამიზნული ქმედება, - საერთო საქმის კეთილდღეობისა და პატიოსნად წარმართვის საწინააღმდეგოდ.
თანამდებობაზე მოსვლა და მითუმეტეს, თანამდებობის დატოვებაზე გადაწყვეტილების მიღება, ჩემთვის არასდროს ყოფილა პრობლემა. მე ამ ქვეყნის ჯარისკაცი ვარ და დაუმსახურებელ გენერლობაზე არასოდეს მიოცნებია, თორემ მანამდეც მიმიღია გადაწყვეტილება თანამდებობიდან წასვლის შესახებ. არც გუბერნატორობა და არც მანამდე სუს–ის დასავლეთის სამმართველოს უფროსობა, მე არავისთვის მითხოვია. თუმცა, ეს ჩემთვის დიდი მხარდაჭერა იყო და განსაკუთრებული ნდობის გამოხატვაც ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან, ვისაც ძალიან დიდ პატივს ვცემ.

 

ტრაბახად არ ჩამითვალოთ, მაგრამ ამ ურთულეს გარდამავალ პერიოდში, ვფიქრობ, რომ ორივე თანამდებობაზე ყოფნისას შევძელი სახელმწიფოებრივად მეაზროვნა და საერთო საქმე სწორად წარმემართა. ამაზე შედეგებიც მეტყველებს და იმედია იტყვიან, რომ როგორც სუს–ის დასავლეთის სამმართველო, ისე იმერეთის რწმუნებულის ადმინისტრაცია ერთ–ერთი წარმატებული იყო სხვა, ანალოგიურ სტრუქტურულ ერთეულებთან შედარებით.


თუ რა კონკრეტული შედეგები იყო მიღწეული ჩემი მოღვაწეობისას და როგორ მიმდინარეობდა პროცესები, როგორ იწყებოდა ჩემს მიმართ ბინძური კამპანია, ვინ იყვნენ ამის მოთავეები და რა მიზანს ისახავდნენ, თქვენი ნებართვით შეხვედრისას გეტყვით, ან ცალკე წერილის საშუალებით მოგწერთ, ვინაიდან მარტო მშრალი მონაცემები ამას არ ახსნის და ინფორმაციის ობიექტურობასა და კონფიდენციალურობაზე პასუხისმგებლობა ბოლომდე გათავისებული მაქვს.


აღვნიშნე და კიდევ ერთხელ გეტყვით, გუბერნატორობაზე მე რამდენიმეჯერ ვთქვი უარი და დანიშვნისთანავე ვითხოვე, რომ უახლოეს პერიოდში ისევ მქონოდა შესაძლებლობა, ჩემს ძირითად საქმიანობას დავბრუნებოდი, თუმცა ასე არ გამოვიდა.


ჩემი შეცდომა ის იყო, რომ როდესაც 2014 წლის ოქტომბერში კიდევ ერთხელ ვითხოვე გუბერნატორობიდან წასვლა – ეს თხოვნა კატეგორიულად არ დავსვი. ვინაიდან იმ პერიოდშიც და ახლაც ვთვლი, რომ ჩემი შესაძლებობებით და რესურსით ყველაფერი გავაკეთე. როგორც ჩანს, მე მოთხოვნადი ვარ მანამ, სანამ საქმეს მოწესრიგება სჭირდება, ხოლო შემდგომში ჩემი სწრაფვა პატიოსნებისაკენ, მიუღებელი ხდება რიგი თანამდებობისა თუ ცალკეული პირებისათვის. ეს შემთხვევა პირველი არ არის ჩემს ცხოვრებაში, სამწუხაროდ.

 

პიროვნებას უნდა ჰქონდეს რეალობის ობიექტურად შეფასების უნარი და რაც თანამდებობიდან გადადგომის და თქვენი ნებართვით, ზუსტად რომ გადადგომის დროს ვთქვი, იგივეს გავიმეორებ: ".. თანამდებობა პასუხისმგებლობაა თუ კი საქმეს ემსახურები და უფლებამოსილებაა, თუ კი პირადი ინტერესები გჭარბობს". არასოდეს მქონია ილუზიები, რომ სახელმწიფო სამსახურში ყოფნით მადლიერებას მივიღებდი, მაგრამ უმადურობას და მითუმეტეს ცილისმწამებლურ შეფასებებს ვერ და ისევ თქვენი ნებართვით, არ მივიღებ, სანამ სიმართლე არ გაირკვევა.

 

არასოდეს მიცდია "კაცის კაცი" ვყოფილიყავი და არც მიფიქრია ჩემი პირადი თავისუფლება შემეზღუდა და ყოველთვის ქვეყნის სამსახურში მდგომ ერთ ადამიანად ვთლიდი თავს. შესაბამისად, დავიტოვებ უფლებას და იმედს, რომ გაირკვეს ობიექტური რეალობა, ან იმ "პირთა ჯგუფმა" დაამტკიცოს ჩემი "ბრალეულობა". 


ეშინოდეს იმას, ვისაც თავის აწევისა და ადამიანების თვალებში ჩახედვის უფლება არა აქვს და საფიქრალად მარტო ის გაუხდია, ქვეყნისგან რა სარგებელი მიიღოს. ამავე დროს, პატიოსანი ადამიანისაგან განსხვავებით, თავისთავი როგორ გახადოს მოთხოვნადი ერთადერთი უპირატესობით – ბინძური ენების მიტანით, რომ შედეგად თავისი სიბინძურე დაფაროს.

 

ეს წერილი არა მარტო თქვენდამი ჩემი გამოხატული თხოვნაა, არამედ გზავნილი საზოგადოების იმ ნაწილის მიმართ, ვინც ნდობა გამომიხატა და იმედები გავუცრუე, რომ ბოლომდე არ ვიბრძოლე.
ამავე დროს, სიმართლის თქმა მარტო ჩემი თავის "რეაბილიტაციისათვის" არ მინდა. ოჯახის ღირსება ჩემთვის უპირველესია და როდესაც ჩემი ვაჟები გაიზრდებიან, ვერავინ გაუბედავს უთხრას, რომ მშიშარა და უღირსი მამის შვილები არიან.

 

პატივისცემითა და მოლოდინით,

რომ წერილს წაიკითხავთ და შეხვედრა შედგება.

 

ზაზა მეფარიშვილი 28.02.2015წ.

 

P.S. ცალკე – მიმდინარე პროცესების შესახებ

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2837
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2021 საავტორო უფლებები დაცულია